გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210117001786053
N2/272-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოსსახელით
30 აპრილი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომისმდივანი -თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - ილ------–------ე
წარმომადგენელი - ენ----------ე
მოპასუხეები -ზუ-----------ე, მა----------------ე
წარმომადგენელი - ტო-------–--ე
დავისსაგანი-- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა: 1.1. დაეკისროს ზუ-----------ეს ილ------–------ის სასარგებლოდ 14000 ლარის გადახდა; 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 9 იანვრის უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბა-----ი, მა---------ს ქ. N2- ბინა N--- ს/კ 0------6.0--.0-.0-- ნასყიდობის ხელშეკრულება, მოპასუხეებს ზუ-----------ესა და მა----------------ეს შორის, როგორც მოჩვენებითი და აღირიცხოს აღნიშნული ქონება, რომლის ახალი საკადასატრო კოდია 0--29.0-.-----1.0-- ზუ-----------ის სახელზე, საკუთრების უფლებით. 2. მხარეთა პოზიციები მოსარჩელის პოზიცია 2013 წლის იანვრიდან, ზეპირი ხელშეკრულების საფუძვლზე მოპასუხე, გარკვეული პერიოდულობით, ახორციელებდა მოსარჩელისგან ხორცის შესყიდვას. 2014 წლის 1 ივლისიდან ზუ-----------ემ შეწყვიტა შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდა. დავალიანებამ შეადგინა 14000 ლარი. 2015 წლის 10 ივნისის ხელწერილით მოპასუხე ზუ-----------ემ ვალი აღიარა. ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოპასუხეებმა, 2015 წლის 9 იანვარს, გააფორმეს მოჩვენებითი გარიგება, რომლის საფუძველზე ზუ-----------ემ გაასხვისა მეუღლეზე, მოპასუხე მა----------------ეზე, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა-----ი მა---------ს ქ. N2- ბინა N--- ხოლო შემდეგ მასთან განქორწინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება იყო მოჩვენებითი და გაფორმდა მხოლოდ ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, რაც აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა----------------ემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მისი განმარტებით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მისი დის საკუთრებას. ზუ-----------ემ ბინა იყიდა ბანკში მისაღები სესხის უზრუნველყოფის მიზნით. მას შემდეგ, რაც მის ყოფილ მეუღლეს შეექმნა ფინანსური პრობლემები, გადაწყვიტა საკუთარ თავზე აიღო სესხის გადახდა და ბინაც ამიტომ გადმოუფორმა ზუ-----------ემ. მოპასუხე აპირებდა ბინა უკან გადაეფორმებინა დისთვის, თუმცა, ქონება აღმოჩნდა დაყადაღებული. მოპასუხე თვლის, რომ სადავო გარიგება არ ყოფილა მოჩვენებითი და არ დადებულა მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზუ-----------ემ სარჩელი ცნო 14000 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მეორე მოთხოვნის ნაწილში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მან განმარტა, რომ მის მიერ სადავო ბინა გასხვისდა 2015 წლის 9 იანვარს, ხოლო მოსარჩელესთან ვალის აღიარების ხელწერილი შედგენილია 2015 წლის 10 ივნისს, ბინის გასხვისებიდან 6 თვის შემდეგ. ამდენად, შეუძლებელია ვალის აღიარებამდე დადებული გარიგება ყოფილიყო მოჩვენებითი. ბინა საკუთრებაში გადმოიფორმა ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად. ფინანსური პრობლების გამო იძულებული გახდა ბინა ყოფილი მეუღლისთვის გადაეფორმებინა, რათა ამ უკანასკნელს ბანკის სესხი გაესტუმრებინა. მითითებული გარიგება არ ყოფილა მოჩვენებითი და არ ისახავდა იმ მიზანს, რომ ვალდებულების შესრულებისათვის თავი აერიდებინა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ილ------–------ესა და ზუ-----------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე აწოდებდა მოპასუხეს ხორცს. 2014 წლის ივლისიდან მოპასუხემ შეწყვიტა ნასყიდობის საფასურის გადახდა. 2015 წლის 10 ივნისის ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, ამავე მდგომარეობით, ზუ-----------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე შეადგენდა 14000 ლარს. ამავე ხელწერილით, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, რომ დავალიანებას გადაიხდიდა 90 დღის ვადაში. დადგენილია, რომ ვალდებულება შესრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარის ახსნა-განმარტება
-ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ. 18)
3.1.2. 2014 წლის 25 აგვისტოს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ-----------ემ ხათუნა თედორაძისაგან იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბა-----ი, მა---------ს ქ. N--ში. 8-.8- კვმ ს/კ 0--0-.----0-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელსეკრულება (ს.ფ. 19)
3.1.3. 2014 წლის 8 დეკემბერს, სს „ბაზისბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ზუ-----------ემ იპოთეკით დატვირთა სადავო უძრავი ქონება. 2017 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი უფლებრივი დატვირთვისგან თავისუფალია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-25)
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2015 წლის 9 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ-----------ემ გაყიდა, ხოლო მა----------------ემ იყიდა ქ. ბა-----ში, მა---------ს ქ. N- ბინა 3-- ნასყიდობის ხელშეკრულელბა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 15 იანვარს.
მოსარჩელის მიერ შეცილებულია აღნიშნული გარიგების ნამდვილობა. მისი აზრით, მითითებული ნასყიდობა მოჩვენებითია, არ დადებულა ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე და გაფორმდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზუ-----------ეს თავი აერიდებინა აღიარებული ვალდებულების შესრულებისაგან. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა ზუ-----------ის ერთადერთ ქონებას, ამიტომ მისი მიზანი არ შეიძლება ყოფილიყო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, არამედ აღიარებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება. ამას, მოსარჩელის აზრით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების მხარეები იყვნენ ცოლ-ქმარი, თუმცა, 2015 წლის 10 იანვარს ისინი განქორწინდნენ. მოსარჩელე თვლის, რომ განქორწინება იყო ფიქტიური და აღნიშნულიც, ასევე, ადასტურებს გარიგების მოჩვენებით ბუნებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, მანვე უნდა მიუთითოს იმ გარემოებების შესახებ და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მხარეების მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ნების გამოვლენის მოჩვენებითობას. მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები უტყუარად უნდა ადასტურებდნენ მოჩვენებითი გარიგების დადების მიზანს და მოტივს (გარიგების შედეგის არარსებობა, მესამე პირის მოტყუება, ვალდებულებისაგან თავის არიდება) (სუსგ Nას-1011-954-2015 18/03/2016).
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსაზრებას 2015 წლის 9 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ზემოაღნიშნულ წინაპირობებს. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ სადავო გარიგების დადებისას მხარეთა ნება იყო ნაკლის მქონე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდესის 14000 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო სადავოგარიგების ბათილობისა და უძრავი ქონების მოპასუხე ზუ-----------ის სახელზე აღრიცხვის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 2013 წლის იანვრიდან მოპასუხე ახორციელებდა მოსარჩელესაგან ხორცის შესყიდვას. ასევე, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან მოპასუხემ შეწყვიტა შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდა. მოპასუხის დავალიანებამ ამ დროისათვის შეადგინა 14000 ლარი, რაც მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 10 ივნისის ვალის აღირების ხელწერილით.
6.2. დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სწორ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის შეცილება მხარეს არ მოუხდენია და სწორ სამართლებრივ დასაბუთებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ ვალდებულების დაკისრების ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არ არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში.
6.4. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე შეეცადა თავი აერიდებინა ვალდებულების შესრულებას, საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მოჩვენებითი გარიგების დადების გზით. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის და ბათილად ცნობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგენა არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია პირველ რიგში გარიგების მხარეთა ნების ნამდვილობაზე- მიაღწიონ ამ გარიგებით გათვალისწინებულ სწორ იურიდიულ შედეგს. გარიგების ნაკლი ჩნდება მაშინ, როცა 1. მხარებს სურთ არა ამ გარიგებით, არამედ სხვა გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი, 2. მხარეებს საერთოდ არ აქვთ გარიგების დადების მიზანი და მათი მიზანი მესამე პირთა მოტყუებაა. ამ ტიპის ურთიერთობას, მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ეწოდოს გარიგება. იგი წინააღმდეგობაში მოდის გარიგების იურიდიულ ბუნებასთან და დადებისთანავე არარსებულია, მათ საფუძველზე მიღებული შედეგი კი ბათილი.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). „მოჩვენებითი გარიგება (სიმულირებული გარიგება), როდესაც გარიგების მონაწილეები ერთმანეთთან შეთანხმებით გარიგებას დებენ მხოლოდ გარეგნული ჩვენებისათვის ისე, რომ მათ არ სურთ მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგის დადგომა (ბოჭვის ნების არარსებობა) (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ანალოგიური 117-ე მუხლის კომენტარი ი. კროპჰოლერი გვ.39).
მოცემული სამართლებრივი ნორმა გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის ითვალისწინებს რამოდენიმე ფაქტობრივი წინამძღვრის არსებობას. ბათილი გარიგება უნდა არსებობდეს მხოლოდ გარეგნული გამოვლინებით. გარიგების სამართლებრივი ფორმა მხარეთა ნამდვილ ნებას უნდა ნიღბავდეს, გარიგება უნდა მალავდეს მხარეთა რეალურ განზრახვას - ამ გარიგებას არ მოყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. მოჩვენებითი გარიგების მთავარი მიზანია არა იმ სამართლებრივი სიკეთის მიღება, რასაც კონკრეტული გარიგება უკავშირდება, არამედ მესამე მხარის მოტყუება და ნების ნაკლის გამოყენებით, გარკვეული სარგებლის მიღება. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების განმაპიროებელი გარემოება (მესამე პირი მოტყუების სურვილი) დროში უნდა უსწრებდეს დადებულ ნაკლიან გარიგებას. სასამართლო თვლის, რომ ვალდებულებისაგან თავის არიდება, როგორც განზრახვა შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ამ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის შემდეგ. განზრახვა, ბუნებრივია, ვერ იარსებებს მანამდე. სუბიექტი, რომლის მიზანია მოჩვენებითი გარიგების დადებით თავიდან აიცილოს მისთვის არასასურველი სამართლებრივი ტვირთი, ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული ტვირთის არსებობის შესახებ არა ქვეცნობიერად, არამედ რეალურად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით იმისათვის, რომ სასამართლომ გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. (სუსგ № ას-1439-1357-2012 01.07.2013წ). სასამართლო თვლის, რომ ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმება” ვერ იარსებებდა მანამ, სანამ მხარეთა ცნობიერებაში საჭირო არ გახდებოდა ასეთი შეთანხმების დადება.
სასამართლო უთითებს საქმეში დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ სადავო ქონება, 2014 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ-----------ემ იყიდა ხათუნა თედორაძისაგან, რომელიც წარმოადგენდა მისი მეუღლის დას. ასევე, დადგენილია, რომ ზუ-----------ემ ხორცის ნასყიდობის საფასურის გადახდა შეწყვიტა 2014 წლის ივლისიდან (მოსარჩელის ახსნა-განმარტება), მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოპასუხემ არათუ გაასხვისა, არამედ შეიძინა უძრავი ქონება, რაც სრულიად გამორიცხავს მის განზრახვას, მოჩვენებითი გარიგების დადების გზით, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების შესახებ.
6.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს ზუ-----------ემ აღიარა ილ------–------ის წინაშე არსებული დავალიანება 14000 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რომლის თანახმად ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულკებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (იხ. სუსგ №ას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ #ას-413-391-2012, 25.09.2012წ.).
სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი, ვალის აღიარების დოკუმენტია, რომლის შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელის პოზიციის მიხედვით, ზუ-----------ემ მოჩვენებით გაასხვისა მეორე მოპასუხეზე სადავო უძრავი ქონება.
სასამართლო კვლავ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოჩვენებითი გარიგების დადების განზრახვა უნდა უკავშირდებოდეს ამ გარიგების მხარეთა ერთობლივ მიზანს, თავი აარიდონ მათთვის არასასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას, მოცემულ შემთხვევაში, გადაარჩინონ ქონება ვალდებულებებისგან. დადგენილია, რომ 2015 წლის 9 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზუ-----------ემ გაყიდა, ხოლო მა----------------ემ იყიდა ქ. ბა-----ში, მა---------ს ქ. N- ბინა 3-- ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 15 იანვარს. ვალის აღიარების ხელშეკრულება ზუ-----------ემ შეადგინა 2015 წლის 10 ივნისს, სადავო უძრავ ქონებაზე გარიგების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა შორის განზრახვის არსებობას მოჩვენებითი გარიგების დადებაზე.
6.6. მხარეთა შორის ნამდვილი გარიგების არარსებობას მოსარჩელე ხსნის იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 10 ივნისს მოპასუხეები განქორწინდნენ. მისი აზრით, განქორწინების მიზანი იყო ოჯახის ქონების დაცვა ყოფილი მეუღლის ვალებისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანაცხოვრების დროს შეძენილ უძრავ ქონებას და მოჩვენებითი გარიგების მიზნებისთვის განქორწინების სიმულირება, სურვილის შემთხვევაშიც, ვერ გამოიღებდა შესაბამის შედეგს. ამასთან, ცხადია ამ დავის საგანი არ არის მოპასუხეთა განქორწინების მიზეზების კვლევა, თუმცა სადავო გარიგების რეალური მიზნების დადგენა, ანუ მხარეთა ნების ნამდვილობისა და გარიგების სამართლებრივი შედეგების კვლევა, მნიშვნელოვანია ნასყიდობის მოჩვენებითი ბუნების გამოსარიცხად.
დადგენილია, რომ 2014 წლის 8 დეკემბერს სს „ბაზისბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხე ზუ-----------ემ იპოთეკით დატვირთა სადავო უძრავი ქონება. მოპასუხეთა განმარტებით, მოპასუხე ზუ-----------ემ ქონება გადმოიფორმა მისი მეუღლის დისგან, ბიზნეს სესხის აღების მიზნით, ხოლო იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, გადაუფორმა მეუღლეს, რომელსაც თავის მხრივ სესხი დაფარა, რაც დადასტურებულია 2017 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ნივთი უფლებრივი დატვირთვისგან თავისუფალია.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული არგუმენტები მოსარჩელე მხარის მიერ შეცილებული არ ყოფილა, მან ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება იმის გასაბათილებლად, რომ სადავო უძრავ ქონებაზე გარიგების დადების მიზანი იყო სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფა და არა მოსარჩელის მოტყუება. სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო გარიგება დაიდო ცოლ-ქმარს შორის, ამ გარიგებას ვერ აქცევს მოჩვენებით გარიგებას. სასამართლო ადგენს, რომ მხარეთა მიერ დასახული მიზანი-სესხის უზრუნველყოფა, ამ შემთხვევაში, განაპირობებს გარიგების ნამდვილობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების (დავის საგნის ღირებულების 3%) და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის (4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა) შესაბამისად შეადგენს 540 ლარს (420+120). იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ზუ-----------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 420 ლარი.
მოსარჩელე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრებას. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდა ეკისრება წაგებულ მხარეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოთხოვნის ის ნაწილი, რომლის გამოც განხორციელდა სარჩელის უზრუნველყოფა - სადავო გარიგების ბათილად ცნობა, არ დაკმაყოფილდა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 1660 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ზუ-----------ის მიმართ, 14000 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან, ზუ-----------ემ შესაგებლით განაცხადა, რომ თანახმაა გადაიხადოს საადვოკატო მომსახურების ღირებულება 560 ლარი. სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად მხარეებს უფლება აქვთ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები. აღნიშნული გულისხმობს მხარის უფლებას, გადაიხადოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი იმაზე მეტი ოდენობით ვიდრე დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ზუ-----------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯი 560 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე, 2017 წლის 2 თებერვალს, გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მა----------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით,გადაწყვიტა
1. ილ------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს ზუ-----------ეს ილ------–------ის სასარგებლოდ 14000 ლარის გადახდა;
3. დაეკისროს ზუ-----------ეს ილ------–------ის სასარგებლოდ 420 ლარი, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ;
4. დაეკისროს ზუ-----------ეს ილ------–------ის სასარგებლოდ, მის მიერ საადვოკატო მომსახურების გადახდილი თანხა 560 ლარის ოდენობით;
5. დაუბრუნდეს ილ------–------ეს მის მიერ 2017 წლის 20 იანვარს სს „თიბისი ბანკში“ N1 საგადასახადო დავალებით, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 930 ლარი (გადამხდელის ბანკი-სს „თიბისი ბანკი“; ანგარიში/სახაზინო კოდი-300 693 150, მიმღების ბანკი-ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22).
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. 30) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე