გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/307-18
160210018002358838
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - შპს "კრ-------–---ი"
წარმომადგენელი - თა---------------ია (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - ბე-------–--–---–ი, გი----------–-–-ილი (არ გამოცხადდნენ)
წარმომადგენელი - სულეიმან ისმაილოვი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბე-------–--–---–ისა და გი----------–-–-ილისთვის შპს "კრ-------–---ის" სასარგებლოდ 7483.85 ლარის თანაბრად (50-50 პროცენტით) დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 1746.78 ლარი, პროცენტი - 509.97 ლარი და ჯარიმა - 5227.10 ლარი. (იხ. სარჩელი 2-14).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 21 დეკემბერს შპს "კრ-------–---სა'' და ბე-------–--–---–ს შორის 365 დღის ვადით, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის მოცულობა შეადგენდა 2000 (ორი ათასი) ლარს. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი თავის მხრივ შეადგენდა - 708.76 ლარს. მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა როგორც ძირითადი თანხის 1 პროცენტი, ასევე ვადაგადაცილებული სარგებლის 1 პროცენტი, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი N1-ს მიხედვით.
აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 21 დეკემბერს შპს "კრ-------–---სა" და გი----------–-–-ილს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გი----------–-–-ილმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა შპს "კრ-------–---სა" და ბე-------–--–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გამო, მოსარჩელე მხარის წინაშე.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 21 მარტს მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაირღვა და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მათი დავალიანება შპს "კრ-------–---ის" წინაშე შეადგენს 7483.85 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1746.78 ლარი, პროცენტი - 509.97 ლარი და ჯარიმა - 5227.10 ლარი.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე ბე-------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაეთანხმა სარჩელში მითითებულ პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მე-3 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ძირითად დავალიანებას - 1746.78 ლარს და მასზე დარიცხულ სარგებელს - 509.97 ლარს ეთანხმება, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ეწინააღმდგება კანონმდებლობას და მოქმედ სასამართლო პრაქტიკას.
მოპასუხე გი----------–-–-ილმა წარმოდგენილი შესაგებელითა დაეთანხმა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენდა შპს "კრ-------–---სა" და ბე-------–--–---–ს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდებ პირს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მან მიუთითა, რომ სარჩელს ცნობდა ძირითად დავალიანების - 1746.78 ლარს და მასზე დარიცხულ სარგებლის - 509.97 ლარის ნაწილში, პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი, ეწინააღმდგება კანონმდებლობას და მოქმედ სასამართლო პრაქტიკას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 21 დეკემბერს შპს "კრ-------–---სა'' და ბე-------–--–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელისაგან ისესხა 2000 (ორი ათასი) ლარი, 365 დღის ვადით, წლიური - 708.76 ლარის სარგებელით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 21.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეთა შეთანხმებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა (პირგასამტეხლო) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე როგორც ძირითადი თანხის 1 პროცენტი, ასევე ვადაგადაცილებული სარგებლის 1 პროცენტი, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 21.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. შპს "კრ-------–---სა" და ბე-------–--–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 21.12.2016 წელს გი----------–-–-ილთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, გი----------–-–-ილი პასუხს აგებს სესხის თანხის მთლიანი მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი და 2017 წლის 21 მარტის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის ისტორია (ს. ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდების სოლიდარული დავალიანება შპს "კრ-------–---ის" მიმართ შეადგენს 7483.85 ლარს, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირი თანხაა 1746.78 ლარი,; გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი - 509.97 ლარი, ჯარიმა - 5227.10 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "კრ-------–---ის'' სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სესხის ხელშეკრულების ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილისა და პროცენტის მსესხებელის და სოლიდარული თავდებისთვის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 5227.10 ლარისა, მოპასუხეებს შპს "კრ-------–---ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 522.71 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 462-465-ე, 623- 625-ე, 891-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და სარგებლის მოთხოვნის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "კრ-------–---ის' 'სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 დეკემბერს შპს "კრ-------–---სა და ბე-------–--–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელისაგან ისესხა 2000 (ორი ათასი) ლარი, 365 დღის ვადით, წლიური - 708.76 ლარის სარგებელით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე როგორც ძირითადი თანხის 1 პროცენტი, ასევე ვადაგადაცილებული სარგებლის 1 პროცენტი, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა საკომისიოს გადახდა. გადასახდელი თანხების ოდენობა ასახულია გადახდის გრაფიკში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატური ხასიათი, კერძოდ, სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 21 მარტის შემდგომ.
დადგენილია ასევე, რომ დღეისათვის დავალიანება შეადგენს 7483.85 ლარს, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირი თანხაა - 1746.78 ლარი, გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი - 509.97 ლარი;, ჯარიმა - 5227.10 ლარი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებიათ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოვალეთათვის სესხის დარჩენილი ძირითადი თანხისა და პროცენტის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნილი თანხა უნდა შემცირდეს 522.71 ლარამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 522.71 ლარამდე და მოვალეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 522.71 ლარის გადახდა.
6.6. შპს "კრ-------–---ი" ითხოვს თავდებისათვის დავალიანების ნახევრის (50 პროცენტის) დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
დადგენილია, რომ მოპასუხე გი----------–-–-ილმა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით.
სასამართლოს ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მას, როგორც თავდებს, ეკისრება პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს სახით არსებულ დავალიანებაზე, იმ ფარგლებში რაც მოსარჩელეს აქვს მოთხოვნილი, კერძოდ დაკისრებული თანხის 50 პროცენტის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში. ამდენად, შპს "კრ-------–---ს" უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, ანუ - 67.70 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის (დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად), სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 84 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს "კრ-------–---ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ბე-------–--–---–სა და გი----------–-–-ილს თანაბრად (50-50 პროცენტით) მოსარჩელე შპს "კრ-------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროთ 2779.46 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1746.78 ლარი, პროცენტი - 509.97 ლარი, ხოლო შემცირებული ჯარიმა - 522.71 ლარი.
3. მოსარჩელე შპს "კრ-------–---ს" დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 225 ლარიდან ნაწილი - 67.70 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 15 მარტს შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი BAGAGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი:300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22 (2018 წლის 15 მარტის N125 საგადახდო დავალება).
4. მოპასუხეებს ბე-------–--–---–სა და გი----------–-–-ილს თანაბრად (50-50 პროცენტი) მოსარჩელე შპს "კრ-------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროთ 84 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჯი - 73.30 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი