გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002247393
საქმე №3/36-2018 წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - იზოლდა ლოსაბერიძე
მოსარჩელე - ი--–-–ა ნ-------
წარმომადგენელი - ხ---- თ----ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ე----- უ----–--ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება ი--–-–ა ნ-------ს ოჯახისათვის 80,000 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.
1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის წლის ივნისამდე იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 60 ლარს, 2016 წლის აგვისტოში შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 84,040, ასევე შეივსო ოჯახის დეკლარაცია 07/11/2017 წელს და სარეიტინგო ქულამ შეადგინა 80,000. ქულათა აღნიშნული რაოდენობა არ ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარებას. მხარე აღნიშნავს, რომ ოჯახის დეკლარაცია შევსებულია არასწორად, კერძოდ დეკლარაციის A7 ბლოკში მითითებულია სარდაფი, რომელიც სახლს არ აქვს, ასევე დეკლარაციის A8 პუნქტში შინამეურნეობის მიერ დაკავებული საერთო ფართი 133 კვ.მ. არასწორადაა მითითებული უნდა იყოს 80 კვ.მ. ასევე არ ეთანხმება ოჯახის დეკლარაციის F2 გრაფაში არსებულ აღნიშვნას, სადაც დაფიქსირებულია სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება ,,მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მალავს შემოსავლებს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სოციალურმა სამსახურმა ქულების მინიჭების დროს არ გამოიკვლია მტკიცებულებები, არ შეაფასა გარემოებები და ფაქტების შესწავლის გარეშე შეუწყვიტა დახმარება. მხარის განმარტებით ის არის 87 წლის მარტოხელა პენსიონერი, დაავადებულია გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზით, არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური კარდიომიოფატია, აორტის სარქველის სტენოზი, შაქრიანი დიაბეტი’’. ასეთ მდგომარეობაში მყოფს არ შეუძლია ფიზიკური შრომა, მისი ერთადერთი შემოსავალი არის პენსია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას ი--–-–ა ნ-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2007 წლის ივნისიდან ი--–-–ა ნ-------ს ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით 050814401173, რომელიც 2007 წლის აგვისტოდან იღებდა საარსებო შემწეობას 30 ლარის ოდენობით, ხოლო 2009 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის ოდენობის მატებასთან დაკავშირებით 60 ლარს ერთ წევრზე 2015 წლის ჩათვლით. 2015 წელს ოჯახის გადამოწმება განხორციელდა ცენტრალური აპარატიდან გადასამოწმებელი ოჯახების რეესტრის ე.წ. ,,ოთხწლიანი’’ გენერაციის საფუძველზე. კანონით განსაზღვრული სამი ვიზიტის განხორციელების შედეგად ვინაიდან ვერ მოხდა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა შეივსო ოქმი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.
2015 წლის 2 ოქტომბერს მხარის განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 19 დეკემბერს შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის დამუშავების პროცესში სამი ვიზიტის განხორციელების შედეგად ვინაიდან ვერ მოხდა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა შეივსო ოქმი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.
ი--–-–ა ნ-------ს ოჯახი 2016 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით 050814425170. 2016 წლის 12 აგვისტოს ი--–-–ა ნ-------ს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 84,040. ხოლო, 07.11.2017 წელს სარეიტინგო ქულა - 80 000.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 18 დეკემბრის N04-06/18098 წერილი (ს.ფ15).
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ოქტომბერს (13:00-13:40 სთ) შეივსო ი--–-–ა ნ-------ს ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად, ი--–-–ა ნ------- ფლობს: სამეურნეო ნაგებობები - ნალიას (A7 ბლოკის მე-4 გრაფა), სარდაფს (A7 ბლოკის მე-5 გრაფა); შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 133 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 3 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია ხე/ფიცარი (A10 ბლოკის მე-3 გრაფა); ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები (B ბლოკი): ი--–-–ა ნ------- - ოჯახის უფროსი (B2 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა: სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობს (B3 ბლოკი); სპეციალური სტატუსი (B4 ბლოკი): - მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები; ინფორმაცია სრულწლოვანი შვილების შესახებ - 2 (B5 ბლოკი); განათლების მიღწეული დონე - უმაღლესი (C2 ბლოკი); პირადი ფულადი შემოსავალი (C3 ბლოკი): სახელმწიფო პენსია; ოჯახის მიწა და სხვა ქონება -0,06 ჰა (D2 ბლოკი); ოჯახის ეკონომიკური მდგომაროების ზოგადი შეფასება - ღარიბი (F1 ბლოკი); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება (F2 ბლოკი): მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მალავს შემოსავალს (2; 2.1)
აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს განესაზღვრა 80,000 სარეიტინგო ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 08 ოქტომბრის ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ.16-23);
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 18 დეკემბრის N04-06/18098 წერილი (ს.ფ15).
3.1.3. დადგენილია, რომ ი--–-–ა ნ-------ს სახელზე ირიცხება საკუთრების უფლება ქ. ქუთაისში, წმინდა ნინოს ქ. N2-ში დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01- 108,9 კვ. მეტრი; შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 133 კვ. მეტრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.97-98);
3.1.4. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ი--–-–ა ნ-------ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 მარტის N21-11/30157 წერილი (ს.ფ.87).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე არ ეთანხმება 2017 წლის 08 ოქტომბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის აგენტის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციის ,,A7’’ გრაფაში მითითებულ მონაცემს - ი--–-–ა ნ------- ფლობს: სარდაფს (A7 ბლოკის მე-5 გრაფა); ,,A8’’ გრაფაში მითითებულ მონაცემს ,,შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 133 კვ.მ“ და ასევე, არ ეთანხმება F2 გრაფაში მითითებულ მონაცემებს - ,,მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მალავს შემოსავალს (2.1)“ და განმარტავს, რომ მის საცხოვრებელს სარდაფი არ აქვს, შინამეურნეობის მიერ დაკავებული საერთო ფართია 80 კვ.მ და არა 133 კვ. მეტრი, ხოლო რაც შეეხება შემოსავალს მას გარდა პენსიისა სხვა შემოსავალი არ აქვს. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხთან - სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ი--–-–ა ნ-------ს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; ევროპის სოციალური ქარტია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 8 ოქტომბერს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ (კოდი: 0408) საფუძველზე 2017 წლის 7 ნოემბერს ი--–-–ა ნ-------ს ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (80,000 ერთეული) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია, ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა) ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ეს უკანასკნელნი აწვდიან სააგენტოს. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამდენად, სასამართლომ ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ი--–-–ა ნ-------ს ოჯახის ახალი დეკლარაცია, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებული და რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. ხოლო იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამრიგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.
სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ი--–-–ა ნ-------ს ოჯახის დეკლარაციის შედგენა, რაც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას, განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ი--–-–ა ნ-------ს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ი--–-–ა ნ------- სადავოდ ხდის, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ მის საცხოვრებელი ფართი შეადგენს არა 133 კვ. მეტრს არამედ 70-80 კვ. მეტრს, მას საცხოვრებელ ფართად აქვს მხოლოდ ორი ოთახი, მას არ გააჩნია სარდაფი და ასევე აღნიშნავს, რომ მას გარდა პენიისა სხვა შემოსავალი არ გააჩნია, შესაბამისად მისი მხრიდან რაიმე შემოსავლის დამალვას ადგილი არ აქვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულა სოციალურმა აგენტმა ი-----–- ჩ--------მა განმარტა, რომ მან განახორციელა ოჯახში ვიზიტი დეკლარაციის შევსების მიზნით, რომელმაც აღნიშნა, რომ A8 ბლოკში საცხოვრებელი ფართის 133 კვ. მეტრის მითითება განპირობებულია მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერით, მის მიერ არ გადამოწმებული იმავე საჯარო რეესტრში აღნიშნული ჩანაწერი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01-108,19 კვ. მეტრი და, შესაბამისად, არ ევალებოდა შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ვიზუალურად გადამოწმება, A7 ბლოკში სარდაფის მითითება განპირობებულია თავად ი--–-–ა ნ-------ს მითითებით და თავად აგენტის ვიზუალური შეფასებით (რასაც უარყოფს მოსარჩელე მხარე), ხოლო F2 ბლოკში ,,მალავს შემოსავალს“ მითითება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ვინაიდან ი--–-–ა ნ------- არის მძიმე ავადმყოფობით დაავადებული, მისი ვარაუდით, დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტებს მათი მაღალი ღირებულების გამო, საპენსიო შემოსავლით ვერ შეიძენდა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები). მე-2 მუხლი ადგენს, რომ შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი - „I“ გამოითვლება ფორმულით: I, სადაც: ა) C - არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი; ბ) N - შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი, ხოლო მე-3 მუხლით განსაზღვრულია შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსის შემადგენელი ელემენტები (კოეფიციენტები და სხვადასხვა ინდექსები).
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს შედგენილ ოჯახის დეკლარაციის A7 გრაფაში შეტანილია სწორი მონაცემი, სარდაფის არსებობის შესახებ, ასევე არ იზიარებს არგუმენტაციას, რომ A8 გრაფაში შეტანილია სწორი მონაცემი, საცხოვრებელი ფართის თაობაზე, კერძოდ:
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო, დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში „A7“ პუნქტის კითხვაზე – „ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა უძრავ ქონებას ფლობთ?“ პასუხის გაცემისას, თუ ოჯახს გააჩნია ჩამოთვლილი ნაგებობებიდან რამდენიმე, შემოიხაზება ყველა პასუხის შესაბამისი ნომერი. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს ოჯახის საცხოვრებელი პირობების (მ.შ. ეზოს) დათვალიერების შედეგად ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ოჯახის სარგებლობაში არსებული სხვა უძრავი ქონების შესახებ. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეუსაბამო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკში.
ოჯახის დეკლარაციის მითითებულ ბლოკში ჩამოთვლილია ისეთი უძრავი ქონება, როგორიცაა - ავტოფარეხი, მარანი/სამზადი, დაუმთავრებელი სახლი ან სხვა ნაგებობა, სამეურნეო ნაგებობები (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა), სარდაფი, კომერციული ფართი.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოდასახელებული ნორმის დანაწესი არ ადგენს სავალდებულო სახით საჯარო რეესტრში იყოს რეგისტრირებული ჩამოთვლილი ქონება, არამედ საკმარისია პირს ჰქონდეს შესაძლებლობა მოახდინოს ნაგებობის (განსახილველ შემთხვევაში სარდაფის) ფლობა და განკარგოს სურვილის შემთხვევაში. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ბინას არ აქვს სარდაფი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა მოეხდინა ოჯახის საცხოვრებელი პირობების დათვალიერება და კანონის მოთხოვნათა დაცვით დეკლარაციის A7 გრაფაში მონაცემის შეტანა სარდაფის არსებობის შესახებ.
„A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით. თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შეავსებს ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკის შესაბამის გრაფას.
აღნიშნულ გრაფასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში, წმინდა ნინოს ქ. N2-ში დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01- 108,9 კვ. მეტრი; შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 133 კვ. მეტრი საკუთრების უფლების ირიცხება ი--–-–ა ნ-------ს სახელზე. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეს განმარტებაზე, რომ მას მხოლოდ საცხოვრებლად აქვს ორი ოთახი, დაახლოებით 70-80 კვ. მეტრი ფართი, შესაბამისად შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ოდენობაა 70-80 კვ. მეტრი, სხვა ფართი არის ავარიული და მისი გამოყენება შეუძლებელია, რასაც თავხის მხრივ ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული აგენტი ი-----–- ჩ--------ი.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს შედგენილ ოჯახის დეკლარაციის F2 - გრაფაში შეტანილია სწორი მონაცემი ,,მალავს შემოსავალს (2.1)“. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 მარტის N21-11/30157 წერილზე, რომლის თანახმად, ი--–-–ა ნ-------ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ოჯახის დეკლარაციის F2 - გრაფაში შეტანილი მონაცემის ,,მალავს შემოსავალს (2.1)“ სისწორეს და მას, ვერ გაამყარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ მიცემულ განმარტება, რომ მითითებული გრაფის შევსების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში არსებული მედიკამენტების სავარაუდო ღირებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ინფორმაცია არასრულად ასახა იმ პირობებში, როდესაც როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.
სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება მხოლოდ ოჯახის უფლებამოსილი პირის ვალდებულებაზე სოციალურ აგენტს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, ვინაიდან კანონმდებელი მას აკისრებს მოიპოვოს როგორც სუბიექტური, ასევე, ობიექტური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ მოწმის სტატუსით გამოკითხულმა სოციალურმა აგენტმა განმარტა, რომ იგი ვალდებულია მიუთითოს არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა მისი პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, ეს მონაცემი კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა თუ არა გამოყენებული სარეიტინგო ქულის გამოანგარიშებისას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 8 ოქტომბერს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ (კოდი: 0408) საფუძველზე 2017 წლის 7 ნოემბერს ი--–-–ა ნ-------ს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა (80,000 ერთეული) და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი--–-–ა ნ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება ი--–-–ა ნ-------ს ოჯახისათვის 80,000 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.
3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი