გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210015741705
საქმე №2/77-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე – სს ,,თ-----------’’ წარმომადგენელი – ნ-------------ა მოპასუხე – ვ--------------–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ვ--------------–---–ს სს ,,თ------------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 1476.91 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 996.18 ლარი, პროცენტი - 206.64 ლარი და ჯარიმა - 274.09 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,თ------------’’ და ვ--------------–---–ს შორის 2011 წლის 28 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათით TBC Prime Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ------------’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით.
ხელშეკრულება დაირღვა 2012 წლის 12 მარტს და 2015 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ვ--------------–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ერიცხება დავალიანება 1476.91 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მაგრამ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის მიერ შეტანილი თანხით დაფარულიყო სესხის ძირი თანხის ნაწილი. ასევე განმარტა, რომ 2011 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ვეღარ უზრუნველყო ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,თ------------’’ და ვ--------------–---–ს შორის 2011 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებითი-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);
- განაცხადი საკრედიტო ბარათზე (ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ვ--------------–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1476.91 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 996.18 ლარი, პროცენტი - 206.64 ლარი და ჯარიმა - 274.09 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი 01/01/2001-25/02/2015 (ს.ფ. 19-21);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 22);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ------------’’ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 429-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის 28 სექტემბრს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, TBC Prime Card-ის ტიპის საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამასთან, მხარეები შეთანხმებულები არიან - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ-----------'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საბანკო კრედიტი სესხის ნაირსახეობაა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. განსახილველ ურთიერთობაში სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საბანკო კრედიტის თაობაზე სპეციალურ ნორმებთან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელმა დაარღვია 2011 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებების პირობები, ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, პროცენტისა და ჯარიმის გადაუხდელობას. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გამომდინარეობს TBC Prime Card-ის ტიპის საკრედიტო ბარათიდან, რაც დადებული იქნა 2011 წლის 28 სექტემბერს და წარმოადგენს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - TBC Prime Card, 1 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ------------’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლი.
საქმეში არსებული ამონაწერიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ ათვისებულ იქნა თანხა საკრედიტო ბარათზე განთავსებული ლიმიტიდან და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ვადაში ვერ მოახერხა მისი დაბრუნება ანგარიშზე, შესაბამისად იმ მომენტიდან მხარეებს შორის წარმოიშვა ის პირობები, რომლის თანახმად მოპასუხეს, გატანილ ძირ თანხაზე დაერიცხა პროცენტი და ამოქმედდა ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია, რადგან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება მოიცავს როგორც ძირი თანხის ნაწილის დაფარვას, ასევე პროცენტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას, რასაც მოიცავს აღნიშნული ხელშეკრულება.
სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 28.09.2011წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა 20 ლარი ერთჯერადად და დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამიტომ, ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 27.40 ლარის გადახდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოპასუხეს სს ,,თ------------“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ამიტომ, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ამ ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,თ------------’’ სარჩელი მოპასუხე ვ--------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ვ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ------------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1230.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 996.18 ლარი, პროცენტი - 206.64 ლარი და პირგასამტეხლო - 27.40 ლარი.
3. მოპასუხე ვ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ------------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი