გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-138-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- კ------–--ე
მოსარჩელე - გ------ი ხ----------–---–ი,მოპასუხე: (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო,წარმომადგენელი - თ------ ლ---------–---–ი,დაინტერესებული პირი - შ----- ბ-–--–---–ი,დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 18 მაისს გაცემული №00---- შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობას. მოსარჩელის მითითებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის განჩინებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 2018 წლის 18 მაისს მიაკითხა არასრულწლოვან შვილს ქ------- ბ-–--–---–ს ნახვის მიზნით დედის საცხოვრებელ სახლში. შვილის დაბადების დღის აღნიშვნა გადაწყვიტა თავის დისშვილებთან ერთად გასართობ ცენტრში წაყვანით. ქ-------ის ბებიისაგან მიიღო ნებართვა, რომ ბავშვი 14 საათის ნაცვლად სახლში მიეყვანა 15 საათზე. იმის გამო, რომ ბავშვის გასართობ მოედნიდან, პარკიდან გამოყვანა ვერ შეძლო, ბავშვი ვერ დააბრუნა სახლში 15 საათისათვის, რა დროსაც დაურეკა შვილის ბებიამ, უსაყვედურა, თუ რატომ ვერ მიიყვანა ბავშვი დათქმულ დროს სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ზარის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში შვილი დააბრუნა სახლში. ეზოში შესვლისას სახლიდან გამოიქცა ქ-------ის ბიძა, რომელიც მოსარჩელე მხარეს აგინებდა, აყენებდა შეურაცხყოფას და უყვიროდა, რომ პატრული ჰყავდა გამოძახებული, რომელიც რამდენიმე წუთში მართლაც მივიდა და შეადგინა შემაკავებელი ორდერი, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს მოსარჩელე მხარე ფსიქოლოგიურად ძალადობდა ბავშვის ბიძაზე შ----- ბ-–--–---–ზე და აეკრძალა მასთან მიახლოება 1 თვის ვადით.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ თ------ ლ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას შესრულებისას 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე და ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მხარეებს ერთმანეთში ჰქონდათ ხმამაღალი საუბარი, ბავშვის მიყვანა არ მიყვანის საკითხზე.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია
დაინტერესებული პირი მოსარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა, მისი მითითებით, შემაკავებელი ორდერი შეიძლება გამოიწეროს ყველა იმ პირზე და იმ პირის მიმართ ვინც იჩენს გარკვეულ აგრესიას კონკრეტული პირის მიმართ, არა აქვს მნიშვნელობა აგრესიას ოჯახის წევრის მიმართ გამოიჩენს თუ სხვა პირის მიმართ. ამასთან მოსარჩელის მხრიდან ადრეც ჰქონდა ადგილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, რის გამოც კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თ------ ლ---------–---–ის მიერ 2018 წლის 18 მაისს გამოცემული იქნა №00---- შემაკავებელი ორდერი გ------ი ხ-----------–---–ის მიმართ, მსხვერპლი - შ----- ბ-–--–---–ი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ თ------ ლ---------–---–ის მიერ 2018 წლის 18 მაისს გაცემულ №00---- შემაკავებელი ორდერი. (ს. ფ. 49)
3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის №2-504-16 განჩინებით გ------ი ხ----------–---–სა და ნ--- ბ-–--–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობით: არასრულწლოვან შვილთან - 2015 წლის 18 მაისს დაბადებულ ქ------- ბ-–--–---–თან ურთიერთობისათვის გ------ი ხ----------–---–ს განესაზღვრა შემდეგი გრაფიკი: ყოველი კვირის სამშაბათს და პარასკევს დილის 12:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე ბავშვი გაატარებს მამასთან. ასევე მამასთან იქნება ბავშვი ყოველი კვირის შაბათ დღეს დილის 11:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინება. (ს. ფ. 66)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------ი ხ----------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი წარმოდგენილია მითითებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, კერძოდ, მსხვერპლად დასახელებული პირის შ----- ბ-–--–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა დაინიშნა კანონით გათვალისწინებულ 3 დღიან ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
განსახილველ შემთხვევაში შ----- ბ-–--–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით მიემართა სახელმწიფო ორგანოსათვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით და მის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით განმარტებულია ოჯახის წევრის არსი, რომლის თანახმადაც – ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრია- დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; ამავე ნორმის ,,თ" ქვეპუნქტით მოძალადე განმარტებულია როგორც – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თ------ ლ---------–---–ის მიერ 2018 წლის 18 მაისს გამოცემული იქნა №00---- შემაკავებელი ორდერი გ------ი ხ-----------–---–ის მიმართ, მსხვერპლი - შ----- ბ-–--–---–ი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან გამომდინარე, მსხვერპლად და მოძალადედ დასახელებული პირები არ წარმოადგენენ ოჯახის წევრებს. თავად შ----- ბ-–--–---–ის განმარტებიდან გამომდინარე, გ------ი ხ----------–---–ს და ნ--- ბ-–--–---–ს ათი თვე ერთად არ უცხოვრიათ. გარდა იმისა, რომ ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებით ამჟამად ერთად არ ცხოვრობენ არც ადრე უცხოვრიათ არარეგისტრირებული ქორწინებით. შესაბამისად სახეზე არ არის ოჯახის წევრის განმარტებიდან გამომდინარე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი. ასევე დაუდგენელია გ------ი ხ----------–---–ის მოძალადედ მიჩნევის კანონით, კერძოდ კი ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ და პირიქით, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.
მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დგინდება, რომ გ------ი ხ----------–---–ი არის დაინტერესებული პირის დის შვილის მამა, გ------ი ხ----------–---–ი და ნ--- ბ-–--–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებით ერთად არ ცხოვრობენ და არც ადრე უცხოვრიათ, რის გამოც კანონის დანაწესიდან გამომდინარე არ წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, ამასთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული გარემოებები, რაც გახდებოდა საფუძველი შემაკავებელი ორდერის გაცემისა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გარკვეულწილად არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ - სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განპირობებულია მხარეთა შორის ბავშვთან ურთიერთობის დაკავშირებით არსებულ დავასთან, დასახელებული გარემოება კი უპირობოდ არ იძლევა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების სამართლებრივ საფუძველს, რადგან ამგვარი დამოკიდებულება იმთავითვე ძალადობას არ ნიშნავს და ასეთ დროს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის კონფლიქტი წარმოშვა მოსარჩელის მიერ მისთვის კანონით და სასამართლოს გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების რეალიზებამ ენახა თავის შვილი 2015 წლის 18 მაისს დაბადებული ქ------- ბ-–--–---–ი; ბავშვის ბებია და მოსარჩელე შეთანხმდნენ ბავშვთან ურთიერთობის კონკრეტულ დროზე ბავშვის მამასთან 15 საათამდე ყოფნის შესახებ. დადგენილია, რომ 18 მაისს არის ქ------- ბ-–--–---–ის დაბადების დღე და მოსარჩელისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვის ნახვის დღე - პარასკევი. იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეს ქ------- ბ-–--–---–თან ურთიერთობისათვის განსაზღვრული ჰქონდა 12-14 საათამდე პერიოდი, რომლმაც ბავშვის ბებიის და მოსარჩელის სიტყვიერი შეთანხმებით 15 საათამდე გადაიწია, ხოლო 15:20 საათზე უკვე დაინტერესებული პირის მიერ გამოძახებულია საპატრულო პოლიცია იმ დროს როდესაც ჯერ მოსარჩელე მისულიც კი არ არის შ----- ბ-–--–---–ის საცხოვრებელ ადგილთან სასამართლო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ხდება მშობლისა და შვილის ურთიერთობებში ჩარევა, რაც სასამართლოს მოსაზრებით ვნებს ბავშვის ინტერესს ურთიერთობა იქონიოს მამასთან.
გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლით, რომელიც საქართველოში 1994 წელს შევიდა ძალაში, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძოდაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამომცემ პირს საერთოდ არ შეუფასებია მხარეთა შორის კონფლიქტის წარმოშობის საკითხი, კერძოდ ბავშვის დაგვიანებით მიყვანით, ხომ არ შეილახა ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის №12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში.
როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა ბავშვს, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა ან საკუთარი თავის წარმოდგენა ისე, როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებს. სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, მათ შორის უზრუნველყონ წარმომადგენლობა შესაბამის შემთხვევებში, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის; იგივე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ მოსაზრების გამოხატვის უნარი ან ნება.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს შ----- ბ-–--–---–ის შემაკავებელი ორდერის გაცემისას მიცემულ წერილობით ახნა-განმარტების და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე სადაც 2018 წლის 18 მაისს აღნიშნავს, რომ მის საცხოვრებელ მისამართზე მივიდა მისი ყოფილი სიძე გ------ი ხ----------–---–ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ტელეფონზე საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ ბავშვის 15 საათზე დაუბრუნებლობისას ბავშვის ბებიის ტელეფონიდან განხორციელდა ზარი მოსარჩელის ტელეფონზე, შესაბამისად შ----- ბ-–--–---–მა ვერ ახსნა თუ როგორ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსარჩელემ. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ შ----- ბ-–--–---–ი 2018 წლის 18 მაისის წერილობით ახნა-განმარტებაში მიუთითებს მოსარჩელის მიერ ბავშვის დაგვიანებით მიყვანისათვის 112-ზე დარეკვის შესახებ და ასევე აღნიშნულის გამო მოსარჩელის პასუხისმგებლობის თაობაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ შ----- ბ-–--–---–ი მიმართ ადგილი აქვს რაიმე ფორმით ძალადობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში გ------ი ხ----------–---–ის მხრიდან შ----- ბ-–--–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტის უტყუარი დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის მოთხვონის დაკმაყოფილებისას სახეწლმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ------ი ხ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თ------ ლ---------–---–ის მიერ 2018 წლის 18 მაისს გაცემული №00---- შემაკავებელი ორდერი ბათილად იქნეს ცნობილი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6).
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი