გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.06.2018
საქმის ნომერი
160210118002282946
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002282946

საქმე N 2/103-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28. 05.2018 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე

 

მოსარჩელე - კა------------------ი, სა-–------------ი

წარმომადგენელი - არ-------------ი

მოპასუხე - ილ-–-----–----ო

წარმომადგენელი - ზუ------–------ე

დავის საგანი: შპს ,,G------” –ის წესდების 8.3-ე, 12.2-ე, 12.3-ე მუხლების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

კა------------------მა და სალეხ მამედოვმა სარჩელი აღძრეს ილ-–-----–----ოს მიმართ და მოითხოვეს:

- ბათილად იქნას ცნობილი შ---------------ის წესდების 8.3-ე, 12.2-ე, 12.3-ე მუხლები;

- ახალი რედაქციით ჩამოყალიბდეს შ---------------ის წესდების 8.3-ე, 12.2-ე, 12.3-ე მუხლები.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა. დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ბათილად იქნას ცნობილი შ---------------ის წესდების 8.3-ე, 12.2-ე, 12.3-ე მუხლები;

 

მოსარჩელეები სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:

შ--------------ი დაფუძნებულია 06.12.2012 წელს. კომპანიის თავდაპირველ დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ კა------------------ი (33%), შა-----------------ი (16.5%) და ვა-–-------–------ (50.5%). ხსენებულ პარტნიორებს შორის დაიდო შესაბამისი შეთანხმება -საზოგადოების წესდება. 23.09.2014 წელს საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომპანიას დაემატა ერთი პარტნიორი და წილები გადანაწილებული იქნა შემდეგნაირად: კა------------------ი (16.5%), შა-----------------ი (16.5%), ვა-–-------–---ო (50.5%) და სა-–------------ი (16.5%). 12.12.2016 წელს საზოგადოებაში განხორცილებული ცვლილებების შედეგად კომპანიას გამოაკლდა ერთი პარტნიორი და წილები გადანაწილებული იქნა შემდეგნაირად: კა------------------ი (16.5%), ვა-–-------–---ო (67%) და სა-–------------ი (16.5%). 21.08.2017 წელს საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომპანიაში შეიცვალა პარტნიორი და წილები გადანაწილებულ იქნა შემდეგნაირად: კა------------------ი (16.5%), ილ-–-----–----ო (67%) და სა-–------------ი (16.5%). უკანასკნელი წილთა გადანაწილება და პარტნიორთა შემადგენლობა მოქმედებს დღევანდელ დღესაც. შ---------------ის არსებული 06.12.2012 წლის რედაქციის წესდების მთელი რიგი მუხლები არის არამოქმედი, ვინაიდან განხორციელდა კომპანიის დამფუძნებელ-პარტნიორთა და შესაბამისად მათი წილობრივი განაკვეთების ცვლილება, ხოლო წესდების ახალი რედაქცია გამოცემული არ არის. ძველი რედაქციით წესდებით სარგებლობის მეშვეობით პარტნიორი ილ-–-----–----ო უხეშად არღვევს სხვა პარტნიორთა კანონიერ და კონსტიტუციურ უფლებებსა და ინტერესებს. დღეის მდგომარეობით კომპანიას გამოაკლდა ორი დამფუძნებელი, კომპანიაში შესულია ორი სხვა პარტნიორი და კომპანია დადგა ახალი რეალობის წინაშე და საწესდებო კაპიტალში ილ-–-----–----ომ მოიპოვა საერთო წილის 67%. ილ-–-----–----ომ მოახდინა კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის სრული უზურპაცია. დღევანდელ მოცემულობაში ილ-–-----–----ო უფლებამოსილია ფაქტიურად ერთპიროვნულად მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის რომელიც უშუალოდ და პირდაპირ გავლენას მოახდენს კომპანიის დანარჩენ დამფუძნებელ პარტნიორთა პირად უფლებებზე. ილ-–------------ უხეშად ერევა საზოგადოების საქმიანობაში, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ზღუდავს საზოგადოების მონაწილეთა უფლებებსა და კომპეტენციას, რაც მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე. საზოგადოების წესდების 12.2 და 12.3 მუხლები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ კი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.1 მუხლთან. 2018 წლის 17 იანვარს ილ-–------------მ ისარგებლა რა წესდებით განსაზღვრული აღნიშნული უფლებით და მოიწვია პარტნიორთა კრება, მიუხედავად კა------------------ისა და სა-–------------ის მოსაზრებებისა და კატეგორიული სამართლიანი პროტესტისა, ილ-–------------მ ბოროტად ისარგებლა წესდებით განსაზღვრული უფლებით და უბრალო ხმათა უმრავლესობით ანუ ერთპიროვნულად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ არის მოსარჩელეთა ინტერესებისათვის დამაზიანებელი. საკითხის მოგვარების და შპს-ს წესდების ახალი რედაქციის გამოცემის , 8.3 მუხლში კორექტირების შეტანის მოთხოვნით კა------------------მა და სა-–------------მა არაერთხელ მიმართეს ილ-–-----–----ოს, მაგრამ იგი ჯიუტად არ მოდის მორიგებასა და მოლაპარაკებაზე. წესდებაში არსებული და ბათილობას დაქვემდებარებული მუხლების საფუძველზე ილ-–-----–----ოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი ქმნის არათანაბარ მდგომარეობას მოსარჩელისათვის და ხელყოფს მოსარჩელეთა არსებით ინტერესებს. კომპანიის დაფუძნების მომენტისათვის იმჟამინდელ დამფუძნებელ-პარტნიორთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად კომპანიაში პარტნიორთა კრებაზე უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ხდებოდა კენჭისყრაში მონაწილე პარტნიორთა ხმათა უმრავლესობით, რაც იმ დროს ნამდვილად წარმოადგენდა კომპანიის იმჟამინდელი დამფუძნებელ-პარტნიორთა სურვილს და კეთილ ნებას, ხოლო დღეის მდგომარეობით სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი და ძველი რედაქციით წესდებით სარგებლობის მეშვეობით პარტნიორი ილ-–-----–----ო უხეშად არღვევს სხვა პარტნიორების კანონიერ უფლებებს. დღეის მდგომარეობით წესდებაში არსებული 8.3 მუხლის გათვალისწინებით, მუხლ 8.2-ით გათვალისწინებულ საკითხებზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. 23.04.2014 წელს შპს ,,G------“-ში განხორციელდა ცვლილებები და მას ერთი პარტნიორი დაემატა, მაგრამ გადანაწილდა არა ყველა პარტნიორის წილი, არამედ მხოლოდ კა------------------ის, რომელმაც საკუთარი წილის (33%) ნახევარი - 16.5% დაუთმო ახალ პარტნიორს - სა-–------------ს და შესაბამისად მას საკუთარი წილი შეუმცირდა - 16.5 % - მდე. ხოლო დამფუძნებელი პარტნიორების შა-----------------ის და ვა-–-------–------ს წილები არ შეცვლილა. 12.12. 2016 წელს საზოგადოებაში ცვლილებები განხორციელდა და მას ერთი პარტნიორი გამოაკლდა, მაგრამ შეიცვალა არა ყველა პარტნიორის წილი, არამედ მხოლოდ ვალრი მიშჩენკოსი, რომლის წილიც საზოგადოების საწესდებო კაპიტალში 50.5 % დან გაიზარდა 67%-მდე საზოგადოებიდან გასული ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორის შა-----------------ის წილის (16.5%) ხარჯზე, რომელმაც საკუთარი წილი მთლიანად დაუთმო ვა-–-------–------ს, ხოლო კა------------------ის და სა-–------------ის წილი არ შეცვლილა. 21.08.2017 წელს ვა-–-------–------მ საკუთარი წილი - 67% მთლიანად დაუთმო ილ-–-----–----ოს, მაგრამ საზოგადოების სხვა პარტნიორების კა------------------ის და სა-–------------ის წილები საზოგადოების საწესდებო კაპიტალში არ შეცვლილა. უსაფუძვლოა, რომ ილ-–-----–----ო უხეშად არღვევს სხვა პარტნიორების კანონიერ და კონსტიტუციურ უფლებებს და ინტერესებს. ილ-–-----–----ომ საზოგადოებაში ჩაანაცვლა ვა-–-------–------, რომლისგანაც მიიღონ 67% საწესდებო კაპიტალში. შესაბამისად როგორც დომინანტ პარტნიორს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მოქმედი კანონმდებლობიდან და საზოგადოების წესდებიდან. საზოგადოების წესდების 12.2 და 12.3 მუხლების შინაარსი სრულ შესაბამისობაშია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებთან. საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის ახალი რედაქციით გამოცემა მოსარჩელეთა მიერ სარჩელში წარმოდგენილი სახით ემსახურება საკითხის მოგვარებას, მხოლოდ მოსარჩელეთა ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც ცდილობენ უფლებრივი მდგომარეობით გაუთანაბრდნენ საზოგადოების დომინანტ პარტნიორს, ანუ მოახდინონ ყველა პარტნიორის უფლებათა ნიველირება დომინანტ პარტნიორის უფლებათა დაკნინება-შელახვის ხარჯზე. მოსარჩელეების მხრიდან ასეთი მოთხოვნის დაყენება მიზნად ისახავს არა საზოგადოების განვითარებას, არამედ დაუმსახურებელი ძალაუფლების მოპოვებას, რათა შეძლონ საკუთარი ინტერესების შესაბამისად საზოგადოების დომინანტი პარტნიორის და მენეჯმენტის მანიპულირება. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,G------“ დაფუძნებულია 06.12.2012 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. შპს ,,G------“ -ის დაფუძნების მომენტში, საწარმოს წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდა შემდეგნაირად:

კა------------------ი - 33 % წილი;

შა-----------------ი - 16.5 % წილი.

ვა-–-------–------ - 50.5 % წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2014 წლის 23 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შპს ,,G------“ -ის პარტნიორები გახდნენ და მათი წილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

კა------------------ი - 16.5 % წილი;

შა-----------------ი - 16.5 % წილი.

ვა-–-------–------ - 50.5 % წილი.

სა-–------------ი - 16.5 % წილი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.4. 2016 წლის 12 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შპს ,,G------“ -ის პარტნიორები გახდნენ და მათი წილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

კა------------------ი - 16.5 % წილი;

ვა-–-------–------ - 67 % წილი.

სა-–------------ი - 16.5 % წილი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.5. 2017 წლის 21 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შპს ,,G------“ -ის პარტნიორები გახდნენ და მათი წილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

კა------------------ი - 16.5 % წილი;

ილ-–-----–----ო - 67 % წილი.

სა-–------------ი - 16.5 % წილი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.6. საწარმოს დაფუძნებიდან 2018 წლის იანვრამდე შპს ,,G------“ -ის დირექტორი იყო კა------------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

-მხარეთა ასხნა-განმარტებები.

 

3.1.7. 2018 წლის იანვრიდან საწარმოს დირექტორია ილ-–-----–----ო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა- განმარტებები.

 

3.1.8. შპს ,,G------“ -ის წესდების 8.3-ე მუხლის თანახმად, მუხლ 8.2-ით გათვალისწინებულ საკითხებზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,G------“ -ის წესდება.

3.1.9. შპს ,,G------“ -ის წესდების 8.2 მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა; წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია; წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს; სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას; იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას; ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა; პროკურის გაცემა და გაუქმება; იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია დაფუძნებიდან ამ საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ანდა პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს; წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება; შესატანების გადაგდის მოთხოვნა; დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება; დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და გამოწვევა, მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება; საზოგადოების საერთო საშტატო განრიგის დამტკიცება; აუდიტორისა და სპეციალური კონტროლიორის არჩევა; საზოგადოების წესდებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,G------“ -ის წესდება.

3.1.10. შპს ,,G------“ -ის წესდების 12.2-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების რეორგანიზაცია ხორციელდება მხოლოდ პარტნიორთა კრების მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. წესდების 12.3-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების ლიკვიდაცია ხდება პარტნიორთა კრების ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,G------“ -ის წესდება.

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

- შპს ,,G------“ -ის წესდების 8.3-ე, 12.2-ე და 12.3-ე მუხლების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

- შპს ,,G------“ -ის წესდების მუხლების ბათილობის მოთხოვნის ხანდაზმულობა;

 

სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის გარკვევა.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე უთითებს,რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან საზოგადოების წესდება მიღებულია 2012 წელს, რომლის შემდეგ არ შეცვლილა, შესაბამისად იგი თავიდანვე შეიცავდა იმ მუხლებს, რომელსაც მოსარჩელეები სადავოდ ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდების მუხლების ბათილად ცნობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. მას შემდეგ, რაც მხარე მიუთითებს ხანდაზმულობის ვადაზე, სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს უზრუნველყოს ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა, აგრეთვე იმის დადგენა, ხომ არ იყო ამ პერიოდში ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილი და ა. შ. აღნიშნული მომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან, ვინაიდან, თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საწარმოს დაფუძნებისას - 2012 წელს, საწარმოს პარტნიორებმა მიიღეს საზოგადოების წესდება. მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ წესდების სავადო მუხლებიში ცვლილებები არ შესულა. დადგენილია, რომ მოსარჩელე კა------------------ი არის შპს-ს პარტნიორი დაფუძნების დღიდან, შესაბამისად მას სადავო მუხლებთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის უფლება ჰქონდა წესდების მიღების დღიდან. შესაბამისად ამ მომენტიდან დაიწყო მისთვის ხანდაზმულობის ვადის დენა. მოსარჩელე სა-–------------ი საზოგადოების პარტნიორი გახდა 2014 წლის 23 სექტემბრიდან. ამდენად სწორედ ამ თარიღიდან უნდა აითვალოს მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა. ზემოთაღნიშნული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კა------------------ის მოთხოვნა წესდების მუხლების ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია, ხოლო სა-–------------ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

3.2.2. სადავო გარემოებას წარმოადგენს, შპს ,,G------“ -ის წესდების 8.3-ე, 12.2-ე და 12.3-ე მუხლების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

შპს ,,G------“ -ის წესდების 8.3-ე მუხლის თანახმად, მუხლ 8.2-ით გათვალისწინებულ საკითხებზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. წესდების 8.2 მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა; წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია; წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს; სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას; იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას; ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა; პროკურის გაცემა და გაუქმება; იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია დაფუძნებიდან ამ საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ანდა პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს; წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება; შესატანების გადაგდის მოთხოვნა; დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება; დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და გამოწვევა, მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება; საზოგადოების საერთო საშტატო განრიგის დამტკიცება; აუდიტორისა და სპეციალური კონტროლიორის არჩევა; საზოგადოების წესდებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა.

 

შპს ,,G------“ -ის წესდების 12.2-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების რეორგანიზაცია ხორციელდება მხოლოდ პარტნიორთა კრების მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. წესდების 12.3-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების ლიკვიდაცია ხდება პარტნიორთა კრების ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41-ე ნაწილის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამავე კანონის მე-91-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის პირველი ნაწილით მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ შ--------------ის წესდების 8.3-ე, 12.-ე, 12.3-ე მუხლები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--------------ის წესდების გასაჩივრებული მუხლები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა მიიჩნიეს თავიანთი უფლებები დარღვეულად და აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით სარჩელით მომართეს სასამართლოს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებასაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ წესდების გასაჩივრებული მუხლები შეესაბემება თუ არა ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის და ზოგადად კანონმდებლობის მოთხოვნებს და წესდებით შეილახა თუ არა კა------------------ის და სა-–------------ის, როგორც შ--------------ის პარტნიორების უფლებები. დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ეს საკითხებია მნიშვნელოვანი. დანარჩენი ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე დავის გადაწყვეტისათვის არსებითი არაა. რათქმაუნდა ყველა გარემოებას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ წინამდებარე დავაში მთავარია წესდების კანონიერების შემოწმებაა.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41-ე ნაწილით პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ------------- დაფუძნდა 2012 წელს, პარტნიორებმა დადეს შეთანხმება (წესდება), რომლითაც მოაწესრიგეს საწარმოს საქმიანობასთან და პარტნიორების ურთიერთობის საკითხები.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

 

ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). მე-2 ნაწილის თანახმად, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული.

 

ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის ნაწილით მეშვიდე ნაწილით ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის აღნიშნული ნორმა გულისხმობს, ისეთ გარემოებას, რომ საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობის ფარგლებს გარეთ არსებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს პარტნიორთა კრების მიერ, რომელსაც უნდა ესწრებოდეს ყველა პარტნიორი. ხოლო ასეთ საკითხზე კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის პირველი ნაწილით მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი მოპასუხესთან მიმართებით, რომელიც ასევე არის შპს-ს პარტნიორი, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, 67% წილის მფლობელი - მოპასუხე ილ-–-----–----ო მათი მოსაზრებების გაუთვალისწინებლად იღებს გადაწყვეტილებებს. კერძოდ მას წესდების 8.3-ე მუხლით, ერთპიროვნულად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები წესდების 8.2-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ წესდების 12.2-ე და 12.3-ე მუხლებიდან გამომდინარე, ასევე ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვიტოს საზოგადოების რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვა რთული პროცესია. პარტნიორები ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებსაც იღებენ, რომელიც საერთო შეხედულებიდან არ გამომდინარეობს. ასეთ სიტუაციაში მთავარი და გადამწყვეტია გადაწყვეტილებას პარტნიორთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები მინოტარი პარტნიორები არიან. თითოეული 16.5 % წილს ფლობს. ყველა იმ შემთხვევაში, როცა მათი და მაჟორიტარი პარტნიორის - ილ-–-----–----ოს მოსაზრებები ერთმანეთს შეეწინააღმდეგება, საწარმო ყოველთვის მიიღებს მინოტარი პარტნიორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. მიზეზი მარტივია - პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი ხმა, გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისია. სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობაში გადაწყვეტილებებს ღებულობენ პარტნიორები. როგორი ბიზნეს გადაწყვეტილებაა საწარმოსათვის უკეთესი, ეს საკითხი პარტნიორთა გადასაწყვეტია. ყველა გადაწყვეტილება უნიკალური და უნაკლო ვერ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილება ნაკლიანია თუ უნაკლო, ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილებაა და იმსახურებს პატივისცემას. ისინი ისეთ გადაწყვეტილებას ღებულობენ, როგორიც სურთ. გადაწყვეტილების მიღებაში პარტნიორები შეზღუდულები არ არიან. სასამართლოს არ აქვს უფლება ჩაერიოს საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილებაში, მაგრამ მას უფლება აქვს მინოტარი პარტნიორის მოთხოვნისას შეამოწმოს გადაწყვეტილების გონივრულობა. მართალია მაჟორიტარ პარტნიორებს უფლება აქვთ გადალახონ მინოტარის წინააღმდეგობა და მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ მათი ეს უფლება მინოტარ პარტნიორს არ ართმევს უფლებას სადაო გახადოს გადაწყვეტილება და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობის შემოწმება. ამ დროს საწარმოს დანარჩენმა პარტნიორებმა უნდა დაასაბუთონ ბიზნეს გადაწყვეტილების მიზანის მართებულობა და აუცილებლობა. ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორები სარგებლობენ ავტონომიური დისკრეციის თავისუფალი არეალით. ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლება არის პარტნიორთა კრების უფლებამოსილება და მას კრება ღებულობს ბიზნესთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტისას. საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა მხოლოდ პარტნიორთა უფლებამოსილებაა და მის განხორციელებაში პარტნიორებს სასამართლო ან სხვა რომელიმე ორგანო ხელს ვერ შეუშლის. პარტნიორები თავიდანვე უნდა აცნობიერებდნენ, რომ საწარმოს შექმნა და პარტნიორთა წილების განაწილებაზე შეთანხმება, გულისხმობს მას, რომ პარტნიორებს შემდგომში მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება და ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად ნაკარნახები იქნება მაჟორიტარი პარტნიორის მიზნებიდან. მიუხედავად ამისა მინოტარ პარტნიორს მაინც რჩება უფლება სადაო გახადოს გადაწყვეტილების მართებულობა და სასამართლოც ვალდებულია შეამოწმოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობა და აუცილებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ილ-–-----–----ო დომინატი პარტნიორია. ის ფლობს საწარმოს პარტნიორთა 67 % ხმას. ბუნებრივია იგი თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. თუ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საწარმოს მიაყენებს ზიანს, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეებს უფლება ექნებათ მოითხოვონ არა წესდების ბათილად ცნობა, არამედ დომინანტური მდგომარეობით საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დომინანტი პარტნიორის წინააღმდეგ წესდების ბათილად ცნობის მოთხოვნა არაპერსპექტიული დავაა.

 

ამასთანავე გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, მხარეები აღნიშნავენ, რომ მომავალში მათი თანამშრომლობა შეუძლებელია. ამდენად, სარჩელით სადაოდ განხდარი საკითხები, არ გამოიწვევს მოსარჩელეების მიზნის მიღწევას. ამ ფორმით წარმოდგენილი სარჩელით არ მიიღწევა მოსარჩელისათვის საინტერესო იურიდიული შედეგი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მოსარჩელეები ვერ მიიღებენ ვერანაირ სარგებელს. ყოველივე ზემოთაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,G------"-ის წესდების 83-ე, 12.2-ე, 12.3-ე მუხლების ბათილად ცნობის საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე ,მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. კა------------------ის და სა-–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (ქ.ბოლნისი, სულხან საბა ობელიანის ქ. N113) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე