გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310016001451942
(3/56-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.05.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე -დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - თა---- ჯა-------ა
მოპასუხე - მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - და------- ხუ-–--–-ა
დავის საგანი -ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. თა---- ჯა-------ას მიერ 2016 წლის 27 ივნისს №540 და №541 წერილებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის;
2. მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თა---- ჯა-------ას სასარგებლოდ მორალური ზიანის 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 ივნისს განცხადებებით მიმართა მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა. კერძოდ, მ--------–-ს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ოქმებისა და მ--------–-ს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომების) ქსეროასლები, თუმცა გამგეობის მიერ უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულით მოპასუხემ დაარღვია მისი კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის მიღების უფლება, რითაც განიცადა მორალური ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო. წარმომადგენელმა მიუთითა, რომ თა---- ჯა-------ამ არაერთხელ მომართა მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფორმაციის მოთხოვნით და მას მუდმივად სრულყოფილად მიეწოდებოდა ყველა ინფორმაცია, თუმცა მის მიერ 2016 წლის 27 ივნისს №540 და №541 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ, პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს, რის გამოც მას კანონიერად ეთქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოება დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 27 ივნისს თა---- ჯა-------ამ განცხადებით მიმართა მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას (წერილი-№540) და მოითხოვა იმ პირთა სიის (სახელისა და გვარის მითითებით) გადმოცემა, ვისაც მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაეწია სოციალური დახმარება.
3.2.2.იმავე დღეს, 2016 წლის 27 ივნისს, თა---- ჯა-------ამ კვლავ მიმართა განცხადებით მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას (წერილი-№541) და მოითხოვა მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომების) ქსეროასლები.
3.2.3.მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 28 ივნისის №123 წერილით, თა---- ჯა-------ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემაც ითხოვდა პირის თანხმობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებზე და მე-5 მუხლის „ა“ პუნქტზე.
3.2.4. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თა---- ჯა-------ამ სხვა დროსაც მიმართა განცხადებით მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნით და გამგეობის მიერ მიეწოდა 2016 წელს სოციალური კუთხით გაცემული დახმარებების შესახებ ინფორმაცია, ასევე მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირთა ვინაობა და 12 პირის დიპლომის ასლი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-თა---- ჯა-------ას 2016 წლის 27 ივნისის №540 და №541 წერილები;
-მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 28 ივნისის №123, 2016 წლის 24 ივნისის № 119-120 წერილები დანართებით;
-მხარეთა განმარტებები;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. (24.06.2005. N1800).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.2. მუხლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, არამედ მოიცავს ადმინისტრაციულ რეალაქტსაც. რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ისეთი, რეალური მოქმედების განხორციელების დავალების შესაძლებლობას, რაც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან. სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სწორი კვალიფიკაცია პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ინფორმაციის გაცემის დავალება მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის;
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ‘’მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
მითითებული კანონებითა და სამართლებრივი ნორმებით გარანტირებულია ყოველი პირისათვის (ფიზიკური თუ იურიდიული) საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სოციალური დახმარების მიმღებ პირთა სიისა და მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომების) ქსეროასლების გადაცემა, რაზეც გამგეობის მიერ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ იმის დადგენას, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნება თუ არა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ხოლო იგივე კანონის მე-2 მუხლის „ა“პუნქტის თანახმად, ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ არის საინტერესო პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნებისათვის. ე.ი. ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველად მიჩნევისათვის ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ნიშნებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური ინფორმაციის სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის თვით ინფორმაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება იყოს პერსონალური ინფორმაცია, ვინაიდან ასეთი პირები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც თავისთავად ითვლება პირის მაიდენტიფიცირებულ გარემოებად. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, პირი არის თუ არა სოციალური დახმარების მიმღები, არ მიეკუთვნება კერძო საკითხებთან დაკავშირებულ, გამხელისაგან დაცულ ისეთ სფეროს, რომ პირს გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მომსახურების მიღება უპირობოდ წარმოადგენს ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებას და საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობა სახელმწიფო მმართველობის კანონიერებისა და ლეგიტიმურობის პროპორციულია. ამდენად, მოსარჩელეს უდავოდ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი მიიღოს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო ფუნქციის განხორციელების თაობაზე ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის კანონით გათვალისწინებული ისეთი გამონაკლისი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაციის გაცემას შეზღუდავდა და ამგვარი უარის მართებულობას ახსნიდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხისაგან მიიღოს 2016 წლის 27 ივნისის №540 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, მიიღოს ინფორმაცია იმ პირთა (სახელისა და გვარის მითითებით) შესახებ, ვისაც მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაეწია სოციალური დახმარება.
მით უფრო შეუძლებელია განმცხადებლის მიერ 2016 წლის 27 ივნისის №541 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც შეეხება მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომების) ქსეროასლების გადმოცემას, წარმოადგენდეს დახურულ ინფორმაციას და საზოგადოებას შეეზღუდოს მისი მოპოვების შესაძლებლობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, როგორც მმართველობის სფეროში მონაცემთა დაცვის სპეციალური კანონი, შეიცავს სპეციალურ რეგულაციას. თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი განსხვავებულია და ადგენს საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის განსხვავებულ კრიტერიუმებს. ამ თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში-სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გარდა.
მითითებული ნორმით კანონმდებელმა საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განასხვავა სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან, რაც განპირობებულია იმით, რომ იმ პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო ფუნქციას ახორციელებენ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი მონაცემების საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკავშირდება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს. გამოხატვის თავისუფლება, როგორც ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების გარანტია, დაცულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ მიღებული საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტებით. მათ შორისაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ 1950 წლის ევროპული კონვენცია (ევროპული კონვენცია) და გაეროს 1966 წლის პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (პაქტი).
იმდენად, რამდენადაც მმართველობითი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში, ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი ამ სფეროში მომუშავე თანამდებობის პირთა მიმართ, მით უფრო, რომ ინტერესი შეეხება თანამდებობის პირთა განათლებას, კვალიფიკაციას, მათ შესაბამისობას დაკავებულ თანამდებობებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ასევე უფლებამოსილია მოპასუხისაგან მიიღოს 2016 წლის 27 ივნისის №541 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეეხება მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირთა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გადაცემას.
პირთა მიერ გაეწია სოციალური დახმარება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება, ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისგან.
ამგვარად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კონკრეტული სახის ინფორმაცია მიეწოდებინა მომთხოვნი პირისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი სარჩელი ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მორალური ზიანის 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის.
სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება სახელმწიფო სახსრებიდან, ყველასთვის გარანტირებულია. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო იგივე კანონის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი მორალური ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს კანონი.
ზოგადი წესის შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელის უფლება, საავტორო უფლება და ა.შ.) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა.შ)ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის ის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 47.1 მუხლის თანახმად, პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება: ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისას, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას; ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისას და დამუშავებისას; გ) საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს.
მითითებული ნორმის შესაბამისად, პირს, რომელსაც უკანონოდ შეეზღუდა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, აქვს უფლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უფლების რეალიზაცია თავისთავად არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისი ანაზღაურების ვალდებულებას.
მართალია, კანონმდებელი მტკიცების ტვირთს აკისრებს მოპასუხე საჯარო დაწესებულებას, თუმცა მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ ათავისუფლებს მოსარჩელეს პირადი არაქონებრივი უფლების შელახვით გამოწვეული ზიანის ფორმისა და ხარისხის, ასევე, მისი სუბიექტური დამოკიდებულების მითითების ვალდებულებისგან. მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე ზიანის ანაზღაურების შესახებ და არ მიუთითებია ინფორმაციის მიუღებლობით გამოწვეულ თავის ნეგატიურ განცდაზე, მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე და დამოკიდებულებაზე, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს სწორედ პირის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მითითებული ნორმის შესაბამისად, მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას თა---- ჯა-------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.თა---- ჯა-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას თა---- ჯა-------ას მიერ 2016 წლის 27 ივნისს №540 და №541 წერილებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა;
3. არ დაკმაყოფილდეს თა---- ჯა-------ას სარჩელი მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
4. დაეკისროს მ--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას თა---- ჯა-------ას სასარგებლოდ 50 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია