გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002272694
№2/29-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.04.2018წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: შპს „ა------------“
წარმომადგენელი: თ----- დ-----ე, ლ---- ხ----------ე
მოპასუხე: ჭ---------- მ----–----–-------ს მერია
წარმომადგენელი: ვ-–-------- ს--–--ე, ნ---- ჩ----–--ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება
შეგებებული სარჩელის ავტორი: ჭ---------- მ----–----–-------ს მერია
წარმომადგენელი: ვ-–-------- ს--–--ე, ნ---- ჩ----–--ე
მოპასუხე: შპს „ა------------“
წარმომადგენელი: თ----- დ-----ე
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს „ა------------“-ს სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შპს „ა------------“-ს (ს/კ.4--------; ქ. თ---–--- აღმაშენებლის გამზირი №62/64) წარმომადგენელმა ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის (ს/კ2--------) მიმართ, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 20 ივნისს ელექტრონულ N170005251 ტენდერში გამარჯვების შედეგად მოსარჩელე - შპს „ა------------“-ს და ჭ---------- მ----–----–-------ს მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება N99 სოფელ უსახელოში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 19 აგვისტო, თუმცა ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის 2017 წლის 03 აგვისტოს წერილით ეცნობა შპს „ა------------“-ს დროებით შეეჩერებია სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის მიმდინარეობის გამო, შესაბამისად შპს „ა------------“-მა შეაჩერა სამუშაოები.
მხარეებს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება N1, რომლის თანახმად 2017 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 19 სექტემბრამდე. 2017 წლის 18 სექტემბერს კვლავ გაფორმდა ანალოგიური შინაარსის N2 შეთანხმება მხარეებს შორის რომლის თანახმად 2017 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრამდე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმების მომენტისათვის სამუშაოების შეჩერების საფუძველი კვლავ არ იყო აღმოფხვრილი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს აღმოიფხვრა სამუშაოების შეჩერების საფუძველი და დამტკიცდა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში განხორციელებული ცვლილებები, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N3, რომლის თანახმად ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში იყო სიტყვიერი დაპირება მოპასუხის მხრიდან, რომ მოხდებოდა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ წერილობით გაკეთდა მიმართვა, ჭ---------- მ----–----–-------ს მისამართით, 2017 წლის 17 აგვისტოს N1, 2017 წლის 18 სექტემბერს N2 და 2017 წლის 23 ოქტომბრის N3 შეთანხმებების შეცილების თაობაზე, რადგან მოსარჩელე თვლიდა, რომ აღნიშნული შეთანხმებები დადებული იყო მხოლოდ ჭ---------- მ----–----–-------ს მხრიდან დაჟინებული მოთხოვნის შესაბამისად და გავლენის ბოროტად გამოყენებით.
2017 წლის 19 დეკემბრის ჭ---------- მ----–----–-------ს მერის N512327 ბრძანებით, შეწყდა 2017 წლის 20 ივნისის N99 ხელშეკრულება და ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად შპს „ა------------“-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე დაეკისრა საჯარიმო თანხის 8248,88 ლარის გადახდის ვალდებულება.
სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, შპს „ა------------“ გათავისუფლდეს ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის მიმართ 8248,88 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
მოპასუხე - ჭ---------- მ----–----–-------ს მერიას დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 248 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარე- ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის წარმომადგენელი, შპს „ა------------“-ს სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს, ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი იქნა თავისუფალი ნება, ასევე მხარეთა ნების შესაბამისად იქნა დადებული შეთანხმებები, რომელიც სადაოდ გახადა მოსარჩელე მხარემ.
მოპასუხე თვლის, რომ შპს „ა------------“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
3.1. ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის მიერ 2018 წლის 13 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შეგებებული სარჩელი შპს „ა------------“-ის მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 20 ივნისის N99 ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული ჯარიმის - 8248.88 ლარის გადახდის თაობაზე.
შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ ჭ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------------“-ს შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N99 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ვადაში შეუსრულებლობის გამო, შპს „ა------------“-ს N99 ხელშეკრულების 9.1, 13.1, და 13.2 პუნქტების საფუძველზე შეუწყდა ხელშეკრულება 2017 წლის 19 დეკემბრის N51 2327 ბრძანებით და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე დაეკისრა N99 ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 284 444 ლარის 0,1% -ის - 8248.88 ლარის გადახდა და 2017 წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრა ვადა აღნიშნული ჯარიმის გადასახდელად.
ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, შპს „ა------------“-ს (ს.ნ.2015609644) ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 8248.88 ლარის პირგასამტეხლოს თანხის გადახდა.
4. მოპასუხე მხარის პოზიცია
ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის შეგებებული სარჩელი წერილობითი შესაგებლით შპს „ა------------“-ს წარმომადგენელმა არ ცნო, მიუთითა, რომ იგი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.
შპს „ა------------“-ს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ჭ---------- მ----–----–-------ს მერიასთან დადებული 2017 წლის 17 აგვისტოს N1, 2017 წლის 18 სექტემბერს N2 და 2017 წლის 23 ოქტომბრის N3 შეთანხმებები, ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელე კომპანიის ნებას და აღნიშნულზე შეცილებაც იქნა წარდგენილი შპს „ა------------“-ს მხრიდან, თუმცა აღნიშნული შეცილება რეაგირების გარეშე დარჩა ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის მხრიდან.
შპს „ა------------“ -ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ სამუშაოები შეჩერებული იყო 80 დღის განმავლობაში, შესაბამისად ბუნებრივი პირობების (ქარი, წვიმა) და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილებამ გათხრილი ტრანშეას გრუნტით ამოვსება გამოიწვია, რის შესახებ ეცნობა მუნიციპალიტეტს.
ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში შპს „ა------------“-მა სამუშაო ტერიტორიაზე აღმოაჩინა გამავალი ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რის შესახებაც ეცნობა მილსადენების კომპანიას შპს „ა------------“-ს მიერ წერილობით, 31 ოქტომბერს N83 წერილით, რისი პასუხიც შპს „ა------------“-მა მიიღო 24 ნოემბერს. აღნიშნულის შესახებ ასევე ეცნობა ჭ---------- მუნიციპალიტეტს, თუმცა მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „ა------------“-ს წარმომადგენელი თვლის, რომ ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრებაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად არ უნდა მოხდეს მისი დაკმაყოფილება.
შპს „ა------------“ მხარს უჭერს თავის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას
6. ფაქტობრივი გარემოებები
6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
6.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.
6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
6.2.1. დადგენილია რომ შპს „ა------------“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია თ---–---, ძველი თ---–---ს რაიონი, აღმაშენებლის გამზირი №62/64, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, რეგისტრაციის თარიღი 15.09.2010 წელი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის თ----- დ-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.43)
- მხარეთა განმარტებები.
6.2.2. დადგენილია, რომ ჭ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------------“ შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის საშუალებით NAT170005251 სოფელ უსახელოში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 284 444 (ორას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასორმოცდაოთხი) ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 აგვისტომდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 29 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.18-20)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.3. დადგენილია, რომ შპს „ა------------“-ს დირექტორს თ----- დ-----ეს 2017 წლის 03 აგვისტოს N51/9699 წერილით მიმართა ჭ---------- მ----–----–-------ს გამგეობამ და აცნობა სოფელ უსახელოში წყალმომარაგების სამუშაოების მიმდინარეობის შეჩერების თაობაზე, აღნიშნული სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის გამო. ჭ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------------“ შორის 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება N1, რომლის თანახმად N99 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 29 ოქტომბრამდე, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 სექტემბრამდე.
ასევე დადგენილია, რომ ჭ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------------“ შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება N2, რომლის თანახმად N99 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის იანვრამდე, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჭ---------- მ----–----–-------ს გამგეობის წერილი (ს.ფ. 23 )
- 2017 წლის 17 აგვისტოს N1 შეთანხმება (ს.ფ.24)
- 2017 წლის 18 სექტემბრის შეთანხმება N2 (ს.ფ. 25)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.4. დადგენილია, რომ ჭ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------------“ შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება N3, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში შევიდა ცვლილება, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. დადგენილია, რომ აღნიშნული შეთანხმების შემდგომ განახლდა სამუშაოების წარმოება.
საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ შპს „ა------------“-ს დირექტორმა წერილით მიმართა, ჭ---------- მუნიციპალიტეტს 2017 წლის 16 ნოემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა უარი ეთქვა აღნიშნულზე, ჭ---------- მ----–----–-------ს მერის 2017 წლის 27 ნოემბრის N51/13716 წერილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 23 ოქტომბრის N3 შეთანხმება (ს.ფ.26)
- ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის წერილი (ს.ფ. 27 )
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს ჭ---------- მ----–----–-------ს მერის მიერ მიღებული იქნა N51 2327 ბრძანება, ჭ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------------“-ს შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N99 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. 2017 წლის 19 დეკემბრის N51 2327 ბრძანებით, შპს „ა------------“-ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე დაეკისრა N99 ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 284 444 ლარის 0,1% -ის - 8248.88 ლარის გადახდა და 2017 წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრა ვადა აღნიშნული ჯარიმის გადასახდელად.
დადგენილია, რომ შპს „ა------------“-ს მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N99 ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებულია გარკვეული რაოდენობის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჭ---------- მ----–----–-------ს მერის N51 2327 ბრძანება (ს.ფ.42)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი:
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შპს „ა------------“-ს სარჩელი და ჭ---------- მ----–----–-------ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო თვლის რომ საწარმოს ბრალით დაირღვა ხელშეკრულება. ხელშეკრულება არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. შპს „ა------------“-ს ჭ---------- მ----–----–-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,05 პროცენტი ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე. დანარჩენ ნაწილში სარჩელები არ დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკით დადგენილია შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების გონივრული რაოდენობა. ასევე სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მართლზომიერად და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით
9. სამართლებრივი შეფასება
9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
9.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
9.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჭ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------------“ შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის საშუალებით NAT170005251 სოფელ უსახელოში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშულ საქმეზე დგინდება რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 284 444 (ორას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასორმოცდაოთხი) ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 აგვისტომდე, ხოლო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრამდე, თუმცა შპს „ა------------“-ს მხრიდან ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების დათქმულ დროში შესრულება არ მომხდარა. დადგენილია და მხარეც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მიმწოდებელმა შეასრულა მხოლოდ ნაწილი სამუშაოებისა.
9.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად „თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს „ა------------“-ს წარმომადგენლის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე, რადგან სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ იგი მოატყუეს, დაუსაბუთებელია.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არამხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს დროზე მითითება. ცალსახაა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მართლზომიერად, რადგან სამუშაოს შესრულება ვერ მოხდა დათქმულ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოცემული ნორმებიდან გამომდინარე სახეზეა მიმწოდებლის ბრალი დათქმულ ვადაში ხელშეკრულების შეუსრულებლობისა.
9.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლო თვლის , რომ მოპასუხე საწარმომ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა , რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა საწარმოს ბრალით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის მიერ მოთხოვნილი საჯარიმო თანხა - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ჯამში 8248.88 ლარი (პირგასამტეხლო), არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად სასამართლო თვლის რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე და ასევე სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები) უნდა შემცირდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.05 %. ე.ი. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 29 დღეზე. პირგასამტეხლოს რაოდენობა მოცემული პრინციპის დაცვით არის 4124 (ოთხი ათასასოცდაოთხი) ლარი და 44 (ორმოცდაოთხი) თეთრი.
9.6. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
10. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში შპს „ა------------“-ს სარჩელი და ჭ---------- მ----–----–-------ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შპს „ა------------“-ს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, ხოლო ჭ---------- მ----–----–-------ს მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს,, ა------------“-ის სარჩელი და ჭ---------- მ----–----–-------ს მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შ.პ.ს,, ა------------“-ს ჭ---------- მ----–----–-------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 4124 (ოთხი ათასასოცდაოთხი) ლარი და 44 (ორმოცდაოთხი) თეთრი (284 444 X 0,05% X29=4124 ლარი და 44 თეთრი).
1.2. სარჩელი და შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი