განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/116-18
გამოძიების N041291217001
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ------ ბ-------–--
ბრალდებული - ზ------ შ---------
პირადი ნომერი: N6----------
დაბადების თარიღი: 24.10.1--- წელი
მამის სახელი: შაქრო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: არასრული საშუალო
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ს---–--------ს გამზ. #75/44
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 29 დეკემბერს, ღამის საათებში, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, ს---–--------ს გამზირი #75/44-ში ზ----- შ---------მ, არასრულწლოვანი შვილისშვილის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - ნ----- შ---------ზე (თავში ორჯერ დაარტყა ხელი). ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები, საქმის სასამართლო განხილვის დროს შეთანხმდნენ და სადავოდ არ გაუხდიათ წინასასამართლო სხდომაზე სადაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, სასამართლო საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ზ------ შ---------ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ------ შ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ზ------ შ---------ს მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი დაზარალებულ ნ----- შ---------ს, მოწმეების: მ--- შ---------ს, ბ---- ჯ--–--ის და გ------- ყ-----–---–ის დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამართლებრივი შეფასება:
წარდგენილ კვალიფიკაციას, 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას. შესაბამისად, ზ------ შ---------ს მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტი უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაა. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა და ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ ისინი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულებია. რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტ-ნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას.
სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ზ------ შ---------ს მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა მთვრალ მგომარეობაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა, რომელიც იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ კვლავ განახორციელა ახალი განზრახი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, რომლებიც თავიანთ განცხადებაში ითხოვს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, აღიარებს და ინანიებს მომხდარს.
სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას”. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი“.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის წარსულს, მის ნასამართლობას, კერძოდ სახეზეა, სსკ-ის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი.
სასამართლო ამავე დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ შეურიგდა დაზარალებულს, აღიარებს და ინანიებს მომხდარ ქმედებას და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილს ჩაუთვლის პირობით მსჯავრად, რაც თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რადგანაც იგი გამართლებული იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ზ------ შ---------ს რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ზ----- შ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე; 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული პირობითი მსჯავრი 04 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ზ------ შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე; 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განაჩენით შეფარდებული მოუხდელი დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
5. გაუქმდეს ზ------ შ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ ზ------ შ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ზ------ შ---------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს ზ------ შ---------ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე