განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ვ----–--–------ი, დაბადებული 1----–-–-------------------, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი №--------, ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრაციის მისამართი მოლდავეთის რესპუბლიკა, ქ------------–---------------------------------–------------------------------------------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ადვოკატი - ა-----–-–------ია
თარჯიმანი - ე-------------------ე
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
- 2018 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქალაქ რ-------–-----------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ვ----–--–------მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს რ------–----–------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილების - ა-–-------------------------------–-–--------ის თანდასწრებით, მუშტები მრავალჯერ დაარტყა თავის და ზურგის არეში, ჭიქა ჩაარტყა თავში, რითაც რ------–----–------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ვ----–--–------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; რ------–----–------ის გამოკითხვის ოქმი; რ------–----–------ის დაზიანებების დათვალიერების ოქმი; ჰ--------–------ის გამოკითხვის ოქმი; ლ------–------ის გამოკითხვის ოქმი; ნ----–-----------ას გამოკითხვის ოქმი; მ------------ას გამოკითხვის ოქმი; ლ----------–---–ის გამოკითხვის ოქმი. ოქმი რ------–----–------ის სხეულის დათვალიერების თაობაზე, ოქმი რ------–----–------თან გასაუბრების თაობაზე. შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი, ვ----–--–------ის ნასამართლობის ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენი. ბრალდებულ ვ----–--–------ის დაკავების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებული დაკავებულია 2018 წლის 17 თებერვლის, 12:40 საათზე, ქ----------–-----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. რ------–----–------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა რ------–----–------მა განაცხადა, რომ ვ----–--–------თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ვინაიდან მათთან ქორწინება მიღებული არ არის. 11 წელია ერთად ცხოვრობენ, ერთი გვარი აქვთ, ქორწინებამდეც ეს გვარი ჰქონდა, ბავშვებიც ერთი გვარის ჰყავთ. ერთი შვილი დაავადებულია აუტიზმით, მეუღლის გარდა საქართველოში არავინ არ ჰყავს, ის მათი ერთადერთი მარჩენალია. პოლიციას რომ მიმართა მაშინ გაღიზიანებული იყო, კონფლიქტი ყველა ოჯახში ხდება. ბრალდებულის დედა გაემგზავრა მოლდავეთში თავად აქ დარჩა სამ ბავშვთან ერთად და მარტო ცხოვრობს. მათი ერთადერთი მარჩენალი მისი მეუღლეა, ბინის ქირა არ გადაუხდია თითქმის მესამე თვეა, თუ მისი მეუღლე პატიმრობაში იქნება, თავად დარჩება, ქუჩაში ბავშვებთან ერთად. ნანობს, რომ პოლიციას გამოუძახა და ითხოვს ვ----–--–------ის გათავისუფლებას, ვინაიდან არ სურს მისი შვილები მამის გარეშე გაიზარდნენ. დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ბრალდებულ ვ----–--–------ის წინააღმდეგ, მის მიმართ წარდგენილ ბრალთან და მათ შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ლ----------–---–ის გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მუშაობს გარდაბანში მეხანძრედ. 2018 წლის 17 თებერვალს მიდიოდა სამსახურში, ელოდებოდა თანამშრომელს, რადგან ერთად წასულიყვნენ. 08:20 საათზე მოძრაობდა ფეხით ქ. რ-------–------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან მივიდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც საუბრობდა რუსულად. მას ტუჩის, ერთი ყურისა და თავის არეში ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა მცირედი სისხლი. მან უთხრა, რომ იყო რ------–----–------ი, ცხოვრობდა ქ------------–-------------------ში და მისმა ქმარმა ვ----–--–------მა სცემა, ამის თაობაზე უნდოდა განეცხადებინა საპატრულო პოლიციაში, ვინაიდან თან არ ჰქონდა ტელეფონი, ითხოვა ესარგებლა მისი ტელეფონით. მანაც დარეკა 112-ში და განაცხადა რ------–----–------ის ცემის ფაქტზე. ვინაიდან ეს ქალბატონი საუბრობდა რუსულად და რუსული კარგად არ იცის, თავად რ------–----–------იც გაესაუბრა ოპერატორს. იგი არ დაელოდა საპატრულო პოლიციის მოსვლას ვინაიდან ეჩქარებოდა სამსახურში, შეხვდა თანამშრომელს და წავიდა სამსახურში, ხოლო ქალბატონი წავიდა თავის სახლში.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე მ------------ას გამოკითხვის ოქმის მიხედვით 2018 წლის თებერვალში ის და მისი მეუღლე ნ----–-----------ა დროებით საცხოვრებლად მივიდნენ რ------–----–------ის ბინაში. მათთან ერთად ცხოვრობდნენ რ------–----–------ი, მისი მეუღლე ვ----–--–------ი და მათი სამი შვილი. 2018 წლის 16 თებერვალს მათთან მივიდა რ------–----–------ის დედამთილი ლუსია შარბანი. საღამოს ყველა დაწვა დასაძინებლად. მას და მის მეუღლეს ეძინათ საძინებელ ოთახში. 2018 წლის 17 თებერვალს დილით ის და მისი მეუღლე გააღვიძა ხმაურმა და ჩხუბის ხმამ, ისინი შევიდნენ იმ ოთახში სადაც იმყოფებოდნენ ვ----–--–------ი, რ------–----–------ი და ლუსია შარბანი, ბავშვებს ეღვიძათ და ტიროდნენ. მას არ დაუნახავს რ------–----–------ის ცემის ფაქტი, თუმცა დაინახა რომ მას თავიდან მოსდიოდა სისხლი. მათ კითხვაზე თუ რა მოხდა ვ----–--–------მა უთხრათ, რომ მან რ------–----–------ს თავში ჩაარტყა ჭიქა, რის შედეგადაც დაუზიანა თავი და წამოუვიდა სისხლი. ჭიქის ნამსხვრევები ეყარა დაბლა. ამის შემდეგ როზალინა გავიდა გარეთ, რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინა ცემის ფაქტის შესახებ. მოგვიანებით როგორც მათთვის გახდა ცნობილი სახლში მივიდა საპატრულო პოლიცია, ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო რ------–----–------ი წაიყვანეს პოლიციაში. სხვა დროს რ------–----–------ის და ვ----–--–------ის კონფლიქტს არ შესწრებია. ანალოგიური ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოწმე ნ----–-----------აც.
დაცვის მხარემ ასევე უდავოდ გახადა არასრულწლოვანი მოწმის ჰ--------–------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება, აღნიშნული ჩვენებით დადგენილია, რომ ბავშვი ცხოვრობს მშობლებთან ვ----–--–------თან და რ------–----–------თან ერთად და და-ძმასთან ერთად. 2018 წლის 17 თებერვალს მას და თავის და-ძმას ეძინათ საძინებელ ოთახში, გააღვიძა ხმაურმა, დედ-მამა ჩხუბობდნენ. მან დაინახა მამამ ვ----–--–------მა დედამისს რ------–----–------ს როგორ დაარტყა ჭიქა თავში და დედას როგორ წამოუვიდა თავიდან სისხლი. დედამ დარტყმის დროს ტკივილისგან იყვირა. ასევე დაინახა როგორ დაარტყა მამამისმა დედამისს მუშტი. დედამისს სახეზე ჩამოსდიოდა სისხლი და ტიროდა, ჭიქის ნამსხვრევები ეყარა ძირს. და-ძმამ გაიღვიძეს მას შემდეგ რაც ყველაფერი ჩაწყნარდა. დედას რომ კითხა რა მოხდა, მან უპასუხა, რომ მამამ ეჩხუბა და ცემა. მამა ხშირად ცემდა და ურტყამდა დედას, ხშირად სვამდა და ეჩხუბებოდა
ბრალდებულის ვ----–--–------ის დაკავების ოქმის მიხედვით, რომელიც შედგენილია 2018 წლის 17 თებერვალს, ვ----–--–------ი რ------–----–------ს გამოკითხვისას, როზალინას შარბანს რუსულ ენაზე აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. დაკავების ოქმი შედგენილია ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი მოდებაძის მიერ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 9 მარტის # 0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით რ------–----–------ს 2018 წლის 17 თებერვლის შემოწმებით აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა თავის მიდამოში, სისხლნაჟღენთები ზედა ტუჩისა დამარცხენა წინამხრის მიდამოში, ნაჭდევები ქვედა ტუჩისა დაკისრის მიდამოში, ნაკვეთი ჭრილობები თავის მიდამოში, რაც ხანდზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთვევის თარიღს და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებებით, ხოლო ყველა დანარჩენი დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მხარეთა მიერ გახდა უდავოდ, სასამართლომ ისინი მიიღო გამოკვლევის გარეშე და მოახდენს მხოლოდ მათ სამართლებრივ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს საქმეში არ მოიპოვება არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა ვ----–--–------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას და საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს.
მოწმეების - მ------------ას, ნ----–-----------ას, არასრულწლოვანი მოწმის ჰ--------–------ის (საყურადღებოა, რომ ეს არასრულწლოვანი პირდაპირი მოწმეა მის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იგი ვერ განიხილება როგორც ირიბი მოწმე), რ------–----–------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე ლ----------–---–ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს. მ------------ა და ნ----–-----------ა, ლ----------–---–ი იყვნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ კონფლიქტის შემდეგ პერიოდს, თავად ნახეს შემთხვევის ადგილი, შუშის ნამსხვრევები, რომლითაც იქნა მიყენებული დაზიანებები რ------–----–------ზე, ისინი საქმეში არსებულ სხვა შეთანხმებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადგენენ ვ----–--–------ის ბრალეულობას და ეჭვი არ აჭარბებს დასაშვებ - გონივრულ ზღვარს - ეს მტკიცებულებები გამორიცხავენ დაზარალებულის რ------–----–------ის მიერ დაზიანებათა მიღების სხვა ვერსიების შესაძლებლობას, ის ფაქტი, რომ დაზარალებულს მიღებულ აქვს დაზიანებები, დასტურდება გარეგნული დათვალიერების ოქმით და მისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
რომც განვიხილოთ აღნიშნული პირები ირიბ მოწმეებად, ეს მაინც არ ნიშნავს ა პირთა ჩვენებების სრულ უგულებელყოფას, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და, ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“.
მოწმეების გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის სანდობაასთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს ისინი სადავოდ არ გაუხდია, არც დაზარალებულს უარყვია ამ ოქმების შინაარსის სისწორე. მან მხოლოდ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში არ მისცა მამხილებელი ჩვენება, რაც სასამართლოს არ ზღუდავს, შეაფასოს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები. შესაბამისად დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, თითქოს დაზარალებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარი სასამართლოს მიერ უნდა განიმარტოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას ასევე ისეთი მოვლენით, როგორიც არის ,,სტოკჰოლმის სინდრომი“, სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. ამ მექანიზმს აგრესორთან იდენტიფიკაცია ეწოდება და ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდება.
ამ სინდრომს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც აქვს – “მძევლის სინდრომი” და მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია. მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, მას სიყვარულის ილუზია უჩნდება. აღნიშნულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, ქმარმა პირობა დადო, რომ მას ფიზიკურად აღარ გაუსწორდება.
მნიშვნელოვანია დაზარალებულის ქცევის შეფასება მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულების კუთხითაც, რის გამოც ხშირად დაზარალებულები, რომლებსაც ჰყავთ არასრუწლოვანი შვილები და არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი, ბავშვების გამოკვების მოტივით, იძულებულნი არიან თავი შესწირონ მსხვერპლად მოძალადეს, თქვან უარი ჩვენების მიცემაზე მის საწინააღმდეგოდ, რადგან ჰგონიათ, რომ მათი ჩვენების მიუცემლობა ხსნა იქნება ბრალდებულისთვის და ხშირ შემთხვევაში და იგი გათავისუფლდება, თავს დამნაშავედ გრძნობენ თუ რატომ მიმართეს ძალადობის ფაქტის დროს პოლიციას დასახმარებლად.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში.
ზუსტად ანალოგიური შემთხვევაა ვასილე და რ------–----–------ის შემთხვევაც, რ------–----–------ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, იგი ხშირად ხდებოდა წარსულშიც ძალადობის ობიექტი ვ----–--–------ისგან, მათ შორის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვინაიდან მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი იძულებულია უარი თქვას ჩვენების მიცემაზე და ამით დაეხმაროს ისევ მოძალადეს თავი დააღწიოს მკაცრი პასუხისმგებლობის ზომას, ამასთან მას გააჩნია მოძალადისგან შურისძიების შიშიც, რადგან ცნობილია, რომ ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, ბრალდებული მას ემუქრებოდა, მის მიერ პოლიციაში განხორციელებული ზარის გამო.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 43-ე მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული დანაშაულისთვის დგება მსხვერპლსა და შესაბამისი ძალადობის აქტების ჩამდენ პირს შორის არსებული ურთიერთკავშირის ხასიათის მიუხედავად.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ვ----–--–------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
4.4. ბრალდებულ ვ----–--–------ის დამამძიმებელი გარემოებაა ასევე წინათ განზრახი დანაშულისთვის ნასამართლობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ბ” პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ვ----–--–------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ვ----–--–------ის მიმართ სახეზეა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა (თბ--–----------–----------------–---------–-–--------------------------- განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით), მის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ვ----–--–------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ ვ----–--–------ის მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ვ----–--–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----–--–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბ--–----------–----------------–---------–-–--------------------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ვ----–--–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
2. ვ----–--–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი