გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
200210015001129977
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/462-15

N 200210015001129977

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბ---ი''

წარმომადგენელი - ნ--------–--ა

მოპასუხე - გ------ ჩ----–---–ი

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით - გ------ი ჩ----–---–ს სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 28 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -2926.26 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-900 ლარი, პროცენტი-1126.26 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო- 900,00 ლარი.

1.2. მოპასუხე გ------ი ჩ----–---–ს დაეკისროს სს ”თ----ი ბ---ის” მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი 143.71 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის -სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ 191.61 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე გ------ი ჩ----–---–ს შორის 2012 წლის 28 მაისს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 900 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი-34 % კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 21 რიცხვში წინა თვის ბოლო კალებდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება დაირღვა და 2012 წლის 22 ოქტომბრის შემდგომ აღარ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა. 2015 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება გავადების ბარათზე შეადგენს 4790.37 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა-900 ლარი, პროცენტი-1126.26 ლარი და პირგასამტეხლო-2764,11 ლარი. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა, რომ გ------ი ჩ----–---–ს სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 28 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -2926.26 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-900 ლარი, პროცენტი-1126.26 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო- 900,00 ლარი.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება სარჩელს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი არის სოციალურად დაუცველი და იღებს ყოველთვიურ შემწეობას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე იგი ვეღარ ფარავდა სესხის ძირითად თანხას. თუმცა მზად არის, რომ მოელაპარაკოს კრედიტორს, რათა ძირი თანხის გადახდის გრაფიკი გადაუვადდეს და გადაუნაწილდეს 2 წლამდე ვადით, რომ ყოველთვიურად გარკვეული ოდენობა შეიტანოს სესხის დასაფარად. დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ ცნობს ვინაიდან პირგასამტეხლოს და საპროცენტო სარგებლის გაზრდა მოხდა ხელოვნურად, მათ სამი წლის განმავლობაში არ წარადგინეს სარჩელი და გამიზნულად დაელოდნენ პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს ძირი თანხის სამმაგ ოდენობას. მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას ერთიანად დაფაროს სესხის ძირითადი ნაწილი და ამავდროულად სასამართლოს სთხოვს, რომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და გაუწილვადოს სესხის ძირი თანხის დაფარვის გრაფიკი. თვლის, რომ ორი წელი არის ის გონივრული ვადა, რა პერიოდშიც შეეძლება სრულად დაფაროს ძირი თანხის დარჩენილი ნაწილი 782.445 ლარი. მან ითხოვა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 28 მაისს. საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 900 ლარით, საკრედიტო ლიმიტის დაფარვის წესში მითითებულია, რომ თითოეული ტრანში უნდა დაიფაროს თანხის გატანიდან 10 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველი კალენდარული თვის 21 რიცხვში. (განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, პუნქტი 2.1.12). 2012 წლის 30 მაისს მსესხებელმა მიიღო თანხა 669.50 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც განახორციელა ოთხი გადარიცხვა სესხის ხელშეკრულების დასაფარად. მსესხებელს მთლიანობაში გადახდილი აქვს 495 ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს-377.45 ლარს, ხოლო სარგებელი-117,55 ლარს. ვინაიდან შემდეგ კვლავ დაამატა სესხის თანხას, რამაც ჯამში შეადგინა 1277.45, აქედან გადახდილის 495 ლარი შესაბამისად დარჩენილია-782.45 ლარი. განსახილველ შემთხვევაში კრედიტორის მიერ მოთხოვილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც სამჯერ მეტია სესხის ძირითად თანხაზე და შეადგენს 2764.11 ლარს. ასევე შეუსაბამოდ გაზრდილია საპროცენტო სარგებელი, რომელიც სესხის ძირითად თანხას აღემატება 226 ლარით და შეადგენს-1126.26 ლარს. აქედან გამომდინარე , მიუღებლად მიაჩნია საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ამგვარი ოდენობით გაზრდა და აღნიშნულ ნაწილში არ ცნობს სარჩელს და თვლის რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. მოვალე გ------ი ჩ----–---–ი არის სოციალურად დაუცველი და იღებს ყოველთვიურ შემწეობას. იგი ცხოვრობს მძიმე მატერიალურ პირობებში და სასამართლოს სთხოვს მხედველობაში მიიღოს აღნიშნული გარემოებები. გ------ი ჩ----–---–ი არ გაურბის ძირი თანხის დაფარვას და იგი მზადაა რომ ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაფაროს ძირი თანხის დარჩენილი ნაწილი, რომელიც შეადგენს 782.45 ლარს (1277.45-495 ლარი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე გ------ი ჩ----–---–ს შორის 2012 წლის 28 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებით ბ---სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2012 წლის 28 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-20);

 

3.2.2. 2015 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება განვადების ბარათზე შეადგენს 4790.37 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა-900 ლარი, პროცენტი-1126.26 ლარი და პირგასამტეხლო-2764,11 ლარი.სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც დავალიანების თანხა შეადგენს 2926.26 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა-900 ლარი, პროცენტი-1126.26 ლარი და პირგასამტეხლო-900 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს ,,თ----ი ბ---ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 21);

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 20);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბ---ის'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თ----ი ბ---სა'' და გიორგი ჩ----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ია ქირიამ მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---თან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ----ი ბ---ი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბ---ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 900.00 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 1126.26 ლარს.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს -90 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----ი ბ---ის’’ სარჩელი მოპასუხე გ------ ჩ----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. გ------ი ჩ----–---–ს სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 28 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2116.26 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 900 ლარი, პროცენტი-1126.26 ლარი და პირგასამტეხლო-90.00 ლარი.

2. მოპასუხე გ------ი ჩ----–---–ს სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 36.49 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის -სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ 80 ლარის გადახდა.

მოსარჩელე სს ,,თ----ი ბ---ს’’ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 82.92 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე