გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
080210016001442080
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001442080

N2/1492 - 16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე -მ--- ას------ი-ტ------ძე;

წარმომადგენელი – ნ------- ნე---–--რიძე;

მოპასუხე – მ---ა მა------–--ლი;

წარმომადგენელი – ნ---უ შა-–-------ძე;

დავის საგანი – თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ---ა მა------–--ლს მ--- ას------ი-ტ------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 4400 აშშ დოლარის და 385 ლარის გადახდა;

1.2. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს მ---ა მა------–--ლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ქუთაისი ვაჟა-ფშაველას ქ. N102-ში (საკადასტრო კოდით 03.02.01.144) იძულებით რეალიზაცია აუქციონის გზით.

1.3. აუქციონზე გაყიდვის შემთხვევაში, მ---ა მა------–--ლის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისი ვაჟა-ფშაველას ქ. N102-ში (საკადასტრო კოდით 03.02.01.144) გამოთავისუფლდეს მასში მცხოვრები პირებისაგან.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 01 ივლისს მოპასუხეს ასესხა 1700 აშშ დოლარი, 1900 აშშ დოლარი, 800 აშშ დოლარი და 385 ლარი სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ, ვერცხლის სამკაულებით ვაჭრობისათვის. ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, მოპასუხე მ---ა მა------–--ლს ზეპირი შეთანხმებით გადაცემული სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, რაც არ შეუსრულებია.

შემდგომში, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მ---ა მა------–--ლს მ--- ას------ი-ტ------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 4400 აშშ დოლარის და 385 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მ--- ას------ი-ტ------ძის არანაირი ვალი არ აქვს, მოსარჩელეს მისი რეალიზატორის ლელა მამაცაშვილისაგან წაღებული ჰქონდა ნივთები, ასევე ნასესხები ჰქონდა თანხა, რომელსაც აბრუნებდა პერიოდულად. ვალის მიღებას ადასტურებდა ხელმოწერით, ხოლო სიტყვები: „ეს თანხები გავატანე მ---ა მა------–--ლს სესხის სახით მ. ას------ი-ტ------ძე“, გაკეთებულია მოსარჩელის ხელით.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ--- ას------მა-ტ------ძემ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მ---ა მა------–--ლს სხვადასხვა დროს ასესხა 1700 აშშ დოლარი, 1900 აშშ დოლარი, 800 აშშ დოლარი და 385 ლარი. აღნიშნული მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 1 ივლისს მის მიერ დაწერილი ხელწერილით. კერძოდ, ხელწერილში მ---ა მა------–--ლის ხელით დაწერილია შემდეგი: „მე მ--- ას------მა მომცა 1700$, 1500 ევრო =1900$, 800$ და 385 ლარი“. დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებულია მ---ა მა------–--ლის მიერ, თუმცა მ--- ას-------ტ------ძეს თავისი ხელით ჩაწერილი აქვს შემდეგი სიტყვები: „ეს თანხები გავატანე მ---ა მა------–--ლს სესხის სახით“, რაც ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტექსტიდან ამოღებული იქნება მ--- ას-------ტ------ძის მიერ შესრულებული ჩანაწერი, რჩება შემდეგი ფრაზა: „მე მ--- ას------მა მომცა 1700$, 1500 ევრო =1900$, 800$ და 385 ლარი“ და მ---ა მა------–--ლის ხელმოწერა. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს მხარეებს დაწერილი აქვთ მეორე ხელწერილი, სადაც მ--- ას------ი-ტ------ძე მიუთითებს, „მ---ას აქვს ჩემგან წაღებული 1700$, 1500 ევრო =1900$, 800$ და 300 ლარი, 50 ლარი, 23 ლარი და 15 ლარი“. დოკუმენტი ხელმოწერილია მ---ა მა------–--ლის მიერ. ხელმოწერის ზემოთ ჩაწერილია ფრაზა „მ. ას------ისაგან წაღებული მაქვს ესენი“. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სადაოდ გახადა მითითებული ფრაზა და მოითხოვა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ, თუმცა 2018 წლის 24 იანვარს სამოქალაქო საქმე უკან დაბრუნდა ექსპერტის დასკვნის გარეშე, მ---ა მა------–--ლის მიერ ექსპერტიზის ხარჯის აუნაზღაურებლობის გამო. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ხელწერილში მითითებული თანხა მ---ა მა------–--ლმა მიიღო მ--- ას------ი-ტრაპაძისაგან ზოგი ვალის, ზოგი ნისიად წაღებული ვერცხლის ნივთების სანაცვლოდ, რადგან არაა წარმოდგენილი მ--- ას------ი-ტ------ძის მიერ მ---ა მა------–--ლისაგან თანხის სესხების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ლელა მამაცაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ რეალიზაციას უწევდა მ---ა მა------–--ლის ვერცხლის ნივთებს, მ--- ასამბინ-ტ------ძესაც მიჰქონდა ეს ნივთები ნისიად და შემდეგ თანხას აძლევდა მოპასუხეს, აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა ბლოკნოტი, რომელშიც ჩანაწერები შედგენილია მისივე ხელით, რაც საეჭვოს ხდის მოწმის ჩვენებას, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა პოლიციის განყოფილებიდან გამოთხოვილ მასალებში, რომელიც ნაწარმოებია მ--- ას------ი-ტ------ძის განცხადების საფუძველზე, მ---ა მა------–--ლის გამოკითხვისას საერთოდ არ ახსენებს ვერცხლის ნივთებს და საუბრობს მხოლოდ მოსარჩელის ვალზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება სპეციფიკურია, კერძოდ, კრედიტორმა უნდა ამტკიცოს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა და მოვალისათვის თანხის გადაცემა, ხოლო მოვალემ ვალდებულების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მის მიერ წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელწერილებით დაადასტურა, რომ მოპასუხეს გადასცა თანხა სესხის სახით, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, ვალის უკან დაბრუნების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 623-ე, 361- მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში მ--- ას------მა-ტ------ძემ მ---ა მა------–--ლს სხვადასხვა პერიოდში ასესხა 1700 აშშ დოლარი, 1900 აშშ დოლარი, 800 აშშ დოლარი და 385 ლარი, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

მ---ა მა------–--ლმა 2015 წლის 1 ივლისს მის მიერ დაწერილი ხელწერილით აღიარა: „მე მ--- ას------მა მომცა 1700$, 1500 ევრო =1900$, 800$ და 385 ლარი“. დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ. ვინაიდან კრედიტორს არ მოეწონა აღიარების ეს ფორმა, საეჭვოობის გასაფანტად დაწერეს მეორე ხელწერილიც, სადაც უკვე მ--- ას------ი-ტ------ძე მიუთითებს, „მ---ას აქვს ჩემგან წაღებული 1700$, 1500 ევრო =1900$, 800$ და 300 ლარი, 50 ლარი, 23 ლარი და 15 ლარი“, დოკუმენტი ხელმოწერილია მ---ა მა------–--ლის მიერ. მეორე ხელწერილში მოპასუხემ სადავო გახადა ფრაზა: „მ. ას------ისაგან წაღებული მაქვს ესენი“, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულით არაფერი იცვლება, რადგან ხელმოწერა სადავოდ არაა გამხდარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ გადაუხდია სესხის თანხა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 321 ლარი, ასევე გადაიხდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხების გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ--- ას------ი-ტ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მ---ა მა------–--ლს მ--- ას------ი-ტ------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 4400 აშშ დოლარის და 385 ლარის გადახდა;

 

2. მ---ა მა------–--ლს მ--- ას------ი-ტ------ძის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ---ა მა------–--ლის კუთვნილ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 03.02.01.114, დარჩეს ძალაში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე