განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
820100118002266265
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002266265

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/14-2018 წ

 

16 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი ზ---------------ე

 

ბრალდებული - ნ--------------ე (დაბადებული 1----–-–------------–ს, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არ მქონე, დაოჯახებული, ს-–----–ო განათლების მქონე, უ---–-----ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხულოს რაიონი, სოფელი: კ-----ა).

 

1 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

3 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დამცირება და ტანჯვა.

 

4 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ლ--–--------ის ეპიზოდი).

 

5 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ფ-----------ის ეპიზოდი).

 

6 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ო----------–--ის ეპიზოდი).

 

7 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ლ---–--–-----ის ეპიზოდი).

 

8 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ნ-------------–--ის ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ნ--------------ე, 2017 წლის 5 აგვისტოდან - 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების, სკამის და ბარის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი მეუღლის ლ--–--------ის მიმართ. კერძოდ, 2017 წლის 5 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----აში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ნ--------------ემ, ზურგის არეში სკამის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ლ--–--------ეს; ასევე, 2017 წლის 10 ოქტომბერს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----ს ტერიტორიაზე, ავტომანქანით მგზავრობისას, ნ--------------ემ, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმებით ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ლ--–--------ეს; ასევე, 2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----აში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნ--------------ემ, შვილის დასაცავად გასაშველებლად ჩარევის გამო, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნიჩბის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ლ--–--------ეს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილით.

 

ნ--------------ემ, 2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, შეყვარებულის შესაძლო ყოლის გამო არსებული ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ სახის არეში ხელის დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს ფ-----------ეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ნ--------------ე, 2017 წლის 5 აგვისტოდან - 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----აში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას სისტემატურად შეურაცხყოფდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს ლ--–--------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ხულოს მუნიცპალიტეტის სოფელ კ-----აში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლის ეზოში ყოფნისას, ნ--------------ე, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრებს მეუღლეს ლ--–--------ეს და არასრულწლოვან შვილს ფ-----------ეს, ასევე იგი დაემუქრა მის მიერ ნაცემი მეუღლისათვის და შვილისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გამოცხადებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ლ---–--–-----ეს, ნ-------------–--ეს და ო----------–--ეს, რა დროსაც ყველა მათგანს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით ნ--------------ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--------------ის მიმართ არ დასტურდება უტყუარად ბრალად შერაცხული დანაშაული საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილით - მეუღლის ლ--–--------ის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არამედ სახეზეა დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც ბრალდებულ ნ--------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც შეეხება ნ--------------ის მიმართ წარდგენილ სხვა ბრალდებებს ისინი არ დასტურდება უტყუარად წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც ბრალდებული ნ--------------ე უნდა გამართლდეს ბრალდებების დანარჩენ ნაწილში, კერძოდ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხულოს მუნიცპალიტეტის სოფელ კ-----აში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნ--------------ემ, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნიჩბის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ლ--–--------ეს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2018 წლის 06 იანვრის შეტყობინების მიხედვით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ 2018 წლის 06 იანვარს საინფორმაციო ცენტრ 112-ში ლ--–--------ემ შეატყობინა, რომ მეუღლემ ნ--------------ემ სცემა ნიჩბით, დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები და ზედა კიდური.

 

2018 წლის 06 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რაც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ დადგენილია, რომ დათვალიერდა ხულოს რაიონის სოფელ კ-----აში ნ--------------ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ლ--–--------ის მითითებით ამოღებული იქნა ხის ტარიანი ნიჩაბი, რომელიც, როგორც ნივთმტკიცება ასევე არ გაუხდიათ სადავოდ მხარეებს.

 

2018 წლის 07 იანვრის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც ასევე არ გაუხდიათ მხარეებს სადავოდ მოძალადე ნ--------------ეს მისი მეუღლის ლ--–--------ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, მსხვერპლის ლ--–--------ის მოთხოვნით 30 დღით აეკრძალა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ ლ--–--------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მტევნის უკანა, შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ----------------–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა ლ---–--–-----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 იანვარს შეტყობინების საფუძველზე, რომ იყო ძალადობის ფაქტი გამოცხადდა სოფელ კ-----აში, სადაც დახვდათ ლ--–--------ე, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ და იყო ნაცემი მეუღლის მიერ, ტკიოდა სხეული და თავი, ჰქონდა სილურჯეები დუნდულებზე მარჯვნივ და მარცხნივ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანმა ნ-------------–--ემ განმარტა, რომ სოფელ კ-----აში მისვლისას დახვდათ ლ--–--------ე, რომელსაც აღენიშნებოდა დაჟეჟილობა დუნდულებზე და მარცხენა ხელზე, ძლიერი ტკივილები ჰქონდა, დაზიანებები მაქვს ბარითო, ქმარი ახსენა, ოჯახში ძალადობის შედეგად მივიღე დაზიანებაო.

 

ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 6 იანვარს ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გავიდა ადგილზე გამომძიებელთან ერთად, სახლში ნ--------------ე არ დახვდათ, იქ იყო დიასახლისი, რომელმაც აუხსნა, რომ მისმა ქმარმა სცემა ნიჩბით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იყო ცუდად, ხელის და ფეხის არეში ჰქონდა დაზიანებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ--–--------ის ძმამ ნ-----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 7 იანვარს სახლში დახვდა მისი და, რომლისგანაც გაიგო, რომ 6 იანვარს ქმართან მოუვიდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში და როგორც მან განუმარტა სცემა ნიჩბით. მის დას გარეგნულად ეტყობოდა ფეხზე დაშავებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ--–--------ის დამ მ---------------მ განმარტა, რომ ნ--------------ეს 6 იანვარს უცემია მისი და ხელით და ბარით, რაც ლ--–--------ემაც დაუდასტურა.

 

ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულის ლ--–--------ის დამ დ--–-----------მ და გ---–------–-------მ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ნ--------------ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 06 იანვარს მისი მეუღლე დაეცა ყინულზე, ნიჩაბი მისი მეუღლისთვის არ დაურტყამს. მისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებია.

 

სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე 2კ-527აპ-17, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი 23-ე), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ლ--–--------ემ და მისმა შვილმა ფ-----------ემ უარი განაცხადეს ნ--------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე, თუმცა მოწმეებმა დაადასტურეს 2018 წლის 6 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით ის გარემოებები, რაც მათთვის ცნობილი გახდა უშუალოდ ლ--–--------ისგან. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ ემყარება მათი სუბიექტური აღქმის, ფაქტების დამახსოვრებისა და მათი სწორად გადმოცემის უნარებს. დასახელებულმა მოწმეებმა უშუალოდ ნახეს დაზარალებულ ლ--–--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, არცერთი მტკიცებულებით და გარემოებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ისინი ცდებიან ან განზრახ ცრუობენ. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი გარემოებები ასევე დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის 112-ში შეტყობინებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და ნივთმტკიცებით, რომლებიც ერთსა და იმავე გარემოებებზე მიუთითებენ და ერთსა და იმავე ფაქტებს ადასტურებენ და მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ. შესაბამისად ისინი ცალ-ცალკე აღებული და მთლიანობაში დამაჯერებელია, მათ შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და ურთიერთთავსებადია, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მათ ნამდვილობაში, სანდოობაში და უტყუარობაში გონივრულ ეჭვის შეტანის საფუძველს, რის გამოც არადამაჯერებელია ნ--------------ის განმარტება, რომ 2018 წლის 06 იანვარს მისი მეუღლე დაეცა ყინულზე და მას ნიჩბით დაზიანებები არ მიუყენებია.

 

ნ--------------ეს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რაც დაკავშირებულია 2017 წლის 5 აგვისტოს და 2017 წლის 10 ოქტომბრის ფაქტებთან, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ნ--------------ის ბრალდების მითითებულ ეპიზოდებს.

 

მითითებულ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ--–--------ის ძმამ ნ-----------------მ და დებმა - გ---–------–-------მ, შ--–-------------მ, დ--–-----------მ და მ---------------მ აღნიშნეს, რომ მათთვის მათი დისგან გახდა ცნობილი, რომ სახლიდან წასვლის შემდეგ ნ--------------ემ ლ--–--------ე ჩამოაგდო მანქანიდან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

დაზარალებულმა ლ--–--------ემ უარი განაცხადა მისი მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე. ნ--------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის ოქტომბერში მ-----------------გან წამოსვლის შემდეგ მისი მეუღლე მანქანიდან არ ჩამოუსვამს და არც დაურტყამს, ხელით არ შეხებია და არც შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. 5 აგვისტოს არანაირი კონფლიქტი მის მეუღლესთან არ ჰქონია, არც სკამი გაუქნევია, მეუღლის მიმართ არასოდეს არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

არცერთი მოწმე არ უთითებს ნ--------------ის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე. გარდა მითითებული მოწმეების ირიბი ჩვენებებისა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდა ბრალდების ამ ეპიზოდებს არ არსებობს.

 

შესაბამისად ნ--------------ის მხრიდან ოჯახის წევრის მეუღლის ლ--–--------ის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 06 იანვარს ნ--------------ემ ნიჩბით სცემა მისი ოჯახის წევრი - მეუღლე ლ--–--------ე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ნ--------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის ცემით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ნ--------------ის მიმართ ბრალდებით წარდგენილ დანარჩენ ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს და მტკიცებულებებს:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ--–--------ემ უარი განაცხადა მისი მეუღლის ნ--------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფ-----------ემ უარი განაცხადა მისი მამის ნ--------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა ლ---–--–-----ემ, განმარტა, რომ 2018 წლის 6 იანვარს სოფელ კ-----აში, ლ--–--------ის გასინჯვის დროს გარედან შემოესმა ხმაურის და შეხლა-შემოხლის ხმა, გინება, ,,მოვკლავ“, ,,აქედან ვერავინ წავა“, ,,რატომ გამოიძახეთ სასწრაფოო“, რის შემდეგაც ოთახში შევიდა მათი მძღოლი და ჩაკეტა კარები, რომლის განმარტებითაც გარეთ იყო მოსული ლ--–--------ის მეუღლე. გარედან ვის მიმართ იყო ყვირილის და გინების ხმა, არ იცის, მათ მიმართ არ იქნებოდა, რადგან დასახმარებლად მივიდნენ, ისედაც იცნობდა ნ--------------ეს და არ ეგონა, რომ რამეს დაუშავებდა. თქვეს, რომ მეუღლეს ემუქრებაო. შემდეგ გარედან ასევე შემოესმათ ხმა, რომ რაღაც უჭირავს ხელშიო, მაგრამ რა ეჭირა არ უთქვამთ და არც დაუნახავს, რადგან სიბნელე იყო. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ გამოვიდნენ გარეთ, სადაც შეხვდა ნ--------------ეს და საყვედურიც უთხრა, რატომ იკადრა ასეთი რამ, რომელმაც ბოდიშიც მოუხადა და გამოაცილა. მძღოლი, რომ შევიდა და ჩაკეტა კარები შეეშინდა, რომ შევიდოდა და იქ მყოფებს რაიმეს დაუშავებდა - ეს იყო შიში, თორემ მას, რომ რაიმეს დაუშავებდა ნამდვილად არ უფიქრია, მოკვლით მას არ დამუქრებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა, ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანმა ნ-------------–--ემ განმარტა, რომ სოფელ კ-----აში შემოესმათ ყვირილის და ხმამაღალი ლაპარაკის, გინების ხმა, სიტყვები არ გაუგონია. შემდეგ შევიდა მათი მძღოლი და ჩაკეტა კარები, რადგან აგრესიულიაო და არ შემოსულიყო, კარებზე რაიმე ხმა არ ყოფილა, ეზოში ვინ იყო არ დაუნახავს, თუმცა გაიგო, რომ ნ--------------ე იყო ეზოში, რის გამოც შეეშინდათ, რომ არ შესულიყო და აგრესია არ გამოეჩინა მათ მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის ნ-------------–--ის 2018 წლის 07 იანვრის ჩვენების ნაწილი - რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ არ დაუნახავს დანა. ასევე ვერ იხსენებს მძღოლმა რაიმე თქვა თუ არა დანის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლმა ო----------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 06 იანვარს სოფელ კ-----აში მივიდა ნასვამი ნ--------------ე და დაიწყო ყვირილი, რომ მის მეუღლეს ვერ წაიყვანდნენ, რის შემდეგაც შევიდა შიგნით და ჩაკეტა კარები, რომ მეუღლისთვის ან ბრიგადისთვის რამე არ ევნო. ნ--------------ე ყვიროდა მისი მეუღლის მისამართით აქედან თუ წახვალ ვეღარ დაბრუნდებიო. მუქარა ის იყო, რომ უყვიროდა აქედან თუ წახვალ ვეღარ დაბრუნდებიო. მის მიმართ მუქარა არ ყოფილა, სახელი და გვარი არ უხსენებია, მათთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია და არ დაუძახია თქვენთან მოვდივარო. მისი მხრიდან სიტყვა ,,მოკვლა“ იყო თუ არა ნახსენები ვერ იხსენებს. დაზარალებულად არ მიაჩნია თავი, სიცოცხლის მოსპობის შიში არ გასჩენია. მისი მეუღლე ჰგონია მუქარის ადრესატი, მის მეუღლეზე მიდიოდა იერიშზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ--------------ის ნათესავმა ხ---------------ემ განმარტა, რომ 6 იანვარს ნ--------------ესთან ერთად მივიდა მის სახლში, სადაც დახვდათ სასწრაფო, რაზეც ნ--------------ე გაბრაზდა და მოუვიდა ხმამაღალი ლაპარაკი, ჩემს ცოლს არავის გავატანო, ყვიროდა გარედან, უწმაწური სიტყვები და შეურაცხყოფა არ ყოფილა, იყო ლანძღვა გინება, მაგრამ კონკრეტულად არავის მიმართ, რაღაც ეჭირა, მაგრამ რა არ იცის, მერე დაწყნარდა, გააცილა ექიმიც და ბოდიშიც მოუხადა, აგრესიას არავის მიმართ გამოხატავდა. იგი ვინმეს კონკრეტულად სიცოცხლის მოსპობის მუქარით არ დამუქრებია, მძღოლის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია. მანვე განმარტა რომ ესწრებოდა სხვა მოწმეების - ექიმების დაკითხვას სასამართლოში.

 

სასამართლო ხ---------------ის ჩვენებას ვერ მიიღებს უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებად, ვინაიდან იგი ბრალდებულის ნათესავია და მისთვის ცნობილი იყო სხვა მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ნ--------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 06 იანვარს მის შვილს ფ-----------ეს მისცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა და ლოყაზე ოდნავ მოკიდა ხელი, მაგრამ არ გაურტყია. სასწრაფო დახმარების მძღოლს უთხრა თვითონ წაიყვანდა თუ წასაყვანი იყო და იმან დაუწყო გაქაჩვა და შევარდა სახლში, აიღო მანქანის ნაწილი და მოგკლავთ ვიღაცასო მისთვის ყვიროდა, დანა არ ჰქონია და არც არავისთვის მოუღერებია. შემდეგ ისინი, რომ გამოვიდნენ ბოდიშიც მოუხადა, მძღოლს პირადად არ დამუქრებია, სახლში შესვლა არც უცდია.

 

სასამართლომ გაანალიზა მითითებული მტკიცებულებები განმარტავს, რომ ნ--------------ეს ბრალად ედება მისი არასრულწლოვანი შვილის ფ-----------ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ არსებობს არცერთი პირდაპირი, ან ირიბი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ნ--------------ის ბრალდების მითითებულ ეპიზოდს. დაზარალებულმა ლ--–--------ემ და ფ-----------ემ უარი განაცხადეს ნ--------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე. ნ--------------ემ უარყო მისი მხრიდან მისი შვილის მიმართ რაიმე ძალადობის ფაქტი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფ-----------ეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნება, შესაბამისად ნ--------------ის მხრიდან ოჯახის წევრის არასრულწლოვანი შვილის ფ-----------ის მიმართ ძალადობა არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით.

 

ნ--------------ეს ასევე ბრალად ედება მისი მეუღლის ლ--–--------ის მიმართ 2017 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 06 იანვრის ჩათვლით სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დამცირება და ტანჯვა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ნ--------------ის ბრალდების მითითებულ ეპიზოდს.

 

მითითებულ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ--–--------ის ძმამ ნ-----------------მ და დებმა - გ---–------–-------მ, შ--–-------------მ, დ--–-----------მ და მ---------------მ აღნიშნეს, რომ მათთვის მათი დისგან გახდა ცნობილი, რომ სახლიდან წასვლის შემდეგ ნ--------------ემ ლ--–--------ე ჩამოაგდო მანქანიდან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დაზარალებულმა ლ--–--------ემ უარი განაცხადა მისი მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე. ნ--------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის ოქტომბერში მ-----------------გან წამოსვლის შემდეგ მისი მეუღლე მანქანიდან არ ჩამოუსვამს და არც დაურტყამს, ხელით არ შეხებია და არც შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. 5 აგვისტოს არანაირი კონფლიქტი მის მეუღლესთან არ ჰქონია, არც სკამი გაუქნევია, მეუღლის მიმართ არასოდეს არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

გარდა მითითებული მოწმეების ჩვენებებისა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდა ბრალდების ამ ეპიზოდს არ არსებობს.

შესაბამისად ნ--------------ის მხრიდან ოჯახის წევრის მეუღლის ლ--–--------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დამცირება და ტანჯვა არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებებით.

 

ნ--------------ეს ასევე ბრალად ედება მისი მეუღლის ლ--–--------ის, არასრულწლოვანი შვილის ფ-----------ის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ლ---–--–-----ის, ნ-------------–--ის და ო----------–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა - სიცოცხლის მოსპობის, მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაში (საქმე №471აპ-17 ) სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს - ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

მაშასადამე როგორც განიმარტა მუქარა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პირის მიმართ ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომ იგი მოყვანილი იქნება სისრულეში.

 

განსახილველ შემთხვევაში ლ--–--------ემ უარი განაცხადა მისი მეუღლის ნ--------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს მას არათუ საფუძვლიანი, საერთოდ რაიმე შიში გაუჩნდა თუ არა ნ--------------ის მხრიდან, ისეთ ვითარებაში, როდესაც იგი სხვა ადამიანებთან ერთად იმყოფება სახლში, რომლის კარებიც ჩაკეტილია. რაც შეეხება ფ-----------ეს მან ასევე უარი განაცხადა მისი მამის ნ--------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე, სხვა რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა ემსჯელა ნ--------------ის მიერ ფ-----------ის მიმართ მუქარის განხორციელების შესახებ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ლ---–--–-----ეს, ნ-------------–--ეს და ო----------–--ეს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათი ჩვენებების მიხედვით ნ--------------ე ძირითადად ლანძღავდა და იგინებოდა მისი მეუღლის მიმართ, რის გამოც მათ შეეშინდათ რაიმე არ ჩაედინა, თორემ უშუალოდ მათ არ დამუქრებია, რომ მოკლავდა ან ჯანმრთელობის დაზიანებას მიაყენებდა, რითაც მათ გაუჩნდებოდათ საფუძვლიანი შიში, რომ იგი მუქარას განახორციელებდა მათ მიმართ და მოკლავდა. მით უფრო ლ---–--–-----ე განმარტავს, რომ არ ეგონა და ნამდვილად არ უფიქრია, რომ მას, რამეს დაუშავებდა. მოკვლით მას არ დამუქრებია. მისი შიში განაპირობა იმან, რომ ნ--------------ე სახლში არ შესულიყო და იქ მყოფი მისი ოჯახის წევრებისთვის რაიმე არ დაეშავებინა.

 

ო----------–--ის განმარტებით მის მიმართ მუქარა არ ყოფილა, დაზარალებულად არ მიაჩნია თავი, მათზე შეურაცხყოფა არ მიუყენებია, სიცოცხლის მოსპობის შიში არ გასჩენია.

 

საყურადღებოა ნ-------------–--ის ჩვენება, სადაც მან აღნიშნა, რომ გარედან ესმოდა ყვირილის და ხმამაღალი ლაპარაკის, გინების ხმა, სიტყვები არ გაუგონია. შესაბამისად თუ მას სიტყვები არ ესმოდა მით უფრო ვერ აღიქვამდა იგი რაიმე მუქარას, რომელიც უშულოდ მისი სიცოცხლის მოსპობისკენ იქნებოდა მიმართული, რაც მასში მისი სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიან შიშს გააჩენდა. საგულისხმოა, რომ ნ-------------–--ემ ნაწილობრივ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება, თუმცა ამ ჩვენებაშიც არაა მითითებული მას გაუჩნდა თუ არა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

ამრიგად არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ--------------ის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით. ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, ნ--------------ის მიერ 2018 წლის 6 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის ფ-----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, ასევე 2017 წლის 5 აგვისტოდან - 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, მისი მეუღლის ლ--–--------ის მიმართ სისტემატურად შეურაცხყოფა და 2018 წლის 6 იანვარს, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი ოჯახის წევრების მეუღლის ლ--–--------ის და არასრულწლოვან შვილის ფ-----------ის, ასევე სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ლ---–--–-----ის, ნ-------------–--ის და ო----------–--ის მიმართ.

 

გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც ნ--------------ე მითითებული ბრალდების ეპიზოდებში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის წევრი მეუღლე, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რითაც ხელჰყო ოჯახში თანასწორუფლებიანობა და მშვიდი თანაცხოვრება, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრებისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. ნ--------------ე არაა ნასამართლევი, არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ ჯარიმის მინიმუმზე მაღალი ზომით დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

 

ნ--------------ე დაკავებულია 2018 წლის 08 იანვარს, იგი პატიმრობაში იმყოფება ოთხ თვეზე მეტი დროით, ამ ვადის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იგი სრულად გაათავისუფლოს ჯარიმის გადახდისაგან.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;

 

შესაბამისად ნივთმტკიცება ერთი ცალი ცდ დისკი შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, ხოლო ნიჩაბი უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილით (ლ--–--------ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაშიც ნ--------------ის ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნ--------------ე 2018 წლის 08 იანვრიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით სრულად გათავისუფლდეს სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმის გადახდისაგან.

 

ნ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ფ-----------ის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ლ--–--------ის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებაში (ლ--–--------ის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ფ-----------ის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ლ---–--–-----ის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ნ-------------–--ის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ო----------–--ის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გაუქმდეს ნ--------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთმტკიცება ერთი ცალი ცდ დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, ხოლო ნიჩაბი განადგურდეს, განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულს - ნ--------------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი