გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
820210018002318201
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002318201 (2-105)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - ლ------------------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - რ--------------------ე

თ-----------------ე

მოპასუხე - რ----–---------ე

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ------------------ესა და რ----–---------ეს შორის 2012 წლის 04 სექტემბერს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (აქტის ჩანაწერი №7----------) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

1.2. რ----–---------ისათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწოვანი შვილის დ----------ის (დაბადებული 2----–-–----------------ს, პირადი №6----------), სარჩოდ თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ლ------------------ემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 04 სექტემბერიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ----–---------ესთან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ვაჟიშვილი, დ----------ე, დაბადებული 2----–-–----------------ს. ქორწინების განმავლობაში ცხოვრობდნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხ--–--------–ი. თანაცხოვრების ბოლო დროს დაეძაბათ ურთიერთობა. რაც ერთმანეთს დაშორდნენ, რ----–---------ე არავითარ ყურადღებას არ იჩენს ბავშვის მიმართ, არც ფინანსურად და არც ბავშვის ნახვის სურვილი აქვს, ლ------------------ეს მარტო უწევს ბავშვის აღზრდა მისი მშობლების დახმარებით, მოპასუხეს აქვს საკმარისი საშუალება, რომ გაუწიოს მის შვილს მატერიალური დახმარება სარჩო ალიმენტის გადახდის სახით, კერძოდ ის დასაქმებულია კერძო კომპანიაში და მისი ანაზღაურება თვეში შეადგენს 700 ლარზე მეტს. მოპასუხე არ ზრუნავს მათ საერთო შვილზე და უარს ამბობს განქორწინებაზე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რ----–---------ემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ განქორწინებაზე პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო რაც შეეხება ალიმენტს, იგი როგორც მამა აცნობიერებს არასრულწლოვანი შვილის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, როგორც მორალურ ასევე მატერიალურ ასპექტში და მისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს არ მოაკლოს მზრუნველობა მას. არ შეესაბამება სიმართლეს ის გარემოება, თითქოსდა დასაქმებულია კომპანიაში და მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს, დღეის მდგომარეობით არ არის დასაქმებული და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილი იქნება ალიმენტის განსაზღვრა 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ არ სურს განქორწინება და არც გადაიხდის ალიმენტს, ვინაიდან არ მუშაობს. 200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა არ შეუძლია, შეიძლება 100-150 ლარის გადახდა შეძლოს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ------------------ე და რ----–---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 04 სექტემბერიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

2. მოპასუხის შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე;

3.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

4.მოპასუხის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

5.ქორწინების მოწმობა (აქტის ჩანაწერი №7----------) გაცემული 2012 წლის 04 სექტემბერს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ;

 

3.1.2. ლ------------------ეს და რ----–---------ეს თანაცხოვრების მანძილზე შეეძინათ ერთი შვილი - დ----------ე, დაბადებული 2----–-–----------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

2. მოპასუხის შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე;

3.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

4.მოპასუხის (სასამართლო სხდომის ოქმი);

5.დაბადების მოწმობა №7---------- (აქტის ჩანაწერი №7----------) გაცემული 2016 წლის 20 ივლისს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ;

 

3.1.3. ლ------------------ე და რ----–---------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

2. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.4. დ----------ე (დაბადებული 2----–-–----------------სს) ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე ლ------------------ესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

2. მოპასუხის შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე;

3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

4. მოპასუხის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხე დასაქმებულია კერძო კომპანიაში და მისი ანაზღაურება თვეში შეადგენს 700 ლარზე მეტს. თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომა არის უმუშევარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

2. შესაგებელი

3. ახსნა- განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს განქორწინების ნაწილში მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი 120 ლარის ოდენობით მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1197-ე, 1198-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლ------------------ესა და რ----–---------ეს შორის მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს ოჯახის შენარჩუნების შეუძლებლობის გამო, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ დაკმაყოფილებული უნდა იქნეს და რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №7---------- უნდა შეწყდეს განქორწინებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ამავე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) პრეამბულა მიუთითებს, რომ ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს ..გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...” მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მესამე ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

შვილის რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის გასათვალისწინებელია საარსებო მინიმუმის ოდენობა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2018 წლის 07 მაისის მდგომარეობით, თვეში საარსებო მინიმუმი შეადგენს 175.0 ლარს.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხე შრომისუნარიანი ადამიანია და მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს ბავშვის საჭიროებისთვის მინიმალური აუცილებელი ხარჯი. აღნიშნული გარემოებისა და მოპასუხის უმუშევრობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საარსებო მინიმუმის ნაკლები ოდენობით, თვეში 120 (ას ოცი) ლარით.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ განქორწინების საქმის წარმოებისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100(ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,250-ე 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ლ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. შეწყდეს ლ------------------ესა (პირადი ნომერი 6----------) და რ----–---------ეს (პირადი ნომერი 6----------) შორის 2012 წლის 04 სექტემბერს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (აქტის ჩანაწერი №7----------) რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით.

 

1.2. რ----–---------ეს არასრულწლოვანი შვილის დ----------ის (დაბადებული 2----–-–----------------ს, პირადი №6----------), სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი სარჩოდ თვეში 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 22 თებერვლიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე განქორწინების ნაწილში სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდილია, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან

 

3. რ----–---------ეს დაეკისროს მოსარჩელე ლ------------------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. განჩინება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი