გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
120210018002333241
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/190-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

მოსარჩელე - შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენელი - მ--–--------------ე

მოპასუხე - შპს ,,ფ----–ე“

წარმომადგენელი - გ-----------–---–ი

დავის საგანი - საურავის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,ფ----–ეს" შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს საურავის 8700 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „ფ----–ეს“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას (შემდგომში – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) შორის 2017 წლის 02 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №15/3-465 ხელშეკრულება, რომლის თანახმად „მიმწოდებელი“ ვალდებულებას იღებდა 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №2 სამმართველოსთვის (ახალციხე) საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, სამმართველოსა და მისი დაქვემდებარებული სექტორებისთვის ეტაპობრივად მიეწოდებინა 1500 მეტრ კუბი საწვავი შეშა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 87 000 (ოთხმოცდაშვიდიათასი) ლარს.

 

ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელს საწვავი შეშა უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 2017 წლის 13 ოქტომბერს N2474611 წერილით შპს "ფ----–ეს" მიეცა გონივრული ვადა 3-4 დღე, რომ მას პირველი ეტაპისთვის N5 (ნიალა), N7 (სულდა) და N8 (კატნატუ) სასაზღვრო სექტორებზე 2017 წლის 16-17 ოქტომბრამდე მიეწოდებინა მინიმუმ 8-10 მეტრ კუბი საწვავი შეშა. კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა. 2 თვის განმავლობაში შპს "ფ----–ეს" მიერ მოწოდებული იქნა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსაწოდებელი შეშის 0,8 %. შპს "ფ----–ე"-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ოქტომბრის (სხდომის ოქმი N6) გადაწყვეტილებით, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან კომპანიასთან შეწყდა N15/3-465 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,2 % ოდენობით. თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% და იგი ვერ განახორცილებს მომსახურების სრულად მოწოდებას, და/ან არ გამოასწორებს ნაკლს, მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დამატებით დაჯარიმდება, ხელშეკრულების საერთო თანხის 10 %-ის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ფ----–ეს" დაეკისრა საურავი ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით - 8700 ლარი, აღნიშნულის შესახებ ეცნობა წერილობით, თუმცა დაკისრებული საურავი დღემდე არ გადაუხდია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ფ----–ემ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და შსს–ს ასპინძის სამმართველოს მიერ უსაფუძვლოდ განხორციელებული ხელშეშლის გამო, ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ: მოქმედი სატენდერო-კორუფციული სქემის შესაბამისად, ასპინძის პოლიციამ, არარსებული და გამოგონილი მიზეზით ჩამოართვეს მათ საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანა, რითიც ახორციელებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს და შეშით ამარაგებდნენ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტებს. მანქანის ჩამორთმევისთანავე დაიწყეს გამოძიება და ედავებოდნენ ზედნადებების არ ქონას, თუმცა დადასტურდა, რომ დოკუმენტი არსებობდა ელექტრონულად და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ასპინძის პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის სააქმე შეწყვეტილი არ არის, თუმცა გამოძიების დაწყებიდან დღემდე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანა დგას შსს–ს ავტოსადგომზე და მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა არ უბრუნებენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 02 აგვისტოს შპს „ფ----–ეს“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №15/3-465 ხელშეკრულება სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი N1 შესაბამისად, რომლის თანახმად შპს „ფ----–ე“ ვალდებულებას იღებდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №2 სამმართველოსთვის (ახალციხე) საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, სამმართველოსა და მისი დაქვემდებარებული სექტორებისთვის მიეწოდებინა 1500 მეტრ კუბი საწვავი შეშა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 87 000 (ოთხმოცდაშვიდიათასი) ლარს. ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელს საწვავი შეშა უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-465 ხელშეკრულება, დანართი (ს.ფ.18-23);

 

3.1.2. 2017 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-465 ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,2%–ის ოდენობით. თუ კი პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% და იგი ვერ განახორციელებს მომსახურების სრულად მოწოდებას, და/ან არ გამოასწორებს ნაკლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დამატებით დაჯარიმდება, ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით. ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-465 ხელშეკრულება (ს.ფ.18-22);

 

3.1.3. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ფ----–ეს" 2017 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით შემსყიდველისათვის მიწოდებული ჰქონდა მხოლოდ 12 მ3 შეშა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი შეშის ოდენობის მხოლოდ 0,8 %-ს შეადგენს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 12 ოქტომბრის სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს უფროსის MIA 9 17 02465540 მიმართვა (ს.ფ. 29-30);

- მხარეთა ახსნა -განმარტებანი (იხ.სხდომის ოქმი 17.05.2018წ.)

 

3.1.4. 2017 წლის 13 ოქტომბერს N2474611 წერილით შპს "ფ----–ეს" ეთხოვა დროულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და პირველი ეტაპისათვის N5 სასაზღვრო სექტორს (ნიალა), N6 სასაზღვრო სექტორს (კარწახი), N7 სასაზღვრო სექტორს (სულდა) და N8 სასაზღვრო სექტორს (კატნატუ) 2017 წლის 16-17 ოქტომბრამდე თითოეულს მიაწოდოს მინიმუმ 8-10 მ3 საწვავი შეშა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტებანი (იხ.სხდომის ოქმი 17.05.2018წ);

- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 13 ოქტომბრის N2174611 წერილი (ს.ფ.27);

 

3.1.5. აღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით შპს ,,ფ----–ეს" სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოსათვის გამოყოფილ სოციალური ჭრის ტყეკაფებში საშეშე მერქანი არ დაუმზადებია, შესაბამისად სასაზღვრო სექტორების შეშით მომარაგება ვერ განხორციელდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 16, 17 და 18 ოქტომბრის მიმართვები (ს.ფ. 33-35);

- მხარეთა ახსნა -განმარტებანი (იხ.სხდომის ოქმი 17.05.2018წ.);

 

3.1.6. შპს "ფ----–ეს" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სატენდერო კომისიის N6 სხდომის ოქმის საფუძველზე 2017 წლის 18 ოქტომბრიდან შპს "ფ----–ესთან" შეწყდა N15/3-465 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება და შპს ,,ფ----–ეს" დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, ანუ 8700 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 18 ოქტომბრის N2520360 წერილი (ს.ფ.26);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (იხ.სხდომის ოქმი 17.05.2018წ)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 02 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 15/3-465 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის შედეგადაც მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და შპს ,,ფ----–ეს“-ს შორის 2017 წლის 02 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-465 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობით.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოპასუხე შპს ,,ფ----–ემ" წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო იმით რომ მას არარსებული და გამოგონილი მიზეზით ჩამოართვეს მის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანა, რითიც ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს და შეშით ამარაგებდა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცება, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ანდა თვით მოსარჩელის ბრალეულობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ამ გარემოებას ეფუძნება მისი შესაგებელი.

 

სასამართლო განმარტავს რომ, მოპასუხის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა და მან მხოლოდ ზეპირი განმარტება დაუპირისპირა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რაც მისი მტკიცების ტვირთია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 629-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში შპს „ფ----–ესა“ და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 02 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-465 ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 02 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №15/3-465 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის შედეგადაც მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 02 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ანაზღაურება. კერძოდ, ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,2%–ის ოდენობით. თუ კი პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% და იგი ვერ განახორციელებს მომსახურების სრულად მოწოდებას, და/ან არ გამოასწორებს ნაკლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დამატებით დაჯარიმდება, ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით. ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დაადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 87 000 ლარით. შპს „ფ----–ეს“ მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს ხელშეკრულების საერთო თანხის 10 %-ს - 8700 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 87 000 ლარის 10%, 8700 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1-ე მუხლით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად 8700 ლარის ფარგლებში, რომლის 3% 261 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,ფ----–ეს“ (ს/ნ 4--------) შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ (ს/ნ 2--------) დაეკისროს 8700 ლარის გადახდა;

 

3. შპს ,,ფ----–ეს“ (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 261 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა