გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
200210015001025086
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210015001025086

საქმე №2/254-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე – სს ,,ს----------–---------’’ წარმომადგენელი – დ-----------–---–ი მოპასუხე – კ-----–---–---–-ძე წარმომადგენელი - ვ-–--–--–--–---–ი დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაგირავებული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე კ-----–---–---–-ძეს სს ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1404.04 აშშ დოლარისა და 4248.16 ლარის გადახდა, საიდანაც:

1.1.1. 868.04 აშშ დოლარი შეადგენს №401990 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების თანხის ძირს, 114.93 აშშ დოლარი სარგებელს და 106 აშშ დოლარი შემცირებულ პირგასამტეხლოს (სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა);

1.2. 2. 245.12 აშშ დოლარი შეადგენს №402007 სადაზღვევო კრედიტის თანხის ძირს, 38.95 აშშ დოლარი სარგებელს და 31 აშშ დოლარი შემცირებულ პირგასამტეხლოს (სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა);

1.1.3. 4248.16 ლარი პლასტიკური ბარათის დავალიანებას.

 

1.2 სასარჩელო მოთხოვნის პირველ პუნქტში აღნიშნული დავალიანების დაფარვა განხორციელდეს კ-----–---–---–-ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე, მათ შორის სარეალიზაციოდ მიაქციოთ ავტომანქანა ტოიოტა იარისი სახელმწიფო ნომრით G------ და საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხე კ-----–---–---–-ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერ სხვა ქონებიდან და აქტივებიდან.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

კ-----–---–---–-ძესა და სს ,,ს----------–---------’’ შორის 2007 წლის 26 დკემბრის №401990 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა კრედიტი (ავტოსესხი) 8300 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 15%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს 0.5%-ის დარიცხვით ყოველვადაგადაცილებულ დღისათვის. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც დაგირავდა ავტომანქანა ტოიოტა იარისი სახელმწიფო ნომრით G------ და საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება (დანართი №402007) - სადაზღვევო კრედიტი 863.48 აშშ დოლარის ოდენობით 72 თვის ვადით წლიურად 18%-ის დარიცხვით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები, რაც დასტურდება თანდართული საბანკო ამონაწერით. ამონაწერის თანახმად, ბოლო სრულყოფილი გადახდა სესხებზე განხორციელდა 30.07.2013წ. შესაბამისად, სესხებზე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა წარმოებს ბოლო გადახდის მომდევნო თვიდან. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, კ-----–---–---–-ძეზე ასევე გაიცა პლასტიკური საკრედიტო ბარათი (ამექსი), რომელზედაც გახარჯულია თანხა ოვერდრაფტის სახით და ერიცხება დავალიანება 4248.16 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კ-----–---–---–-ძემ სარჩელთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ დაზუსტებული სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. კ-----–---–---–-ძესა და სს ,,ს----------–---------’’ შორის 2007 წლის 26 დეკემბრის №401990 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა კრედიტი (ავტოსესხი) 8300 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 15%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს 0.5%-ის დარიცხვით ყოველვადაგადაცილებულ დღისათვის.

 

3.1.2. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც დაგირავდა ავტომანქანა ტოიოტა იარისი სახელმწიფო ნომრით G------ და საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------.

 

3.1.3. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება (დანართი №402007) - სადაზღვევო კრედიტი 863.48 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით წლიურად 18%-ის დარიცხვით.

 

3.1.4. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები, რაც დასტურდება თანდართული საბანკო ამონაწერით. ამონაწერის თანახმად, ბოლო სრულყოფილი გადახდა სესხებზე განხორციელდა 30.07.2013წ.

 

3.1.5. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, კ-----–---–---–-ძეზე ასევე გაიცა პლასტიკური საკრედიტო ბარათი (ამექსი), რომელზედაც გახარჯულია თანხა ოვერდრაფტის სახით და ერიცხება დავალიანება 4248.16 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 26 დეკემბრის საბანკო მომსახურების შესახებ №401990 ხელშეკრულება

- (ს.ფ. 15-24);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25-26);

- 2007 წლის 26 დეკემბრის ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის №401990-ა

- ხელშეკრულება (ს.ფ. 27-31);

- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №401990 დანართი №402007 (ს.ფ.

- 34-35);

- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 36-37);

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 40-63);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 69);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 26 დეკემბერს სს ,,ს----------–---------ა’’ კ-----–---–---–-ძეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №401990, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო კრედიტი 8300 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, სარგებლის წლიური 15%-ის დარიცხვით.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სამომხმარებლო კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა ავტომანქანის შეძენა. ასევე საბანკო მომსახურების შესახებ №401990 ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელზე გაიცა პლასტიკური ბარათი (სადებეტო და საკრედიტო) და ოვერდრაფტი. საბანკო მომსახურების შესახებ №401990 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმა შეთანხმება - დანართი №402007, სადაზღვევო კრედიტი 863.48 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით წლიურად 18%-ის დარიცხვით. შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

2007 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულების №401990-ა თანახმად, მოგირავნესა და კლიენტს შორის გაფორმებული №401990 საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით და მის ფარგლებში მოქმედი, 4.1. პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა, რომლის რეკვიზიტებია: ტოიოტა იარისი, 2007; სახელმწიფო ნომერი G------, საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეთა შორის 2007 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ №401990 ხელშეკრულების 4.1.11 პუნქტის თანახმად, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად არ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

6.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი დავალიანების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უდავოა, რომ მხარეებმა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც გაითვალისწინეს სარგებლის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით. მაშასადამე, მოსარჩელის მოთხოვნა, ვადაგადაცილებული სარგებლის დაკისრების ნაწილში ლეგიტიმურია. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 322 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეში სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ს----------–---------ს’’ სარჩელი მოპასუხე კ-----–---–---–-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე კ-----–---–---–-ძეს მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1404.04 აშშ დოლარისა და 4248.16 ლარის გადახდა, საიდანაც:

2.1. 868.04 აშშ დოლარი შეადგენს 2007 წლის 26 დეკემბრის №401990 ხელშეკრულების თანხის ძირს, 114.93 აშშ დოლარი სარგებელს და 106 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს.

2.2. 245.12 აშშ დოლარი შეადგენს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №401990 დანართის №402007 სადაზღვევო კრედიტის ძირ თანხას, 38.95 აშშ დოლარი სარგებელს და 31 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს.

2.3. 4248.16 პლასტიკური ბარათის დავალიანებას.

 

3. დაკისრებული თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხე კ-----–---–---–-ძის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი, გამოშვების წელი ,,ტოიოტა იარისი, 2007, ტიპი და ფერი - ჰეტჩბეკი, რუხი 1/8, სახელმწიფო ნომერი C------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------.

 

იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს სს ,,ს----------–---------ს“ მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე.

 

4. მოსარჩელე სს ,,ს----------–---------’’ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 322 ლარი, რაც 2015 წლის 01 ივლისის №8527 საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი: №300853150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი