გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.04.2018
საქმის ნომერი
130310018002315237
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/13-2018

130310018002315237

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 აპრილი, 2018 წელი ხ-–----ი

შესავალი ნაწილი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - თ---------- კ-----ე

წარმომადგენელი - გო------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ის საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - მაკა კიკაბიძე

დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ თ---------- კ-----ემ 1981-82 სასწავლო წელს დაამთავრა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ის რვაწლიანი სკოლის სრული კურსი და მასზე გაიცა რვაწლიანი განათლების ატესტატი.

 

მოსარჩელის პოზიცია:

1974 წლის 30 აგვისტოს N 504 ბრძანების საფუძველზე თ---------- კ-----ე ჩაირიცხა ხ-–----ის რაიონის სოფელ ბ----ის რვაწლიანი სკოლის პირველ კლასში. სკოლის სრული კურსი - რვა კლასი - მოსარჩელემ დაამთავრა 1982 წელს, რაც დადასტურებულია პედსაბჭოს N8 ოქმით, რომელიც დათარიღებულია 1982 წლის 20 მაისით. აღნიშნული ოქმის საფუძველზე 1982 წლის 14 ივნისს თ---------- კ-----ემ მიიღო საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - რვა კლასის ატესტატი.

 

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სოფელ ბ----ის 1982 წლის 20 მაისის პედსაბჭოს N 8 ოქმის გაცემის თარიღი და სკოლის დამთავრების ატესტატის მიღების თარიღი - 1982 წლის 14 ივნისი - არ იყო თანხვედრაში ერთმანეთთან. სკოლამ გასცა შესაბამისი ცნობა მისი განათლების შესახებ პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის და სარეგისტრაციო ჟურნალის მიხედვით. მოსარჩელე უთითებს, რომ საზღვარგარეთ აპირებს გასვლას და ესაჭიროება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ის საჯარო სკოლამ შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან ნამდვილად არსებობს სამართალურთიერთობა და რომ სკოლაში ინახება თ---------- კ-----ის პირველ კლასში ჩარიცხვის ბრძანება და ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, რაც საკმარისი არ არის ატესტატის დუბლიკატის გასაცემად. შესაგებელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს არქივისათვის, სადაც შესაძლოა, აღმოჩნდეს სათანადო დოკუმენტაცია. მოპასუხემ მოსამზადებელ სხომაზე სარჩელი ცნო; აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ წარმოადგინა საარქივო ცნობა და ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1982-1986 წლებში თ---------- კ-----ე სწავლობდა ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ტექნიკუმში, სადაც ვერ ჩაირიცხებოდა, თუკი არ ექნებოდა საბაზო განათლების დამადასტურებული სათანადო დოკუმენტი.

 

3. მე-3 პირის პოზიცია

 

საქმეში მესამე პირი არ ჩართულა

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. თ---------- კ-----ე 1974 წელს ჩაირიცხა სოფელ ბ----ის რვაწლიანი სკოლის პირველ კლასში და 1982 წელს დაამთავრა ამავე სკოლის სრული კურსი. (იხ. სსიპ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ის საჯარო სკოლის მიერ 2018 წლის 31 იანვარს გაცემული ცნობა, 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №504, სარეგისტრაციო ჟურნალის ქსეროასლი ს.ფ. 17-27).

 

4.2. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხ-–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განცხადება გადაუგზავნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიმართა ხ-–----ის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სოფელ ბ----ის საჯარო სკოლიდან გამოითხოვა თ---------- კ-----ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. სკოლიდან გადაგზავნილი კორესპონდენციის მიხედვით, სკოლაში იძებნება თ---------- კ-----ის ჩარიცხვის ბრძანება და ატესტატის გაცემის ჟურნალი, ხოლო მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება და არც საქართველოს ეროვნულ არქივს არ აქვს გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე (იხ. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 26 იანვრის წერილი ხ-–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისადმი).

 

4.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხ-–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით თ---------- კ-----ეს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, რადგან ვერ მოხერხდა თ---------- კ-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება (ს.ფ. 12).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ თ---------- კ-----ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესით“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.

 

7.3. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, თ---------- კ-----ემ დაამთავრა ხ-–----ის რაიონის სოფელ ბ----ის საშუალო სკოლის რვა კლასი და მიიღო რვაწლიანი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც იგი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის დადგენას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებულ იქნეს თ---------- კ-----ის მიერ ხ-–----ის რაიონის სოფელ ბ----ის საშუალო სკოლის რვა კლასის დამთავრების ფაქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გადახდისაგან.

 

მოპასუხე სსიპ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ის საჯარო სკოლამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე (მოსამზადებელ სხდომაზე) სრულად ცნო სარჩელი; ამიტომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ---------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ თ---------- კ-----ემ (პ/ნ 5----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს), 1981-82 სასწავლო წელს დაამთავრა ხ-–----ის რაიონის სოფელ ბ----ის რვაწლიანი სკოლის სრული კურსი და 1982 წლის 14 ივნისს მასზე გაიცა რვაწლიანი განათლების მოწმობა (ატესტატი) №7-----.

 

3. თ---------- კ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. თანხა შეტანილია 2018 წლის 9 თებერვალს სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300463150.

 

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება, გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ქ. ხ-–----ი, კოსტავას 15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი