გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
240210017001800402
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017001800402

(2/92-2017 წ)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

30.05.2018 წელი ქ. სენაკი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - გუ------ა ჩვ-----ა

წარმომადგენელი - ირ--- დგ------ე

 

მოპასუხე- გ--–- კი-–------ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტა მთავარ სხდომაზე)

 

1.1. მოსარჩელე გუ------ა ჩვ-----ას სასარგებლოდ, მოპასუხე გ--–- კი-–------ასათვის 1000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს 2014 წლის 26 ივლისს მოპასუხეს ასესხა 1000 აშშ დოლარი ყოველთვიური სარგებლის მიღებით. ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია, ითხოვს მხოლოდ ძირითად თანხას 1000 აშშ დოლარს, პროცენტის გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

დაადასტურა გუ------ა ჩვ-----ასაგან სესხად 1 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ მას აღნიშნული თანხა გადახდილი აქვს პროცენტის სახით. მთლიანობაში მის მიერ გადახდილია 3 600 ლარი, რაც აღემატება ძირითად თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ გუ------ა ჩვ-----ამ 2014 წლის 26 ივლისს მოპასუხე გ--–- კი-–------ას ასესხა 1000 აშშ დოლარი სარგებლის -ყოველთვიურად 200 ლარის მიღებით.

 

3.2.2.მხარეები ასევე არ დავობენ იმაზეც, რომ გ--–- კი-–------ა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუ------ა ჩვ-----ას უხდიდა სარგებელს (პროცენტს).

 

სასამართლო ეყრდნობა მხარეთა განმარტებებს ასევე, ხელწერილს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ძირითადი თანხა - 1000 აშშ დოლარი დღეის მდგომარეობით გ--–- კი-–------ას მიერ მოსარჩელისთვის გადაუხდელია, შესაბამისად, ვალდებულება შეუსრულებელია.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება მოპასუხისათვის სესხად 1000 აშშ დოლარის, სარგებლის ყოველთვიურად 200 ლარის გადახდის პირობით, გადაცემის ფაქტი, რაც მოპასუხესაც არ უარუყვია. მოპასუხე ასევე არ უარყოფს, რომ ძირითადი თანხა -1000 აშშ დოლარი, მას მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ პროცენტის სახით მის მიერ გადახდილი თანხა აღემატება ძირითად ვალს და ამიტომ ძირითადი თანხა გადახდილად უნდა ჩაეთვალოს, სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სწორედ იმ პირობით, რომ ძირითადი თანხის დაბრუნებამდე მოპასუხე მოსარჩელეს გადაუხდიდა ყოველთვიურად პროცენტს, ხოლო ძირითადი თანხის დაბრუნების ვადაზე არ შეთანხმებულან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა არის სარგებლის თანხა, ხოლო ძირითადი თანხა 1000 აშშ დოლარი, დღემდე გადაუხდელია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 394-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ოღონდ არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს. შესაძლებელია მხარეებმა ზუსტად ვერ განსაზღვრონ თუ რა სახის ხელშეკრულება დადეს, უბრალოდ შეთანხმდნენ პირობებზე, ხოლო ხელშეკრულების სახის განსაზღვრა ანუ კვალიფიკაცია სასამართლოს პრეროგატივაა. სასამართლო კი ხელშეკრულებაში ასახული მხარეთა მიერ შეთანხმებული არსებითი პირობების საფუძველზე ანიჭებს კვალიფიკაციას.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნების განმარტებით მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს სესხის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ვინაიდან სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფულის ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული სხვა ნივთის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემა მსესხებლის მიერ იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის დაბრუნების პირობით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ასეთი შეთანხმება.

 

დადგენილია, რომ გუ------ა ჩვ-----ამ გ--–- კი-–------ას სესხად, გადასცა 1000 აშშ დოლარი, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნებისა და ყოველთვიურად 200 ლარის სარგებლის გადახდის პირობით, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილია, რომ ძირითადი თანხა - 1000 აშშ დოლარი დღეის მდგომარეობით გ--–- კი-–------ას მიერ მოსარჩელისთვის გადაუხდელია, შესაბამისად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია მოპასუხე მხარემ, კერძოდ, თანხისა და პროცენტის ანაზღაურების კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას გაცემის ვალდებულება, რაც სარჩელის უპირობოდ, დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-109.50 ლარი. ვინაიდან მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გუ------ა ჩვ-----ას სარჩელი მოპასუხე გ--–- კი-–------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე გ--–- კი-–------ას (პ/ნ 6----------) გუ------ა ჩვ-----ას (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე გ--–- კი-–------ას გუ------ა ჩვ-----ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 109.50 (ასცხრა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია