გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/379-17 (140210117001838148)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი
(შესავალი ნაწილი)
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - ნ-----–--–-----–-–---–ი
წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი
მოპასუხე - ქ------------–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ქ------------–--–---–ს მოსარჩელე ნ-----–--–-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 10 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 7 395 (შვიდი ათას სამას ოთხმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5 100 აშშ დოლარი, ხოლო შემცირებული სარგებელი 2 295 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე ქ------------–--–---–ს მოსარჩელე ნ-----–--–-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 1 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 3600 (სამი ათას ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო შემცირებული სარგებელი 600 აშშ დოლარი.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 10 ოქტომბერს ქ------------–--–---–მა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან ისესხა 5100 აშშ დოლარი. სესხის დაფარვის ვადად განისზღვრა 2018 წლის 10 თებერვალი. ხელშეკრულების მიხედვით საპროცენტო განაკვეთი იყო თვეში 5% (255 აშშ დოლარი). 2015 წლის 1 მარტს მხარეთა შორის ისევ დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ------------–--–---–მა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან ამჯერად ისესხა 2018 წლის 1 მარტამდე 3000 აშშ დოლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 5% (150 აშშ დოლარი).
მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და, როდესაც ნ-----–--–-----–-–---–მა თანხის დაბრუნების თაობაზე მიაკითხა, ქ------------–--–---–მა აუხსნა, რომ მას სხვადასხვა მოქალაქეებთან სხვა სავალო ურთიერთობები ჰქონდა და არ შეეძლო თანხის დაბრუნება. მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, ქ------------–--–---–მა ნ-----–--–-----–-–---–ი ნდობაში იმდენად შეიყვანა, რომ არათუ უზრუნველყოფა, წერილობითი სესხის ხელშეკრულებაც კი არ გააფორმა მასთან და, როდესაც პოლიციის განყოფილებას საჩივრით მიმართა, მოპასუხემ ე.წ. აღიარებითი ხასიათის დოკუმენტი შეადგინა, სადაც ვალდებულების არსებობაზე მიუთითა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ინდ. მეწარმედაა რეგისტრირებული და ეწევა სასესხო და სალომბარდო საქმიანობას. ნ-----–--–-----–-–---–ი რვა წელია თანამშრომლობს მასთან და თანხების გასესხებაში ეხმარება. 2014 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მასთან ოფისში 5100 აშშ დოლარი შეიტანა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად სარგებლის სახით 225 აშშ დოლარს უხდიდა, რამაც მთლიანობაში 3000 აშშ დოლარი შეადგინა. თანხის გასესხებაზე და სარგებლის გადახდაზე არცერთი მხრიდან წერილობითი დოკუმენტი არ შედგა, ვინაიდან ერთმანეთის მიმართ ნდობა ჰქონდათ. სარჩელზე დართული ხელწერილი მოსარჩელის თხოვნით 2017 წლის 24 თებერვალს შეადგინა, თუმცა ვერ მოიფიქრა, რომ თანხის მიღების თაობაზე ხელწერილი ნ-----–--–-----–-–---–ისათვის მასაც გამოერთვა. 2015 წლის 1 მარტს მოსარჩელემ 3000 დოლარი კვლავ შეიტანა ოფისში გასასესხებლად, რაზეც ათი თვის მანძილზე სარგებლის სახით 1500 აშშ დოლარი მიიღო. მოსარჩელეს პირველ სესხზე სარგებელი რომ არ აეღო, ლოგიკურია, 3000 აშშ დოლარს გასასესხებლად აღარ შეიტანდა. ამასთან, მათ შორის ნდობა რომ არ არსებულიყო, ხელწერილები, როგორც თანხის გასესხების, ისე მისი მიღების თაობაზე მაშინვე და არა მოგვიანებით შედგებოდა. მართალია, სარგებლის მიღების თაობაზე მოსარჩელეს ხელწერილი არ ჩამოართვა, მაგრამ აღნიშნულ ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდება.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ ხელწერილების თანახმად ვალდებულება იკისრა ყოველთვიურად სარგებლის სახით 5 % გადაეხადა, რაც ერთი წლის განმავლობაში არის 60 %. პროცენტის აღნიშნული ოდენობა კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და იგი უნდა განისაზღვროს წლიური 15 %-ის ფარგლებში.
საბოლოოდ მოპასუხემ დავალიანება აღიარა სესხის ძირითადი თანხის, 8 100 (რვა ათას ასი) აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას სარგებელთან დაკავშირებით არ დაეთანხმა, ამასთან, მიუთითა, ყოველთვიური 5 % არის შეუსაბამოდ მაღალი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 10 ოქტომბერს ნ-----–--–-----–-–---–სა და ქ------------–--–---–ს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ------------–--–---–მა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან ისესხა 5 100 (ხუთი ათას ასი) აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 % სარგებლის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 10 თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 2015 წლის 1 მარტს ნ-----–--–-----–-–---–სა და ქ------------–--–---–ს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ------------–--–---–მა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან ისესხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 % სარგებლის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 მარტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2017 წლის 24 თებერვალს შედგენილი ხელწერილით ქ------------–--–---–მა აღიარა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან სესხის სახით 5 100 (ხუთი ათას ასი) აშშ დოლარის აღების ფაქტი. ხელწერილის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 10 თებერვლამდე პერიოდი, ხოლო სარგებელი თვეში 5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი.
3.1.4. 2017 წლის 1 მარტს შედგენილი ხელწერილით ქ------------–--–---–მა აღიარა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან სესხის სახით 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის აღების ფაქტი. ხელწერილის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდი, ხოლო სარგებელი თვეში 5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი.
3.1.5. ქ------------–--–---–ს 2014 წლის 10 ოქტომბერსა და 2015 წლის 1 მარტის სესხის სახით აღებული ფულადი თანხა, 8 100 (რვა ათას ასი) აშშ დოლარი ნ-----–--–-----–-–---–ისათვის არ აქვს დაბრუნებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ნ-----–--–-----–-–---–ს ხელწერილების შედგენამდე ორივე სესხზე მიღებული აქვს სარგებელი სრულად, ხოლო ხელწერილების შედგენის შემდეგ იგი აღარ უნდა მიეღო, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხე ქ------------–--–---–ის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა, სათანადო წერილობითი მტკიცებულებების წარდგენით დაამტკიცოს, რომ მან მოპასუხეს სესხის სახით გადასცა თანხა, ხოლო ქ------------–--–---–ის ვალდებულებაა სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.
მხარეები სადავოდ არ ხდიან 2014 წლის 10 ოქტომბერსა და 2015 წლის 1 მარტს სესხის ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით დადების ფაქტს, შესაბამისად, სარგებლის გადაცემის თაობაზე მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა წარმოედგინა, რომელმაც საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებები სასამართლოს ვერ შესთავაზა. არ დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ ხელწერილების შედგენის შემდეგ მოსარჩელეს სარგებელი აღარ უნდა მიეღო, თითქოსდა მხარეთა შორის ამის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ქ------------–--–---–ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–--–-----–-–---–ს ხელწერილების შედგენამდე ორივე სესხზე სარგებელი სრულად აქვს მიღებული, ხოლო ხელწერილების შედგენის შემდეგ იგი აღარ უნდა მიეღო, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–--–-----–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე მუხლები;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა. ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ან მთლიანად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ძირითადი თანხის - 8 100 აშშ დოლარის ნაწილში, რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ხოლო, 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, ერთი მხარე - მოვალე კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი, გააჩნია შესაბამისი უფლება - მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება. ამავე დროს სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად მიიჩნევა მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს ნ-----–--–-----–-–---–სა და ქ------------–--–---–ს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ------------–--–---–მა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან ისესხა 5 100 (ხუთი ათას ასი) აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 % სარგებლის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 10 თებერვალი. ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 1 მარტს დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ------------–--–---–მა ნ-----–--–-----–-–---–ისაგან ისესხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 % სარგებლის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 მარტი. ქ------------–--–---–ი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა და სარგებელს ნ-----–--–-----–-–---–ს არ უხდიდა, რის გამოც კრედიტორმა მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა ვადამდე შეწყვიტა და მოითხოვა სესხის ძირითადი თანხისა და შემცირებული სარგებელის მოპასუხეზე დაკისრება.
ქ------------–--–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დავალიანება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცნო, ხოლო სარგებლის ნაწილში მიუთითა, რომ ნ-----–--–-----–-–---–ს ხელწერილების შედგენამდე ორივე სესხზე მიღებული აქვს პროცენტი სრულად, ხოლო ხელწერილების შედგენის შემდეგ იგი აღარ უნდა მიეღო, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება. მოპასუხემ სარგებლის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წინაშე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე იშუამდგომლობა, რომელიც დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე ვერ უზრუნველყო მათი გამოცხადება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეები რომც დაკითხულიყვნენ მათი ჩვენება საკმარის მტკიცებულებად არ გამოდგებოდა სარგებლის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად, ვინაიდან სასესხო ურთიერთობის სამართლებრივი თავისებურებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. იმ შემთხვევაშიც, თუ სესხის ხელშეკრულებაში მხარეები არ გაითვალისწინებდნენ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (იხ. სუსგ. №ას-855-799-2017, 22 სექტემბერი, 2017 წელი).
6.3. სასამართლო, მოპასუხე ქ------------–--–---–ის მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მართალია მხარეთა შორის საპროცენტო სარგებელი თითოეულ სესხზე 5 %-ით განისაზღვრა, თუმცა მხარე ითხოვს იმაზე ნაკლებ სარგებელს, ვიდრე მისი მოთხოვნის უფლება აქვს, კერძოდ:
2014 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ნ-----–--–-----–-–---–ს 29 თვის განმავლობაში (ხელშეკრულების შეწვეტამდე მოქმედი პერიოდი) უნდა მიეღო სარგებლის სახით 7 395 აშშ დოლარი (255*29=7395), საიდანაც ითხოვს მხოლოდ 2 295 აშშ დოლარს გადახდას, რაც თვეში არის დაახლოებით 79,14 აშშ დოლარი. ანუ მხარე ყოველთვიურად ითხოვს ძირითადი თანხის დაახლოებით 1,55 %-ის დარიცხვას, რაც წლიურად შეადგენს 18,6 %-ს.
2015 წლის 1 მარტის ხელშეკრულებაზე ნ-----–--–-----–-–---–ს 24 თვის განმავლობაში (ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოქმედი პერიოდი) უნდა მიეღო სარგებლის სახით 3 600 აშშ დოლარი (150*24=3600), საიდანაც ითხოვს მხოლოდ 600 აშშ დოლარს გადახდას, რაც თვეში არის 25 დოლარი. ანუ მხარე ყოველთვიურად ითხოვს ძირითადი თანხის დაახლოებით 0,84 %-ს, რაც წლიურად შეადგენს დაახლოებით 10 %-ს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე დაუშვებლად ცნო მხარის საკასაციო საჩივარი, რომელიც წლიურ საპროცენტო სარგებელს 22,5 %-ს სადავოდ ხდიდა და აღნიშნავდა, რომ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სარგებლის საშუალო ოდენობა 15%-ია. აღნიშნულ საქმეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სესხის სარგებლის წლიური 22,5% გონივრულ ოდენობად მიიჩნია (იხ. სუსგ. №ას-1084-1021-2015, 18 იანვარი, 2016 წელი).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის კაბალურობა, რის გამოც მოპასუხის პრეტენზიას მაღალ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ქ------------–--–---–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე ქ------------–--–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ, 8100 აშშ დოლარის ფარგლებში მოსამზადებელ სხდომაზე ცნო, ხოლო დარჩენილ 2895 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე ნ-----–--–-----–-–---–მა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 875 ლარი, ასევე გაიღო იურიდიული მომსახურების ხარჯი 200 ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 8 100 აშშ დოლარის ნაწილში (სასარჩელო მოთხოვნის 73,67%) მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო, ხოლო 2 895 აშშ დოლარის ნაწილში (სასარჩელო მოთხოვნის 26,33%) მოთხოვნას არ დაეთანხმა, თუმცა სარჩელი ამ ნაწილშიც დაკმაყოფილდა, სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხე ქ------------–--–---–ს უნდა დაეკისროს ნ-----–--–-----–-–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, სულ 465.10 ლარის გადახდა, ხოლო ნ-----–--–-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 601.83 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ-----–--–-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ქ------------–--–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ-----–--–-----–-–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის 10 ოქტომბრისა და 2015 წლის 1 მარტის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების 10 995 (ათი ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის გადახდა;
3. მოპასუხე ქ------------–--–---–ს დაეკისროს ნ-----–--–-----–-–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, სულ 465.10 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელე ნ-----–--–-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 10 მარტს №1 საკრედიტო საგადასახადო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 601,83 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი