გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2018
საქმის ნომერი
200210017002195773
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/916-17

N200210017002195773

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2018 წ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ო--–--- ფ------ი“

წარმომადგენელი - ნ--------------–--ე

მოპასუხე - ნ---- გ-----ე

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ---- გ-----ეს მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული დავალიანების - 1000.00 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის - 724.58 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 275.42 ლარი.

1.2. მოპასუხე ნ---- გ-----ეს მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი 50.00 ლარის გადახდა.

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს ,,ო--–--- ფ------სა“ და ნ---- გ-----ეს შორის 29.07.2016წელს ელექტრონული ფორმით დაიდო N83119213-4 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ---- გ-----ეზე გაიცა სესხი 800.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით; სესხის ვადა-31 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი-0,54%. სესხის ვადის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 2.00%. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში - 933.92 ლარი. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება 2016 წლის 29 აგვისტოს და სესხის თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ დაუბრუნებია, რის შედეგად 20.11.2017-ის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 6716.72 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 724.58 ლარი, პირგასამტეხლო - 5992.14 ლარი, საიდანაც ერთჯერადი ჯარიმაა საერთო ჯამში - 150.00 ლარის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 2.00%-ის ოდენობით 2016 წლის 29 აგვისტოდან მოყოლებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამას მოკლებული მოპასუხის მიერ გადახდილი 1009.1 ლარი - 9320.00 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ნ---- გ-----ემ სასამართლოს მომართა შესაგებლით, რომლის მიხედვით მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მას მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 15 ნოემბრის ას-988-1021-2011 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.“

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არა რსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,ო--–--- ფაინესსა“ და ნ---- გ-----ეს შორის 29.07.2016წელს ელექტრონული ფორმით დაიდო N83119213-4 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ---- გ-----ეზე გაიცა სესხი 800.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით; სესხის ვადა-31 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი-0,54%. სესხის ვადის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 2.00%. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში - 933.92 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 29.07.2016-ის N83119213-4 ხელშეკრულება; 29.07.2016-ის საგადასახადო დავალება სესხის თანხის გადარიცხვაზე (ს.ფ. 16-27)

 

3.2.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება 2016 წლის 29 აგვისტოს და სესხის თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ დაუბრუნებია, რის შედეგად 20.11.2017-ის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 6716.72 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 724.58 ლარი, პირგასამტეხლო - 5992.14 ლარი, საიდანაც ერთჯერადი ჯარიმაა საერთო ჯამში - 150.00 ლარის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 2.00%-ის ოდენობით 2016 წლის 29 აგვისტოდან მოყოლებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოსარჩელემ მოითხოვა შემცირებული დავალიანების - 1000.00 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის - 724.58 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 275.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ისტორია 20.11.2017-ის მდგომარეობის: 20.11.2017 ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 30).

- სარჩელი(იხ.ს.ფ3-8)

 

3.2.3. მოპასუხის მიერ გადახდილია ვალის დასაფარად 1138.44 ლარი .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ისტორია (ს.ფ. 29).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 52-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივლისს მოპასუხესა და შპს ,,ო--–--- ფ------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 29 ივლისს მოპასუხეზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ---- გ-----ემ სრულად მიიღო სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. სასარჩელო განცხადების შესაბამისად, შპს ,,ო--–--- ფ------ს“ სასარჩელო მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ სესხის ძირითადი ნაწილის და პირგასამტეხლოს მოთხოვნით.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ო--–--- ფ------ი“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს 275,42 ლარს.

 

სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ამავდროულად ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეკიდონ თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ აღნიშნული გადიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი სუბიექტის ქცევის ფარგლებიდან.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას. ამ პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრები არ არის შეუზღუდავი და მისი ფარგლების განმსაზღვრელიც სწორედ ზემოაღნიშნული კეთილსინდისიერების პრინციპი გახლავთ. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ დაადგინონ ის იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ დააკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს.

 

განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს შპს ,,ო--–--- ფ------ის“ მიერ პირგასამტეხლოს სახით დასახელებული თანხა გონივრულად არ მიაჩნია, მისი მოცულობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 104,52 ლარით.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხის დაფარვის გადავადების პირობაზე, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში გადავადების საკომისიოს ტარიფი გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ სესხის გადავადების ტარიფი განსაზღვრული არ არის, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება ინდივიდუალურად.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 2016 წელის 29 ივლისს. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებიდან 1138.44 ლარი მიემართა სესხის დასაფარად, ხოლო სესხის გადავადების საკომისიოს დასაფარად მიემართა მოპასუხის მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს გადახდილი 910.10 ლარი, 2016 წლის 25 ნოემბერს გადახდილი 19.00 ლარი, 2017 წლის 21 აპრილს გადახდილი 100.99 ლარი, 2017 წლის 24 აპრილს გადახდილი 108.35 ლარი სულ ჯამში 1138.44 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ სესხის გადავადების ტარიფი მხარეებს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა და მოსარჩელის მიერ სესხის გადავადებისათვის მიმართულია სხვადასხვა თანხები, სასამართლო სესხის გადავადების საფასურის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 100 ლარს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ---- გ-----ის მიერ 2016 წლის 29 ივლისს მიღებულ სესხთან დაკავშირებით ერთობლიობაში ანაზღაურებულია 1138.44 ლარი.

 

როგორც სასამართლომ შპს ,,ო--–--- ფ------ის“ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების სპეციალური პირობების შესაბამისად დაადგინა, სესხთან დაკავშირებით ასანაზღაურებელი სარგებელი, რომელიც სესხის ძირითადი თანხის ლიმიტების შესაბამისად სხვადასხვა ოდენობით ფიქსირდება, მაქსიმალური ოდენობით შეადგენს 133.92 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ გ-----ეს შპს ,,ო--–--- ფ------ის“ მიმართ გადახდილი აქვს რა 1138.44 ლარი, მან აანაზღაურა როგორც სესხის ძირითადი ნაწილი 800 ლარი, ისე სარგებელი/საკომისიო 133.92 ლარი, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა 104,52 ლარი, სესხის გადავადების საკომისიო 100 ლარი (800+133.92+104,52+100).

 

საქართველოს კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს.

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დანაწესით შპს ,,ო--–--- ფ------ს“და ნ---- გ-----ეს შორის არსებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა მოვალის მხრიდან კრედიტორის მიმართ შესრულებით, რის გამოც მოსარჩელე არაა უფლებამოსილი მიიღოს დამატებითი ანაზღაურება და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ანაზღაურებას არ ექვემდებარება და უნდა დარჩეს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე