გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001632387
2-3794/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13/03/2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - შპს ''ბ-----------–--–ი''
წარმომადგენელი - მ-----------------ა
მოპასუხე - შპს ''პ--------ა'', ლ--–- ფ----------ე
დავის საგანი : თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ბ---------–---–ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,პ--------ას” ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 5983.11 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმნტებით: შპს ,,ბ---------–---–მა” სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე 2016 წლის 04 აპრილს შპს ,,პ--------ასთან“ დადო №60 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელეს მიაწოდოს ბეტონის სამშენებლო ბლოკი. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, მოთხოვნიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მისაწოდებელი ბლოკის ოდენობის მინიმალური რაოდენობაა 500 ცალი. სამშენებლო ბლოკის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო შემდეგ მისამართებხე: - ქ. ბათუმი თ------–---–------ - ქ. ბათუმი წ-------–--------; - ქ. ბათუმი ჯ-----–---–-------------------; - ქ. ბათუმი ა-----------------; - ქ. ბათუმი ა---–--- გამწმენდი ნაგებობა; - ჩ---ში წყალმომარაგების ნაგებობა; - მ-------–--–ის სათავე ნაგებობა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 94 970 ლარს. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ 2016 წლის 19 სექტემბრის ელექტრონული მოთხოვნის შესაბამისად შპს ,,პ--------ას“ 1 კალენდარული დღის განმავლობაში მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 500 ცალი სამშენებლო ბლოკი, მოპასუხემ ბლოკის მიწოდება არ განახორციელა. მოსარჩელემ 2016 წლის 21 სექტემბერს მოპასუხე წერილობით გააფრთხილა მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ მოპასუხემ არ გამოასწორა ხარვეზი და საერთოდ შეწყვიტა ბლოკის მიწოდება. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დამატებით ვადაში შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან და მოპასუხეს მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრუელბის 9.1 პუნქტის მიხედვით ვალდებულების შეუსრულებლობისას მოპასუხეს ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის გადახდა პირგასამტეხლოს სახით. მას 14 დღის ვადაგადაცილებაზე გადასახდელი აქვს 1234.61 ლარი. ამავე ხელშკრულების 9.3 პუნქტით ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა მთლიანი ღირებულების 5 %, რაც შეადგენს 4748 ლარს და 50 თეთრს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდის, ასევე სადაოდ არ ხდის პირგასამტეხლოზე შეთანხმებას. მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არაგონივრულადაა გაანგარიშებული და მოითხოვს მის შემცირებას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,პ--------ა მეწარმედ რეგისტრირებულია 2013 წლის 30 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 34
3.1.2. შპს ,,ბ---------–---–მა” სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე 2016 წლის 04 აპრილს შპს ,,პ--------ასთან“ დადო №60 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელეს მიაწოდოს ბეტონის სამშენებლო ბლოკი. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, მოთხოვნიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში. მისაწოდებელი ბლოკის ოდენობის მინიმალური რაოდენობაა 500 ცალი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 94 970 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 04 აპრილის №60 ხელშეკრულება. ს.ფ. 17-22.
3.1.3. სამშენებლო ბლოკის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო შემდეგ მისამართებხე:
- ქ. ბათუმი თ------–---–------
- ქ. ბათუმი წ-------–--------;
- ქ. ბათუმი ჯ-----–---–-------------------;
- ქ. ბათუმი ა-----------------;
- ქ. ბათუმი ა---–--- გამწმენდი ნაგებობა;
- ჩ---ში წყალმომარაგების ნაგებობა;
- მ-------–--–ის სათავე ნაგებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 04 აპრილის №60 ხელშეკრულება. ს.ფ. 17-22.
3.1.4. ხელშეკრუელბის 9.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 04 აპრილის №60 ხელშეკრულება. ს.ფ. 17-22.
3.1.5. ხელშეკრუელბის 9.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 04 აპრილის №60 ხელშეკრულება. ს.ფ. 17-22.
3.1.6. 2016 წლის 19 სექტემბრს შპს ,,ბ---------–---–მა” შპს ,,პ--------ას“ მოსთხოვა 1 კალენდარული დღის განმავლობაში 500 ცალი სამშენებლო ბლოკის მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ბ---------–--–ის“ ელექტრონული მიმართვა.ს.ფ. 23-25.
3.1.7. შპს ,,პ--------ამ“ შეთანხმებულ ვადაში მოსარჩელეს არ მიაწოდა სამშენებლო ბლოკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.1.8. შპს ,,ბ---------–---–მა”, შპს ,,პ--------ას“ ვალდებულების შესრულებისათვის დაუნიშნა დამატებითი ვადა 1 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ბ---------–--–ის“ მიმართვა.ს.ფ. 26.
3.1.9. დამატებით ვადაში მოპასუხემ ბლოკის მიწოდების ვალდებულება არ განახორციელა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.10. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2016 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,ბ---------–---–მა“ ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა და მოპასუხესთან დადებული გარიგებიდან გავიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება.ს.ფ.27
3.1.11. ვალდებულების შესრულების დარღვევიდან ხელშეკრულების მოშლამდე გავიდა 14 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება.ს.ფ.27
- შპს ,,ბ---------–--–ის“ ელექტრონული მიმართვა.ს.ფ. 23-25.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია. მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების 5-ე, 6-ე და 7-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა არაა გაანგარიშებული გონივრულად, რის გამოც იგი მოყვანილი უნდა იქნას გონივული ოდენობის შესაბამისობაში.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. შპს ,,ბ---------–---–ი“ ამტკიცებს, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და ნასყიდობის საგანი შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, რის გამოც მას უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვონ სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრან და მოითხოვონ იმ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც მათ ერგებათ პირგასამტეხლოს სახით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა დადების წესს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით: - ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის 2016 წლის 4 აპრილს დადებული გარიგება.
სადაო არაა ის გარემოება, რომ შპს ,,ბ---------–---–სა” და შპს ,,პ--------ას“ შორის გაფრომდა ბეტონის სამშენებლო ბლოკის დამზადებისა და მოსარჩელის კუთვნილ ობიექტებზე მიწოდების ხელშეკრულება. შესაბამისად გარიგებაში მონაწილეობს ორი მხარე. ერთი მხარეა შპს ,,ბ---------–---–ი” , ხოლო მეორე მხარეა შპს ,,პ--------ა“. შეთანხმების შედეგად შპს ,,პ--------ამ“ შეკვეთიდან ერთი დღის განმავლობაში მოსარჩელეს უნდა მიაწოდოს მინიმუმ 500 ცალი ბეტონის სამშენებლო ბლოკი. თავის მხრივ შპს ,,ბ---------–---–მა“ უნდა აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს.
6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ, დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს ,,ბ---------–---–მა“ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს ,,პ--------ას“ მოსთხოვოს ბეტონის სამშენებლო ბლოკის მიწოდება იმ ფორმით, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც შემკვეთს აქვს ხელშეკრულების შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული (გარდა ანაზღაურებისა). თავის მხრივ შპს ,,პ--------ა“ ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სამშენებლო ბლოკი მიეწოდებინა ისე, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო შეთანხმებული. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მენარდის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს შემკვეთის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება და პირიქით. დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა ჯეროვნად. მას 2016 წლის 19 სექტემბრს შპს ,,ბ---------–---–მა” მოსთხოვა 1 კალენდარული დღის განმავლობაში 500 ცალი სამშენებლო ბლოკის მიწოდება. შპს ,,პ--------ამ“ შეთანხმებულ ვადაში მოსარჩელეს არ მიაწოდა სამშენებლო ბლოკი. მან ბლოკის მიწოდების ვალდებულება არ განახორციელა დამატებით ვადაშიც. სწორედ ეს გახდა ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა და საფუძველი. მოსარჩელე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსი. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ორ სხვადსხვა დარღვევისათვის კერძოდ:
- ხელშეკრუელბის 9.1 პუნქტით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.
- ხელშეკრუელბის 9.3 პუნქტით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის. ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლოს საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი. პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია, რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლო მოცემულია მაშინ, როცა მოვალე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ იგი მას გადაუხდის ფულად თანხას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლები). თუ პირგასამტეხლოს გადახდის საფუძველს წარმოადგენს მოვალის უმოქმედობა (მოქმედებისაგან თავის შეკავება), მაშინ გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ამის საწინააღმდეგო მოქმედების განხორცილებით. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ძირითადი ვალდებულების შესრულების გვერდით, თუ მოვალე არ ასრულებს თავის ვალდებულებას ხელშეკრულებით დადგენილ დროში. სხვა შემთხვევაში, დაუშვებელია კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, კრედიტორს მოვალის მიმართ აქვს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა (სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი).
6.5. მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს მოპასუხეს, გადახდის ვადების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. ასევე მოითხოვს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს ვალებულების შეუსრულებლობისათვის. განსახილველ შემთხვევაში ორივე ტიპის პირგასამტეხლოზე მხარეები წერილობით შეთანხმებულნი არიან და ეს გარემოება სადაო არაა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ შპს ,,პ--------ამ“ სამშენებლო ბლოკის მიწოდების ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა. მან ვალდებულების შესრულებას გადააცილა 14 დღე. მიწოდება უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 3 ოქტომბრამდე, ანუ ხელშეკრულების მოშლამდე მან ვალდებულება არ შეასრულა. ვალდებულების დარღვევიდან სრულ შესრულებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 1234.61 ლარი.
6.6. გარდა ამისა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით, 4748.50 ლარი..
6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
როგორც ზემოთ განვმარტეთ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.1 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დადგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო 0.1 %-დან შემცირდეს 0,07 %-მდე. შესაბამისად მიწოდების ვადების დარღვევისათვის მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 891.50 ლარის გადახდა.
6.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არაგონივრულია ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სამშენებლო ბლოკის მიუწოდელობსათვის მოპასუხე პირგასამტეხლოთი ,,დაისაჯა“. დამატებით კიდევ ხელშეკრულების 5 %-დან პირგასამტეხლოს გაანგარიშება მხარეებს ჩააყენებს არათანაბარ პირობებში, რის გამოც ის მოყვანილი უნდა იქნას გონივრულობის ფარგლებში და შემცირდეს 5 %-დან 1.5 %-მდე. შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1364.55 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 179.50 ლარს. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი. მოპასუხემ სარჩელი სცნო 1000 ლარის ნაწილში. სარჩელის ცნობის გამო ის საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 1000 ლარზე გადასახდელი ბაჟის (30 ლარის ნაწილში) გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა 3727.06 ლარის ფარგლებში. ამ ნაწილში ბაჟის (111.81 ლარი) გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. დარჩენილი ბაჟი (34.69 ლარი) მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ბ---------–---–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. შპს ,,პ--------ას“, შპს ,,ბ---------–---–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2256.05 ლარის გადახდა.
3. სარჩელი 3727.06 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს ,,პ--------ას“, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 34.69 ლარის ანაზღაურება.
5. შპს ,,ბ---------–---–ს“ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის სახით 111.81 ლარის გადახდა.
6. შპს ,,ბ---------–---–ს“ სარჩელის ცნობის გამო დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 30 ლარი (საგადასახადო დავალება 739, გადამხდელის ბანკი - სს ‘’საქართველოს ბანკი’’, გადამხდელის ბანკი - 18/11/2016 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე