გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
160210018002264834
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002264834

საქმე №2/49-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - აი--------------ი

წარმომადგენელი - ბე----------–---–ი

მესამე პირი - ვი-------------------ი

მოპასუხე - სს ,,ფ----------------------–ო“

წარმომადგენელი: გი-------–-----–---–ი

თარჯიმანი: ნა--–-------------ა

დავის საგანი - ვალდებულების არარსებობის აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნეს, რომ მოპასუხე სს ,,ფ----------------------–ო“-ს და ვი-------------------ს შორის 31.07.2015 წლის N 1--------------- შეთანხმებით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გარიგებით აი--------------თან მიმართებით, მისი, როგორც სესხის თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა სს ,,ფ----------------------–ო“-ს წინაშე არ შეცვლილა და მისი ოდენობა N 1--------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრება 15 000 ლარის ფარგლებში.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 9 დეკემბერს სს ,,ფ----------------------–ო“-ს და ვი-------------------ს შორის გაფორმდა N 1------------- სესხის ხელშეკრულება, სადაც მსესხებელი სესხის სახით იღებდა 15 000 ლარს ერთი წლის ვადით. 2015 წლის 31 ივლისს სს ,,ფ----------------------–ო“-ს და ვი-------------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება ზემოთაღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ შეთანხმების გაფორმების დღისათვის მსესხებლის მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 17 846.67 ლარს, ხოლო მიმდინარე დავალიანების დაფარვის ვადად განისაზღვრა 12.01.2017 წელი. მე-----------------მა, აი-----------------მა, აი--------------მა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა სს ,,ფ----------------------–ო“-ს წინაშე და თავდებად დაუდგნენ ვი-------------------ს სს ,,ფ----------------------–ო“-ს წინაშე.

 

სს ,,ფ----------------------–ო“-ს განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 27 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მოვალეთა მიერ გადასახდელ თანხად მითითებულია 25 586,96 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს და სხვა თავდებებს წერილობითი პოზიცია არ წარუდგენიათ მათთვის გაგზავნილ შეტყობინებაზე, 2016 წლის 14 მარტს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა N 1-------------- ბრძანება, რომლის მიხედვითაც სესხის მოვალეს და სხვა თავდებებს, მათ შორის აი--------------საც სს ,,ფ----------------------–ოს“ მიმართ სოლიდარულად დაეკისრა 25 586.96 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული შეტყობინება აი--------------ს ჩაბარდა, მაგრამ მან ქართული ენის უცოდინრობის გამო ვერ მოახერხა დოკუმენტის წაკითხვა და მითუმეტეს მისი გააზრება, შესაბამისად მოკლებული იყო საშუალებას წარმოედგინა თავისი პოზიცია შეტყობინებაში აღნიშნულის თაობაზე.

 

2015 წლის 31 ივლისის შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გაფორმდა სს ,,ფ----------------------–ო“-ს და ვი-------------------ს შორის. აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღისათვის მსესხებლის მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 17 846,67 ლარს, ამავე შეთანხმების მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული დავალიანების დაფარვის ვადა იქნებოდა 12.01.2017 წელი. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით დადგინდა, რომ ამ შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, თუნდაც ერთი მიმდინარე გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა სრული ფულადი ვალდებულების შესრულება. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს N 1-------------1 სესხის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 2015 წლის 31 ივლისის ხელშეკრულება არ შეიძლება აი--------------თან მიმართებით ნამდვილ გარიგებას წარმოადგენდეს და რაიმე სახით მისთვის იურიდიულ შედეგს წარმოშობდეს. თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აი--------------თან მიმართებით ნამდვილ გარიგებად იქნა მიჩნეული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე აი--------------ს და სხვა რესპოდენტებს ნამდვილად ჩაბარდათ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, სადაც განსაზღვრული იყო კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა მათი პოზიციის წარსადგენად, თუმცა იმ არგუმენტს, რომ რესპოდენტთა მიერ ენის არცოდნის გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტის წაკითხვა-გააზრება და შესაბამისად პოზიციის დაფიქსირება, მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება. მითუმეტეს, რომ მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მოსარჩელისათვის და სხვა მოვალეებისათვის ცნობილი იყო მათ მიერ სოლიდარული თავდებობით ნაკისრ ვალდებულებასთან დაკავშირებული პრობლემის, ასევე მოსალოდნელი შედეგების თაობაზე. მოსარჩელე მხარის მიერ ქართული ენის არცოდნის ფაქტი არ შეიძლება გაზიარებული იქნეს, როგორც მის მიერ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებაზე თავისი პოზიციის წარუდგენლობის მიზეზი. მას ნებისმიერ დროს შეეძლო მიეღო კონსულტაცია პრობლემის თაობაზე, როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე სხვა კომპეტენტური პირისგან. ამასთან, 2015 წლის 31 ივლისს გაფორმებული შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. თავდებობის წერილის თანახმად, აი--------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელსა და სს ,,ფ----------------------–ო“-ს შორის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დარღვევის შემთხვევაში დაეფარა, როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, საურავი და სხვა შესაძლო ხარჯი. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოიშვა დავალიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 9 დეკემბერს სს ,,ფ----------------------–ო“-ს და ვი-------------------ს შორის გაფორმდა N 1--------------- სესხის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა სესხი 15 000 ლარი, ერთი წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- სესხის ხელშეკრულება N1---------------;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე აი--------------მა 2014 წლის 9 დეკემბრის თავდებობის წერილით იკისრა ვალდებულება სს ,,ფ----------------------–ო“-ს წინაშე, მსესხებელსა და ბანკს შორის არსებული სესხის N1--------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, როგორც სესხის მთლიანი თანხის, ასევე სესხზე დარიცხული სარგებლის, შესაძლო საურავის დაფარვის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- 2014 წლის 9 დეკემბრის თავდებობის წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 2015 წლის 31 ივლისს სს ,,ფ----------------------–ო“-ს და ვი-------------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება N1--------------- სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ შეთანხმების გაფორმების დღისათვის მსესხებლის მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 17 846.67 ლარს, ხოლო მიმდინარე დავალიანების დაფარვის ვადად განისაზღვრა 12.01.2017 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- შეთანხმება სესხის N1--------------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.4. სს ,,ფ----------------------–ო“-ს განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 27 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მოვალეთა მიერ გადასახდელ თანხად მითითებული იქნა 25 586,96 ლარი. აი--------------ს ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. აი--------------ს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ არ განუცხადებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

აი--------------მა დაადასტურა, რომ მას აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ პროტესტი არ განუცხადებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.5. 2016 წლის 14 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა N1-------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის მიხედვით ვი-------------------ს, მე-----------------ს, აი--------------ს და აი-----------------ს დაეკისრათ დავალიანების გადახდა 25586,96 ლარის ოდენობით სს ,,ფ----------------------–ო“-ს მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება N 1--------------;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების, სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლები;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912-ე, 915-ე, 917-ე, 919-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია თავისი უფლება დარღვეულად და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამავე კანონის 913-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. მეორე ნაწილის თანახმად, კი აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.

 

ამავე კანონის 915-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის ოდენობა მიიჩნევა დავალიანების იმ ოდენობად, რომლის რესპონდენტისათვის გადახდევინებასაც ითხოვს აპლიკანტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ფ----------------------–ო“-ს და ვი-------------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. აი--------------მა, როგორც თავდებმა პირმა იკისრა ვალდებულება, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, როგორც სესხის მთლიანი თანხის, ასევე სესხზე დარიცხული სარგებლის, შესაძლო საურავის დაფარვის შესახებ. სს ,,ფ----------------------–ო“-ს განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 27 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მოვალეთა მიერ გადასახდელ თანხად მითითებული იქნა 25 586,96 ლარი.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე აი--------------ს ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. აი--------------ს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ არ განუცხადებია. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სამართალწარმოების ენის არცოდნას, სასამართლო უთითებს, რომ ადრესატი ვალდებულია შესაბამისი გულისხმიერებით მოეკიდოს მისი მისამართით არსებულ ნებისმიერ დოკუმენტს, მითუმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მას ჰქონდა შესაბამისი დრო, რეაგირება მოეხდინა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებაზე, თუნდაც გამოცხადებულიყო შეტყობინების გამგზავნ უწყებაში და პირადად გაერკვია შეტყობინების არსი, რაც მან არ შეასრულა. ამდენად, აი--------------მა აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ წარადგინა აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტი, აღნიშნული კი მისი მხრიდან დავალიანების აღიარებას ნიშნავს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აი--------------ის სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე ,მუხლებით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 912-919-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. აი--------------ის სარჩელი სს ,,ფ----------------------–ო“-ს მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე