განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2018
საქმის ნომერი
820100118002329807
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002329807

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/58-2018 წ

 

15 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა,დაცვის მხარე - ადვოკატი გ-----------–--ე

 

ბრალდებული - ი-–----------ა (დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, ს-–----–ო განათლების მქონე, უ---–-----ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ--------–ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126’-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, ი-–----------ამ პირობით გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში, 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გ--------–ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ლ---------–----ის მიმართ, კერძოდ ი-–----------ამ სამჯერ ძლიერად ჩაარტყა მუცელში ხელი და ძალის გამოყენებით ათრია იატაკზე. განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ---------–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-–----------ას წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით ი-–----------ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–----------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ლ---------–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს სახლში მივიდა ნასვამი ი-–----------ა, ტანსაცმლის წასაღებად. ამავე დროს სახლში იმყოფებოდა მისი და ე-------–-----. მათ შორის მოხდა კამათი და ხმამაღალი ლაპარაკი ოთახების განაწილებასთან დაკავშირებით, რაიმე ჩხუბი და შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, რის შემდეგაც მისი და წავიდა. პოლიციაში მას მუქარით და დაშინებით დააწერინეს განცხადება და ჩვენება, რომ იაშა გამოვიდოდა ციხიდან და ის შევიდოდა, სათვალეებიც არ ჰქონდა, არ წაუკითხავს ჩვენება და ისე მოაწერინეს ხელი. მისივე განმარტებით ი-–----------ას მხრიდან მუცელში ხელის ჩარტყმა, ძალადობა და ცემა არ ყოფილა. ხელი კი მოკიდა ი-–----------ამ, მაგრამ ოდნავ. გაშავებული და დასივებული არ ჰქონია. ი-–----------ას მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის ლ---------–----ის 2018 წლის 29 იანვრის ჩვენების ნაწილი, რაც სასამართლო სხდომაზე ლ---------–----ემ არ დაადასტურა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ---------–----ის დამ ე-------–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს იმყოფებოდა მის დასთან სახლში, სადაც მივიდა ი-–----------ა, რომელიც მის დას ბრალს სდებდა, რომ იყო მისი ბიძის საყვარელი, ცემა და შეურაცხყოფა არ ყოფილა, არც დამუქრებია, იყო ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი, რის შემდეგაც წამოვიდა. მეორე დღეს შეხვდა მის დას, თუმცა მას არაფერი არ უთქვამს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმე ე-------–----ის 2018 წლის 29 იანვრის ჩვენების ნაწილი, რაც სასამართლო სხდომაზე ე-------–-----მ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას ოქმი არ წაუკითხავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ--------–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 29 იანვარს მასთან მივიდა მისი მამიდა ლ---------–----ე, რომელიც იყო აღელვებული და უთხრა, რომ გუშინ ღამით მას და მის მეუღლეს მოუვიდათ ჩხუბი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------–--------ის განმარტებით ლ---------–----ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 29 იანვარს მოსვლიათ ჩხუბი და კამათი, რასაც თავად უშუალოდ არ შესწრებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გუ-–-------------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 30 იანვარს ლ---------–----ისგან გაიგო, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აჩვენა ხელი გაშავებული, ხელი მომიჭირაო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ო----------------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის იანვარში ი-–----------ა განთავისუფლდა პატიმრობიდან და მის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ი-–----------ას აეკრძალა ერთი თვით მასთან მიახლოება, რაც მან დაარღვია. ლ---------–----ემ განცხადებით მიმართა პოლიციას, რომ ი-–----------ამ კვლავ ჩაიდინა ძალადობა და ცემა, მუცელში ჩაარტყა ხელი და მოუჭირა ხელი.

 

ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---------–--------მ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-----–--------მ განმარტა, რომ 2018 წლის 29 იანვარს პოლიციაში მივიდა ლ---------–----ე, რომელმაც მიმართა განცხადებით, რომ ი-–----------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა, რის გამოც დაიწყეს გამოძიება. გამოკითხა ლ---------–----ე, რომელმაც დაადასტურა, რომ 29 იანვარს ღამით მივიდა ი-–----------ა, რომელმაც გალანძღა, ხელი და ფეხი ჩაარტყა მუცელში, მაჯებზე მოკიდა ხელი და ათრია, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ი-–----------ა. ლ---------–----ის მიმართ არ ყოფილა მათი მხრიდან მუქარა, იძულება და დაშინება, მან თავისი ხელით დაწერა განცხადება და მისი ჩვენება მისი ნაკარნახევი სიტყვებით დაიწერა, რაც წაიკითხა თვითონ და მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ-----------------–მა დაადასტურა ლ---------–----ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები არაა სადაო და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი წერილობითი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი.

 

ბრალდებულმა ი-–----------ამ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა რა ზემოთ მითითებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/1/548) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი ... სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ... ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ... სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა ... ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს“.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე არაა დანაშაულებრივი ქმედების ი-–----------ას მიერ ლ---------–----ის ცემის და მის მიმართ ძალადობის განხორციელების უშუალო შემსწრე. თვით ლ---------–----ე განმარტავს, რომ ი-–----------ას მხრიდან მუცელში ხელის ჩარტყმა, ძალადობა და ცემა არ ყოფილა. ხელი კი მოკიდა ი-–----------ამ, მაგრამ ოდნავ. ლ---------–----ის დის ე-------–----ის განმარტებით ცემა და შეურაცხყოფა არ ყოფილა. ყველა დანარჩენი მოწმის ჩვენება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მიუთითებენ, რომ მათთვის ი-–----------ას მიერ ლ---------–----ის ცემის შესახებ ცნობილი გახდა თვით ლ---------–----ის მონაყოლით, თუმცა ლ---------–----ემ როგორც ინფორმაციის თავდაპირველმა წყარომ ეს გარემოებები არ დაადასტურა და განმარტა, რომ იყო კამათი და ხმამაღალი ლაპარაკი, მაგრამ ი-–----------ას მხრიდან ცემას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით დანაშაულია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

მოცემულ შემთხვევაში ლ---------–----ემ არ დაადასტურა, რომ ი-–----------ას მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ლ---------–----ისა ამ ფაქტის უშუალო შემსწრე არავინ ყოფილა და არ არსებობს სხვა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-–----------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით ლ---------–----ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ორივე წინამხრის მიდამოში. ბრალდების მიხედვით ი-–----------ას ქმედება გამოიხატა იმაში, რომ მან სამჯერ ძლიერად ჩაარტყა მუცელში ხელი ლ---------–----ეს და ძალის გამოყენებით ათრია იატაკზე, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ლ---------–----ეს გარდა წინამხრის მიდამოში არსებული დაზიანებისა სხვა რაიმე დაზიანება, მათ შორის მუცელზე, ან სხეულის სხვა ნაწილებზე, რაც მას შეიძლება მიეღო მუცელში სამჯერ ძლიერი ჩარტყმით და იატაკზე თრევით - არ აღენიშნება, რაც სარწმუნოს ხდის ლ---------–----ის ჩვენებას, რომ ი-–----------ას მხრიდან მუცელში ხელის ჩარტყმა, ძალადობა და ცემა არ ყოფილა. ხელი კი მოკიდა ი-–----------ამ, მაგრამ ოდნავ. ამავე დროს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ი-–----------ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისთვის აუცილებელი ელემენტია ფიზიკური ძალადობის არსებობა, რამაც დაზარალებულში უნდა გამოიწვიოს ტკივილი, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული, ვინაიდან დაზარალებულმა ლ---------–----ემ მართალია აღნიშნა, რომ ი-–----------ამ მოკიდა ხელებზე ხელი, მაგრამ ოდნავ, რაც შეეხება ქმედების დანაშაულებრივად მიჩნევისთვის აუცილებელ კომპონენტს - ტკივილს ამის შესახებ დაზარალებულს არ დაუდასტურებია და არ უთქვამს, რომ ხელის მოკიდებით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-–----------ას დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება ი-–----------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც ი-–----------ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-–----------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გაუქმდეს ი-–----------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულს - ი-–----------ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი