გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2018
საქმის ნომერი
240210016001416327
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210016001416327

(2/257-2016)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.04.2018 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - შპს ,,გ-----’’ (დირექტორი-კ---- გ-----ვა)

წარმომადგენელი - მა-–--- ბე-----

მოპასუხე - ი/მ და---- ხე-–---

წარმომადგენელი -ლე--- ხე-–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე შპს ,,გ-----ს’’ სასარგებლოდ, მოპასუხე ი/მ და---- ხე-–---სათვის 1431.05 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 23 მარტს შპს ,,გ-----სა’’ და ი/მ და---- ხე-–---ს შორის დაიდო საქონლის მიწოდების (ნასყიდობის) ხელშეკრულება. 2013 წლის 23 აპრილს მოსარჩელის მიერ მოპასუხეს მიეწოდა 1.55 ტონა აზოტფოსფოროვანი სასუქი, რომლის ღირებულება ელექტრონულ 0--------- ზედნადებში, ნაცვლად 1284.95 ლარისა, შეცდომით მიეთითა 1.285 ლარი. აღნიშნული შეცდომა შპს ,,გ-----ს’’ მიერ გასწორებულ იქნა და 2013 წლის 27 სექტემბერს ი/მ და---- ხე-–---ს გადაეგზავნა კორექტირებული ელექტრონული ზედნადები ნომრით-00--------. ი/მ და---- ხე-–---ს მიერ აღიარებულ იქნა ვალი, თუმცა მის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ი/მ და---- ხე-–---მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. დაადასტურა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ მას ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია და მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „გ-----’’ არის მეწარმე სუბიექტი (ს/კ 2-------) 19.07.2007 წლიდან, ხოლო ი/მ და---- ხე-–--- (ს/კ 3----------) მეწარმედ რეგისტრირებულია 09.06.2006 წლიდან. 3.2.2. 2013 წლის 23 მარტს შპს “ გ-----ს’’დირექტორს კ---- გ-----ვასა და მოპასუხე ი/მ და---- ხე-–---ს შორის დაიდო საქონლის მიწოდების (ნასყიდობის) ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „გ-----’’ი/მ და---- ხე-–---ს მიაწვდიდა სხვადასხვა სახეობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საქონელს. ხელშეკრულებიმე-3 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა- ყოველ დაგვიანებულ დღეზე შესაბამისი თანხის 0.1%-ის გადახდის ვალდებულება. 3.2.3. შპს „გ-----მ’’ ი/მ და---- ხე-–---ს 2013 წლის 23 აპრილს მიაწოდა 1.55 ტონა აზოტფოსფოროვანი სასუქი, რომლის ღირებულება ელექტრონულ 0--------- ზედნადებში, ნაცვლად 1284.95 ლარისა, შეცდომით მიეთითა -1.285 ლარი. აღნიშნული შეცდომა შპს ,,გ-----ს’’ მიერ გასწორებულ იქნა და 2013 წლის 27 სექტემბერს ი/მ და---- ხე-–---ს გადაეგზავნა კორექტირებული ელექტრონული ზედნადები ნომრით-00--------. 3.2.4.2016 წლის 4 მარტს შპს „გ-----ს“ დირექტორს კ---- გ-----ვასა და ი/მ და---- ხე-–---ს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვით, და---- ხე-–---ს მიერ აღიარებულ იქნა ვალი-1284.95 ლარი. ამავე შეთანხმების მიხედვით, ვალდებულების დროულად, ვადის დარღვევის გარეშე შესრულების შემთხვევაში გათავისუფლდებოდა 2013 წლის 23 აპრილის ხელშეკრულების 3.2. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს. თუმცა და---- ხე-–---ს მიერ თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: -ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; -ხელშეკრულება (23.04.2013 წ); -შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ (4.03.2016 წ); -ელექტრონული ზედნადებები (0---------; 00--------); -მხარეთა განმარტებები 3.2.5. და---- ხე-–---ს მიერ თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელის მითითებით, მან მოპასუხეს მიაწოდა 1284.95 ლარის ღირებულების სასუქი, ხოლო მოპასუხეს არ გადაუხდია მიწოდებული საქონლის ღირებულება. აღნიშნული გარემოების მტკიცება, მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, ეკისრება ამ გარემოების მიმთითებელ პირს, შესაბამისად, მოსარჩელე შპს ”გ-----ს”, რაც მან დაადასტურა კიდეც. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე მოსარჩელისგან ყიდულობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელს. მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მათი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ყველა სასაქონლო ზედნადები, რომლითაც დასტურდება, მოპასუხისათვის 1284.95 ლარის ღირებულების სასუქის მიწოდების ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. (12.06.2012. N6446) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით შედგენილი სასაქონლო ზედნადები შეიცავს სავალდებულო რეკვიზიტებს: ინფორმაცია გამყიდველისა და მყიდველის, გადამზიდველის ან/და დისტრიბუტორის რეკვიზიტის შესახებ, საქონლის (ტვირთის) დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი, თანხა, ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი, მათ შორის ხელმოწერის გრაფას, რომლითაც მხარეები ადასტურებენ სასაქონლო ზედნადებში ასახული საქონლის მიღება-ჩაბარებას. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია. სასაქონლო ზედნადები არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გარკვეული გარემოების ან ინფორმაციის არსებობა და შესაბამისად, მისი უტყუარობა, და რასაც თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარეები, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ორმხრივად შესასრულებელ დოკუმენტს, რომელიც ფორმდება ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომლითაც დასტურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფაქტობრივად შესრულება, ხოლო სადავოობის შემთხვევაში იგი წარმოადგენს დამადასტურებელ მტკიცებულებას ვალდებულების შესრულების თაობაზე. რაიმე გარემოების შესახებ, რაც გააქარწყლებდა ამ მტკიცებულებების სისწორის ვარაუდს, არ მიუთითებია, შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნასყიდობის საგნის მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე შესრულებულ იქნა. აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე, შეთანხმებით ვალის აღიარების შესახებ. ამდენად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 23 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე ,361-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ოღონდ არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და ეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მხარეები ასეთზე შეთანხმდებიან.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. ხოლო გამყიდველის მიზანს წარმოადგენს ნივთის გასხვისებით სარგებლის მიღება. მითითებული ნორმის შესაბამისად, ნივთის ნასყიდობა, თავისი შინაარსით ამ ნივთზე საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.2; 3.2.4 პუნქტით დადგენილია, რომ 2013 წლის 23 მარტს შპს “ გ-----ს’’დირექტორს კ---- გ-----ვასა და მოპასუხე ი/მ და---- ხე-–---ს შორის დაიდო საქონლის მიწოდების (ნასყიდობის) ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „გ-----’’ი/მ და---- ხე-–---ს მიაწვდიდა სხვადასხვა სახეობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საქონელს. 2016 წლის 4 მარტს შპს „გ-----ს“ დირექტორს კ---- გ-----ვასა და ი/მ და---- ხე-–---ს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვით, და---- ხე-–---ს მიერ აღიარებულ იქნა ვალი-1284.95 ლარი.

 

შესაბამისად, მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის გადაცემის ვალდებულება მოსარჩელის მიერ შესრულებულია, ხოლო მოპასუხის მიერ თანხის- 1284.95 ლარის გადახდის ვალდებულება შეუსრულებელია.

 

მოპასუხის მიერ ასევე შეუსრულებელია 2013 წლის 23 აპრილის ხელშეკრულების 3.2. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისი თანხის 0.1%-ის გადახდის ვალდებულება, რომელიც ერთიანობაში შეადგენს 1431.05 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების, კერძოდ, თანხის გადახდის ვალდებულება და იგი დღეის მდგომარეობითაც შეუსრულებელია, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის 1431.05 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, რაც მითითებული ნორმის შესაბამისად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაგამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს”გ-----ს” სარჩელი მოპასუხე ი/მ და---- ხე-–---ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე ი/მ და---- ხე-–---ს (ს/ნ3----------) შპს ”გ-----ს” (ს/კ2-------) სასარგებლოდ 1431.05 (ათასოთხასოცდათერთმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2.დაეკისროს მოპასუხე ი/მ და---- ხე-–---ს (ს/ნ3----------) მოსარჩელე შპს ”გ-----ს” (ს/კ2-------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი)ლარის გადახდა.

 

3.გადაწყვეტილება სს კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია