გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
120210018002327822
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2327822/175-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - შპს „ს---–-ა“

წარმომადგენელი - ს-------- შ-------–---–ი

მოპასუხე - გ---–----- ხ-------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე გ---–----- ხ-------–---–ს შპს ,,ს---–-ას“’’ სასარგებლოდ, დაეკისროს 389.69 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 269.3 ლარი, პროცენტი - 9.98 ლარი, პირგასამტეხლო - 110.41 ლარი. მოსარჩელემ იშუამდგომლოა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „ს---–-ასა“ და გ---–----- ხ-------–---–ს შორის, 2017 წლის 25 თებერვალს ელექტრონულად დაიდო სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა – 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.18%, სესხის დაფარვა – გრაფიკით გათვალიწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები - 71.1 ლარი, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის – ერთჯერადი ჯარიმა ოთხ დღემდე 50 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა ოცდაათ დღემდე 150 ლარი და გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 04 აგვისტოს და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ 2017 წლის 11 ოქტომბრის შემდგომ არ მომხდარა თანხის გადახდა. 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 389.69 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 269.3 ლარი, პროცენტი – 9.98 ლარი, პირგასამტეხლო – 110.41 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე გ---–----- ხ-------–---–მა მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხი ძირი თანხა და პროცენტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ს---–-ასა“ და გ---–----- ხ-------–---–ს შორის, 2017 წლის 25 თებერვალს ელექტრონულად დაიდო სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა – 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.18%, სესხის დაფარვა – ყოველთვიური შენატანი – 71,1 ლარი, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის – ერთჯერადი ჯარიმა ოთხ დღემდე 50 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა ოცდაათ დღემდე 150 ლარი და გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. მსესხებელს გ---–----- ხ-------–---–ის სესხის გადახდა გადაუვადდა ორჯერ, კერძოდ 2017 წლის 25 მაისს 28 დღით და 2017 წლის 27 ივნისს 7 დღით.

 

3.1.3. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 04 აგვისტოს.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.02.2017წ. N52995_1 ხელშეკრულება;

- 07.02.2018წ. საგადასახადო ისტორია;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მსესხებლის მიერ ჩარიცხული თანხების ამონაწერი;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---–-ას’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, მსესხებელს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის დაცვით სესხად მიღებული თანხა და დარიცხული სარგებელი. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია, იგი გაცემულია 365 დღის ვადით და სესხის სარგებელი შეადგენს წლიური საპროცენტო განაკვეთი 71,18%. გადაუხდელმა თანხამ შეადგინა ძირითადი თანხა - 269,3 ლარი, სარგებელი - 9,98 ლარი.

 

ამდენად, მოპასუხეს შესასრულებელი აქვს სესხის ძირითადი თანხის 269,3 ლარის და სარგებლის 9,98 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ---–----- ხ-------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (შპს ,,ს---–-ასა’’ და გ---–----- ხ-------–---–ს) შორის გაფორმებული 2017 წლის 25 თებერვალს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ---–----- ხ-------–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას შპს ,,ს---–-ას’’ წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შპს „ს---–-ას“ წინაშე შეადგენს 389.69 ლარს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 279,28 ლარი, რომლის თითქმის ნახევარია მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ჯეროვნად არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია, რადგან თითქმის სესხის თანხის ნახევრის ტოლი ოდენობისაა და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 110,41 ლარი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.

 

7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 25 თებერვლის სესხის ხელშეკრულების 17.2. მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას შპს ,,ს---–-ას’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე გ---–----- ხ-------–---–მა სარჩელი ცნო ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში. მოპასუხე მხარემ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე გ---–----- ხ-------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ს---–-ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ს---–-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ---–----- ხ-------–---–ს მოსარჩელე შპს „ს---–-ას“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 329.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 269.3 ლარი, პროცენტი - 9.98 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

4. მოპასუხე გ---–----- ხ-------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ს---–-ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი