განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002105616
საქმე #1-842/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ზ-----------–--–--ის
ბრალდებულის - გ--–- ბ-------ის
ადვოკატის _ მ--------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171180817001 საქმე:
ბრალდებულ გ--–- ბ-------ის მიმართ
მამის სახელი: ა-------
დაბადებული: 09.08.1--- წელს
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: მქონე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ---------–-------------–----------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც გამოიწვია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ა-------–------------ის მიმდებარედ, გ--–- ბ-------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, მარცხენა ხელის არეში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ფ--–--- ხ--–--–ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მანვე ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, ა----------–---–ის, ა---------–---–ის და თ------ ც--–--ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის გამოც, ამ უკანასკნელებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:
2. დაზარალებულმა ფ--–--- ხ--–--–მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს ღამის საათებში მეგობრებთან - თ------ ც--–--ესთან, ა---------–---–თან და ა----------–---–თან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ქ. ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე, რა დროსაც უკან მიმავალმა ახალგაზრდამ, რომელსაც მანამდე არ იცნობდა, როგორც შემდეგ შეიტყო - გ--–- ბ-------ემ, წინ გადაუსწრო, შემდეგ შეტრიალდა მათკენ და სიგარეტი სთხოვა. უთხრეს, რომ სიგარეტი არ ჰქონდათ, თუმცა ბრალდებული არ მოეშვა და ისევ მოითხოვა სიგარეტი. გაუმეორა, რომ სიგარეტი არ ჰქონდათ და სთხოვა თავი დაენებებინა მათთვის. ამის საპასუხოდ კი სულ ერთი მეტრის მოშორებით მდგარმა ბ-------ემ, შორტის წინა მხრიდან ამოიღო შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც დაუმიზნა ოთხივეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. იარაღის დანახვაზე ძალიან შეეშინდა ხ--–--–საც და მის მეგობრებსაც, გოგონებმა კივილი დაიწყეს, ჩათვალა, რომ ნამდვილად საფრთხე ემუქრებოდა როგორც მის, ისე მისი მეგობრების სიცოცხლეს, ამიტომ შეეცადა როგორმე ხელი შეეშალა ბრალდებულისთვის, ჰკრა ხელი და თავი დაგვანებეო, უთხრა, იგივეს მოუწოდებდნენ მისი მეგობრებიც. ბრალდებულმა კი იარაღი ისევ შორტის წინა მხარეს ჩაიდო, ამავე შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო დანა, გაშალა, რამდენჯერმე მოიქნია ხ--–--–ის მიმართულებით და დაარტყა მარცხენა ხელში ორ ადგილას - იღლიასთან და იდაყვთან. წამოუვიდა სისხლი, მეგობრებმა ყვირილი დაიწყეს, ბრალდებული კი გაიქცა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, ასევე პოლიციას შეატყობინეს მომხდარის შესახებ. ვერაფრით ხსნის ბრალდებულის ქმედების მიზეზს, გაურკვეველია სრულიად უწყინარ სიტუაციაში იარაღით ხელში რატომ დაემუქრა მოკვლით ოთხ ახალგაზრდა, რომელსაც არც კი იცნობდა და რატომ მიაყენა დანით დაზიანებები ხ--–--–ს .
3. ანალოგიური განმარტებები გააკეთა და შემთხვევის დროს იგივე გარემოებების არსებობა დაადასტურა კიდევ ერთმა დაზარალებულმა და მომხდარი ფაქტის თვითმხილველმა ა---------–---–მა სასამართლო განხილვისას. მისი ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა, რომელიც ქალაქში რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და დანახვისთანავე იცნო ფიზიკურად, სიგარეტის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, შორტის წინა მხრიდან ამოიღო შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი, დაუმიზნა ანის და მის მეგობრებს და ყველას დაგხოცავთო - უთხრა. იარაღის დანახვაზე, ყვირილი დაიწყეს და შველას ითხოვდნენ, ფ--–--- ხ--–--–მა კი ხელი მიჰკრა ბრალდებულს, თავი დაგვანებეო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა იარაღი ისევ შორტის წინა მხარეს ჩაიდო, იმავე შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო დანა, მოუქნია ფ--–---ს და ორ ადგილას დაარტყა მარცხენა ხელში, ფ--–---ს წამოუვიდა სისხლი, გოგონებმა ყვირილი დაიწყეს და შველას ითხოვდნენ, ბრალდებული გაიქცა. დაჭრილ ფ--–---ს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება, გამოძახებულ იქნენ ასევე სამართალდამცავები.
4. დაზარალებულების - ა---------–---–ის და ფ--–--- ხ--–--–ის ჩვენებებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება დაზარალებულების - ა-----------–---–ის და თ------ ც--–--ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას.
5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის ბიუროს, 2017 წლის 18 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N004821717 დასკვნის თანახმად, ფ--–--- ხ--–--–ს მარცხენა მხრის მიდამოში - ქვედა და ზედა მესამედში აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის/საგნების ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
6. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა - ღუღუნი უჩანეიშვილმა.
7. მოწმე მ-------------ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. ჯგუფთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც კაფე-ბარ "კონტესთან" დახვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელიდან სისხლი სდიოდა, დაზიანებული ჰქონდა ტანსაცმელი. მას ახლდა რამდენიმე მეგობარი. დაჭრილი ახალგაზრდა აღმოჩნდა ფ--–--- ხ--–--–ი, რომელმაც განუმარტა, რომ უცნობმა მამაკაცმა დანით მიაყენა დაზიანებები სრულიად უმიზეზოდ, ასევე მას და მის მეგობრებს უმიზნებდა იარაღს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მალე შემთხვევის ადგილას მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც გაუწია პირველადი დახმარება დაჭრილს, შემდგ კი გადაიყვანა საავადმყოფოში. 2017 წლის 18 აგვისტოს, ბერიძემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომელის თანახმად, ხ--–--–ის დაჭრა და მისი მეგობრებისადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჩადენილი ჰქონდა წარსულში არაერთხელ ნასამართლევ გ--–- ბ-------ეს. ინფორმაციის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას.
8. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, გ--–- ბ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ორივე მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ეს მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. ეს მტკიცებულებებია:
10. დაზარალებულების - ა---------–---–ის, თ------ ც--–--ის, მოწმეების - რუსუდან ჭიღვარიას, ნანა ბოლქვაძის, დავით სამნიძის ჩვენებები; 2017 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ამოღების ოქმი და დაზარალებულ ფ--–--- ხ--–--–ის დაზიანებული ტანსაცმელი; 2017 წლის 21 აგვისტოს შედგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, რა დროსაც დაზარალებულებმა მათ წინაშე წარდგენილი ფოტოებიდან ამოიცნეს ფოტოსურათი, გ--–- ბ-------ის გამოსახულებით და მიუთითეს, რომ სწორედ ეს პირი დაემუქრა ოთხივეს 2017 წლის 17 აგვისტოს ღამეს და დანით დაზიანებები მიაყენა ფ--–--- ხ--–--–ს.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--–- ბ-------ემ დაზარალებულ ფ--–--- ხ--–--–ს მარცხენა ხელის არეში დანის ორჯერ ჩარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც გამოიწვია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:
12. დაზარალებულ ფ--–--- ხ--–--–ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ბ-------ემ სიგარეტის მოთხოვნის შემდეგ, რაზეც უარი მიიღო ხ--–--–ის და მისი მეგობრებისგან, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო შორტის წინა მხრიდან, დაუმიზნა, თან ეუბნებოდა, რომ დახოცავდა ოთხივეს. იარაღის დანახვაზე ყველა ძალიან შეშინდა, იფიქრეს, რომ რეალური საფრთხე ელოდათ ამ ახალგაზრდისგან და ყვირილი ატეხეს, სთხოვდნენ თავი დაენებებინა მათთვის. ხ--–--–მა ხელი უბიძგა, ბ-------ემ კი დანის დარტყმით ორი ჭრილობა მიაყენა მარცხენა ხელზე.
13. დაზარალებულ ა---------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ბ-------ის მიერ იარაღის დამიზნებისას წარმოთქმულმა მუქარამ, რომ დახოცავდა მას და მის მეგობრებს, ძალიან იმოქმედა, შეშინდა და ყვირილი დაიწყო, მეგობრებთან ერთად სთხოვდა ბრალდებულს თავი დაენებებინა მათთვის.
14. დაზარალებულებმა ა-----------–---–მა და თ------ ც--–--ემ გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებში, რომლებიც უდავოდ მიიჩნიეს მხარეებმა, განმარტეს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფონზე იარაღის დანახვამ ძალიან შეაშინა ყველა, ყვირილი დაიწყეს და ითხოვდნენ შველას.
15. ამდენად, ზემოთმითითებული ოთხივე პირის ჩვენებით, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურად აღწერენ მომხდარ ფაქტს, ამასთან, ყველა მათგანის ჩვენება თანმიმდევრული და დამაჯერებელია, დასტურდება, რომ გ--–- ბ-------ის მიერ იარაღისმაგვარი ნივთის ამოღების, მათთვის დამიზნების და სიცოცხლის მოსპობით დამუქრების გამო, ოთხივემ მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ის გარემოება, რომ ბ-------ეს ნამდვილად შეეძლო საფრთხის შემცველი ქმედებების ჩადენა, დასტურდება მისი შემდგომი მოქმედებითაც, რა დროსაც ყველაზე ახლოს მდგარ ხ--–--–ს, რომელმაც სცადა წინააღმდეგობა და ხელი ჰკრა, დანით ორი დაზიანება მიაყენა მარცხენა ხელზე.
16. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულების თანმიმდევრული, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული ჩვენებებით დადასტურებულია გ--–- ბ-------ის მიერ მათ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც ერთვოდა იარაღისმაგვარი ნივთის დემონსტრირება და დამიზნება.
17. რაც შეეხება მუქარის იარაღს, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მუქარა განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. დაზარალებული პირები ერთხმად უთითებენ რომ სწორედ შავი ფერის მეტალის იარაღის დემონსტირებას, დამიზნებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან, თუმცა ისეთ პირობებში, როდესაც იარაღი აღმოჩენილი და ამოღებული არ არის, შესაბამისად, არ დანიშნულა და ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზები, რა დროსაც სპეციალური ცოდნის და გამოცდილების მქონე ექსპერტები დაადგენდნენ ამ ნივთის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტს, მხოლოდ საგნის ვიზუალური მსგავსების გამო, სასამართლო, ცხადია, ვერ გაიზიარებს და დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მუქარის ჩადენას სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ფაქტია და დაზარალებულების ურთიერთთავსებადი ჩვენებებით სრულად დასტურდება, რომ შავი ლითონის იარაღისმაგვარი ნივთი ნამდვილად დაუმიზნა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბრალდებული ბ-------ე, რაც ობიექტუარად სავსებით საკმარისია რეალურად აღიქვა მუქარა, ჩათვალო, რომ იარაღი ნამდვილია და შესაძლებელია მისით სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეექმნას, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, არასაკმარისია ამ ნივთის ცეცხლსასროლ იარაღად მიჩნევისთვის. საგულისხმოა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა მუქარა ბ-------ის მიერ, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობას და ტარებასთან დაკავშირებული ბრალდება ამ უკანასკნელს არ წარდგენია. დაცვის მხარეც სწორედ ამ ნაწილში არ ეთანხმება მუქარის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებას და აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულს არ ჰქონია.
18. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა გ--–- ბ-------ემ ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, დაზარალებულების მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის გამოც, ამ უკანასკნელებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
19. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
20. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
22. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
23. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
24. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
25. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
26. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
27. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
28. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
29. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
30. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სამართლებრივი შეფასება:
32. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ--–- ბ-------ემ მარცხენა ხელის არეში დანის დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ფ--–--- ხ--–--–ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მანვე ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, ა----------–---–ის, ა---------–---–ის და თ------ ც--–--ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის გამოც, ამ უკანასკნელებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; შესაბამისად, ბრალდებულმა ბ-------ემ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
33. გ--–- ბ-------ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებებაა მისი ნასამართლობა;
34. გ--–- ბ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
36. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
37. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
38. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
39. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
40. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
41. სსკ-ის 120-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან ექვს თვემდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
42. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოპებისათვის სასარგებლო შრომას ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
43. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
44. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ--–- ბ-------ეს, საქართველის სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ--–- ბ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
45. ვინაიდან გ--–- ბ-------ე იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აპრილის განაჩენით, მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–- ბ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
46. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ ეს სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში გ--–- ბ-------ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებაა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
47. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლაქების ანაწმენდები, დალუქული 4 ცალ სპეციალური პაკეტში, რომლებიც ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ფ--–--- ხ--–--–ის ტანისამოსი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა დაუბრუნდეს ფ--–--- ხ--–--–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: გ--–- ა-------ს ძე ბ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ--–- ბ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აპრილის განაჩენით გ--–- ბ-------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–- ბ-------ეს, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 24 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ გ--–- ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლაქების ანაწმენდები, რომლებიც დალუქული 4 პაკეტად, ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო დაზარალებულ ფ--–--- ხ--–--–ის ტანსაცმელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს ფ--–--- ხ--–--–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი