გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
060310918002430914
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/36-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი 2018წ ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი გურამ შენგელია

განმცხადებელი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენლები - ლ---- ქუთათელაძე, ნ----- წ--–----ე;

სავარაუდო მსხვერპლი - ლ---- ლ-------ე;

წარმომადგენელი - ლ--–- კ-–--;

სავარაუდო მოძალადე – დ----- ლ-------ე;

წარმომადგენელი - მ-----– ლ-------ე;

მესამე პირი - ნ---- ც-------–---–-;

წარმომადგენელი - ი--- გ--------ე

მოთხოვნა – დამცავი ორდერის გამოცემა

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1. დ----- ლ-------ის მიმართ დამცავი ორდერის 6 თვის ვადით გამოცემა შემდეგი პირობებით:

- მსხვერპლი ლ---- ლ-------ე გარიდებულ იქნას მასზე დამოკიდებული პირის მოძალადის - დ----- ლ-------ის (პ/ნ 5---------- , მის: ხონი, ჭ--------- ქუჩა N3-, ხონი ვ.ბ-------ს ქუჩა N9-) საცხოვრებლიდან.

- მოძალადე დ----- ლ-------ეს აეკრძალოს არასრულწლოვან ლ---- ლ-------ესთან მიახლოება, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში), ქუჩაში გადაადგილების დროს, ასევე აეკრძალოს მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.

 

2018 წლის 04 მაისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულმა განყოფილებამ, რომლითაც მოითხოვა მოძალადე დ----- ლ-------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მსხვერპლი ლ---- ლ-------ე.

 

განმცხადებელმა მიუთითა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ლ---- ლ-------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ნ---- ც-------–---–-ს საცხოვრებელი ადგილი. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 26 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2014 წლის 2- თებერვლიდან დაიწყო აღსრულება, რომელიც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობითაც. საქმეში ფსიქოლოგი გარკვეული პერიოდულობით იყო ჩართული აღსრულების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, რამდენადაც მამის დ----- ლ-------ის მხრიდან იკვეთებოდა შვილზე - ლ---- ლ-------ეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება/ზეგავლენის ფაქტები, რაც ხელს უშლიდა სააღსრულებო პროცესის მიზანმიმართულად წარმართვას. ასეთ ვითარებაში კი საფრთხე ექმნებოდა ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. 2017 წლის დეკემბრის თვიდან საქმეში ჩაერთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი, რომელმაც შეწყვიტა ლ---- ლ-------ესთან შემდეგი ვიზიტების დაგეგმვა/გატარება, მანამ სანამ ბავშვის მამა არ გააცნობიერებდა, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახებოდა. მნიშვნელოვანად მიაჩნია, რომ რაციონალურად გაცნობიერდეს აღნიშნული გარემოების მწვავე ემოციური ფონის დესტრუქციული გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე და დროულად გატარდეს ღონისძიება ბავშვის უფლების დაცვის მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებლის მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11981ე მუხლის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ბავშვის უფლების დაცვის საჭიროება,რადგან დ----- ლ-------ის მიერ შვილთან ლ---- ლ-------ესთან მიმართებაში განხორციელებულია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რის გამოც მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა ექვსი თვის ვადით.

 

2018 წლის 12 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ნ----- წ--–----ემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

2. მოწინააღმედე მხარის წარმომადგენელმა მ-----– ლ-------ემ მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას და განმარტა, რომ მამის მხრიდან ლ---- ლ-------ის მიმართ ფსიქოლოგიურ მოძალადეთ მიჩნევის მოთხოვნა არის უკანონო და იგი ემსახურება არა ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს, არამედ სამსახურის მიზანია მოვალეობის მოხდა. ის გარემოება, რომ ბავშვს არ სურს სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან და დედასთან კონტაქტი მათი მხრიდან არასწორი მოქმედებების შედეგია. აღსრულების პირველივე ვიზიტის დროს ლ----ს თანდასწრებით განუცხადეს, რომ ბავშვს პოლიციის მეშვეობით წაიყვანდნენ, რამაც განაპირობა ლ----ს აგრესიული დამოკიდებულება. აღსრულების მიზნით მამამ ლ---- ლ-------ე წარადგინა დედის საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ ბავშვმა უარი განცხადა იქ დარჩენაზე. 2014-2016 წლებში 20-მდე სააღსრულებო მოქმედება განხორციელდა, რაც ყოველ ჯერზე იწვევდა ლ----ს გაღიზიანებას. ბავშვთან დ----- ლ-------ის გარეშე კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა დედამ და სოციალურმა მუშაკებმა, ისე რომ არც ლ---- და არც დ----- ლ-------ე არ იყვნენ გაფრთხილებულები ვიზიტის შესახებ, მაგრამ არასრულწლოვანთან ურთიერთობა ვერ შედგა მისივე კატეგორიული უარის გამო. 2017 წლის ბოლოს დ----- ლ-------ეს ეცნობა ლ---- ლ-------ის გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგ თ----- ა--–----სთან ვიზიტის დრო და ადგილი. რის შემდეგაც დაუკავშირდა ფსიქოლოგს, რომელმაც მისცა რჩევა, რომ ბავშვისთვის მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია ვიზიტის არსის შესახებ. ამის შემდეგ მოხდა ლ---- ლ-------ის ვიზიტზე მიყვანა ფსიქოლოგთან ამავე ცენტრში, მაგრამ ბავშვმა არ ისურვა მასთან საუბარი, გაღიზიანდა და აღარ ისურვა შემდგომი ვიზიტი ფსიქოლოგთან. მამამ არ იცის რა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში, მიმართა ფსიქოლოგს რათა ემუშავა ბავშვისთვის ჩვეულ გარემოში, რაზეც მიიღო უარი.

 

მესამე პირის წარმომადგენელმა ი--- გ--------ემ განმარტა, რომ წარმოუდგენელია მამის მხრიდან ფსიქოლოგიური იძულების გარეშე შვილს არ სურდეს დედასთან ურთიერთობა და მის დანახვაზე კივილი დაიწყოს, ესროდეს სხვადასხვა ნივთებს. სასამართლო დავის პროცესში, როდესაც დედა მამის მალულად ხვდებოდა შვილს მათ შორის იყო ძალიან თბილი დამოკიდებულება, რის საილუსტრაციოდ წარმოადგინა ვიდეოფირი. შვილი დედის მიმართ გაუცხოვდა და აგრესია დაემართა მას შემდეგ, რაც დაიწყო აღსრულების პროცესი, ერთ-ერთი პროცესი ჩაშლილი იქნა მამის მიერ, რის გამოც იგი დაჯარიმდა. ბავშვს აიძულებენ, რომ დ----- ლ-------ის მეუღლეს მეორე ქორწინებაში დაუძახოს დედა. ბიოლოგიური დედის მიმართ ლ----ს უარყოფითად განაწყობს არა მარტო მამა არამედ მისი ოჯახის წევრი, ბავშვის ბებიაც რაც ხელს უშლის ლ---- ლ-------ის ნორმალური განვითარების პროცესს და არღვევს მის ფსიქიკას. ნ---- ც-------–---–- დაეთანხმა თავის წარმომადგენელს და განმარტა, რომ დედასა და შვილს შორის თბილი დამოკიდებულება გრძელდებოდა მეორე სააღსრულებო მოქმედების ჩატარებამდე. მამის ფსიქოლოგიური იძულების შედეგია ლ----ს ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ, რის გამოც უნდა აღსრულდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბავშვი საცხოვრებლად გადავიდეს დედასთან.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ლ---- ლ-------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ნ---- ც-------–---–-ს საცხოვრებელი ადგილი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2014 წლის 2- თებერვლიდან დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

-სააღსრულებო მოქმედების ოქმი (ს.ფ 31-48 )

 

3.1.2 ლ---- ლ-------ე (დაბადებული 2--- წლის 28 დ--------ს) 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად ცხოვრობს მამის დ----- ლ-------ის საცხოვრებელ ადგილას, მამასთან დ----- ლ-------ესთან, 2 წლის ძმასთან, დ----- ლ-------ის მეუღლესთან და ბებიასთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

- სააღსრულებო მოქმედების ოქმი (ს.ფ. 31-48)

 

3.1.3 სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2014 წლის თებერვლიდან დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა, გადაწყვეტილების აღსრულებაზე ლ----ს ნების არ არსებობა და ფსიქოლოგის რეკომენდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

-ფსიქოლოგ ლ--–- ც---------ს 2015 წლის 02 აპრილის მოხსენებითი ბარათი ( ს.ფ. 9 )

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 დ----- ლ-------ის მიერ ლ---- ლ-------ის მიმართ ფსიქიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს.

 

სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით უტყუარად არ დგინდება დ----- ლ-------ის მხრიდან ლ---- ლ-------ის მიმართ განხორციელებული ფსიქიკური ძალადობა. მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტება აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. დ----- ლ-------ის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის დადასტურებულად მიჩნევა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ლ---- ლ-------ე დედასთან ურთიერთობის წინააღმდეგია საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული ფაქტის კონსტანტაცია ავტომატურად არ იწვევს პირის მოძალადედ მიჩნევას. ბავშვის მიმართ ფსიქიკური ძალადობის დადგენა შეუძლებელია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

განმცხადებლის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ხონის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მ----- ჩ------–-ს 2017 წლის 17 ნოემბრის დასკვნაში მითითებულია მასზედ, რომ „ლ---- ლ-------ის მხრიდან არ იყო გამოხატული დედის მიმართ რაიმე დადებითი ემოცია, რის გამოც შეუძლებელი იყო გვემოქმედა ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ და ის შეგვეხვედრებია დედისთვის. მოქმედი კანონმდებლობის და ბავშვის უფლებების სრული დაცვით, არცერთი ქმედება არ განხორციელებულა ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, რათა მისთვის თავიდან აგვერიდებინა ზედმეტი დაძაბულობა. რა არის მიზეზი იმისა, რომ ლ---- ლ-------ეს არ სურს დედასთან შეხვედრა, ურთიერთობა და მისი ნახვა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმეში იკვეთება ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს ფსიქოლოგის მიერ შესწავლილ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა“.

რაც შეხეება გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თ----- ა--–----ს გამოკვლევას, იგი დამცავი ორდერის გამოცემის საფუძვლად ვერ გამოდგება, ვინაიდან აღნიშნულ გამოკვლევის თანახმად ლ---- ლ-------ეს ფსიქოლოგთან მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა ხანმოკლე ვიზიტი, პირველ შემთხვევაში 7-10 წუთი, მეორე შემთხვევაში 5 წუთი, გამოკვლევიდან იკვეთება, რომ ლ---- ლ-------ესთან საჭიროა შემდგომი ვიზიტები, მაგრამ ფსიქოლოგის რეკომენდაციით შეწყდა შემდეგი ვიზიტების დაგეგმვა/გატარება მანამ სანამ გარემო, სადაც ამჟამად ლ---- იმყოფება არ გააცნობიერებს, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის ასახვის გრძელვადიან პროგნოზს, მათი ზემოქმედებით გამოწვეულ საგანგაშო შედეგებს, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ნორმალურ განვითარებასა და სამომავლოდ თითოეულ მშობელთან ბავშვის დამოკიდებულებაზე. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი მამის მხრიდან იმყოფება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იმ პირობებში, როცა მიზანშეწონილად მიაჩნია ბავშვთან შემდეგი ვიზიტების დაგეგმვა მისი შეფასების მიზნით და რომ აუცილებელია ბავშვის სხვა გარემოში შეფასება. რაც მიუთითებს მასზედ, რომ ჩატარებული გამოკვლევა არასრულია, შესაბამისად იგი დ----- ლ-------ის მიერ არასრულწლოვან ლ---- ლ-------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

მესამე პირის შუამდგომლობით მოწმის სახით გამოძახებული ფსიქოლოგ ლ--–- ც---------ს მიერ მისთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ, მიცემული ჩვენებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა დ----- ლ-------ის მხრიდან ლ---- ლ-------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. მოწმემ განმარტა, რომ მას 2015 წლის შემდეგ ლ---- ლ-------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არ შეუფასებია, ხოლო შეფასების პერიოდში იგრძნობოდა მამის ზეგავლენა, მაგრამ ძალადობას ადგილი არ ქონია. მშობლისადმი მიჯაჭვულობა ბავშვზე მზრუნველობის ხარისხიდან გამომდინარეობს.

მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების პერიოდი მოიცავდა იმ დროს როცა ლ---- ლ-------ე წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდა მამასთან და მასზე მზრუნველობას ახორციელებდა მამა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, არასრულწლოვანი ლ---- ლ-------ის (დაბადებული 2--- წლის 2- დ--------ს) მოსმენის, განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „ბავშვის უფლებების კონვენცია“;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იძულება - ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.

 

6.2. შუამდგომლობის ავტორი ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება წარმოადგენს დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო მზრუნველობის განხორციელებას. შესაბამისად, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით.

 

6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

6.4 “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, მოწმე ლ--–- ც---------ს ჩვენებით მხარეთა განმარტებით არ დასტურდება ლ---- ლ-------ის მიმართ დ----- ლ-------ის მიერ ფსიქოლოგიურ ძალადობა, რის გამოც განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას დამცავი ორდერის გამოცემაზე.

 

6.5 „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებების დაცვას, მათ შორის, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. ამდენად, განმტკიცებულია არასრულწლოვანის ინტერესის უპირატესობა.

 

6.6.სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ რომლის თანახმადაც: ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს.“ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს შემდეგს: „გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის (“CRC”-“ბუკ”) შესაბამისი დებულებები, რომლებიც საქართველოში 19-4 წელს შევიდა ძალაში, აწესებს შემდეგს: მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.”

 

ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა უფლების იყოს მოსმენილი გამოყენება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს რომ არ შეიძლება მოხდეს ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან, ბავშვს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.

 

6.7 არასრულწლოვან ლ---- ლ-------ის უფლებათა დაცვის მიზნით ღონიძიებების გატარებისას, საამისოდ უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი გამომწვევი მიზეზები, რადგან არ მოხდეს ბავშვისთვის დედის ძლიერ ნეგატიურ ემოციებთან ასოცირება, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მასთან გაუცხოებას და დაამძიმებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას. გარდა ამისა საჭიროა არასრულწლოვან ლ---- ლ-------ის მშობლებმა და ახლობლებმა გააცნობიერონ მათ შორის არსებული კონფლიქტის ბავშვის ფსიქიკაზე ზემოქმედების მექანიზმი, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ურთიერთობა შეცვალონ პოზიტიური მიმართულებით და ბავშვისთვის უზრუნველყონ სტაბილური ემოციური გარემო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 2113-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-14 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მოსმახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს:

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32 სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე - სამტრედია, ძმები ნინუების ქ.N1) მეშვეობით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა