გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1505-16 (140210016001587504)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
30 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - ს----------–-------------------------------------------------------------
წარმომადგენელი - ნ-----------------
მოპასუხე - შპს „შ----“
დავის საგანი - ი--------–---–---–-
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–-------------------------------------------------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით არ საჩივრდება.
მოსამართლე განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე და 365-ე მუხლების საფუძველზე:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 10 ოქტომბერს სსიპ „ს-–-------------------------------“ ბრძანების (№1-3/736) საფუძველზე განხორციელდა სს „რ--------ს“, სს „გ---------------------ის“, სს „ლ------------ის“, სს „ძ-------–---ის“, სს „შ--------ის“, შპს „ა–---ის“, სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იისა“ და შპს „ა----------------------იის“ შერწყმა, რის საფუძველზეც შეიქმნა სს „ე-----------“, რომელიც წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ საწარმოთა სამართალმემკვიდრეს. რვა სუბიექტის შერწყმის შედეგად განხორციელდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია.
3.1.2. 2010 წლის 11 მარტს, ერთის მხრივ, ს----------–------------------------------–--------–----------------, ს----------–-------------------------------------------------- და მეორეს მხრივ, სს „ე------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა კრედიტორისათვის აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების ნატურის სახით გადაცემა. ხელშეკრულების საფუძველზე ს----------–------------------------------------------------- გადაეცა დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან, 207 382 136 (ორას შვიდი მილიონ სამას ოთხმოცდაორი ათას ას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.
3.1.3. სს „ე------------ის” დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნის თანახმად, ს----------–--------------------------------------------------თვის გადაცემულ მოთხოვნებში შედიოდა შპს „შ----ს“ (აბონენტის №----------) მიმართ 564.07 ლარის დავალიანების თაობაზე მოთხოვნა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „შ----ს“ ერიცხება მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 564.07 ლარი, რაც მოიცავს 2005-2007 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.
3.2.2. ს----------–-------------------------------------------------------------ს მოთხოვნა მოპასუხისათვის 564.07 ლარის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2007 წლის 30 მაისამდე სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სს ”ს----------–-------------------–----------------–-------------------იის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის“ მიხედვით.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისა და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა გაფორმებულიყო შედარების აქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენდა და მომხმარებელს წარუდგენდა ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავდა ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი“.
ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებელი ვალდებული იყო ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სს ”ს----------–-------------------–----------------–-------------------ია“ ელექტროენერგიას აწვდიდა შპს „შ----ს“, ხოლო მოპასუხე მხარეა ვალდებული წაროამდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაფარული აქვს.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს „შ----ს“ 2005-2007 წლებში სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------ია“ ელექტროენერგიას აწვდიდა. ამასთან, მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მარწმუნებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაფარული აქვს.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2005-2007 წლებში მოპასუხემ მოიხმარა 564.07 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და თანხა არ გადაიხადა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა შპს „შ----სათვის“ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 10 ოქტომბერს სსიპ „საწარმოთა მართვის“ სააგენტოს ბრძანების (№1-3/736) საფუძველზე განხორციელდა სს „რ--------ს“, სს „გ---------------------ის“, სს „ლ------------ის“, სს „ძ-------–---ის“, სს „შ--------ის“, შპს „ა–---ის“, სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იისა“ და შპს „ა----------------------იის“ შერწყმა, რის საფუძველზეც შეიქმნა სს „ე-----------“, რომელიც წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ საწარმოთა სამართალმემკვიდრეს. რვა სუბიექტის შერწყმის შედეგად განხორციელდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია.
ხოლო, 2010 წლის 11 მარტს, ერთის მხრივ, ს----------–------------------------------–--------–----------------, ს----------–-------------------------------------------------- და მეორეს მხრივ, სს „ე------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა კრედიტორისათვის, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების ნატურის სახით გადაცემა. ხელშეკრულების საფუძველზე ს----------–------------------------------------------------- გადაეცა დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან, 207 382 136 (ორას შვიდი მილიონ სამას ოთხმოცდაორი ათას ას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, საიდანაც შპს „შ----ს“ დავალიანებაა 564.07 ლარი.
მოსარჩელე მხარისათვის დავალიანების არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა 2010 წლის 11 მარტს, ხოლო მას მოთხოვნის დაკმაყოფილება 2016 წლის 7 ნოემბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი) არ უცდია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის დავალიანება, თუმცა ამ პერიოდში მოპასუხეს მოსარჩელისაგან ელექტროენერგია არ შეუსყიდია. დავალიანება მომდინარეობს 2005-2007 წლებიდან, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე, 129-ე, 130-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი.
სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამ შემთხვევაში სადავოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა, რადგან ელექტრონერგიის მიწოდების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა თავისი არსით ნასყიდობის ხელშეკრულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ელექტროენერგია, ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური.
მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
ამავე კანონის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორც ძველი მფლობელის ხელში იყო. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.
მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც ზემოთ აღინიშნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოიშვა სარჩელის აღძვრიდან სამი წლით ადრე, კერძოდ, 2005-2007 წლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამო ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი