გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002289280
საქმე № 3/20-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: კ------------------------–-----------------ი
წარმომადგენლები: ჯ----– ჩ--–-–---–-, გ------- წ---–------, ხ---- ქ-------–-–---–-
მოპასუხე: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
წარმომადგენელი: გ------- ქ----–------
მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირი: კასპის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: ზ------ კ------, მ------- დ------–---–-
მესამე პირი: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური"
წარმომადგენელი: ნ---- ს----–---–-
მესამე პირი: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო"
წარმომადგენელი: ლ-–- შ---------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის № 1/7-264 ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. სახელმწიფოს სახელზე № 6--0--5--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის № 1/1-1771 ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის № 1-1/285 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე უძრავი ქონება - ადმინისტრაციული შენობა, ყოფილი წითელი კუთხე, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობა, ,,ნავესი" ავტომობილებისათვის, საყარაულო ჯიხური და სასურსათო საწყობი - წარმოადგენს კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხულ, მის საკუთრებაში არსებულ ქონებას; სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ამ (და სხვა) ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით; მიუხედავად ამისა, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სადავო აქტებით ჯერ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა ეს ქონება, ხოლო შემდეგ საკუთრებაში გადასცა კასპის მუნიციპალიტეტს.
ამ შენობა-ნაგებობებით კ------------------------–-----------------ი დღემდე სარგებლობს, იქ აქვთ სამუშაო ოთახები, ნაწილი კი გაქირავებული აქვთ სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ფართებს.
ამ უძრავი ქონების სახელმწიფოზე აღრიცხვა და შემდგომ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა კი ისე მოხდა, რომ შიდა აზომვითი ნახაზების შედგენაზე ადგილზე არავინ მისულა.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირების პოზიცია
მოცემულ საქმეზე შესაგებელი წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" მიერ, რომლითაც სარჩელი არ სცნო; მიუთითა და განმარტა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წინადადება - ,,ბალანსზე რიცხული ქონება" - გულისხმობს მხოლოდ სარგებლობის უფლებას ამ ქონებაზე და არა საკუთრებას; სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება წარმოადგენდა კ------------------------–-----------------ის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატან ქონებას, რომლის მიმართაც ,,შემოსავლების სამსახურს" გააჩნია ინტერესი, ხოლო ამ შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მას კანონიერი ინტერესი ვერ ექნება.
მოპასუხე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" და მესამე პირმა - კასპის მუნიციპალიტეტმა სარჩელი არ სცნეს, სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხული და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილი შენობა-ნაგებობა სხვა ქონებაა, სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება კი - სრულიად სხვა; საქმის მასალებით მათი იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ამ შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ მიწაზე მოსარჩელეს რაიმე უფლება არ გააჩნია.
სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ" სარჩელი სცნო, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხულ და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილ ქონებას; ეს შენობა-ნაგებობა რომ არ აღრიცხულიყო სახელმწიფოს და შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სააღსრულებო ბიურო მოახდენდა მის იძულებით რეგისტრაციას კ------------------------–-----------------ის სახელზე, ხოლო შემდგომ - მის რეალიზაციას აუქციონის წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კ------------------------–-----------------ი (ს/კ 2--------) დაფუძნდა 1998 წლის 28 ოქტომბერს; მისი იურიდიული მისამართი კასპი, კ--------ს ქ. № 2-ია;
მტკიცებულება: 2012 წლის 1 მარტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის შუამდგმლობა და დადგინდა კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი წითელი კუთხის, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობის, ,,ნავესის", საყარაულო ჯიხურისა და სასურსათო საწყობის რეალიზაცია ღია აუქციონის წესით;
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება (საქმე № 3/65-08), მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი, გორის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 აპრილის ბრძანება № 19 კასპის რაიკოოპერატივის ქონების აღწერის შესახებ.
3.2.3. აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად მიექცა 2010 წლის 10 ივნისს;
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე № 3/65-08), სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 24 იანვრის № A11013857-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3.2.4. კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ აქტი (რასაც დაეფუძნა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება) გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურსაც;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 იანვრის № 67/29-19 მიმართვა, 2005 წლის 11 აგვისტოს ცნობა № 392 ქონებაზე ყადაღის არსებობის შესახებ.
3.2.5. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით (საქმე № 3/65-10) კ------------------------–-----------------ის, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული, ღია აუქციონის წესით სარეალიზაციოდ გასატანი ქონებიდან უნივერმაღის შენობაზე (მდებარე კასპში, ს-----ის ქ. № 32-ში) აღიარებული იქნა კ------------------------–-----------------ის საკუთრების უფლება;
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება (საქმე №140350012115640, საქმე № 3/140-12)
3.2.6. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 ივლისის მიმართვით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეცნობა, რომ ქალაქ კასპში, ,,ი-----–-------------------–-------------------ს" ფილიალის განთავსების მიზნით, იგეგმება ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა; კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1598 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობით, არ წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, და ,,სააგენტოს" ეთხოვა ამ უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.
მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 ივლისის მიმართვა № 08/3790.
3.2.7. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანებით მიმართული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე უძრავი ქონების - 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის, როგორც ყოფილი სასაწყობე მეურნეობის დამხმარე შენობების (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის № 1/7-264 ბრძანება.
3.2.8. ამ ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 ივლისს სახელმწიფოს სახელზე № 6--0--5--5-- საკადასტრო კოდით აღირიცხა მითითებული უძრავი ქონება.
მტკიცებულება: 2017 წლის 21 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.9. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებით, მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტს;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის № 1/1-1771 ბრძანება, 2017 წლის 8 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.10. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" აცნობა, რომ ქ. კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემამდე ნამდვილად ეკუთვნოდა კ------------------------–-----------------ს; მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოხდეს ამ ქონების შეფასება და კოოპერატივის ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებიდან მისი ღირებულების მოკლება;
მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 იანვრის № 012/289 მიმართვა.
3.2.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის ბრძანებით კ------------------------–-----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა" და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში არ იყო აღრიცხული საჩივრის ავტორის სახელზე; სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული, ღია აუქციონის წესით სარეალიზაციოდ გასატანი ქონებიდან უნივერმაღის შენობაზე (მდებარე კასპში, ს-----ის ქ. № 32-ში) აღიარებული იქნა კ------------------------–-----------------ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის სამსახურში არ წარდგენილა; ამავე დროს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის № 1-1/285 ბრძანება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რამდენადაც დადგენილია, რომ სადავო აქტების გაცემისას სრულყოფილად არ მომხდარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა - სადავო ქონება ირიცხებოდა თუ არა კ------------------------–-----------------ის ბალანსზე, ამ ქონებაზეა თუ არა დადგენილი სასამართლოს ბრძანებით ღია აუქციონი, გააჩნდა თუ არა სახელმწიფოს საკუთრების უფლება მასზე, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს რაიმე სახის უფლება ჯერ სახელმწიფოს სახელზე, შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე; ამ გარემოებების სათანადო გამოკვლევის შემდეგ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ".
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა" და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის № 1/7-264 და 2017 წლის 24 ივლისის № 1/1-1771 ბრძანებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რამდენადაც ამ აქტებით მოხდა უძრავი ქონების ჯერ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ამ აქტების კანონიერება, რომლის გადასაწყვეტადაც საჭიროა, გაირკვეს, გააჩნია თუ არა რაიმე უფლება კ------------------------–-----------------ს ამ აქტებით ჯერ სახელმწიფოზე, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე.
როგორც აღინიშნა, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დადგინდა კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი წითელი კუთხის, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობის, ,,ნავესის", საყარაულო ჯიხურისა და სასურსათო საწყობის რეალიზაცია ღია აუქციონის წესით.
მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტებით ჯერ სახელმწიფოზე, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული უძრავი ქონება - ყოფილი სასაწყობე მეურნეობის დამხმარე შენობები - წარმოადგენს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ შენობა-ნაგებობებს.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება, თუნდაც ეს ქონება არ იყოს საჯარო რეესტრში მასზე რეგისტრირებული, მართებული და კანონშესაბამისია.
სასამართლოს მითითებული ბრძანებით დადგინდა, რომ ეს ქონება ირიცხებოდა რა კ------------------------–-----------------ის ბალანსზე, წარმოადგენდა მის საკუთრებას, და ამის გამოც მიექცა ღია აუქციონზე სარეალიზაციოდ, როგორც მოვალის კუთვნილი ქონება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, ერთ შემთხვევაში, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 ივლისის მიმართვით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეცნობა, რომ კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარეობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1598 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობით, არ წარმოადგენდა კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, და ,,სააგენტოს" ეთხოვა ამ უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა, რის საფუძველზეც მოახდინა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სადავო აქტებით მუნიციპალიტეტისათვის ამ ქონების გადაცემა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" აცნობა, რომ ქ. კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე, ნამდვილად ეკუთვნოდა კ------------------------–-----------------ს.
მიუხედავად ამისა, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა კასპის მუნიციპალიტეტმა მოცემული საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას, და სარჩელს არ დაეთანხმა (მისი პოზიცია, ძირითადად, მიმართული იყო საქმის მორიგებით დასრულებისაკენ).
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის პოზიციით, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება, სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება წარმოადგენდა კ------------------------–-----------------ის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატან ქონებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, სარჩელი მაინც უსაფუძვლოდ მიიჩნია, რითაც, ფაქტობრივად, დაეთანხმა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" პოზიციას.
სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიუროს" განმარტებით, სადავო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხულ და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილ ქონებას.
საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა მოპასუხე მხარემ და განმარტა, რომ, ერთი მხრივ, კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხული და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილი შენობა-ნაგებობა, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება სრულიად სხვა და სხვა ქონებას წარმოადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხისადმი ადმინისტრაციული ორგანოების ამგვარი ორაზროვანი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ კანონის საფუძველზე უფლებამოსილების განხორციელების პრინციპს;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, თვით სახელმწიფოს მიერ, ყოველგვარი კვლევისა და საქმის გარემოებების სათანადო შეფასების გარეშე მოხდა სადავო ქონების თავის სახელზე აღრიცხვა, სრულიად გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს სადავოდ გამხდარი აქტების გამოცემის მართლზომიერება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის (მტკიცების ტვირთი) 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვიდრე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" გამოსცემდა სადავო აქტებს, უნდა გამოეკვლია და დაედგინა სადავო ქონება ირიცხებოდა თუ არა თუნდაც კ------------------------–-----------------ის ბალანსზე, გააჩნდა თუ არა სახელმწიფოს საკუთრების უფლება მასზე, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს ან სხვა პირს რაიმე სახის უფლება ჯერ სახელმწიფოს სახელზე, შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთზე;
სასამართლო ყუარდღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კ------------------------–-----------------ის იურიდიული მისამართი კასპი, კ--------ს ქ. № 2-ია, სადავო აქტებით სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა სწორედ კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე უძრავი ქონება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” და ,,ბ" ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კ------------------------–-----------------ის ბალანსზე რიცხული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, მოცემულ საქმეში მხარედ მყოფი ადმინისტრაციული ორგანოების ნაწილის განმარტებები, რომ სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება წარმოადგენდა კ------------------------–-----------------ის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატან ქონებას, ამავე დროს არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გამოცემის დასაბუთებისა და მოტივაციის კონკრეტული გარემოებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ აქტების გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება იმდენად არასრულყოფილია, რომ შეუძლებელია მისი კანონიერებისა და მართლზომიერების შემოწმება.
ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოებისას, მტკიცებულებათა მოპოვების, საქმის სხვა ფაქტობრივ მონაცემთა გამოკვლევის გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისა თუ სხვა გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
დაუსაბუთებელია და დავის საგანთან მიმართებაში შემხებლობაში არ არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არგუმენტი, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც აღიარებული იქნა კ------------------------–-----------------ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის სამსახურში არ წარდგენილა, და ამის გამო არ დასტურდება მოსარჩელის რაიმე სახის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე;
სასამართლო განმარტავს, რომ, ჯერ ერთი, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით აღიარებული იქნა კ------------------------–-----------------ის საკუთრების უფლება არა კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, არამედ კასპში, ს-----ის ქ. № 32-ში მდებარე უნივერმაღის შენობაზე, რაზეც მხარეებს შორის ამ სარჩელით დავა საერთოდ არ არის; მეორე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების საკუთრების უფლება დასტურდება უფლების დამდგენი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა-რეგისტრაცია არის მათი უფლება, და თუ ისინი არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, ეს იმთავითვე, უპირობოდ არ ნიშნავს, რომ რეესტრში რეგისტრაციამდე არ გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
სასამართლოს ამ მსჯელობასთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით სწორედ საჯარო რეესტრში აღურიცხავი, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ქონება ჩაითვალა მათ საკუთრებად და დადგინდა მისი ღია აუქციონის წესით რეალიზაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კ------------------------–-----------------თან მიმართებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი აქტები ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო ქონების ბედის არსებითად გადაწყვეტა; ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს"; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სადავო ქონებაზე მოსარჩელის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ; ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და შესაბამისი შეფასება უნდა იქნეს მიცემული გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებაზე, დღეის მდგომარეობით კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონებისა და კ------------------------–-----------------ის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატანი ქონების იდენტურობაზე ამ საქმის განხილვაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციაზე.
ამავე დროს, შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს, მოსარჩელის უფლება სადავო შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რაც აღირიცხა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
სასამართლო აღნიშნული დავალების ფარგლებს განსაზღვრავს სასამართლოში აღძრული სარჩელის მოცულობისა და ფარგლების გათვალისწინებით; ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დებულებებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯების გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითრები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.
იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ კ------------------------–-----------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ------------------------–-----------------ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის № 1/7-264 ბრძანება;
1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფოს სახელზე № 6--0--5--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის № 1/1-1771 ბრძანება;
1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის № 1-1/285 ბრძანება;
2. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" დაევალოს, შეისწავლოს კასპში, კ--------ს ქ. № 2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, სახელმწიფოს (აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონებების სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ; ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და შესაბამისი შეფასება იქნეს მიცემული: 1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებაზე; 2. დღეის მდგომარეობით, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონებისა და კ------------------------–-----------------ის მფლობელობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატანი ქონების იდენტურობაზე; 3. ამ საკითხზე ამ საქმის განხილვაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციაზე; 4. მოსარჩელის უფლებაზე - სადავო შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რაც აღირიცხა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სოლიდარულად სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს კ------------------------–-----------------ის სასარგებლოდ.
4. ხ---- ქ-------–-–---–-ს მიერ კ------------------------–-----------------ის სარჩელზე 2018 წლის 16 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 15658379) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი