გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210116001592136
N2/2692-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.05.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს „არდი დაზღვევა“;
წარმომადგენელი - თ------ნ ბი–---;
მოპასუხე –მე---- ბრ----ე;
წარმომადგენელი - ნ--- არ----ე;
მოპასუხე –ნე-----რ გა----ი;
წარმომადგენელი - სა------- ჯი--–--ე;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხებს მე---- ბრ----ეს და ნე-----რ გა----ს სს „არდი დაზღვევას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15073.65 ლარის ოდენობით.
1.2. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებად მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: 2015 წლის 01 იანვარს შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფს“ და სს „თიბისი ლიზინგს“ შორის გაფორმდა დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 06 სექტემბერს გაიცა ტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M----------------. აღნიშნული პოლისით დააზღვიეს სს „თიბისი ლიზინგის“ სარგებლობაში მყოფი ავტომანქანა TOYOTA, სახელმწიფო ნომრით AB-025-BA. 2015 წლის 01 ოქტომბერს მესტიაში კახიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. საპატრულო პოლიციის მიერ დამრღვევ პირად მიჩნეული იქნა მე---- ბრ----ე, რომელიც მართავდა DAF–ის მარკის სატვირთო ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით MBM–735. იმავე წლის 10 ოქტომბერს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სადაზღვევო კომპანიას მიმართა სს „თიბისი ლიზინგის“ ექსკლუზიურმა ბროკერმა შპს „მაი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა. ზარალების რეგულირების დეპარტამენტმა შეაფასა ზიანი, ხოლო შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ შეადგინა ინვოისი, რომელსაც გამოაკლდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობო ფრანშიზის თანხა 793.35 ლარი. შესაბამისად, ზიანის ოდენობამ შეადგინა 15073.65 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე მე---- ბრ----ემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მისი განმარტებით, ავტომანქანა რომლითაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ნე-----რ გა----ისაგან იჯარით აქვს აღებული და ამ გზით არჩენს ოჯახს. მიაჩნია, რომ მიყენებული ზიანი შეადგენს 500 ლარს, რომლის გადახდაზეც თანხმობას აცხადებს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2.2. ნე-----რ გა----მა არც შესაგებელით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, 2016 წლის 25 იანვარს მე---- ბრ----ესთან გააფორმა იჯარის ხელშეკრულება, რომლის 2.2.3 და 4.3 მუხლებით, საიჯარო ქონების ექპლოატაციის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხიმგებლობა ეკისრებოდა მოიჯარეს. ამდენად, ზიანის ანაზღაურება მას არ უნდა დაეკისროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 იანვარს ნე-----რ გა----ს და მე---- ბრ----ეს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სატვირთო ავტომანქანის მესაკუთრემ, იგივე მეიჯარემ ნე-----რ გა----მა, მოიჯარეს მე---- ბრ----ეს დროებით სარგებლობასა და მფლობელობაში გადასცა ავტომანაქანა DAF–85 CF, სახელმწიფო ნომრით MBM–735. ხელშეკრულების 2.2.3. და 4.3. მუხლით მოიჯარე ვალდებული იყო აენაზღაურებინა სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანი, ხელშეკრულება მოქმედებდა 2016 წლის 30 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საიჯარო ხელშეკრულება (ს.ფ. 130–131);
– ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ.ს.ფ. 43);
3.2.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 1 იანვარს სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფს და სს „თიბისი ლიზინგს“ შორის გაფორმდა დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 06 სექტემბერს გაიცა ტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M----------------. აღნიშნული პოლისით დაზღვეული იქნა სს „თიბისი ლიზინგის“ სარგებლობაში მყოფი ავტომანქანა TOYOTA, სახელმწიფო ნომრით AB-025-BA.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 18–24);
– ტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M---------------- (იხ.ს.ფ.25);
3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს ავტომანაქანა DAF–85 CF, სახელმწიფო ნომრით MBM–735 მესტიაში კახიანის ქუჩაზე დაგორდა და დააზიანა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის სს „თიბისი ლიზინგის“ კუთვნილი ავტომანქანა TOYOTA, სახელმწიფო ნომრით AB-025-BA. შსს მესტიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით Nბა 000040727, დამრღვევ პირად მიჩნეული იქნა მე---- ბრ----ე და იგი დაჯარიმდა 150 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მეათე ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 26);
– გამოკითხვის ოქმი (იხ.ს.ფ.30–35);
3.2.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ოქტომბერს სს „არდი დაზღვევას“ წერილობით მიმართა „თიბისი ლიზინგის“ ექსკლუზიურმა ბროკერმა „მაი ჯორჯიამ“ მიყენებული ზიანის 15867 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მიერ შედგენილი ინვოისის შესაბამისად. 2016 წლის 25 ოქტომბერის წერილით შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორის მიმართ სადაზღვევო კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაზიანებული ავტომანქანის ერთი თვის ვადაში შეკეთების შემთხვევაში, 15867 ლარის ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 37);
– ინვოისი (იხ.ს.ფ.38–39);
– 2016 წლის 25 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 42);
3.2.5. 2016 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილობით აცნობა მე---- ბრ----ეს, რომ მიყენებული ზიანი 15867 ლარის ოდენობით სრულად აუნაზღაურდა დაზღვეულს, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მიერ შედგენილი ინვოისის შესაბამისად. სადაზღვევო კომპანია მე---- ბრ----ეს აძლევდა წინადადებას 7 დღის ვადაში დაეფარა დავალიანება.
2016 წლის 04 ნოემბრს მე---- ბრ----ემ სადაზღვევო კომპანიას უპასუხა წერილობით, რომ დაზიანებები, რაც მიიღო დაზღვეულმა ავტომანქანამ შესაძლებელია გამოსწორებულიყო 500 ლარის ფარგლებში. მისთვის გაუგებარია, ინვოისში მითითებული ჩამონათვალიდან რომლზე იკვეთება პირადად მისი პასუხისმგებლობა და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
2016 წლის 08 ნოემბერს მე---- ბრ----ეს სადაზღვევო კომპანიამ მიმართა: „დაზიანებული ავტომანქანა დღეის მდგომარეობით გადაყვანილია შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სახელოსნოში, თუმცა აღდგენითი სამუშაოები დაწყებული არ არის. დაზღვეული ავტომანქანისათვის გამოიწერა ახალი ავტონაწილები, რომლითაც უნდა მოხდეს დაზიანებული ნაწილების ჩანაცვლება. ვინაიდან თქვენი მხრიდან გამოთქმული იქნა უკმაყოფილება ზიანის ოდენოასთან დაკავშირებით. მოგმართავთ თხოვნით, ჩაერთოთ ავტომანქანის აღდგენით სამუშაოებში, დეტალურად გაეცნოთ თუ რა სახის სამუშაოები უტარდება ავტომანქანას, რათა შემდგომში თქვენი მხრიდან არ წარმოშვას გარკვეული პრეტენზია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.“
მე---- ბრ----ემ 2016 წლის 17 ნოემბერს წერილობით უპასუხა სადაზღვევო კომპანიას, რომ მათი მოთხოვნა მიზნად ისახავდა ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენას მასზე და მის ოჯახზე, რის გამოც მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აპირებდა სასამართლოსათვის მიმართვას. თანამშრომლობის სურვილი მოპასუხეს არ გამოუხატავს და არც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა მიუთითებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– 2016 წლის 27 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 40);
– მე---- ბრეგაძის 2016 წლის 4 ნოემბრის წერილი (იხ.ს.ფ.141);
– 2016 წლის 8 ნოემბრის წერილი (იხ.ს.ფ.141);
– 2016 წლის 17 ბოემბრის წერილი (ს.ფ.140);
3.2.6. შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფს“ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი აქვს მომსახურების საფასური - 21 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება (ს.ფ 23)
3.2.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ღირებულება შეადგენს 15867 ლარს, აღნიშნულის ადასტურებს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ შედგენილი ინვოისი. მითითებული დოკუმენტის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულებაა 4250 ლარი. მითითებული დასკვნის შეფასებისას სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ იგი შედგენილია ფოტოსურათების საფუძველზე, მასში არაა ასახული არც შიდა და არც ყველა ის სამუშაო, რაც „ინვოისშია“ ჩამოთვლილი, მაგრამ უმთავრესია ის გარემოება, რომ მოპასუხეს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ არ გამოუხატია ნება, ეთანამშროლმა სადაზღვევო კომპანიასთან, შეეთავაზებინა მისთვის ზიანის ანაზღაურების ალტერნატიული გზები, რათა ნაკლები ხარჯის გაწევის გზით მიეღო იგივე შედეგი. რაც შეეხება სხვაობას, დასკვნებში მითითებულ ღირებულებებს შორის, იგი დამოკიდებულია სამუშაოების შემსრულებლის მიერ დადგენილ ფასებზე, რასაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, “AVTO+ Auto Inspecion & repairment” დეფექტური აქტი, რომლის მიხედვითაც იგივე სამუშაოები, რაც ინვოისში მითითებული შეფასებულია 14963 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 144–145);
– დეფექტური აქტი (ერთვის სასამართლო სხდომის ოქმს);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მე---- ბრ----ის მიმართ, ხოლო ნე-----რ გა----ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის; მე-8; 361-ე; 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დადგენილია, რომ 2015 წლის 1 იანვარს სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფს და სს „თიბისი ლიზინგს“ შორის გაფორმდა დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 06 სექტემბერს გაიცა ტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M----------------. აღნიშნული პოლისით დაზღვეული იქნა სს „თიბისი ლიზინგის“ სარგებლობაში მყოფი ავტომანქანა TOYOTA, სახელმწიფო ნომრით AB-025-BA. ასევე დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აღნიშნული ავტომანქანა დაზიანდა, რის გამოც მოსარჩელემ აანაზღაურა ზიანი 15867 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხა 15867 ლარი გადახილი იქნა დამზღვევისათვის, შესაბამისად სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირების მიმართ, რომლებსაც ეკისრებოდათ მისი ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
განმარტებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.
დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმით მე---- ბრ----ე, რომელსაც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა ნე-----რ გა----ის კუთვნილი ავტომანქანა, დაგორდა და დაეჯახა დაზღვეულ ავტომანქანას, მე---- ბრ----ე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით Nბა 000040727, დამრღვევ პირად იქნა მიჩნეული და დაჯარიმდა 150 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მეათე ნაწილიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მე---- ბრ----ე წარმოადგენს პირს, რომელსაც განმარტებული ნორმის თანახმად წარმოეშობა მოსარჩელის მიმართ ზიანის 15867 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რადგან სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გახდა საგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი.
6.2. რაც შეეხეება ნე-----რ გა----ის პასუხისმგებლობის საკითხს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ხოლო, მითითებული ნორმის მეოთხე ნაწილის შესაბამისად კი თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
მითითებული მუხლი მიუთითებს პირის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საკითხზე და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებლი. ამ ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობის წარმოშობის თავისებურება იმაში ვლინდება, რომ სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მისი მფლობელი სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის დადგომაში პასუხს აგებს მისი ბრალის მიუხედავად.
დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის დროს, ავტომანქანა, რომლის მძღოლის ბრალეული მოქმედებით დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი, წარმოადგენდა ნე-----რ გა----ის საკუთრებას, რომელსაც 2016 წლის 25 იანვარს მე---- ბრ----ესთან გაფორმებული ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საიჯარო ხელშეკრულება, ხელშეკრულების 2.2.3. და 4.3. მუხლით მოიჯარე ვალდებული იყო აენაზღაურებინა სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანი, ხელშეკრულება მოქმედებდა 2016 წლის 30 დეკემბრამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება 999–ე მუხლით დადგენილი რეგულაცია, რადგან იჯარის ხელშეკრულებით ისე ფლობს ნივთს, როგორც მესაკუთრე. ამ მხრივ საგულისხმოა სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაში (საქმე ას-254-239-2010), სადაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, მაგალითად, იჯარის ხელშეკრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა მოიჯარეს, იმდენად რამდენადაც იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარე მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამგვარი ურთიერთობის ფარგლებში მისთვის გარანტირებულია (კანონის საფუძველზე) ნივთით სარგებლობის შედეგად მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა (სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი). იჯარის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, მეიჯარესა და მოიჯარეს შორის თანმხვედრი უფლებებითა და მოვალეობებით. შესაბამისად, რადგან მოიჯარე უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მე---- ბრ----ეს, ხოლო ნე-----რ გა----ის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
იმის გამო, რომ სარჩელი მე---- ბრ----ის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 452.25 ლარი, ასევე შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 21 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა 500 ლარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნე-----რ გა----ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი ნესტრ გა----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც ყადაღის გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „არდი დაზღვევას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მე---- ბრ----ეს სს „არდი დაზღვევას“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15073.65 ლარის ოდენობით.
2. სს „არდი დაზღვევას“ სარჩელი ნე-----რ გა----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე მე---- ბრ----ეს სს „არდი დაზღვევას“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 452.25 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა 500 ლარი, ასევე შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 21 ლარი.
4. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნე-----რ გა----ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია, სანომრე ნიშანი - M-----, მარკა-მოდელი -დაფ 85 CF, ფერი თეთრი, გამოშვების წელი - 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი - X----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A--------- გაცემული 09/09/2011წ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე