გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 081210018002300838
საქმე #2/7-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. წალკა
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - ნ-------ი მ----–--ე,მოპასუხე - შპს "ვ------------------"
წარმომადგენელი - დირექტორი გ-----------------ე, მ-----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ვ-----------------ს" დაეკისროს 1622 ლარის გადახდა ნ------- მ----–--ის სასარგებლოდ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე 2017 წლიდან წალკის მუნიციპალიტეტის დ-----------–---ში ეწეოდა მოსახლეობიდან რძის შესყიდვას, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენდა მოპასუხე შპს ,,ვ------------------ს" რძის გადამამუშავებელ ქარხანაში. მოპასუხე აღნიშნულის სანაცვლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით უხდიდა რძის ღირებულების თანხას, ხოლო ნ------- მ----–--ე ახდენდა მოსახლეობისაგან ჩაბარებული რძის თანხის ანაზღაურებას. აპრილი-მაისის თვეში მის მიერ შესყიდული რძის ღირებულება შეადგენდა 80 თეთრს, ხოლო მოპასუხეს აბარებდა 90 თეთრად. მოპასუხისათვის 90 თეთრად ჩაბარებული აქვს 21911 ლიტრი რძე 19719 ლარის ღირებულების, ხოლო 80 თეთრად ჩაბარებული აქვს 8036 ლიტრი რძე, 6428 ლარი ღირებულების. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ამოწერილია მოპასუხესთან არსებული ხარჯთაღრიცხვის რვეულიდან, სადაც მის მიერ ჩაბარებულ ყოველ ლიტრ რძეზე ხელი აქვს მოწერილი. მოპასუხე აპრილის თვეში მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ახდენდა სს ,,ლ---------------", ხოლო შემდგომ სს ,,თ------------" მეშვეობით. მოპასუხეს ნ------- მ----–--ის მიმართ გააჩნია დავალიანება 1622 ლარის ოდენობით, რომელსაც არ უხდის, შესაბამისად ის ვერ ახდენს სოფლის მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას, რამაც განაპირობა სასამართლოსადმი მიმართვის აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ნ------- მ----–--ე ითხოვს მოპასუხე შპს ,,ვ-----------------ს" მის სასარგებლოდ დაეკისროს 1622 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ვ------------------ს" წარმომადგენლებმა გ-----------------ემ და მ-----------–---–მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს ,,ვ-----------------ს" ნ------- მ----–--ის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ, რადგან ნ------- მ----–--ემ რძის საწარმოში რამდენჯერმე მიიტანა ამჟავებული რძე, რაც მათ შეიძინეს უფრო დაბალ ფასად 70 და 60 თეთრად. მათ მიერ ნ------- მ----–--ისათვის გადახდილია სრული თანხა, რაც მას ეკუთვნოდა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ განმარტებული იქნა რომ ნ------- ბ------- მიერ მჟავე რძე მიტანილი იქნა 11 აპრილს 1044 ლიტრი, ხოლო 21 აპრილს 620 ლიტრი, რომელიც ჩაიბარეს 70 თეთრად. ხოლო 23 აპრილს მიტანილი 1249, 27 აპრილს მიტანილი 1183 და 28 აპრილს მიტანილი 613 ლიტრი მჟავე რძე ჩაიბარეს 60 თეთრად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის დადებული იქნა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,ვ------------------" ნ------- მ----–--ისაგან ყიდულობდა რძეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხართა ახსნა - განმარტება;
3.1.2. 2017 წლის 04 აპრილიდან 2017 წლის 23 აპრილის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისათვის 90 თეთრად ჩაბარებული აქვს 22300 ლიტრი რძე.
2017 წლის 24 აპრილოდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისათვის 80 თეთრად ჩაბარებული აქვს 8036 ლიტრი რძე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხის მიერ წარმოდგენილი რძის ჩაბარების ჟურნალის ასლი, ს.ფ. 82-87;
3.1.3. მოპასუხე შპს ,,ვ-----------------ს" ნ------- მ----–--ისათვის უნარდო ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს 24525 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ნ------- მ----–--ის სს ,,ლ---------------" და სს ,,თ-------------" ანგარიშებიდან, ს.ფ. 16-19;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შპს ,,ვ-----------------ს" სრულად არ შეუსრულებია ნ------- მ----–--ისათვის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ აქვს გადახდილი ნ------- მ----–--ისაგან შესყიდული რძის ღირებულება 1622 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსის, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ.
ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანაში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის ფაქტი და მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა დაადასტუროს კონკრეტული ფაქტი.
ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია, როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები, ნათელია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. ასევე, საგულისხმოა, რომ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, ადასტუროს ის, რაც არ მომხდარა, მან უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა, შესაბამისად, ქმედების განმახორციელებელმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ქმედების განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში გამყიდველის (მოსარჩელის) მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება (ნასყიდობის საგნის მყიდველებისათვის გადაცემა) ცალსახად დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი რძის ჩაბარების ჟურნალით, ხოლო მყიდველის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შესრულება (გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის გადაცემა) საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას კანონი არ ითვალისწინებს წერილობითი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობას ნასყიდობის თანხის გადაცემის შესახებ, მაგრამ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე დავის შემთხვევაში, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი), ამიტომ მოვალეა ვალდებული, ადასტუროს შესრულება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მას მოპასუხისათვის სრულად აქვს გადახდილი შესყიდული რძის ღირებულება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიერ მოსარჩელისაგან შესყიდული რძის ნაწილი იყო მჟავე. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას რომ ნ------- ბ------- მიერ მიტანილი რძის ნაწილი იყო მჟავე და მისი შესყიდვის ფასი 2017 წლის 04 აპრილიდან 2017 წლის 23 აპრილის ჩათვლით იყო 70 თეთრად, ხოლო 2017 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით 60 თეთრი. მარტოოდენ მოპასუხის მიერ, ცალმხრივად აღნიშვნის გაკეთება რძის ჩაბარების ჟურნალზე რძის სიმჟავის შესახებ ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------- მ----–--ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ვ------------------ს " მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 69-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 429-ე, 477-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის II ნაწილი კი ადგენს, რომ მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა.
დადგენილია, რომ ნ------- მ----–--ესა და შპს ,,ვ-----------------ს" შორის არსებობდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ------- მ----–--ე მოსახლეობისაგან ჩაბარებული რძის ტრანსპოტრირებას ახდენდა და აბარებდა შპს ,,ვ------------------ს" რძის საწარმოში. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის 90 თეთრად ჩაბარებული აქვს 19719 ლარის ღირებულების 21911 ლიტრი რძე, ხოლო 80 თეთრად ჩაბარებული აქვს 6428 ლარის ღირებულების 8036 ლიტრი რძე, რაც ჯამში შეადგენს 26147 ლარს. მოპასუხეს მისთვის გადახდილი აქვს 24525 ლარი, გადასახდელი თანხის ოდენობა კი შეადგენს 1622 ლარს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული ნ------- მ----–--ისათვის ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წყდება ვალდებულების შესრულებით. მოვალე ვალდებულია დაიცვას წინდახედულობის სტანდარტი და ადასტუროს ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომ მის მიერ ნ------- მ----–--ის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული. აღნიშნული წარმოშობს შპს ,,ვ------------------ს"ს მიერ ნ------- მ----–--ისათვის 1622 ლარის გადახდის ვალდებულებას, რაც წარმოდგენს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან და მოპასუხე შპს ,,ვ-----------------ს" მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა:
1. ნ------- მ----–--ის სარჩელი მოპასუხე შპს "ვ------------------" მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს "ვ-----------------ს" ს/კ 4-------- მოსარჩელე ნ------- მ----–--ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1622 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს "ვ-----------------ს" ს/კ 4-------- მოსარჩელე ნ------- მ----–--ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით წალკის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს წალკის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე