განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
140100117002456414
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100117002456414

№1/506-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

22.05.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი თამარ ბერუაშვილი

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - მ-----– ბერიაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - მარიამ ინდუაშვილი

 

ბრალდებული - გ--–- გ-------ს ძე ქ------, დაბადებული 1--- წლის 19 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 24---------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. კ------------–-------------------------------------–--------------------------–---–------------

 

კვალიფიკაცია

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ--–- ქ------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ------–-----------–---–------------–ი მდებარე მ-----– ბ-------ის კუთვნილ საცხობში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, გ--–- ქ------მ, მოკვლის მიზნით, ო----- ც------–---–ს დანა განზრახ დაარტყა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, თუმცა, გ--–- ქ------მ განზრახვა ბოლომდე სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან ო----- ც------–---–მა გაუწია მას წინააღმდეგობა და მოახერხა გაქცევა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის გ--–- ქ------ დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გ--–- ქ-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ ემყარება ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დაცვის მხარის პოზიცია ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით კვალიფიკაციის შესახებ არ იქნა გაზიარებული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს. განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად იქნება შეაფასებული როგორც ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წარსულში არსებული ურთიერთობა, ასევე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, ქმედებები, რაც წინ უძღვოდა შემთხვევის ადგილზე გ--–- ქ-----ისა და ო----- ც------–---–ის შეხვედრას და ვერსია, რაც ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას სასამართლო სხდომაზე ჩამოაყალიბა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა ბრალდებულ გ--–- ქ-----ის, დაზარალებულ ო----- ც------–---–ის და მოწმე გიორგი დ------–---–ის ჩვენებებისა, სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

ბრალდებულ გ--–- ქ-----ის ჩვენებით, ასევე, მოწმეების - ლ--- ც------–---–ის და გ--–--ა ც------–---–ის მიერ გამოძიებისას მიცემული უდავო ჩვენებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულის მეუღლეს - შორენა გ--–--–---–ს და დაზარალებულ ო----- ც------–---–ს ერთმანეთთან აკავშირებდათ სასიყვარულო ურთიერთობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გ--–- ქ-----ისათვის, რის შემდეგაც, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების გამო, იგი მეუღლეს დაშორდა.

 

დაზარალებულ ო----- ც------–---–ის, პირდაპირი მოწმის - გ------- დ------–---–ის და თავად ბრალდებულ გ--–- ქ-----ის ჩვენებების ერთობლიობით ასევე უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, ქ------–-----------–---–------------–ი მდებარე მ-----– ბ-------ის კუთვნილ საცხობში, ო----- ც------–---–თან შეხვედრის ინიციატორი იყო ბრალდებული - გ--–- ქ------, რომელიც აღნიშნულ დღეს დანით შეიარაღებული მივიდა დაზარალებულის სამუშაო ადგილას. ეჭვგარეშეა და სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, აღნიშნულ საცხობში, გ--–- ქ------მ თანნაქონი დანით მძიმედ დაჭრა დაზარალებული ო----- ც------–---–ი. დაზიანების ხარისხი დადგენილია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 25 ნოემბრის №--------- დასკვნით, რომლის თანახმად, ო----- ც------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, რაც განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

დაზარალებულ ო----- ც------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, ქალაქ კასპში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, მის სამუშაო ადგილას, მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--–- ქ------, რომელმაც მძინარე მდგომარეობაში მყოფ ო----- ც------–---–ს გულმკერდის არეში დანა დაარტყა. დაზარალებულის განმარტებით, ამ დროს იგი საცხობში მარტო იმყოფებოდა. ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე, მასთან მივიდა საცხობის დაცვის თანამშრობელი - გ------- დ------–---–ი, რომელიც მოშორებით შეშას ჩეხავდა. ო----- ც------–---–ის განმარტებით, მას ოთახში ეძინა, როდესაც გ--–- ქ------ შევიდა შესასვლელი კარიდან, თუმცა, თავდაპირველად, მან იგი ვერ დაინახა. ო----- ც------–---–ი გააღვიძა გულმკერდის არეში ძლიერმა ტკივილმა და დაინახა მის საწოლთან მდგარი გ--–- ქ------, რომელსაც ხელში დაახლოებით ოც სანტიმეტრიანი, შავტარიანი დანა ეჭირა. ამ დროს გ--–- ქ------ დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ არ აპატიებდა ოჯახის დანგრევას და ცდილობდა მისთვის სიცოცხლის მოსპობას. დაზარალებულის განმარტებით, გაღვიძებისთანავე მან წინააღმდეგობა გაუწია ბრალდებულს, მარჯვენა ხელზე, რომელშიც მას დანა ეჭირა, მაგრად მოჰკიდა ხელი და არ აძლევდა საშუალებას დანა მეორედ დაერტყა, მიუხედავად იმისა, რომ გ--–- ქ------ დანის მოქნევას კიდევ ცდილობდა. ო----- ც------–---–ი შეეცადა გ--–- ქ-----ისგან თავის დაღწევას, ამ დროს მათ ოთახიდან გარეთ გადაინაცვლეს, სადაც დაზარალებულმა გ--–- ქ------ს ხელი ჰკრა და წააქცია. ო----- ც------–---–ი გაიქცა ს-------–---–ის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც იგი დაიმალა და დაელოდა, როდის გაივლიდა გ--–- ქ------, რომელიც დანით ხელში მას უკან მოსდევდა და კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. დაზარალებულის განმარტებით, წარსულში მას გ--–- ქ------სთან კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა, ბოლო პერიოდში, ბრალდებული ეჭვიანობდა მის მეუღლეზე - შ------- გ--–--–---–ზე, რაც საბოლოოდ გახდა მისი ამგვარი ძალადობრივი ქმედების მიზეზი.

 

დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია პირდაპირი მოწმის - გ------- დ------–---–ის ჩვენებით. მისი განმარტებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც იგი მივიდა სამსახურში, ქალაქ კასპში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხობში, ოთახში დახვდა მძინარე ო----- ც------–---–ი. გ------- დ------–---–ი ოთახიდან გამოვიდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში, მას შემოესმა ყვირილის ხმა და როდესაც ოთახში შევიდა, დაინახა გ--–- ქ------, რომელსაც ერთ ხელში დანა ეჭირა, ხოლო მეორე ხელით ო----- ც------–---–ი საყელოთი ჰყავდა დაჭერილი და მოკვლით ემუქრებოდა. გ------- დ------–---–ი შეეცადა მათ გაშველებას, ამ დროს გ--–- ქ------მ ხელი ასწია, რათა ო----- ც------–---–ისათვის დანა დაერტყა, თუმცა, გ------- დ------–---–მა მას ხელი დაუჭირა და არ მისცა დანის დარტყმის საშუალება. ამ დროს ო----- ც------–---–ი უკვე დაჭრილი იყო და გ------- დ------–---–ს თხოვდა დახმარების სათხოვნელად გარეთ გასვლას, გ--–- ქ------ კი ყვიროდა და ო----- ც------–---–ს კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. ჭიდილის დროს ო----- ც------–---–მა შეძლო გ--–- ქ-----ისგან თავის დაღწევა, რის შემდეგაც იგი გაიქცა. მას უკან დაედევნა გ--–- ქ------, რომელიც შორიდან კვლავ უყვიროდა, რომ მას მაინც მოკლავდა.

 

ბრალდებულმა გ--–- ქ------მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, მიუთითა, რომ მას ო----- ც------–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. გ--–- ქ------ს მხოლოდ დაზარალებულის შეშინება უნდოდა. მას სურდა, ო----- ც------–---–ი დაესაჯა იმისათვის, რომ მან მრავალწლიანი ოჯახი დაუნგრია. ბრალდებულისათვის ყველაზე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ო----- ც------–---–ი ხშირად ხვდებოდა მას ქალაქ კასპში და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. გ--–- ქ------ს არ სურდა ო----- ც------–---–ის დანახვა, ვინაიდან ყოველი მასთან შეხვედრა იწვევდა ბრალდებულის გაღიზიანებას. 2017 წლის 9 ნოემბერს, იგი მივიდა ქ. კასპში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, სადაც მუშაობდა ო----- ც------–---–ი. როდესაც იგი ოთახში შევიდა, დაინახა მძინარე ო----- ც------–---–ი, რომელსაც ხმაურზე გამოეღვიძა და საწოლიდან წამოხტა. გ--–- ქ------მ ო----- ც------–---–ს ტანსაცმლის საყელოზე მოკიდა ხელი, მეორე ხელით ჯიბიდან დანა ამოიღო და ცდილობდა მის შეშინებას. აღნიშნულის შემდეგ ო----- ც------–---–მა მას წინააღმდეგობა გაუწია, რაზეც გ--–- ქ------ გაღიზიანდა, რადგან იგი მისგან პირიქით ბოდიშის მოხდას ელოდებოდა. ბრალდებულს ეგონა, რომ ო----- ც------–---–ი მუხლებზე დაიჩოქებდა და პატიებას ითხოვდა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა. გ--–- ქ-----ის განმარტებით, ჭიდილის და ძიძგილაობის დროს, მისდა უნებურად, მისი მოქნეული დანა მოხვდა ო----- ც------–---–ს. როდესაც მან დაყვირა, „დაჭრილი ვარო“, გ--–- ქ------მ ხელი ჰკრა მას და კარისკენ გადააგდო. გ--–- ქ------მ დანას დახედა და დაინახა, რომ დანის წვერი სისხლით იყო დასვრილი. ამ დროს ო----- ც-----–---–ი გარეთ გავიდა და გაიქცა. გ--–- ქ------ მას უკან არ დადევნებია, იგი გამოვიდა საცხობიდან და საავადმყოფოს მიმართულებით წავიდა, რათა გაერკვია, როგორი იყო ო----- ც------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენში, სისხლის სამართლის №142აპ-13 საქმეზე, განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

2015 წლის 2 დეკემბრის #322აპ-15 გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ განზრახვის მიმართულების დასადგენად მნიშნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი დაზარალებულის სიკვდილის სახით. რაც შეეხება ქმედების მცდელობად მიჩნევას, მცდელობა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი (სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი). მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს (სხვა ადამიანის სიცოცხლეს) უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს და რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე. ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ასევე მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, ჭრილობების რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, დამნაშავის ქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ, აგრეთვე, დამნაშავისა და დაზარალებულის მოქმედება დანაშაულის ჩადენის წინ, მათი ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანების მიყენების მომენტში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების ხასიათი, დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობის სიმძიმე და ლოკალიზაცია უტყუარად ადასტურებს იმას, რომ გ--–- ქ------, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მოსალოდნელი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ო----- ც------–---–ის სიკვდილის დადგომას) უცილობლად ითვალისწინებდა. მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულის მეუღლეს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გამო გ--–- ქ------ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი. იგი ოჯახის დანგრევაში სწორედ დაზარალებულს ადანაშაულებდა. სასამართლოს აზრით დანის გამოყენების მომენტში გ--–- ქ------ ითვალისწინებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ო----- ც------–---–ის სიკვდილი და იმ მომენტში სურდა აღნიშნული შედეგის დადგომა (მიუხედავად იმისა, სურდა თუ არა იგივე მანამდე ან ქმედების ჩადენის შემდეგ). ბრალდებულმა რეალურად სასიკვდილოდ გაიმეტა ო----- ც------–---–ი, რადგანაც მას დანით ჭრილობა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ისეთ არეში, როგორიცაა გულმკერდის მარცხენა ნახევარი. ბრალდებულის მყარ განზრახვაზე, მოეკლა ო----- ც------–---–ი, მიუთითებს მისი ქცევის განსაკუთრებული აგრესიულობა, კერძოდ, მას შემდეგ რაც მან გულმკერდის მარცხენა ნახევარში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ო----- ც------–---–ს, კვლავ ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას. მისი განეიტრალება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად, ბრალდებული წაიქცა, ხოლო ო----- ც------–---–მა შეძლო გაქცევა. გაქცეულ დაზარალებულს გ--–- ქ------ უკან დაედევნა და კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, აშკარაა, რომ გ--–- ქ------ განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა, რომ არა თავად დაზარალებულის აქტიური ქმედება, რომელმაც ჯერ ხელის დაჭერით სცადა მისი შეჩერება, შემდეგ ხელი კრა მას, წააქცია და ამ გზით შეაჩერა თავდამსხმელი. მოცემულ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგი არ დადგა სწორედ დაზარალებულის აქტიური წინააღმდეგობრივი ქმედების გამო და მოგვიანებით, მისთვის დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად. მიყენებული დაზიანების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებული მსხვერპლის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიყენება (მძინარე ადამიანისათვის გულმკერდის მარცხენა ნახევარში დანით ჭრილობის მიყენება) მოკვლის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. გ--–- ქ-----ის მოქმედება იყო ო----- ც------–---–ის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, თუმცა შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ ბრალდებულის განზრახვა მოიცავდა, ვერ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამდენად, გ--–- ქ-----ის ქცევა მიუთითებს განზრახ მკვლელობის მცდელობის ყველა სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტის არსებობაზე, რაც აუცილებელია 19, 108-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–- ქ-----ის მიერ ო----- ც------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, გარდა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებისა, უტყუარად დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ლ--- ც------–---–ის, გ--–--ა ც------–---–ის, მა--------------------------------------–--------------------------------–--–--–-------------------–---–---–-- დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, დაზარალებულ ო----- ც------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, გ--–- ქ-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, გ--–- ქ-----ის დაკავების, პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - დანით, სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, კრიმინალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ--–- ქ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. შესაბამისად, სწორედ გ--–- ქ------მ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--–- ქ------მ ჩაიდინა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--–- ქ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს წარდგენილი ბრალდების ნაწილობრივ აღიარებას, დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

გ--–- ქ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიგს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალ უფლებას. სიცოცხლე, ადამიანურ ღირებულებებს შორის, ერთადერთი განუმეორებელი და შეუფასებელი ღირებულებაა, ამდენად, მისი განზრახ მოსპობის მცდელობის შემთხვევაში, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, დამნაშავის მიმართ უნდა შერჩეულ იქნეს ადეკვატური სასჯელი. ამასთან, სამართლიანობის კონტექსტში, ყოველთვის დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტური პრინციპი.

 

სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს. გ--–- ქ------ არის 52 წლის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, ჰყავს სამი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი შვილი. მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ქალაქ კასპში იგი სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გამოხატა გულწრფელი სინანული მომხდარი ფაქტის გამო და ითხოვა სასამართლომ გაითვალისწინოს, თუ რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა ოჯახის ახლობელთან მეუღლის ღალატის შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, გ--–- ქ------ს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან ბოლომდე გაიაზროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა", ”გ” და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განხორციელდეს გ--–- ქ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს; გ--–- ქ-----ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ--–- ქ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ო----- ც------–---–ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ო----- ც------–---–ს; სისხლის, ხელის ანაბეჭდების, ხელის ანაწმენდების ნიმუშები და სისხლისმაგვარი ლაქები უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--–- ქ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ გ--–- ქ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 ნოემბრის 18:45 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ გ--–- ქ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· განხორციელდეს გ--–- ქ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

· გ--–- ქ-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ--–- ქ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

· ო----- ც------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ო----- ც------–---–ს;

 

· სისხლის, ხელის ანაბეჭდების, ხელის ანაწმენდების ნიმუშები და სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე