გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2018
საქმის ნომერი
200210018002296267
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210018002296267

საქმე №2/121-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 მაისი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ვ---------------’’

წარმომადგენლები - ო-------------–---–ი, გ---------------–---–ი

მოპასუხე - თ-----------–---–ი

დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ვ---------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 555.00 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 250 ლარი; სარგებელი - 48.00 ლარი, პირგასამტეხლო - 250 ლარი და გაფრთხილების წერილის გაგზავნის საფასური - 7.00 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

07.09.2016 წლს მსესხებელმა თ-----------–---–მა მოსარჩელის შპს ,,ვ---------------ის’’ ვებ-გვერდზე www.wandoo.ge , სესხის აღების მიზნით გააკეთა ელექტრონული სასესხო განაცხადი, რომელშიც მიუთითა მისთვის სასურველი სესხის ოდენობა, პირადი მონაცემები და მისთვის სასურველი საბანკო ანგარიშის ნომერი. გაეცნო სესხის ხელშეკრულებასა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, რომელ პირობებზეც დათანხმება დაადასტურა ასევე ელექტრონულად და განახორციელა სესხის აღებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი მოთხოვნა. მოპასუხემ მის მიერ სასეხო განაცხადში მითითებული მონაცემების იდენტიფიკაციისათვის კრედიტორის საბანკო ანგარიშზე განახორციელა სიმბოლური თანხის 0.01 თეთრის გადარიცხვა. მას შემდეგ რაც მსესხებელმა განახორციელა ოფერტი კრედიტორის შეთავაზებაზე, შპს ,,ვ---------------მა’’ მსესხებლის იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა 0.01 თეთრის ჩამორიცხვა, მოახდინა სესხის თანხის გადარიცხვა, რა დროსაც მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მსესხებლის ელ.ფოსტის მისამართზე გაგზავნილ იქნა სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია. №12823201 სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად მსესხებელზე გაიცა: სესხი ჯამში 250 ლარი, სესხის მომსახურების საკომისიო/სარგებელი განისაზღვრა 48 ლარით, სულ გადასახდელი თანხა 298 ლარი. სესხის ვადა განისაზღვრა 07.09.2016 წლიდან 07.10.2016 წლამდე. პირგასამტეხლო სესხის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად განისაზღვრა სესხის ძირი თანხისა და საკომისიოს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი სესხის ხელშეკრულებიდან მისი პირობებიდან გამომდინარე ვალდებული იყო სესხის ძირი თანხა სესხის მომსახრების საკომისიოსთან ერთად სრულად დაეფარა 07.10.2016 წლისათვის, რომელიც მის მიერ გადახდილი არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ მსესხებლის მიერ შეთანხმებულ ვადებში არ მომხდარა ვალდებულების შესრულება, შპს ,,ვ---------------ის’’ მიმართ დაუგროვდა გადაუხდელი ვადამოსული დავალიანება და შესაბამისად დღეის მდგომარეობით, მსესხებელს შპს ,,ვ---------------ის’’ მიმართ გააჩნია შემდეგი დავალიანება: გადაუხდელი ძირი თანხა 250.00 ლარი, სესხის მომსახურების საკომისიო/სარგებელი - 48.00 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა 250.00 ლარი, გაფრთხილების წერილის გაგზავნის საფასური - 7.00 ლარი, სულ დავალიანება 555.00 ლარი. მსესხებელი გაფრთხილებული იქნა ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა აღნიშნულმა არავითარი შედეგი არ მოიტანა. სესხის ხელშეკრულების 10.8 პუნქტის თანახმად მოსარჩელე უფლებამოსილია მსესხებლისგან მოითხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მისთვის მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილების გაგზავნის ხარჯი, რომელიც შეადგენს თითოეულ გაფრთხილების წერილზე ფიქსირებულ 7 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე თ-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მას ეკონომიური მდგომარეობის გამო ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლოს თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 07.09.2016 წლს მსესხებელმა თ-----------–---–მა მოსარჩელის შპს ,,ვ---------------ის’’ ვებ-გვერდზე www.wandoo.ge , სესხის აღების მიზნით გააკეთა ელექტრონული სასესხო განაცხადი, რომელშიც მიუთითა მისთვის სასურველი სესხის ოდენობა, პირადი მონაცემები და მისთვის სასურველი საბანკო ანგარიშის ნომერი. გაეცნო სესხის ხელშეკრულებასა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, რომელ პირობებზეც დათანხმება დაადასტურა ასევე ელექტრონულად და განახორციელა სესხის აღებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

 

3.1.2. მოპასუხემ მის მიერ სასეხო განაცხადში მითითებული მონაცემების იდენტიფიკაციისათვის კრედიტორის საბანკო ანგარიშზე განახორციელა სიმბოლური თანხის 0.01 თეთრის გადარიცხვა.

 

3.1.3. მას შემდეგ რაც მსესხებელმა განახორციელა ოფერტი კრედიტორის შეთავაზებაზე, შპს ,,ვ---------------მა’’ მსესხებლის იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა 0.01 თეთრის ჩამორიცხვა, მოახდინა სესხის თანხის გადარიცხვა, რა დროსაც მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მსესხებლის ელ.ფოსტის მისამართზე გაგზავნილ იქნა სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია.

 

3.1.4. №12823201 სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად მსესხებელზე გაიცა: სესხი ჯამში 250 ლარი, სესხის მომსახურების საკომისიო/სარგებელი განისაზღვრა 48 ლარით, სულ გადასახდელი თანხა 298 ლარი. სესხის ვადა განისაზღვრა 07.09.2016 წლიდან 07.10.2016 წლამდე. პირგასამტეხლო სესხის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად განისაზღვრა სესხის ძირი თანხისა და საკომისიოს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.5 მსესხებელი სესხის ხელშეკრულებიდან მისი პირობებიდან გამომდინარე ვალდებული იყო სესხის ძირი თანხა სესხის მომსახრების საკომისიოსთან ერთად სრულად დაეფარა 07.10.2016 წლისათვის, რომელიც მის მიერ გადახდილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის განაცხადი (ს.ფ. 24);

- საგადასახადო დავალება No 1460916 (ს.ფ. 25);

- საგადასახადო დავალება No 1010582 (ს.ფ. 26);

- ინვოისი სესხის ხელშეკრულების პირობების შესახებ (ს.ფ. 27);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-37);

- სესხის ისტორია (ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,ვ---------------ის’’ მიმართ მოპასუხეს დაუგროვდა გადაუხდელი ვადამოსული დავალიანება და მსესხებელს შპს ,,ვ---------------ის’’ მიმართ გააჩნია შემდეგი დავალიანება: გადაუხდელი ძირი თანხა 250.00 ლარი, სესხის მომსახურების საკომისიო/სარგებელი - 48 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა 250.00 ლარი, გაფრთხილების წერილის გაგზავნის საფასური - 7.00 ლარი, სულ დავალიანება 555.00 ლარი.

 

3.2.3. სესხის ხელშეკრულების 10.8 პუნქტის თანახმად მოსარჩელე უფლებამოსილია მსესხებლისგან მოითხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მისთვის მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილების გაგზავნის ხარჯი, რომელიც შეადგენს თითოეულ გაფრთხილების წერილზე ფიქსირებულ 7 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-37);

- ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,ვ---------------ის’’ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 07 სექტემბრის ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,ვ---------------’’, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც.

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს გაფრთხილების წერილის გაგზავნის საფასურის გადახდის ნაწილში, ვინაიდან მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილების გაგზავნის ხარჯის გადახდის ვალდებულებაც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ვ---------------’’ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 250.00 ლარის და სარგებლის 48.00 ლარის დაბრუნება.

 

6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმად, მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო სესხის თანხისა და სესხის მომსახურების საკომისიოს 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდება, როდესაც მისი ოდენობა მიაღწევს სესხის თანხისა და სესხის მომსახურების საკომისიოს 200%-ს. ამიტომ, ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 25.00 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 22.2 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ვ---------------ის’’ სარჩელი მოპასუხე თ-----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ვ---------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლი 07 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 323 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 250.00 ლარი, საკომისიო - 48.00 ლარი და პირგასამტეხლო - 25.00 ლარი.

1.2. მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ვ---------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 7 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გაფრთხილების წერილის გაგზავნისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.

 

2. მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ვ---------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 0.96 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე მოპასუხეს შპს ,,ვ---------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 22.2 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

3. შპს ,,ვ---------------’’ დაუბრუნდეს 8.94 ლარი მის მიერ სარჩელზე 2017 წლის 22 დეკემბერს სს ,,თიბისი ბანკში’’ (საგადახდო დავალება #1513931126), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 50 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300853150.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი