განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2018
საქმის ნომერი
020100117002213433
დავის ტიპი
276 3
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002213433

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/783-17 28 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორები: ნ----------–-------, კ----------------------, ლ--------–--

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ო------------–---------------------------------–-------–-–--------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–----–----------–-------------------------------–----------------------------------------------------------–------------------------------------------–----–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია

 

2.2. ადვოკატი ი-----------–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2017 წლის 1--------ს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 2---ე კილომეტრზე, ს------ რაიონის სოფელ ნ-------- ტერიტორიაზე, ქ. ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ,,ფ-------’’-ს მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით I------- რომელსაც მართავდა ო---------------, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე----------------–--ს.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ე----------------–--მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2017 წლის 1--------ს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 2---ე კილომეტრზე, ს------ რაიონის სოფელ ნ-------- ტერიტორიაზე დიდი ზომის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის ჩავლის შემდეგ საავტომობილო გზას კვეთდა ქვეითი ე----------------–--. ამავდროულად საპირისპირო მხარეს, საითაც აპირებდა გადასვლას ქვეითი – ქ. ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა ,,ფ-------’’-ს მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით I------- რომელსაც მართავდა ო---------------. ქვეითისა და ავტომობილის მოძრაობიდან გამომდინარე, შეიქმნა შეჯახების საფრთხე, რის გამოც მძღოლმა მარჯვნივ მომართა საჭე, ხოლო შემდეგ გაასწორა იგი. მიუხედავად ამ მანევრისა, ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება ვერ მოხერხდა და ავტომობილს მარცხენა მხარეს შეეჯახა ქვეითი ე----------------–--.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ე----------------–--მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის.

მხარეები სადავოდ ხდიან ბრალდებულის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს ბრალდებულის ქმედების მართლწინააღმდეგობის დასადგენად წარმოადგინა მტკიცებულებები, დაცვის მხარემ თავის მხრივ ბრალდების გასაქარწყლებლად წარმოადგინა მტკიცებულებები.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ზ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ე-----, ნ-------- და ბ------ წავიდნენ მანქანით ქალაქში. ე-----, რომ გადავიდა მანქანიდან, მანქანა დაეჯახაო უთხრა ნოდარმა. ამჟამად საოპერაციოა ე-----, ამ შემთხვევიდან 2,5 თვე არაფერი ახსოვს ე-----ს, მეხსიერების პრობლემა აქვს ეხლაც. ე----- გზაზე იდგაო, როცა დაეჯახა მანქანა, ტელეფონი ეჭირა და უყურებდაო, მაგრამ მომავალი მანქანის სავალ ნაწილზე არ იყო, მეორე სავალ ნაწილზე იყოო.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ხ---------------–--ს ჩვენებით დადგენილია, ბავშვმა და ტაქსის მძღოლმა უთხრეს, ე----- გზაზე გადმოდიოდაო, გაატარაო 1 მანქანა. ხაზის აქეთ იდგა და დაეჯახაო მანქანა. ელოდებოდაო ქუთაისიდან მომავალი მანქანის ჩავლას, როცა დაეჯახა მანქანა. ე----- საოპერაციოა. ქუთაისიდან იქით რომ მიდიხარ, მარცხენა მხრიდან დაიწყო მოძრაობა. ტაქსი მარჯვენა მხარეს იდგა. როცა გადადიოდა, ტელეფონი ეჭირა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ა---------–-–---------ს ჩვენების თანახმად, ითქვა მანქანა დაეჯახაო ბიჭს და ამ ბიჭის ძმა გავარდა მაღაზიიდან გარეთ. დაჯახების ადგილიდან 50 მეტრშია მისი მაღაზია. მუხრუჭის ხმა არ გაუგია.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე ი-----------------ს დამატებითი დაკითხვის ოქმის მიხედვით, მან წაიყვანა ავტომანქანით ძმები. გზაზე სთხოვეს გაჩერება, გადავიდა აბაშის მიმართულებით მარჯვენა მხარეს, გზის მიღმა, ღორღიან გზისპირზე და გააჩერა ავტომობილი. ე----------------–-- გადავიდა ავტომობილიდან, გაატარა ტრაილერი ტენტიანი მისაბმელით, გადაკვეთა აბაშის მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლი და გაჩერდა შუა გამყოფ ღერძულა ხაზთან, რათა გაეტარებინა აბაშიდან ს------კენ მოძრავი ბორტიანი სატვირთო. ე----------------–--მ დაიწყო ტელეფონში ყურება. სატვირთო 0,7 მეტრით გადმოსული იყო საპირისპირო სამოძრაო ზოლში. როცა ქვეითს მიუახლოვდა 2-3 მეტრში, საჭე მკვეთრად მიმართა მარჯვნივ და წინა მარცხენა ბორტის კუთხით შეეჯახა ე----------------–--ს. ქვეითი დატრიალდა და დაეცა იქვე. შეჯახება მოხდა მისგან 5-6 მეტრში.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ--------------–---–მა დაადასტურა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. მისივე ჩვენებით ირკვევა, რომ ფენობარბიტალი შედის გულის წამლის შემადგენლობაში: ვალერიანკის, კორვალორის, ლუმინალის და სხვა. რა ოდენობა აღმოჩნდა ფენობარბიტალი, არ გამოუკვლევია. კვლევისთვის 0,5 მილილიტრია საჭირო, ვლადიმერ სარიშვილს 2 მილილიტრი სჭირდება. ნიტროგლიცერინი შეიცავს თუ არა ფენობარბიტალს, არ იცის.

მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, საავადმყოფოში მიყვანისას დაზარალებული უგონოდ იყო, ყბა დასისხლიანებული ჰქონდა, თავის არე – დაზიანებული. ყბა მოტეხილი ექნებოდა ალბათ. დაზარალებული მიიყვანეს დაახლოებით 19 საათზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ე---------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ მივიდნენ ავტომანქანით მდინარე ტეხურასთან და გაჩერდნენ პირით აბაშისკენ. ძმა მაღაზიაში შევიდა. თვითონაც თანხის ჩარიცხვა უნდოდა. სატვირთო ავტომანქანა - ტრაილერი გაატარა. სხვა მანქანები მოძრაობდნენ თუ არა, არ ახსოვს. შუადღე იქნებოდა. არ წვიმდა. ტრაილერის ჩასვლამდე ხედავდა საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალ მანქანასაც. ტრაილერი ჩაუვლიდა იმ მანქანას. გზის გადაკვეთა დაიწყო, შუა გზაზე გაჩერდა. მარჯვენა მხარეს დაეჯახა ფ-------ს მარკის სატვირთო ავტომანქანა. უწყვეტ ხაზზე არ იყო გადასული. შუახაზთან რომ მივიდა, ტელეფონი მერე აიღო და დახედა. ნელა მივიდა შუახაზამდე. მომავალმა მანქანამ მარჯვენა მანევრი გააკეთა და უკანა მხარით შეეჯახა სახეზე. თავი ააცილა და კუზაო დაარტყა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ-------------------ს ჩვენების და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო---------------ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ქვეითი არ იყო საფრთხე, ხაზთან იდგა. ამიტომ არ შეესაბამება მძღოლის მოქმედება საგზაო მოძრაობის წესებს. ამასთან, მძღოლი ნაწილობრივ გადასული იყო საპირისპირო ზოლზე. ოდნავ დახრილი მანქანა როცა ეჯახება გაჩერებულ ქვეითს, აბზრიალებს. 17 წლის ბავშვის სწრაფი სირბილის სიჩქარე არის 16,6 კმ/სთ. საშუალო სირბილის სიჩქარე არის 11 კმ/სთ. ეს არის სასტარტო სიჩქარე. ბავშვს რომ ერბინა და დაჯახებოდა მანქანას გვერდიდან, ის გადავარდებოდა წინ და მარცხნივ. სისხლის ლაქის ადგილი არის შეჯახების ადგილი. თუ ფაქტები შეუსაბამო იქნებოდა, შეუსრულებლად დაუბრუნებდა გამომძიებელს დადგენილებას და თხოვდა ფაქტების დადგენას. მინიმალური რეაქციის დრო არის 0,3 წმ. ეს არის საჭის მობრუნების დრო. 0,6–დან 2 წამამდეა რეაქციის დრო. შებინდებისას ეს დრო 1 წამიდან იწყება. სიმთვრალე აორმაგებს რეაქციის დროს. 2 მ-ის გასავლელად ქვეითს დასჭირდება 0,5 წმ თუ ის მოძრაობდა 16,6 კმ/სთ სიჩქარით. მძღოლის რეაქციის დრო 1,2 წამია და მძღოლი 2 მეტრში რეაგირებას ვერ მოახდენდა. 60 კმ/სთ მოძრავი მანქანა 16,6 მეტრს გადის 1 წმ-ში. 60 კმ/სთ-ით რომ მოძრაობდა, ექსპერტიზის დადგენილებიდან გაარკვია. 0,7 მ–ც დადგენილებიდან აიღო და საქმის მასალებიდან, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებიდან. ტრაილერის ჩავლა მიზეზობრივ კავშირში არ არის შეჯახებასთან. შეჯახების ადგილი დადგენილებიდან და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან აიღო. დაცემის ადგილი გამოძიების მიერ არის დადგენილი. თუ დაატრიალა შეჯახებამ ქვეითი, შეიძლება დაცემულიყო იქვე. კონტაქტი თუ მოხდა ოდნავ წინ გადამდგარ ფეხზე, ბეჭზე, თავზე, დაატრიალებდა ქვეითს. თუ ირბენდა, გადავარდებოდა წინ და მარცხნივ, ღერძულა ხაზზე ვერ დაეცემოდა და იქ სისხლის ლაქა არ იქნებოდა. ქვეითი გზასთან ოდნავ დახრილი თუ არის, მაშინ ატრიალებს ქვეითს შეჯახება. საჭის მომართვისას სანამ მანქანა მოუხვევს, 5,5 მეტრს გადის 50/60 კმ/სთ მოძრაობის დროს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ტ------------–----–---ს ჩვენების თანახმად, კორსიზის შემადგენლობაში შედის ფენობარბიტალი 7,5 მილიგრამი. ის სისხლძარღვს აფართოებს, წნევა ეცემა, ავლენს სედატიურ მოქმედებას - დასამშვიდებელი საშუალებაა. ამ დროს დუნდება ორგანიზმი, გონების განმუხტვა ხდება, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. 100 მილიგრამი ფენობარბიტალი იწვევს 1 საათში ძილს. ეს შედეგები წამლის ინსტრუქციაში წერია. ტაჰიკარდიისას ინიშნება ის დასამშვიდებლად. მასში ასევე სხვა ელემენტებიც შედის, რომლებიც ასევე სისხლძარღვების მოდუნებას იწვევს. ნიტროგლიცერინიც აფართოებს სისხლძარღვებს, მაგრამ ფენობარბიტალს არ შეიცავს. შეიძლება 1 ტაბლეტი 60 კგ. მასის ადამიანის მოერიოს და 120 კგ-ს – ვერა. ენის ქვეშ თუ მიღებდა, 15 წუთში იქნებოდა ორგანიზმში, თუ დალევდა – 1 საათში იქნებოდა ორგანიზმში. ყველა ვარიანტში შენელდებოდა რეაქცია, მაგრამ ხარისხზეა დამოკიდებული.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნ------------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ი------ს მანქანაში ჩასხდნენ ძმები და წავიდნენ. ე-----მ მანქანა გააჩერებინა. ბ------ გადავიდა მანქანიდან და შევიდა მაღაზიაში. ე-----ს უნდოდა ტელეფონის ანგარიშის შევსება, გადავიდა ავტომანქანიდან, გაატარა ტრაილერი, შუახაზამდე მივიდა, გაჩერდა და ტელეფონი ამოიღო, რის შემდეგაც მანქანა დაეჯახა. გამყოფ ხაზამდე არ იყო მისული ე-----. მანქანაში იჯდა და უყურებდა მას. მანქანა მარჯვნივ გადაიწია და მარცხენა მხარე დაარტყა. ე----- დატრიალდა და იქვე დაეცა. ი------ც ხედავდა. საღამო იყო, მაგრამ არ ბნელოდა. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ე-----. ე----- მძღოლის უკან იჯდა მანქანაში. მანქანა მარჯვენასაჭიანია. ე-----მ უკნიდან მოუარა მანქანას. ტრაილერმა ჩაირა და გადავიდა, რა დროსაც მოხდა შეჯახება. ე----- რომ დაეცა, თავი მისკენ ჰქონდა და არა ხაზთან ახლოს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ შეჯახება მოხდა მძღოლის გზაზე, როცა მგზავრი სწრაფად კვეთდა გზას. შეჯახების ადგილი და დაცემის ადგილი გამორიცხულია, რომ იყოს იგივე. ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. ვარდნა დიაგონალზე მოხდებოდა. დაზარალებულის ჩვენება არ შეიძლება ტექნიკურად სწორი იყოს. ტექნიკურად მანქანა 0,7 მეტრს ვერ მოუხვევდა. შეიძლებოდა 10-15 სმ მოხვევა მხლოდ იმ დროში. თუ ქვეითი უძრავად იყო, მაშინ სარკეზე უნდა მომხდარიყო შეჯახება, რადგან ყველაზე გამოწეული ადგილია. თუ მოძრაობდა ქვეითი, შეიძლებოდა ძარაზეც დაჯახება. 8კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარე თუ ჰქონდა ქვეითს, ის სარკეზე დაეჯახებოდა. სარკესა და ბორტს შორის მანძილი არის 1,5 მეტრი. ამ მანძილის გასვლას 8/კმსთ სჭირდება იმ დროში, რა დროშიც მანქანა მოძრაობდა. 0.8 წმ უნდოდა ამ მანძილის გასვლას, რა დროშიც მძღოლი რეაგირებასაც ვერ მოასწრებდა. ბრალდებულის ჩვენების შესაბამისად შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, დაზარალებულის ჩვენების მიხედვით ვერ განვითარდებოდა. დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაშია სხვა ჩვენებებთან. ე.ი. ისინიც მიუღებელია. წამში 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა 12-13 მეტრს გაივლის. მანქანა საფრთხის წარმოშობისას შეჯახებამდე 12 მეტრით იქნებოდა დაშორებული. 0.7 მეტრს მანქანა დაფარავდა სულ მცირე 15 მეტრიდან. მინიმალური რადიუსი ნიშნავს ყველაზე მკვეთრად მოხვევას. ტრაილერმა შეამცირა გარბენის ნახვის დრო. მოხვევისას წინა და უკანა ბორბლები ერთდროულად უხვევენ. ამასთან, წინა უფრო მკვეთრად უხვევს. 2-3 მეტრი მანძილი აიღო ჩვენებებიდან. უკანა ბორბლის შემდეგ დარჩენილი ბორტის ბოლო თუ დაეჯახებოდა, თორემ სხვა ნაწილი ვერ დაეჯახებოდა მოხვევის შემთხვევაში, მაგრამ დადგენილად მიჩნეულია, რომ დაეჯახა ბორტის შუაში და არა ბოლოს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----------–------ს ჩვენების თანახმად, მინიმუმ 8 კმ/სთ უნდა ემოძრავა ქვეითს, რომ დაჯახებოდა გვერდით ავტომობილს. 3,7 მ. არის მანძილი მხედველობის აღდგენიდან შეჯახებამდე. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობაშია სხვა მასალებთან, ამიტომ ის არ გამოყენებულა არც ერთი ექსპერტიზის დროს. თუ ქვეითი არ მოძრაობდა, ავტომანქანას გვერდიდან ვერ დაეჯახებოდა. ავტომანქანის წინიდან ბორტამდე 2.5 მეტრი იქნება, სარკიდან – 1.5 მეტრი. 50 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავი მანქანა 13,8 მეტრს გადის 1 წამში. შეჯახებამდე იქნებოდა 11.6 მეტრით დაცილებული, თუ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი, 11.1 მეტრით – თუ 50 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა. მოხვევის დროსაც ვერ მოარტყამდა უკანა კუთხე, რადგან უკანა თვალი უფრო მკვეთრად უხვევს. მხოლოდ ქვეითის მოძრაობისას შეიძლებოდა შეჯახება. დაახლოებით 5 მ იქნება მანქანის სიგრძე. ბრალდებულის სიტყვები, 2 მეტრში ვნახეო საფრთხე, არასწორია. ვერ ნახავდა 2 მეტრში, უფრო მეტში ნახა. მოძრაობაში არცერთი სიჩქარით არ არის შესაძლებელი 0,7 მეტრის გავლა. უკანა მხარე წინა ბორბალზე მარცხნივ ვერასდროს ვერ გადაინაცვლებს ბორბლების მოხვევის ტრაექტორიის გამო. 3,7 მ. ნაანგარიშევია ქვეითს სწრაფი გადაადგილებისას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულის ჩვენების თანახმად, 18:30 საათზე მოხდა შემთხვევა ზუსტად. აბაშიდან ზუგდიდისკენ მოდიოდა, როცა ბავშვი ნახა 400 მეტრიდან. ბავშვი მანქანის უკანა მხარეს ეყრდნობოდა ხელით. 50-60 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. სამმა ტრაილერმა გაიარა ერთად. ტრაილერის ნახევარს რომ გაუსწორდა, იქიდან ბავშვი გამოქანდა და დაეჯახა. 90 გრადუსით მოუხვია. ყოველთვის თავისი სამოძრაო ზოლის შუაში დადის. უკან 2 ტონა ედო. მოხვევისას მანქანა გადაიხარა, ბავშვი გადავარდა, მის გზაზე იწვა, ფეხები მისკენ ჰქონდა, მოისროლა 1,5 მერი. გაბისკირიას დამუქრებია დაზარალებულის ოჯახი და მოუთხოვია, ჩვენ რომ გვაწყობს ისე თქვიო. ჩვეულებრივი მოძრაობა იყო. ტრაილერის მერე დაახლოებით 2 მეტრში ნახა ქვეითი. საწინააღმდეგო მოძრავ ზოლზე არ გადასულა. წამლებს იღებს ყოველდღე. გაჩერებული მანქანიდან უკან 10 მეტრის დაშორებით წავიდა დაზარალებული და მერე გადმოვიდა გზაზე მაღაზიის წინ. ჯერ პატარა მანქანები მოდიოდა, მერე ერთად 3 ტრაილერი.

ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვეული ნორმის იდენტიფიცირებამდე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეაფასოს, თუ რას ედავება მას ბრალდების მხარე. როგორც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, 2017 წლის 1--------ს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 2---ე კილომეტრზე ს------ რაიონის სოფელ ნ-------- ტერიტორიაზე ქ. ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ,,ფ-------’’-ს მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით I------- რომელსაც მართავდა ო---------------, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე----------------–--ს. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ე----------------–--მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული. მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. ამდენად, დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ ნათლად უნდა იყოს გადმოცემული, თუ რას ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს, მისი რომელი ქმედებაა მართლსაწინააღმდეგო. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 276-ე მუხლი წარმოადგენს სპეციფიკურ დანაშაულს - ბლანკეტურ ნორმას, რომელიც მოითხოვს მითითებას სხვა კანონის ნორმაზე და რომლის გარეშეც ეს დანაშაული არ არსებობს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასევე ის ნორმაც უნდა აისახოს, რომლის დარღვევასაც ედავებიან ბრალდებულს. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებებს, რაც ასახულია დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ და აღნიშნავს, რომ შეჯახება მოხდა, თუმცა ბრალდებულს არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი ნორმა. ამდენად, შეიქმნა ვითარება, როცა ორივე მხარე ეთანხმება ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მხარეთა პოზიცია ქმედების დანაშაულებრიობის თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამასთან, იმას, რაც განსაზღვრავს ამ ქმედების დანაშაულებრიობას, ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს და ამ დადგენილებიდან არ ჩანს, თუ კონკრეტულად რის დარღვევას ედავებიან ბრალდებულს.

სასამართლო, იმის გარკვევისას, თუ რა ქმედების განხორციელება და რა ნორმის დარღვევა ედება ბრალდებულს, ხელმძღვანელობს ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომლითაც, განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელია გაირკვეს, საგზაო მოძრაობის წესის თუ რა ნორმა დაარღვია ბრალდებულმა, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის პირის დადანაშაულებას რაიმე წესის დარღვევაში. ერთადერთი მტკიცებულება, რომლიდანაც შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა სავარაუდოდ დარღვეული ნორმის შესახებ, არის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა დაარღვია აღნიშნული კანონის 33.11 მუხლი და ამავე კანონის დანართის 1.1 პუნქტის მოთხოვნები. 33.11 მუხლის თანახმად, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გვერდითი ინტერვალის დაცვა. ამავე კანონის დანართის 1.1. პუნქტის თანახმად, ჰორიზონტალური მონიშვნა ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. ამდენად, სასამართლო ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება სწორედ ამ ნორმების დარღვევას და ამ მიმართულებით შეეცდება განავითაროს მსჯელობა, რადგან სხვა მონაცემები საქმის მასალებით არ იკვეთება.

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტის კომპეტენციაში არ შედის სამართლებრივი საკითხების გარკვევა, ვინაიდან ექსპერტს სპეციალური ცოდნა აქვს ტექნიკურ საკითხებში, ხოლო სამართლებრივი საკითხების გარკვევა გამოძიების, ბრალდების მხარის და სასამართლოს კომპეტენციაა, რის გამოც ექსპერტმა უნდა ჩაატაროს გამოკვლევა ტექნიკური საკითხების გამოთვლის კუთხით, რის შემდეგაც მხარეს ექნება საშუალება, სამართლებრივად შეაფასოს ფაქტები და დაადგინოს, რა ნორმა დაირღვა. განსახილველ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ბრალდების მხარეს არ შეუფასებია ფაქტები და არ დაუდგენია სამართლებრივი საკითხები. ეს ფუნქცია შეითავსა (ან მხარემ გადააკისრა) ექსპერტმა, რომელმაც დაადგინა დარღვეული ნორმები მაშინ, როცა ეს მისი ფუნქცია არ არის. შეუძლებელია სამართალდამცავმა ორგანომ ექსპერტს სთხოვოს იმის დადგენა, თუ რომელი ნორმა დაირღვა, რადგან ექსპერტს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პირებს სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ კონკრეტულ საკითხში და სჭირდებათ სპეციალისტის დახმარება. შეუძლებელია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სჭირდებოდეთ სხვა პირის დახმარება დარღვეული ნორმის დადგენის საკითხში, რადგან წარმოუდგენელია ავტოტექნიკურმა ექსპერტმა იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლებზე უკეთ, რომლებიც თავად არიან ვალდებული, დაიცვან ეს წესები, გამოავლინონ მათი დამრღვევები და გაატარონ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები. ამდენად, არ არის ნორმალური, სამართალდამცავი ორგანო დარღვეული ნორმის იდენტიფიკაციისთვის ატარებდეს ექსპერტიზას და, მეორე მხრივ, ავტოტექნიკური ექსპერტი ადგენდეს დარღვეულ ნორმას. ექსპერტს უნდა ჩაეტარებინა ტექნიკური გამოთვლები, გადაემოწმებინა საქმის მასალებში მითითებული გარემოებები, დაედასტურებინა ან უარეყო ისინი ტექნიკური გამოთვლების მეშვეობით. მსგავსი გამოკვლევები ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში არ იკითხება. ექსპერტი მთლიანად დაეყრდნო საქმის მასალებს და ერთადერთი, რაც, დასკვნის მიხედვით, მან გააკეთა, არის ის, რომ დაადგინა დარღვეული ნორმები. ამდენად, ვინაიდან დასკვნაში არ არის აღწერილი ტექნიკური გამოკვლევები, აღნიშნული ექსპერტიზა სრულყოფილად ჩატარებულად ვერ ჩაითვლება ისევე, როგორც ექსპერტის დასკვნად ვერ მიიჩნევა მის მიერ მიღებული შედეგები, რომლებიც წმინდა სამართლებრივ შინაარსს ატარებს.

ფაქტების დადგენისა და მათი შეფასებისას მნიშნველოვანია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის ექსპერტები აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით დაზარალებული ნელა მივიდა შუახაზამდე, გაჩერდა, ამოიღო ტელეფონი და დაიწყო ყურება, რა დროსაც მომავალმა ავტომანქანამ მარჯვნივ მოხვევის მანევრი გააკეთა და დაეჯახა გვერდითა წინა ბორტით.

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, საკუთარ სამოძრაო ზოლში მიდიოდა, ჩაუარა საპირისპირო ზოლში მოძრავ ტრაილერს, რა დროსაც მის გზაზე გამოიქცა დაზარალებული, მომართა საჭე მარჯვნივ, თუმცა, დაზარალებული დაეჯახა გვერდიდან.

ამდენად, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, დაზარალებული გამყოფ ხაზზე იდგა შეჯახების დროს თუ მოძრაობდა მძღოლის სამოძრაო ზოლში. აღნიშნულ კითხვაზე პასუხს სცემს მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები. მართალია, მოწმეები მიუთითებენ, რომ ნახეს დაზარალებული გამყოფ ხაზთან შეჩერებული, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოწმეთა ჩვენებებითვე ირკვევა, რომ დაზარალებულმა ი-----------------ს გაჩერებულ ავტომანქანას უკნიდან მოუარა და ავტომანქანის უკან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაიწყო გზის გადაკვეთა. ამ დროს დაზარალებული მძღოლის და მგზავრის პირდაპირი ხედვის არეში ვერ მოხვდებოდა თუ ისინი უკან არ მოტრიალდებოდნენ და არ დაუწყებდნენ ყურებას, თუ რას აკეთებდა დაზარალებული ან თუ უკანა ხედვის სარკეში არ ნახავდნენ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ეს დეტალი მოწმე ი-----------------ს ჩვენებით ვერ დაზუსტდა, ვინაიდან ის სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა. ამ დეტალზე არც მოწმე ნ------------------–--ს გაუმახვილებია ყურადღება, თუმცა მან განაცხადა, რომ ხედავდა ყველაფერს. იმის გათვალისწინებით, რომ ნ------------------–--მ ვერ მოახერხა ავტომანქანიდან გადმოსვლა, იგულისხმება, რომ მინები აწეული იყო და მან უკან გახედვით დაინახა დაზარალებული უკანა საქარე მინიდან ან უკანა მარცხენა მინიდან, რა დროსაც მისი ხედვა მეტ-ნაკლებად შეზღუდული იყო ავტომანქანის სალონით. ამასთან, აღნიშნული მოწმე არის დაზარალებულის ძმა, ხოლო ი----------------- - მეზობელი. სხვა თვითმხილველი ფაქტს არ ჰყოლია გარდა დაზარალებულისა და ბრალდებულისა. დაზარალებული ადასტურებს შუა ხაზზე გაჩერებას, ხოლო ბრალდებული ამას უარყოფს.

ამ საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია ერთი დეტალის დადგენა. ეს არის შეჯახების ადგილი. უნდა ითქვას, რომ გამოძიებით შეჯახების ადგილი დადგენილი არ არის, დადგენილია მხოლოდ დაზარალებულის საბოლოო განლაგების ადგილი - ღერძულა ხაზი. ექსპერტი ზ------------------- მიუთითებს, რომ შეჯახების და დაცემის ადგილები ერთი და იგივეა, თუმცა ამას გამორიცხავენ ექსპერტები თ--------------ე და დ----------–------. დაკითხული ყველა მოწმე ადასტურებს, რომ დაზარალებული დაცემამდე დაბზრიალდა. ასევე ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ის დაეცა თავით ი-----------------ს გაჩერებული ავტომანქანისკენ. დაცემის ადგილი არის ზუსტად გამყოფი ხაზი, სადაც თავი დაარტყა დაზარალებულმა და სადაც დარჩა მისი სისხლის ლაქა. ამდენად, დადგენილია, რომ დაბზრიალების შემდეგ დაზარალებულმა თავი დაარტყა გამყოფ ზოლს, თუმცა მნიშვნელოვანია ამ დროს ფეხების მდებარეობა, რაც დადგენილი არ არის. დაზარალებულის სიმაღლის გათვალისწინებით, რაც აღემატება 1,5 მეტრს, ასევე სხეულის ნაწილების, ძვლების აგებულებისა და სიგრძის მხედველობაში მიღებით სასამართლო ასკვნის, რომ შეუძლებელია ფეხებისა და თავის განლაგების ადგილი ყოფილიყო ერთი და იგივე წერტილი. ამის საშუალებას არ იძლევა ადამიანის აგებულება. შესაძლო იყო დაზარალებული წაქცეულიყო მთელი სიგრძით და მაშინ ფეხებისა და თავის საბოლოო განლაგებას შორის სხვაობა იქნებოდა 1,5 მეტრზე მეტი. შესაძლო იყო დაზარალებული მოკეცილ მდგომარეობაში დაცემულიყო. ასეთ ვითარებაში ფეხებისა და თავის საბოლოო განლაგებას შორის სხვაობა იქნებოდა უფრო ნაკლები, მაგრამ ნახევარ მეტრზე მეტი. უნდა ითქვას, რომ დაზარალებულის წოლის პოზის შესახებ ინფორმაცია არც ერთ მოწმეს არ მოუწოდებია. თუ როგორ დაეცა დაზარალებული, ამის შესახებ აღნიშნავენ მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ დაზარალებული იქვე დაეცა, მაგრამ მოწმე ნ------------------–-- აზუსტებს, რომ დაცემულ ე----------------–--ს თავი გაჩერებული ავტომანქანისკენ ჰქონდა და ის განლაგებული იყო ხაზთან მიმართებაში დიაგონალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხები და თავი ორივე გამყოფ ხაზზე არ იყო, არამედ ფეხები იყო საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ფეხების გამყოფ ხაზზე აღმოჩენის შემთხვევაში თავი უნდა განლაგებულიყო რამდენიმე სანტიმეტრით მოშორებით გამყოფი ხაზისგან. სხვაგვარად დიაგონალზე დაზარალებული ვერ განთავსდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ დიაგონალზე დაცემის ვერსიას ავითარებენ ასევე დაცვის მხარის ექსპერტებიც და მიუთითებენ ფეხებით საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლაზე, რაც შეესაბამება საქმის მასალებს, შემთხვევის ადგილის სურათს, დაცემული დაზარალებულის თავის განლაგების ადგილს, ნ------------------–--ს ჩვენებას დაცემის თაობაზე, ბრალდებულის ჩვენებას. ამდენად, დაცემისას თავის განლაგების ადგილი და დიაგონალზე დაცემა გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ დაზარალებული იდგა გაჩერებული გამყოფ ხაზზე. ირკვევა, რომ მას გამყოფი ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის, მოძრაობდა თუ არა დაზარალებული შეჯახების დროს. ეს გარემოება, ისევე, როგორც ხაზზე გაჩერებაც, ბრალდების მხარის ექსპერტს თავად არ დაუდგენია, არამედ მოწმეთა ჩვენებებიდან გადმოიტანა, თუმცა ამას ყურადღება მიაქციეს დაცვის მხარის ექსპერტებმა და გამოთვალეს, რომ შეუძლებელი იყო ერთ ადგილზე მდგარ ადამიანს ავტომანქანა დაჯახებოდა გვერდიდან. ერთადერთი შესაძლებლობა არის, თუ ქვეითი შეეჯახებოდა მოძრავ ავტომობილს. ამ საკითხის დადგენისას მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანის ყველაზე გამოწეული დეტალი არის გვერდითი ხედვის სარკე, რომელზეც კონტაქტი არ მომხდარა. ეს იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა მარჯვნივ მანევრისას მოახერხა და ავტომანქანის წინა მხარე, მათ შორის გამოწეული სარკეც ააცილა დაზარალებულს. გვერდითა ხედვის სარკესთან შედარებით ავტომანქანის ყველა შემდეგი ნაწილი არის შეწეული, რის გამოც შეუძლებელი იყო ისინი მოხვედროდა უძრავად მდგარ ქვეითს. სწორხაზოვნად მიმავალი ავტომობილის შემთხვევაში ეს დებულება უდავოა.

განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მძღოლმა შეჯახების თავიდან ასარიდებლად მარჯვნივ მოხვევის და შემდეგ ავტომანქანის გასწორების მანევრი გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომანქანა მოძრაობდა არა სწორხაზოვნად, არამედ მოხვევებით. საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში თუ შეიძლებოდა ავტომანქანის გვერდითა ნაწილი აღმოჩენილიყო გვერდითა ხედვის სარკეზე მეტად გამოწეული. ამ საკითხზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია ბრალდების მხარის ექსპერტს, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ გვერდიდან შეჯახება შესაძლებელია. დაცვის მხარის ექსპერტებიდან ერთ–ერთმა თქვა, რომ მხოლოდ ავტომანქანის ბოლო ნაწილი შეიძლებოდა გამოწეულიყო გვერდითა სარკეზე მეტად და არა სხვა რომელიმე ნაწილი. მეორე ექსპერტის თანახმად, ესეც კი შეუძლებელია, ვინაიდან უკანა თვლები უფრო ადრე იწყებს მოხვევას, ვიდრე წინა, უფრო მკვეთრად უხვევს და ის უფრო ადრე ჭრის მოსახვევ მანძილს.

ამდენად, 3 ექსპერტის 3 განსხვავებული პოზიცია უნდა შეფასდეს: 1. შეჯახება მოხდებოდა ავტომანქანის გვერდითა წინა ბორტით, 2. შეჯახება ამ ნაწილით გამორიცხულია და შეიძლებოდა შესაბამისი პირობების შემთხვევაში ეს მომხდარიყო გვერდითა უკანა ბორტის კუთხით, 3. გვერდიდან შეჯახება ქვეითის უმოძრაობის პირობებში შეუძლებელია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებით არ იკვეთება, თუ რა ნაწილით შეჯახება ედება ბრალად ო---------------ს. ეს გარემოებაც, ისევე, როგორც სავარაუდოდ დარღვეული ნორმების შინაარსი, ბრალდების მხარის ექსპერტის მიერ არის მითითებული და შეჯახების ადგილად მიჩნეულია გვერდითა წინა ბორტი. ამ ნაწილზე უთითებს ასევე მოწმე ი-----------------ც. ვინაიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებებით სხვა გარემოება არ ირკვევა, ივარაუდება, რომ სწორედ ამ ნაწილით შეჯახებას ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ გასაზიარებელია დაცვის მხარის ექსპერტთა პოზიციები, რომ გვერდითა წინა ბორტი, თავისი განლაგებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო აღმოჩენილიყო გვერდითა ხედვის სარკეზე მეტად გამოწეულ მდგომარეობაში ისე, რომ მძღოლს აეცილებინა სარკე და დაჯახებოდა გვერდითა წინა ბორტით. თავის სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომანქანა მსგავს მანევრს ვერ გააკეთებდა, რომ მისი გვერდითა წინა ბორტი აღმოჩენილიყო საპირისპირო მოძრაობის ზოლში, თუ ის მოხვევამდე საკუთარ ზოლში მოძრაობდა.

საქმე ის არის, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება ასევე საპირისპირო ზოლში სიარულსაც. ამიტომ აუცილებელია გაირკვეს, შეეძლო თუ არა საპირისპირო ზოლში მოძრაობა ავტომობილს და ამის შემდეგ ისეთი მანევრის შესრულება, რომ გვერდითა წინა ბორტი შეჯახებოდა ქვეითს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა მოწმე ადასტურებს, რომ შეჯახებამდე წამებით ადრე დაზარალებულმა გაატარა მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა – ტრაილერი, შემდეგ გადავიდა გზაზე, რასაც მოჰყვა შეჯახება. ამდენად, ამ ტრაილერს უნდა ჩაევლო ბრალდებულის ავტომანქანისთვის. ირკვევა ასევე, რომ ტრაილერის ჩავლამდე დაზარალებული უმოძრაოდ იმყოფებოდა საპირისპირო მოძრაობის ზოლის უკიდურეს კუთხეში გაჩერებულ ავტომანქანასთან. მხოლოდ ტრაილერის ჩავლის შემდეგ დაიწყო მან მოძრაობა, რის შემდეგაც წამებში მოხდა შეჯახება. ე.ი. ტრაილერის ჩავლამდე ბრალდებული დაზარალებულს ვერ აღიქვამდა საფრთხედ, რადგან ის იმყოფებოდა სავალი გზის გარეთ უმოძრაოდ. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ შეჯახებამდე წამების წინ ტრაილერმა ჩაუარა ბრალდებულის ავტომობილს. ასეთ ვითარებაში, როცა გზა არის სწორხაზოვანი, საპირისპირო ზოლში მოძრაობს ტრაილერი, ძნელი წარმოსადგენია ავტომანქანა მოძრაობდეს საპირისპირო ზოლში გადასულ მდგომარეობაში. მით უფრო, 0,7 მეტრით. ასეთის არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ტრაილერის მხრიდან სიგნალის მიცემა ბრალდებულისათვის, რომ დაბრუნებულიყო საკუთარ სამოძრაო ზოლში, რადგან ის ტრაილერს შეუქმნიდა საფრთხეს. ტრაილერის გაბმული სიგნალი უყურადღებოდ არ დარჩებოდათ მოწმეებს, თუმცა მსგავს გარემოებაზე არც ერთ მათგანს არ გაუმახვილებია ყურადღება. ასეთი სიგნალის შემთხვევაში დაზარალებულიც მიიხედავდა ბრალდებულის მხარეს, ვინაიდან ის გზას კვეთდა და გაბმული სიგნალი მასაც საფრთხეზე მიანიშნებდა, თუმცა ასეთი რამ არც ერთ მოწმეს არ გაუგია. ამდენად, ივარაუდება, რომ ეს არ მომხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე კარგად ჩანს გამყოფი ხაზი, ის თვალხილულია და, ამასთანავე, უწყვეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული ამ ხაზს ხედავდა და იცოდა, რომ მისი კვეთა აკრძალული იყო. ამასთან, საპირისპირო მხარიდან მოდიოდა ტრაილერი და მის ზოლში მოძრაობა საფრთხეს უქმნიდა ბრალდებულს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრაილერმა, სანამ ჩაუვლიდა ბრალდებულს, წამების წინ ჩაუარა მისი ზოლის უკიდურეს მხარეს გაჩერებულ ი-----------------ს ავტომობილს, რის გამოც სავარაუდოა, რომ ის საკუთარი ზოლის უკიდურეს მარჯვენა მხარეს არ იმოძრავებდა და იქნებოდა საკუთარი ზოლის დაახლოებით შუაში. ასეთ ვითარებაში, ტრაილერის სავარაუდო სიგანის გათვალისწინებით, 0,7 მეტრით მის გზაზე მოძრაობა, როცა ბრალდებულს საკუთარი სამოძრაო ზოლი თავისუფალი ჰქონდა, ძნელად წარმოსადგენია. ამ საკითხის ირგვლივ არ დაკითხულა ტრაილერის მძღოლი, რომ მისგან შესაძლებელი ყოფილიყო ინფორმაციის მიღება. ამდენად, სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია შექმნილ ვითარებაში ბრალდებულის საწინააღმდეგო ზოლში გადასვლის ვერსია. ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ ეს ვერსია მხოლოდ ერთი მტკიცებულებით – აწგარდაცვლილი ი-----------------ს გამოქვეყნებული ჩვენებით იკვეთება. სხვა მტკიცებულება ამ გარემოებას არ ადასტურებს, რის გამოც არ არის დაკმაყოფილებული საპროცესო კოდექსით დადგენილი, წარდგენილი ბრალდების თითოეული გარემოების დადასტურების როგორც რაოდენობრივი (არანაკლებ ორისა), ასევე ხარისხობრივი სტანდარტი (უტყუარი, სარწმუნო, სხვა მტკიცებულებებთან შეთანხმებული). ისიც მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა და მისგან დამატებითი განმარტებების მიღება ამ საკითხზე ვერ მოხერხდა, რის გამოც გაურკვეველი დარჩა, როდის გადაკვეთა ბრალდებულმა გამყოფი ზოლი, საიდან დაასკვნა მოწმემ, რომ 0,7 მეტრით იყო ბრალდებული გადასული საპირისპირო ზოლში, ასეთ ვითარებაში როგორ ჩაუარა მან ტრაილერს და ა.შ. ამდენად, ბრალდებულის 0,7 მეტრით საპირისპირო ზოლში მოძრაობის ვერსია დაუსაბუთებელია. ამასვე მიუთითებს ის, რომ დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ ნელა მივიდა გამყოფ ხაზამდე და გაჩერდა, თუ ბრალდებული მოძრაობდა საპირისპირო ზოლში გადასული და ეს ი-----------------მ ნახა, ამას შეამჩნევდა დაზარალებულიც და აღარ მივიდოდა გამყოფ ხაზამდე, უფრო ადრე შეჩერდებოდა. მით უმეტეს, რომ, მოწმეები ამბობენ, დაზარალებულმა ტელეფონი მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც გაჩერდა. ე.ი. გაჩერებამდე მას ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა მისკენ მომავალი ავტომანქანა. ამდენად, ბრალდებულის საპირისპირო ზოლში გადასული მოძრაობა არადამაჯერებელია. ამასვე ადასტურებს დაცვის მხარის ექსპერტთა ჩვენებები, რომ ტექნიკურად შეუძლებელია მკვეთრი მოხვევა 0,7 მეტრით. ავტომანქანის ტექნიკური მონაცემები იძლევა შესაძლებლობას, მხოლოდ 10–15 სანტიმეტრით მოეხვია აღნიშნულ ავტომობილს მკვეთრად. მეორე მხრივ, ამის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია გვერდითა წინა ბორტი აღმოჩენილიყო გვერდითა სარკის მიერ შემოწერილი ტრაექტორიის გარეთ გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომანქანა მოცურდებოდა, რაც, მოწმეთა ჩვენებებით, არ მომხდარა. მესამე, გასათვალისწინებელია ასევე მოხვევის კუთხეც. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული იმოძრავებდა 0,7 მეტრით საპირისპირო ზოლში გადასულ მდგომარეობაში, შემდეგ მოისურვებდა საკუთარ ზოლში დაბრუნებას და ასეთ ვითარებაში ქვეითის დანახვის გამო კიდევ მოუხვევდა მკვეთრად მარჯვნივ, მისი მოხვევის კუთხე კიდევ უფრო გაიზრდებოდა. მძღოლი მოძრაობდა 50–60 კმ/სთ სიჩქარით, გზის სავალი ნაწილის სიგანე შეადგენს 4 მეტრს. ასეთი მკვეთრი კუთხის შექმნის შემთხვევაში ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლო მძღოლმა საჭის გასწორება ისე, რომ არ გადავიდა გზიდან იმ პირობებში, როცა ავტომანქანას შეუძლია მკვეთრი მოხვევით მხოლოდ 10–15 სანტიმეტრით დაშორება სწორი ხაზიდან, ხოლო წამში გადის დაახლოებით 10–15 მეტრს. ეს იმას ნიშნავს, რომ, 10–15 სმ–ით შეუძლია მკვეთრად მოხვევა ასევე საჭის გასწორების დროსაც და ასევე იმას, რომ მას ამ მანევრისთვის უკიდურესად მცირე დრო ჰქონდა არსებული მანძილის გათვალისწინებით. ამდენად, არ არის დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია ბრალდებულის საპირისპირო ზოლში გადასვლის შესახებ, რაც გამორიცხავს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1.1. პუნქტის მძღოლის მიერ დარღვევას.

იმ ვითარებაში, როცა არ დასტურდება ნებისმიერ გარემოებაში ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკის მიერ განვლილი ტრაექტორიის გარეთ გვერდითა წინა ბორტის გასვლის შესაძლებლობა, ავტომატურად წარმოიშობა ვერსია შეჯახების მომენტში დაზარალებულის მოძრაობაში ყოფნის შესახებ, ვინაიდან სხვაგვარად შეჯახება შეუძლებელი იქნებოდა, რასაც ამტკიცებენ კიდეც დაცვის მხარის ექსპერტები.

იმის გასარკვევად, მოძრაობდა თუ არა დაზარალებული შეჯახებისას, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რა ნაწილით მოხდა ავტომანქანასთან შეჯახება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმე მ---------------ს ჩვენების მიხედვით, დაზარალებულს ყბა დასისხლიანებული ჰქონდა, თავის არე ჰქონდა დაზიანებული, ყბა მოტეხილი ექნებოდა. თავის გარდა სხეულის სხვა დაზიანებები არ ახსენდება. დადგენილია და სადავო არ არის, რომ შეჯახება მოხდა ყბის მიდამოში. ბრალდების მხარის მოწმეები უთითებენ, რომ დაზარალებული გაჩერდა ხაზთან, ამოიღო ტელეფონი და მას უყურებდა. ასეთ ვითარებაში რომ მომხდარიყო შეჯახება, მაშინ დაზარალებულის ხელი თავზე წინ უნდა ყოფილიყო და სანამ თავთან მოხდებოდა კონტაქტი, მანამდე ხელებზე უნდა დაჯახებოდა ავტომანქანა, თუმცა ხელებზე დაზიანების შესახებ არავინ მიუთითებს. დაზარალებულს დაზიანებული ჰქონდა მხოლოდ თავი. ეს კი მაშინ მოხდებოდა, თუ თავი ხელზე წინ იქნებოდა გადახრილი. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა კი დამახასიათებელია გადარბენის შემთხვევისთვის, რასაც უთითებს კიდეც ბრალდებული.

ერთი მხრივ, არ დასტურდება, რომ ბრალდებული გადასული იყო საპირისპირო სამოძრაო ზოლში, მეორე მხრივ, არ დასტურდება, რომ დაზარალებული უმოძრაოდ იდგა, მესამე, არ დასტურდება, რომ დაზარალებული შეჯახების მომენტში ხაზზე იმყოფებოდა, რაც არსებითად ცვლის სურათს ბრალდებულის სასარგებლოდ.

გასარკვევი დარჩა, დაარღვია თუ არა ბრალდებულმა გვერდითა ინტერვალის დაცვის აუცილებლობის მოთხოვნა და შეეძლო თუ არა მას ამის დაცვა. ამ კუთხით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ტრაილერის ფაქტორი, რომელმაც, თავისი სიგრძის გამო, ბრალდებულის ხედვის არე მნიშვნელოვნად შეზღუდა. მართალია, ბრალდების მხარის ექსპერტი მიუთითებს, რომ ტრაილერის ჩავლა არ არის მიზეზობრივ კავშირში შეჯახებასთან, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ გაზიარებული იქნებოდა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ზემოთ უკვე უარყოფილ იქნა. ამდენად, თუ ბრალდებული საკუთარ სამოძრაო ზოლში იმყოფებოდა და მის ხედვას მარცხნივ ზღუდავდა ტრაილერისა და მისაბმელის კორპუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულმა ვერ დაინახა, თუ როგორ დაიწყო დაზარალებულმა გზის გადმოკვეთა. მართალია, საქმის მასალებით არ არის დადგენილი, თუ რა მანძილი დარჩა ბრალდებულს დაზარალებულამდე, როცა მას აღუდგა ხედვის არე და დაინახა დაზარალებული, თუმცა, ასეთ ვითარებაში, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებშიც, ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. ამ კუთხით არ არის გასაზიარებელი ბრალდებულის ჩვენება, რომ მან 2 მეტრში დაინახა დაზარალებული, თუმცა მისი ეს აღქმა შეიძლება შეფასდეს შექმნილი ვითარების მისეულ სუბიექტურ აღქმად, როცა საფრთხე ძალიან ახლოს იყო. ეს ბრალდებულმა ასე რომ აღიქვა, ამაზე მიუთითებს მისი რეაქცია, მარჯვნივ მოხვევა და წინიდან დაჯახების თავიდან აცილება. მიუხედავად საფრთხის სიახლოვისა, ეს 2 მეტრზე დაახლოებით ათჯერ მეტ მანძილში რომ ხდებოდა, დადასტურებულია ორივე მხარის ექსპერტების ჩვენებებით, რომლებიც მიუთითებენ ადამიანის რეაქციის მინიმალურ დროზე, მოხვევის მანევრის დაწყებიდან მოხვევამდე აუცილებელ დროზე, 50 კმ/სთ და 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მიერ 1 წამში გავლილ მანძილზე. მიუხედავად ამისა, ეს მანძილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლისთვის მცირე მანძილად რომ იქნა აღქმული, ესეც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის მოძრაობდა 50–60 კმ/სთ სიჩქარით საფრთხისკენ. ბრალდების მხარის მიერ დადგენილი თუ იქნებოდა, თუ რა მანძილიდან დაინახა ბრალდებულმა საფრთხე, უფრო ზუსტად იქნებოდა შესაძლებელი იმის გამოთვლა, შეეძლო თუ არა ბრალდებულს მიემართა ისეთი ზომებისთვის, რაც აარიდებდა შეჯახებას, მაგრამ ვინაიდან ეს გარემოება დადგენილი არ არის, სასამართლო, ისევე, როგორც ექსპერტები, მოკლებულია შესაძლებლობას, ამ მიმართულებით იმსჯელოს და ვალდებულია, ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტოს, რა დროსაც გაზიარებას ექვემდებარება დაცვის მხარის პოზიცია, რომ ტრაილერის ჩავლის შემდეგ ბრალდებულს დაახლოებით 2 ათეული მეტრი აშორებდა დაზარალებულისგან, რომელიც გადმოვიდა მის ზოლში და მოძრაობდა. ამ ვითარებაში ბრალდებულმა მოასწრო მხოლოდ მარჯვნივ მოხვევა და საჭის გასწორება, რითაც აირიდა თავიდან პირდაპირი შეჯახება, თუმცა დაზარალებულსა და მის ავტომანქანას შორის გვერდიდან კონტაქტი მაინც განხორციელდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია საუბარი ბრალდებულის მიერ გვერდითა დისტანციის დაცვის წესის დარღვევაზე, ვინაიდან საფრთხის გამოჩენამდე ამის აუცილებლობა არ იყო, ხოლო მისი გამოჩენის შემდეგ მოკლე დროში ეს შეუძლებელი იყო. ამდენად, საგზაო მოძრაობის წესების 33.11. მუხლის მოთხოვნის დარღვევაც ბრალდებულის ქმედებაში არ იკვეთება.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართთველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნორმის დარღვევას.

 

3.2. რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოითხოვს შედეგს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი ასეთ დარღვევასა და შედეგს შორის მოცემულ შემთხვევაში ვერ დადგინდება.

სასამართლო აქვე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ამ მტკიცებულებების უარყოფა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა, თუმცა თავად ასეთი შედეგი და ამ შედეგის გამოწვევა შეჯახებით არ მიუთითებს ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მის გამოწვევაზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 დასჯად ქმედებად აცხადებს ავტომობილის უსაფრთოხების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა პირდაპირ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ანაწმენდები, საკონტროლო ტამპონი, მიკრონაწილაკები, ნერწყვის ნიმუშები რომელთაც რაიმე მატერიალური ღირებულება არ გააჩნიათ და ისინი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო--------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ო---------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის N1/783-17 განჩინებით დაყადაღებულ, მანანა გელაშვილის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ზუგდიდი, ი. თოდუას ქ. N6-ში, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ანაწმენდები, საკონტროლო ტამპონი, მიკრონაწილაკები, ნერწყვის ნიმუში განადგურდეს; ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

გამართლებულ ო---------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია