გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.02.2018
საქმის ნომერი
010310117001997770
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310117001997770

№3-521/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - მი--------------ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - ზურ-----–--აძე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. მი--------------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიის და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისი დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №174 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე, ქ. ბათუმის მერის 2017 წლის 5 ივნისის №02/137 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

მი--------------ემ ქ. ბათუმში, გან------ის დასახლებაში თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ააშენა მცირე ზომის ხის საცხოვრებელი სახლი. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიიჩნია, რომ მშენებლობა უკანონოდ იყო განხორციელებული და 2017 წლის 22 აპრილს მიიღო დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის გამო მისი დაჯარიმებისა და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე.

მოსარჩელემ ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება კანონით დადგენილი წესის თანახმად გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქ. ბათუმის მერიაში, მაგრამ მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის ბრძანებით უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.

 

ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 აპრილის დადგენილების სამართლებრივ არგუმენტად მითითებულია საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გასაჩივრებული აქტები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ისინი უნდა გაუქმდეს, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების შესაბამისად, ხის სახლის მშენებლობა მიეკუთვნება 1-ლი კლასის მშენებლობას და ეს ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში არ შედის. დადგენილების 66-ე მუხლის თანახმად, 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე. მი--------------ემ განახორციელა ხის სახლის მშენებლობა, რომლის ზომები აკმაყოფილებს 1-ლი კლასის მშენებლობისთვის დაწესებულ ნორმებს.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რითაც დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ დაკისრებული ჯარიმა მი--------------ის ოჯახს ძალიან დიდ მტერიალურ ზიანს აყენებს.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მი--------------ეს წარმოებულ მშენებლობაზე არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა, ასევე არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დაგეგმილი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 652-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც 1-ელ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მი--------------ის მიერ ქ. ბათუმში, გან------ის დასახლებაში აშენებული იქნა მცირე ზომის ხის საცხოვრებელი სახლი, რაც ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №15 დადგენილებას, ვინაიდან ხის საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმის ყველა ზონის ტეროტორიისათვის მიჩნეულია აკრძალულად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ 2017 წლის 22 მარტის №174 დადგენილებისა და 2017 წლის 5 ივნისის ქალაქ ბათუმის მერის №02/137 ბრძანების გამოცემისას, ადგილი არ ჰქონია კანონის არანაირ დარღვევას, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული 2017 წლის 20 იანვრის №16 მითითების და ფოტომასალის საფუძველზე დადგენილია, რომ მი--------------ემ ქ. ბათუმში, გან------ის დასახლებაში განახორციელა ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №16 მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2017 წლის 20 იანვრის №16 მითითებით მი--------------ეს დაევალა, დაუყონებლივ მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი. მითითება იმავე დღეს გაიკრა სამშენებლო ობიექტზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №16 მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მი--------------ის მიერ 2017 წლის 20 იანვრის №16 მითითების პირობების შესრულება და 2017 წლის 13 თებერვლის შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითების პირობები შესრულებული არ იყო, მი--------------ეს არ მოუხდენია ობიექტის დემონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 22 მარტს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მი--------------ის მიმართ გამოსცა №73 დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მი--------------ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 3000 ლარის ოდენობით და დაევალა, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №73 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. მი--------------ის მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №73 დადგენილება 2017 წლის 5 აპრილს გასაჩივრებულ იქნა, ქ. ბათუმის მერიაში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №02/137 ბრძანებით, მი--------------ის 2017 წლის 5 აპრილის №11265/25 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №02/137 ბრძანება.

 

3.1.6. მი--------------ემ 2017 წლის 5 ივლისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიის და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისი დაჯარიმებისა და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №73 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე, ქ. ბათუმის მერის 2017 წლის 5 აპრილის №11265/25 ბრძანების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მი--------------ის სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემეობები, რაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონეა, საქმეზე არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მი--------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

 

შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

6.2. სასამართლოს მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული 2017 წლის 20 იანვრის №16 მითითების და ფოტომასალის საფუძველზე დადგენილია, რომ მი--------------ემ ქ. ბათუმში, გან------ის დასახლებაში განახორციელა ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რასაც ადასტურებს მოსარჩელეც.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ მი--------------ემ აღნიშნული მშენებლობა სათანადო ნებართვის გარეშე აწარმოა.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მი--------------ეს საცხოვრებელი სახლის განზრახული მშენებლობის შესახებ, მშენებლობის დაწყებამდე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის არ უცნობებია და არც მშენებლობის ნებართვა მოუთხოვია.

ასევე, დადგენილია და უდავო, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მი--------------ემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა, მის საკუთრებაში არ ირიცხება.

 

6.3. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 20 იანვარს გამოვლენილი იქნა, მი--------------ის მიერ მშენებლობის წარმოების ფაქტი. მოსარჩელის მიმართ იმავე დღეს გაიცა №16 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

№16 მითითებით მი--------------ეს დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დაუყონებლივი დემონტაჟი.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მი--------------ის მიერ 2017 წლის 20 იანვრის №16 მითითების პირობების შესრულება და 2017 წლის 13 თებერვალს შემოწმების აქტით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მითითების პირობები შესრულებული არ იყო, მი--------------ეს ობიექტის დემონტაჟი არ ჰქონდა განხორციელებული.

 

6.4. `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს, ახალი მშენებლობა, ხოლო შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩა №69-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად გობაძის მიერ განხორციელებული, ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წარმოადგენს `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის ა) პუნქტით გათვალისწინებულ ახალ მშენებლობას.

ამავე დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ახალ მშენებლობა საჭიროებს, მშენებლობის ნებართვას.

 

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მი--------------ეს ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ნებართვა არ გააჩნდა, რასაც თვით მოსარჩელეც ადასტურებს, ხოლო ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითები განსაზღვრული პირობები მი--------------ის მიერ შესრულებული არ იყო, კერძოდ, მას არათუ დაუყონებლივ, არამედ საერთოდ არ მოუხდენია ობიექტის დემონტაჟი.

2017 წლის 22 მარტს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მი--------------ის მიმართ გამოიცა №174 დადგენილება, ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მი--------------ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა, ფულადი ჯარიმა, 3000 ლარის ოდენობით და დაევლა, უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

 

6.5. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, რაც ზვიად გობაძეს არ გააჩნდა.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო მი--------------ე დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა, მის მიერ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

 

6.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო განცხადებაში მოყვნილ იმ გარემოებას, რადგანაც მი--------------ის მიერ აშენებული ხის საცხოვრებელი სახლი 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიეკუთვნება და №57 დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად, ის არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის აღებას, რომ ზედამხედველობის სამსახურს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, მიეღო 2017 წლის 22 მარტის №174 დადგენილება, 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებისა და მშენებლობის დემონტაჟის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების 66-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ასეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

სასამართლოს მიერ დადგენილია და მოსარჩელე მი--------------ე თავად ადასტურებს, რომ მას საცხოვრებელი სახლის განზრახული მშენებლობის შესახებ, მშენებლობის დაწყებამდე, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ უცნობებია და არც მშენებლობის ნებართვა მოუთხოვია.

სასამართლო მიუთითებს `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

6.7. სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-22 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც 1-ელ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია.

აღნიშნულის შესაბამისად, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, 2013 წლის 29 მარტის №15 დადგენილებით განისაზღვრა ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.

ამ დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, ქ. ბათუმის ტერიტორია დაიყო ფუნქციურ ზონებად, ხოლო მე-7 მუხლით განისაზღვრა, უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი, ყოველ კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში, ანუ იმ უძრავი ქონების (ობიექტების) სახეობები, რომლებიც დაუშვებელია ყველა ზონის ტერიტორიისათვის.

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №15 დადგენილების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთ დაუშვებელ (აკრძალულ) სახეობად განისაზღვრა - ხის საცხოვრებელი სახლები, მათ შორის კომბინირებული (ხის და სხვა სამშენებლო მასალის ერთობლიობა) საცხოვრებელი სახლები.

№15 დადგენილების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი ვრცელდება როგორც ახალ მშენებლობაზე, ისე არსებულის რეკონსტრუქციაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მი--------------ის მიერ ქ. ბათუმში, გან------ის დასახლებაში აშენებულ იქნა მცირე ზომის ხისნაგებობა, რაც ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №15 დადგენილებას, ვინაიდან ხის საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმის ყველა ზონის ტერიტორიისათვის მიჩნეულია აკრძალულად, თანახმად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-21 პუნქტისა.

ამდენად, მი--------------ის მიერ განხორციელებული მშენებლობა, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება თუ არა 1-ელ კლასს, მის მშენებლობასთან დაკავშირებით `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევა ფაქტები ქმნის იმ სამართლებრივ საფუძველს, რომ ის უნებართვო მშენებლობად ჩაითვალოს.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი სამშენებლო ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მი--------------ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №174 დადგენილება, და „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №174 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მი--------------ის 2017 წლის 5 აპრილის №11265/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №02/137 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი მი--------------ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი, მი--------------ისთვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ განსაზღვრული წესის საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით მისთვის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №174 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მი--------------ის 3000 ლარით დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალდებულების შესახებ, გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მი--------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №11265/25 ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის არანაირ დარღვევას, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და სახეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის არცერთი გარემოება, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისათვის.

 

ამდენად, ასევე დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასარჩელო მოთხოვნა, მი--------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №11265/25 ბრძანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მი--------------ის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე