გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210016001558630
საქმე № 2/1348-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი, მარიამ საძაგლიშვილი
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - ი-----–--------–--
მოპასუხეები - შ---------–-----–-–---–ი
რ---------–-----–-–---–ი ( მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი
დავის საგანი- თანხის დაკისრება, გირავნობის და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს რ---------–-----–-–---–ს და შ---------–-----–-–---–ს სს „ ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 46 787.49 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული შ---------–-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. გორი გალუსტაშვილის ქ №12, ს/კ 66.45.14.039 და აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება კომაცუ WB93 R-2, გამოშვების წელი - 1999, სახელმწიფო ნომერი: CC420, შასის ნომერი: FKI-93F21652, ხოლო იპოთეკის და გირავნობის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეების: რ---------–-----–-–---–ის და შ---------–-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა რამაზ და შ---------–-----–-–---–ებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ მათსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ დოლარის კურსის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა. რაც შეეხება დავალიანებას, მათ აღიარეს სეხის ხელშეკრულებიდან გამომხინარე დავალიანებიდან ძირი თანხი, სარგებლის და 0,03%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არსებობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 04 სექტემბერს მოსარჩელესა და რ---------–-----–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მოცულობით, 10 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0.5 დან 48%- მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 04 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №554381;
3.1.2. 2013 წლის 19 ნოემბერს შ---------–-----–-–---–სა და მოსარჩელეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალება კომაცუ WB93 R-2, გამოშვების წელი - 1999, სახელმწიფო ნომერი: CC420, შასის ნომერი: FKI-93F21652; 2012 წლის 04 სექტემბერს შ---------–-----–-–---–სა და სს „ს----------–--------ს“ შორის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკის საგნად განისაზღვრა შ---------–-----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი გალუსტაშვილის ქ. № 12.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპითეკის ხელშეკრულება №554381-1
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- გირავნობის ხელშეკრულება 2
3.1.3. 2014 წლის 12 დეკემბერს სს „ს----------–--------სა“ და რამაზ ბუჟღულიშვილს შორის, საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც რამაზ ბუჟღულიშვილს 45 თვის ვადით, გადაეცა თანხა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური სარგებლით 11%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის №554381-2329323 საკრედიტო ხელშეკრულება
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან
3.1.4. 2014 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და შ---------–-----–-–---–ს შორის, რ---------–-----–-–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შ---------–-----–-–---–მა სრული პასუხისმგებლობა აიღო რ---------–-----–-–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 12 დეკემბრის №554381- 2329323 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოსარჩელის მიერ დარიცხული დავალიანება 46 787.49 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითანხა არის 41419.86 აშშ დოლარი, პროცენტი: 1954.15, პირგასამტეხლო: 3413.48 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 11 ოქტომბრის ცნობა დავალიანების შესახებ
- გაფრთხილების წერილები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 278-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე,463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართალით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2012 წლის 04 სექტემბერს მოსარჩელესა და რამაზ ბუჟღულიშვილს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარი ოდენობით.
2012 წლის 12 დეკემბერს სს „ს----------–--------სა და რ---------–-----–-–---–ს შორის, დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც რამაზ ბუჟღულიაშვილზე 45 თვის ვადით გაიცა თანხა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 11% სარგებლით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებული დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით.
დადგენილია, რომ სესხი უზრუნველყოფილია, სოლიდარული თავდებობის, გირავნობის და იპოთეკის ხელშეკრულებით.
მოპასუხეები შესაგებლით მიუთითებენ რომ მათსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა საკრედიტო ურთიერთობა, ისინი ნაკისრ ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, მაგრამ დოლარის კურსის მკვეთრი ზრდის გამო დაარღვიეს ბანკის წინაშე ნაკისრი ვლდებულებეი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში სს ს----------–--------სა და რ---------–-----–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, კერძოდ, რ---------–-----–-–---–მა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 41 419.86 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 1954.15 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით ეკისრებათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 3413.48 აშშ დოლარით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა არ სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება სარჩელის შემოტანის დროისთვის შეადგენს 46 787.49 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 41 419.86 პროცენტი - 1954.15 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3413.48 აშშ დოლარი.
მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–--------სა“ და შ---------–-----–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც სრული პასუხისმგებლობა აიღო ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ მოვალესაც უნდა დაეკისროს.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 04 სექტემბერს მოსარჩელესა და შ---------–-----–-–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ქონება მდებარე ქ, გორი გალუსტაშვილის № 12
საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 7.5. პუნქტის, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების 15.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
6.6. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არი სგათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე შესაბამისად კი გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნადშესრულების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელესა და შ---------–-----–-–---–ს შორის 2013 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტოსატრანსპორტო საშუალება კომაცუ WB93 R-2, გამოშვების წელი - 1999, სახელმწიფო ნომერი: CC420, შასის ნომერი: FKI-93F21652.
საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 7.5. პუნქტის და გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზებით მიღებული თანხა სრულად ვერ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, იგი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა და გირავნობა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი და მოძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული უძრავი და გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონებები.
ასევე დასაბუთებულია სს „ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის და გირავნობის, ასევე თავდებობის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე მოსარჩელეს, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3276.06 ლარიდან, უნდა დაუბრუნდეს 3051.36 ლარი, ხოლო 224.70 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი მოპასუხეებმა ცნეს ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 224.70 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე სს “ს----------–--------ის” სარჩელი მოპასუხეების: რ---------–-----–-–---–ისა და შ---------–-----–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და გირავნობით და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს: რ---------–-----–-–---–ს და შ---------–-----–-–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 46 787.49 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის 41 419.86 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1954.15 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3413.48 აშშ დოლარი;
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს:
3.1. შ---------–-----–-–---–ის (პ/ნ №59001006497) კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი, გალუსტაშვილის ქ. №12 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.45.14.039;
3.2. შ---------–-----–-–---–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება კომაცუ WB93 R-2, გამოშვების წელი - 1999, სანომრე ნიშანი CC420, შასის ნომერი FKI-93F21652;
4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის მოთხოვნა, აღსრულება მოხდეს რ---------–-----–-–---–ისა და შ---------–-----–-–---–ის სხვა ქონებიდან.
6. მოსარჩელე სს ”ს----------–--------ს” (ს/№204378869) მის მიერ 10/12/2016 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3276.06 ლარიდან დაუბრუნდეს 3051.36 ლარი, ხოლო 224.70 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. მოპასუხეებს: რ---------–-----–-–---–სა და შ---------–-----–-–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროთ 224.70 ლარის ანაზღაურება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.
9. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი