განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
080100117001927751
დავის ტიპი
381 1 , 273
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/41--17 წ.

გამოძიების N076030916001

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილის

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ------- თ--–-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ნ----- მ---------–-ა

 

ბრალდებული - რ-----ი ს-----ე

პირადი N6----------

მამის სახელი: რ------;

დაბადებული: 2-.1-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქ.ქუთაისი, დუ----ის ქ. N78;

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წაროდგენილი ბრალდების ახალი ფორმულირების თანახმად, ბრალდებულმა რ----- ს-----ემ ჩაიდინა, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისიწნებული, სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც გამოიხატა შემდეგში: რ----- ს-----ემ არ შეასრულა ძალაში შესული განაჩენის მოთხოვნა და 2016 წლის 02 სექტემბერს, ქ. ქუთაისში, და-----–---–ის ქუჩაზე მართავდა ,,ტოიოტას“ მოდელის სახელმწიფო ნომრით M-------- ავტომობილს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ რ----- ს-----ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა რ----- ს-----ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. დაადასტურა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. საქმის სასმართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა მოინანია მის მიერ ჩადენილი და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობაა, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, არ ასრულებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ვალდებულებას, რითაც, ხელს უშლის მართლმსაჯულების ამოცანების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ რ----- ს-----ის მისივე განმარტების თანახმად, გააზრებული და გაცნობიერებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ არ ჰქონდა უფლება ემართა ავტოსატრანსპორტო საშუალება, მიუხედავად ამისა, იგი ახორციელებდა ამ მოქმედებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- ს-----ემ ჩაიდინა, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

მხარის მიერ წარმოდგენილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დგინდება, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განხილული იქნა რ----- ს-----ის მიმართ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2016 წლის 1- თებერვლის განაჩენით დადგენილი სასჯელის შესაბამისობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1-13-732 გადაწყვეტილებასა და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის მიღებულ კანონთან, რომლის შედეგადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ, რ----- ს-----ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან. მასვე აღუდგა ამ განაჩენით ჩამორთმეული ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ასევე, ამავე განაჩენით, რ----- ს-----ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1- თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) დაკისრებული სისხლისსამართლებრივი სასჯელისა და პასუხისმგებლობისაგან. ამავე განაჩენით რ----- ს-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილზე. დანარჩენ ნაწილში (მათ შორის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ნაწილში) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1- თებერვლის განაჩენი და ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი, აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის დადგენისას, მხედველობაში იღებს კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შესაბამისობას მოცემული ქმედების გარემოებებთან, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ რ----- ს-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, უდაოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ რ----- ს-----ის ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების მ--–---- ქ-----–--ის, დ----- ნ-------სა და ნ----- კ----–--ის ჩვენებები, ბრალდებულ რ----- ს-----ის ჩვენებები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისისა და 2016 წლის 1- სექტემბრისა და 2- სექტემბრის განჩინებები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული შემოწმებების შესახებ პატაკი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი და საქმეზე არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

ბრალდებულის მიმართ, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ უკანასკნელის პიროვნული მახასიათებლები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასჯელის სახეთა და ზომის განსაზღვრისას, სავალდებულოა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროება, კერძოდ, ის თუ რა საფრთხის შემქმნელია იგი საზოგადოებისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს გააცნობიერა თუ არა ბრალდებულმა მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიტანა თუ არა სათანადო დასკვნები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ბრალდებულის რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. რ----- ს-----ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის,სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირათად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ, სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს ჯარიმას. რადგან, ჯარიმა, თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2-8-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რ-----ი ს-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ-----ი ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალს DVD დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში 1 (ერთი) პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს ამავე საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე