გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2018
საქმის ნომერი
190210017001825323
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/442-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.05.2018 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს “ე---------------+”

წარმომადგენელი ნინო ბერეკაშვილი

მოპასუხეები დ----- ა---------ი

ლ-–- გ--------–---–ი

წარმომადგენელი ნანა მაისურაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ-–- გ--------–---–ისა და დ----- ა---------ისათვის სესხის ძირითადი თანხის 1624 აშშ დოლარის, სარგებლის 576,51 აშშ დოლარის, ჯარიმის 30 აშშ დოლარის, ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს 301,32 აშშ დოლარის დაკისრება;

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ.117-124. ტომი 1

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2016 წლის 25 მარტს შპს “ე---------------+”-სა და ლ-–- გ--------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 1700 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 10-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 10 აშშ დოლარს, 11-დამ 20 დღემდე გადაცილებისათვის 20 აშშ დოლარს, 21-დან 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის 30 აშშ დოლარს. 30 კალენდარულ დღეზე მეტი გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%-ს.

 

სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი BMW 330 ს------------–---------------------------------------–-----------------------.

 

დ----- ა---------სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2016 წლის 25 მარტს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია ლ-–- გ--------–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 7500 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----- ა---------მა წერილობით შესაგებელი არ წარმოადგინა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და მას სარჩელის და სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინებით.

 

მოპასუხე ლ-–- გ--------–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

 

სესხის თანხა მას არ მიუღია და ხელშეკრულება დაიდო დ----- ა---------ის თაღლითური ქმედების შედეგად. კერძოდ, დ----- ა---------ი არის მისი კლასელი. მან უთხრა, რომ აპირებდა მანქანის ყიდვას და სთხოვა გაჰყოლოდა მანქანის სანახავად და შესამოწმებლად. მეორე დღესვე მივიდნენ მანქანის სანახავად თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოლომბარდ მოგოს ავტოსადგომზე. დ----- ა---------მა შეარჩია ავტომობილი BMW 330 სარეგისტრაციო ნომერი Z--------, რომელიც შეამოწმეს და მოეწონათ, რის შემდეგ ერთად დაბრუნდნენ რუსთავში. მეორე დღეს დ----- ა---------ი დედასთან ჟანა გრიგორიანთან ერთად წავიდა მანქანის შესაძენად და როგორც მისთვის ცნობილია გააფორმა დედის სახელზე. დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ დ----- ა---------ი კვლავ მივიდა მასთან და სთხოვა, ავტომობილი რომელიც ერთდ ნახეს თბილისში, დროებით გაეფორმებინა მის სახელზე, რადგან ჰქონდა გარკვეული პრობლემები, აპირებდა მანქანის დალომბარდებას და არ უნდოდა ამის შესახებ დედას შეეტყო. დალომბარდების შემდეგ მანქანას მალევე გაყიდდა და ვალს გაისტუმრებდა მაქსიმუმ 2 კვირაში. 2016 წლის 25 მარტს დ----- ა---------ის დედამ მასზე გააფორმა გენერალური მინდობილობა ავტომანქანის გასხვისების შესახებ, რის შემდეგ იმავე დღეს ავტომანქანა მის სახელზე დარეგისტირდა. იმავე დღეს ავტობაზრობის ტერიტორიაზე ლომბარდში „ე---------------ი“ 1700 აშშ დოლარის სანაცვლოდ დ----- ა---------მა დაალომბარდა და შეპირდა 2 კვირაში გადაიხდიდა მის სახელზე გამოტანილ სესხს. მის შემდეგ სესხის დაბრუნების საკითხისადმი ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა სექტემბრის თვეში მას დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელი და აცნობა დავალიანების შესახებ და ითხოვდნენ ავტომობილის მიყვანას. ამის შემდეგ დ----- ა---------ი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მისი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. მსგავსი ფაქტი მას სხვა თანაკლასელების მიმართაც ჩაუდენია, რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტზე.

 

(03.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა და უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 25 მარტს შპს ე---------------+-სა და ლ-–- გ--------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული მოტყუების შედეგად, რაშიც მონაწილეობდა გამსესხებლის შპს „ევრო კრედიტ +“-ის წარმომადგენელი.

 

2016 წლის 25 მარტს შპს „ე---------------+“-სსა და ლ-–- გ--------–---–ს შორის წერილობითი ფორმით დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 1700 აშშ დოლარი. სესხის ვადა 36 თვე. სესხის სარგებელია თვეში 5%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 10-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 10 აშშ დოლარს, 11-დამ 20 დღემდე გადაცილებისათვის 20 აშშ დოლარს, 21-დან 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის 30 აშშ დოლარს. 30 კალენდარულ დღეზე მეტი გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%-ს.

 

სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი BMW 330 სარეგისტრაციო ნომერი Z--------. საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------

 

დ----- ა---------სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2016 წლის 25 მარტს წერილობით დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია ლ-–- გ--------–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 7500 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე სესხის ხელშეკრულების დადებაზე მის ნების ნამდვილობას სადაოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია დ----- ა---------ის მიერ ჩადენილი თაღლითობის შედეგად.

 

სადაო სესხის ხელშეკრულების დადებისას ჩადენილი თაღლითობის თაობაზე ლ-–- გ--------–---–ის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც დასრულებული არ არის, ხოლო დ----- ა---------ის ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის.

 

გამოძიების მიმდინარეობის დროს ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში ლ-–- გ--------–---–მა მიუთითა შემდეგი გარემოებები:

 

დ----- ა---------ი ამის მისი კლასელი. მან სთხოვა, რომ აპირებდა მანქანის ყიდვას და სთხოვა გაჰყოლოდა მანქანის სანახავად და შესამოწმებლად. მეორე დღესვე მივიდნენ მანქანის სანახავად თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოლომბარდ „მოგოს“ ავტოსაგდომზე. დ----- ა---------მა შეარჩია ავტომობილი BMW 330 სარეგისტრაციო ნომერი Z--------, რომელიც შეამოწმეს და მოეწონათ. მეორე დღეს დ----- ა---------ი დედასთან ჟანა გრიგორიანთან ერთდ წავიდა მანქანის შესაძენად და როგორც ცნობილია გააფორმა დედის სახელზე. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დ----- ა---------ი კვლავ მივიდა მასთან და სთხოვა, ავტომობილი რომელიც ერთად ნახეს თბილისში, დროებით გაეფორმებია თავის სახელზე, რადგან ჰქონდა გარკვეული პრობლემები, აპირებდა მანქანის დალომბარდებას და არ უნდოდა ამის შესახებ დედას შეეტყო. დალომბარდების შემდეგ მანქანას მალევე გაყიდდა და ვალს გაისტუმრებდა მაქსიმუმ 2 კვირაში. 2016 წლის 25 მარტს დ----- ა---------ის დედამ მასზე გააფორმა გენერალური მინდობილობა ავტომანქანის გასხვისებაზე, რის შემდეგ იმავე დღეს ავტომანქანა მის სახელზე დარეგისტრირდა. იმავე დღეს რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ლომბარდში „ე---------------ი“ 1700 აშშ დოლარის სანაცვლოდ დ----- ა---------მა დაალომბარდა მანქანა და შეპირდა 2 კვირაში გადაიხდიდა მის სახელზე გამოტანილ სესხს. მის შემდეგ სესხის დაბრუნების საკითხისადმი ყურადღება რა მიუქცევია, თუმცა სექტემბრის თვეში მას დაუკავშირდა ევროკრედიტის წარმომადგენელი და აცნობა დავალიანების შესახებ და ითხოვდნენ ავტომობილის მიყვანას. ამის შემდეგ დ----- ა---------ი სატელეფონი ზარებს არ პასუხობს, მის ადგილსამყოფელი ცნობილია არ არის. მსგავსი ფაქტი მას სხვა თანაკლასელების მიმართაც ჩაუდენია.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე და გამოძიების დროს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ლ-–- გ--------–---–ი მიუთითებს დ----- ა---------ის მიერ ავტომობილის ყიდვის, შემდგომ ლ-–- გ--------–---–ზე გაფორმების და სესხის ხელშეკრულების დადების დროს დ----- ა---------ის ქმედებებზე, რაც მისი მოსაზრებით თაღლითობას წარმოადგენს. სესხის ხელშეკრულების დადების საკითხზე სისხლის სამართლოს საქმის გამოძიება დასრულებული არ არის და დ----- ა---------ის მიერ თაღლითობის ჩადების ფაქტი გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებული არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოტყუების საფუძველზე გარიგების ბათილად აღიარებისათვის უნდა დადასტურდეს ასევე მოსარჩელის მონაწილეობა მოპასუხის მოტყუებაში, უნდა დადგინდეს იცოდა თუ არა სესხის გამცემმა დ----- ა---------ის ქმედების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.

 

მოპასუხე ლ-–- გ--------–---–ის განმარტებით, მისი მოტყუების განზრახვით მოქმედებდა დ----- ა---------ი, რომელიც სადაო ურთიერთობაში არის სოლიდარული თავდები. ამდენად, სადაო სასესხო ურთიერთობაში სესხის ხელშეკრულება დადებულია ლ-–- გ--------–---–სა და შპს „ე---------------+“-ს შორის, ამ ურთიერთობაში სარგებლის მიმღები მხარეა გამსესხებელი შპს „ე---------------+“, რადგან სესხის დაბრუნების ვალდებულება მის მიმართ უნდა შესრულდეს. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მოტყუებით დადებულად კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს გამსესხებლის მონაწილეობა მსესხებლის მოტყუებაში - იცოდა თუ არა დ----- ა---------ის ქმედების შესახებ შპს "'ე---------------+ის" უფლებამოსილმა პირმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას დ----- ა---------ის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი არამართლზომიერი განზრახვის შესახებ.

 

მოპასუხის მიერ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ დ----- ა---------თან ერთად მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით მოქმედებდა შპს „ე---------------+"-ის რომელიმე უფლებამოსილი პირი, ასევე არ არის მითითებული რაიმე გარემოება, რომლის გამოც დ----- ა---------ის ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდა გამსესხებლის წარმომადგენელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-28. ტომი 1)

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 29-32. ტომი 1)

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები (03.05.2018 სხდომის ოქმი CD დისკი)

- ლ-–- გ--------–---–ის ახსნა-განმარტების ასლი (ს.ფ.142-144. ტომი 1 )

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სესხის ხელშეკრულება გამსესხებლის მხრიდან მოტყუების შედეგად დადებული არ არის, მესამე პირის მიერ მოტყუების შესახებ გამსესხებელი ინფორმირებული არ იყო, რის გამოც მოპასუხეებს ეკისრებათ სესხის დაბრუნების ვალდებულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 81-ე, 82-ე, 83-ე, 50-ე, 361-ე, 61-ე, 463–ე,891-ე, 892-ე, 895-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- გ--------–---–სა და შპს „ე---------------+“-სს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, ასევე შპს „ე---------------+“სსა და დ----- ა---------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ნადვილი გარიგებაა. სესხის ხელშეკრულების მოტყუებით დადებულად აღიარების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, 1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.

 

მოპასუხე მის ვალდებულებას წარმოშობილად არ მიიჩნევს იმ გარემოების გამო, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით და ბათილია. მოტყუების გამო დადებული გარიგება საცილო გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ შემთხვევაში, როცა სარჩელით არის მოთხოვნილი ამ გარიგების შესრულება, მეორე მხარემ გარიგების შეცილება უნდა განახორციელოს საპროცესო თავდაცვის ისეთი საშულებით, როგორიცაა შეგებებული სარჩელი, რადგან გარიგების ბათილობის მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით შესაძლებელია გარიგების შემცილებელი მხარისათვის სასურველი შედეგის მიღწევა - გარიგების ბათილობა და ამის შედეგად მისთვის ვალდებულების დაკისრების გამორიცხვა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეს შეგებებული სარჩელი არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნადვილია თუ გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.

 

დაუშვებელია გარიგების დადების მიზნით ნების გამოვლენის თავისუფლების ხელყოფა, გარიგების დადების მიზნით პირის იძულება ან მოტყუება.

 

ნების გამოვლენის ბათილობის ერთერთი საფუძველია მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობა, ხოლო მოტყუება ნების გამოვლენის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ერთერთი გამოვლინებაა. იგი ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით. მოტყუების შემთხვევაში უხეშად არის ხელყოფილი ნების გამოვლენის თავისუფლება, ვიდრე მაგალითად შეცდომის დროს. მოტყუების შემთხვევაში სახეზეა პირის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომლის მიზანია გარიგების მეორე მხარეზე ზემოქმედება გარიგების დადებაზე თანხმობის მისაღებად.

 

მოტყუებად მიიჩნევა პირის განზრახი მოქმედება რომლის მიზანია თავიდანვე ნების გამომვლენისათვის, ხელშეკრულების მხარისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნა და ამ გზით მისი ნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა. მოტყუების განზრახვა უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დადების მომენტში.

 

მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა ეს მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, განპირობებულია მისი მოტყუებით, მის ნების გამოვლენაზე არამართლზომიერი ზეგავლენით. მოტყუებად ითვლება კონტრაგენტის განზრახ შეცდომაში შეყვანა, მისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, მცდარი წარმოდგენის შექმნა, ფაქტების განზრახ დამახინჯება ან მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ამასთან, ეს წარმოდგენები და ფაქტები გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი უნდა იყოს.

 

მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობებით ან სწორი ინფორმაციის დამალვით, კონტრაგენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენას, გარიგების დადებაზე თანხმობას. მომტყუებლის ქმედების მიზანი უნდა იყო გარიგების დადების მიზანი.

 

სადაო სამართლებრივ ურთიერთობა სესხის ხელშეკრულების შესრულებას შეეხება, ხოლო მოპასუხე მისთვის სესხის დაკისრებას არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო დ----- ა---------ის მიერ მისი მოტყუების, თაღლითური ქმედების შედეგად. დ----- ა---------ი სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეა, მას შპს „ე---------------+“-თან დადებული აქვს თავდებობის ხელშეკრულება. მიუხედავად სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობისა, იგი სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მნიშვნელობით არის მესამე პირი, რადგან სესხის ხელშეკრულება დ----- ა---------სა და ლ-–- გ--------–---–ს შორის დადებული არ არის. სადაო ურთიერთობაში ძირითადი არის არის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობა, რადგან თავდებობა მოთხოვნის უზრუნველყოფის პიროვბული საშუალებაა და იგი მხოლოდ ძირითადი ვალდებულების არსეობის პირობებში წარმოიქმნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლი ითვალისწინებს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად ისეთ შემთხვევას, როცა მოტყუება მომდინარეობს მესამე პირის მხრიდან. მესამე პირს კი წარმოადგენს ის პირი, რომელიც უშუალოდ არ არის სადაო ხელშეკრულების სუბიექტი. დ----- ა---------ი სესხის ხელშეკრულების მონაწილე მხარე არის - იგი არ არის არც გამსესხებელი და არც მსესხებელი. 83-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირის მხრიდან მოტყუება გარიგების ბათილობას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

 

ამდენად, 83-ე მუხლის გარიგების ბათილობის ისეთ შემთხვევას ითვალისწინებს, როცა მცდარი ინფორმაციის წყარო არის არა ხელშეკრულების მხარე, არამედ მესამე პირი, თუმცა გარიგების ბათილობას ეს გარემოება იწვევს იმ შემთხვევაში, როცა გარიგების მონაწილემ იცის ან უნდა სცოდნოდა ამის შესახებ შესაბამისი გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისას უნდა დადგინდეს ორი ფაქტობრივი გარემოება: მოტყუება მომდინაროებს თუ არა მესამე პირის მხრიდან; მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ იცის თუ არა გარიგების იმ მხარემ, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან, ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას მოტყუების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მესამე პირად მიიჩნევა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს გარიგების დადებისკენ მიმართული ქმედებები ერთერთი მხარის სასარგებლოდ. სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირიად მიიჩნევს ის სუბიექტი, რომელიც უშუალოდ არ არის ხელშეკრულების მხარე, არ წარმოადგენს არც ერთ მხარეს და არცერთი მხარისგან უფლებამოსილი პირი არ არის.

 

მესამე პირად მიიჩნევა მხოლოდ ნეიტრალური პირი, ანუ პირი რომელიც გარიგების დადებისას არც ერთი მხარის ბანაკში არ იმყოფება და არა მაგალითად, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი. წარმომადგენლის გარდა მესამე პირად არ ითვლება ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის ქცევაც (მოტყუებული) ნების გამოვლენის ადრესატს შეერაცხება მათ შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობისა, თუ სხვა განსაკუთრებული გარემოებების გამო. (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. 2017 წლის გამოცემა).

 

სადაო ურთიერთობაში მესამე პირია დ----- ა---------ი, რადგან იგი შპს "ე---------------+"-თან მჭიდრო ურთიერთობაში არ იმყოფება, სადაო ურთიერთობაში არ მოქმედება გამსესებლის სახელით, საქმიდან არ გამომდინარეობს ისეთი ფაქტები, რომელთა გამოც მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა დ----- ა---------ის განზრახვის შესახებ და მის მიერ ჩადენილი ქმედებების თაობაზე.

 

სამოქალქო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისათვის მეორე აუცილებელი ელემენტია, მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ იმ პირის ინფორმირებულობა, რომელიც გარიგებიდან იღებს სარგებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგებიდან სარგებლის მიღებაში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სარგებლის მიღება, და არა მხოლოდ მატერიალური, ქონებრივი სარგებლის მიღება. ამდენად, სარგებლის მიმღებ მხარედ მიიჩნევა ის პირი, რომელსაც გარიგების საფუძველზე უფლებები და მოთხოვნები წარმოეშვა.

 

სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის მიმღებ სუბიექტად შეიძლება მიჩნეული იქნას გამსესხებელი, რადგან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მას წარმოეშვება სესხის და სესხის სარგებლის მიღების მოთხოვნის უფლება. სადაო ხელშეკრულებაში გამსესხებელია შპს „ე---------------+“. მსესხებელია ლ-–- გ--------–---–ი, ხოლო დ----- ა---------ი არის თავდები. მსესხებელი ბათილად მიიჩნევს ხელშეკრულებას დ----- ა---------ის მხრიდან განხორციელებული მოტყუების გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ა---------ის მიერ თაღლითობის დადასტურების შემთხვევაშიც კი გარიგების ბათილობისათვის საკმარისი საფუძველი ეს ფაქტი არ იქნება. სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, გარიგება ასეთ შემთხვევაში ბათილია, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა სადაო ხელშეკრულებაში გამსესხებელს - შპს „ე---------------+“-სს. მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შპს „ევრო-კრედიტ+“ ინფორმირებული იყო მოტყუების შესახებ ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა სცოდნოდა დ----- ა---------ის არამართლზომიერი ქმედებების შესახებ.

 

ამდენად, ლ-–- გ--------–---–სა და შპს „ე---------------+“-ს შორის დადებულის ხელშეკრულების ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე წარმოიშვა მისი შესრულების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ლ-–- გ--------–---–ის ვალდებულება წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ბათილობის საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების შესრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე დ----- ა---------ს ლ-–- გ--------–---–თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, რადგან ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ ლ-–- გ--------–---–მა დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. დ----- ა---------თან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ლ-–- გ--------–---–ის სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამ ნორმის საფუძველზე სარჩელი საკრედიტო ვალდებულების შესრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ლ-–- გ--------–---–ის სახელზე გაცემულია 1700 აშშ დოლარი, რაც სრულად დაბრუნებული არ არის. სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1624 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელია 576,51 აშშ დოლარი.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადად გადასახდელი ჯარიმა 21-დან 30 კალენდარული დღოით ვადაგადაცილების შემთხვევაში 30 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, პირგასამტეხლო გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამო მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ერთდროულად როგორც სესხის დაბრუნება, ისე პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო ოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო საერთო ჯამში 331,32 აშშ დოლარის ოდენობით არის გონივრული თანხა, რადგან ამ ოდენობით თანხის დაკისრებით მოვალეებს ეკისრებათ ისეთი სანქცია, რაც მათ მეტისმეტად მძიმე ტვირთად არ აწვებათ და ამასთან უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს "ე--------------- +"-ის სარჩელი;

 

1.1. დ----- ა---------ს და ლ-–- გ--------–---–ს დაეკისროთ შპს "ე--------------- +"-ისათვის 2531,83 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;

 

2. დ----- ა---------ს და ლ-–- გ--------–---–ს დაეკისროთ შპს ე--------------- +-ისათვის სახელმწიფო ბაჟის 196,24 ლარის სოლიდარულად გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი