გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/256-18
160210018002-38780
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 აპრილი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე რა---------------ძე
წარმომადგენელი გი------------ნი
მოპასუხე სეი-----------------ვი
ადვოკატი ლა-------------ძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და მესაკუთრისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე სეი-----------------ვის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების მდებარე: ქ. მარ-----–ი, ომ----------ს ქ. N5ა, საკადასტრო კოდით 83.02.2--085 გამოთხოვა და მესაკუთრე რა---------------ძისთვის (პირადი ნომერი 0-------939) მითითებული უძრავი ქონების მასში არსებული ყველა მოძრავი ნივთებიანად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სეი-----------------ვმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ განმარტა, სადაო უძრავ ქონებაში მოპასუხის გარდა ცხოვრობენ მისი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები (მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები). 2017 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელემ იძულებით აუქციონზე შეიძინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოსარჩელის საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა 2017 წლის 19 ოქტომბერს. აღნიშნული პერიოდიდან მოსარჩელეს მოპასუხისაგან არ მოუთხოვია უძრავ ქონებაზე მფლობელობის შეწყვეტა, რის გამოც მოპასუხე და მისი ოჯახი წევრები, მესაკუთრის თანხმობით, კანონიერად ფლობდნენ და სარგებლობდნენ საცხოვრებელი ბინით. მოპასუხეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და მცირეწლოვანი შვილიშვილები და მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბავშვის უფლებები უხეშად იქნება დარღვეული. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ბოროტად იყენებს თავის საკუთრების უფლებას, რის გამოც მისი სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარ-----–ი, ომ----------ს ქ. N5ა, საკადასტრო კოდით 83.02.2--085 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე რა---------------ძის სახელზე 19.10.2017 წლიდან.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
საჯარო რეესტრის ამონაწერი ასლი (ს. ფ. 14-17).
მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2 მოპასუხე სეი-----------------ვის და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე რა---------------ძის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარ-----–ი, ომ----------ს ქ. N5ა, საკადასტრო კოდით 83.02.2--085.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი.
მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. მოსარჩელე რა---------------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარ-----–ი, ომ----------ს ქ. N5ა, საკადასტრო კოდით 83.02.2--085, მოპასუხე სეი-----------------ვთან ერთად იმყოფება ირა-----------ოვას, აიგ-----------ფაევის, აის---------------ისა და იუ----------------ვის მფლობელობაშიც.
3.2.2. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მიუთითა, რომ ის ლეგიტიმურად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში, ბინა მხოლოდ ფორმალურად არის რეგისტრირებული მოსარჩელის სახელზე, სინამდვილეში კი ის წარმოადგენს სეი-----------------ვის, ირა-----------ოვას, აიგ-----------ფაევის, აის---------------ისა და იუ----------------ვის საკუთრებას. მოსარჩელე ბოროტად იყენებს თავის უფლებას და ითხოვს მათ გამოსახლებას. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ის სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.
მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია მოპასუხე სეი-----------------ვის მიმართ და სარჩელში სხვა მოპასუხეები მითითებული არ არიან, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების დანარჩენ მფლობელებთან, კერძოდ არასრულწლოვანებთან დაკავშირებით სასამართლო უნდა შემოიფარგლოს მცირე განმარტებით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცებით განსახილველი დავა ეხება არასრულწლოვანი ბავშვის უძრავი ქონებიდან გამოსახლების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად.“
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლებოდა გაგებული იყოს იმდაგვარად, რომ იგი ყოველგვარი გარემოებების გარეშე, უპირობოდ, საკუთრების უფლებას გადასწონის ან/და უცვლელად იქნება გამოყენებული ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ამასთან, კონვენციის ბავშვის უფლებების შესახებ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.
მოცემული კონვენცია ზოგადი დებულებების დამდგენი, დეკლარაციული ხასიათის, დოკუმენტია, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, მიიღოს და აღასრულოს კანონმდებლობა „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ გათვალისწინებით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ კონვენციის ზოგადმა დებულებამ შეიძლება, კონკურენცია გაუწიოს ეროვნულ კანონმდებლობაში მოქმედ რომელიმე კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი,;
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე სეი-----------------ვის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება მისი, მისი მეუღლისა და მათი შვილების საკუთრებაა, ამიტომაც არ უნდა მოხდეს მათი ბინიდან გამოსახლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. საჯარო რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ამდენად ვინაიდან არსებული მდგომარეობით რეესტრის ჩანაწერების თანახმად უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ რა---------------ძე ფიქსირდება, მოპასუხე ვერ იქნება მიჩნეული სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელად.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლო არ ამოწმებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის მართლზომიერებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2017 წლიდან, რისი უსწორობის შემთხვევაშიც მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა ჩანაწერის უსწორობის დასადასტურებლად სასამართლოს მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაკავებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და მას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის ქონებას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უნდა ახორციელებდეს მფლობელობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312.1 მუხლით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.1, 3.1.2 და 3.2.1. პუნქტების შესაბამისად დადგენილად მიაჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარ-----–ი, ომ----------ს ქ. N5ა, საკადასტრო კოდით 83.02.2--085, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე რა---------------ძის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე სეი-----------------ვის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე რა---------------ძის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარ-----–ი, ომ----------ს ქ. N5ა, საკადასტრო კოდით 83.02.2--085, შესაბამისად მოსარჩელე მხარემ წარმატებით გაართვა მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს. იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლით ფლობს მოსარჩელის უძრავ ქონებას მოდის მოპასუხეზე, რომელმაც ვერ დაადასტურა მის მფლობელობაში მყოფი მოსარჩელის უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის უძრავ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე თუნდაც მესაკუთრის ნების საფუძველზე ფლობდეს მის უძრავ ქონებას, მესაკუთრის მიერ პრეტენზიის წარდგენის მომენტიდან კარგავს მფლობელობის უფლებას მესაკუთრის უძრავ ქონებაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 268-270-ე, 364-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე რა---------------ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სეი-----------------ვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარ-----–ი, ომ----------ს ქ. N5ა, საკადასტრო კოდით 83.02.2--085 და რა---------------ძეს (პირადი ნომერი 0-------939) მითითებული უძრავი ქონება მასში არსებული ყველა მოძრავი ნივთებიანად გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. სეი-----------------ვს რა---------------ძის დაეკისროს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
4. რა---------------ძის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსარულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი