გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2381347-2/287-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინსარიძე
მოსარჩელე - ი/მ ვ----– მ-----–--ე
წარმომადგენელი - ვ----– მ-----–-–---–ი
მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ-- კ----ე
დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და ი/მ ვ----– მ-----–--ეს შორის დადებული 2017 წლის 15 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 30733.91 ლარი შემცირდეს 10 ჯერ და პირგასამტეხლო განისაზღვროს 3074 ლარით.
1.2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ვ----– მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 27659.91 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა წ-------ში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა ი/მ ვ----– მ-----–--ე.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაეწია შემსყიდველისთვის განსაზღვრული სამუშაოები, რისთვისაც შემსყიდველს უნდა გადაეხადა 217971 ლარი. მხარეთა შორის 2017 წლის 15 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება.
2017 წლის 15 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N259, რითაც ცვლილება შევიდა 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებაში და სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 10 სექტემბერი.
ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ი/მ ვ----– მ-----–--ის მიერ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც დასტურდება სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტებითა და შემსყიდველის შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტებით.
ხელშეკრულების განსაზღვრული ვადების დაცვით მიმწოდებელმა 2017 წლის 11 სექტემბერამდე შემსყიდველთან წარადგინა განცხადება/წერილი სამუშაოების დასრულების თაობაზე, ფორმა N2-თან ერთად, რის შემდგომაც ხელშეკრულების მიხედვით მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება ვალდებული იყო მოეხდინა ობიექტის და შესრულებული სამუშაოების შემოწმება, მოეხდინა გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და განესაზღვრა მიმწოდებლისთვის ვადა ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ფორმდება შესაბამისი აქტით.
შპს „ქ--------–---ის“ წარმომადგენელმა ზეპირად განსაზღვრა ხარვეზები, თუ რა უნდა აღმოფხვრილიყო, თუმცა მის მიერ არ ყოფილა აქტი შედგენილი წერილობითი სახით, ასევე არ ყოფილა განსაზღვრული კონკრეტული ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ვინაიდან ი/მ ვ----– მ-----–--ის მიმართ არ ყოფილა კონკრეტული ვადა განსაზღვრული, მან შესაბამისი განცხადება და კორექტირებული ფორმა N2 წარადგინა 2017 წლის 27 ოქტომბერს, რომელიც უდავოა, რომ არ უნდა შეფასდეს სამუშაოების ვადის დარღვევად.
შემსყიდველმა სავარაუდოდ იხელმძღვანელა რა ი/მ ვ----– მ-----–--ის მიერ ხელმეორედ წარდგენილი 2017 წლის 27 ოქტომბრის განცხადებით და ფორმა N2-ით, რომელიც წარმოადგენდა არა თავდაპირველ განცხადებას სამუშაოების დასრულების თაობაზე, არამედ წარმოადგენდა შპს ,,ქ--------–---ის’’ მიერ ზეპირად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარდგენილ განცხადებას, რომლის აღმოფხვრის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად შემსყიდველმა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებას და ცალმხრივად ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრა პირგასამტეხლო 30733.91 ლარის ოდენობით.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შემსყიდველის მიერ ანაზღაურებული იქნა სამუშაოს ღირებულების თანხა ნაწილობრივ, რომელსაც გამოაკლდა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა - 30733.91 ლარი. დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი/მ ვ----– მ-----–--ე ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნო ხელშეკრულების პროექტს, მის ყველა დანართს, მათ შორის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 10 სექტემბრამდე და აღნიშნული ვალდებულება მან არ შეასრულა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 30733.91 ლარი. მუნიციპალიტეტის მხრიდან გათვალისწინებული და დაცულია ხელშეკრულების ყველა პირობა და ქმედება განხორციელებულია კანონის სრული დაცვით.
2017 წლის 15 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას, შესაბამისად მოსარჩელის განმარტება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და ი/მ ვ----– მ-----–--ეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა წ-------ში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 217971 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
3.1.3. 2017 წლის 15 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 სექტემბრი.
3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს N259 შეთანხმებით გათვალისწინებული - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა წ-------ში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 217971 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 95750 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
3.1.5. 2017 წლის 4 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს N259 შეთანხმებით გათვალისწინებული - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა წ-------ში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 217971 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 114097 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
ი/მ ვ----– მ-----–--ეს ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილების გამო ეკისრება პირგასატეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც შეადგენს 30733.91 ლარს (47დღეX653,913).
3.1.6. 2017 წლის 22 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს N259 შეთანხმებით გათვალისწინებული - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა წ-------ში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 217971 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 210068.99 ლარს, რაც 222 ლარით აღემატება ფორმა N2-ით გათვალისწინებულს. ვიზუალური დათვალიერებით შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
3.1.7. დადგენილია რომ 15.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - ი/მ ვ----– მ-----–--ემ გადააცილა 47 დღით.
3.1.8. ი/მ ვ----– მ-----–--ის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 30733.911 ლარი. აღნიშნული თანხა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოს თანხა ჩაურიცხა 30733.91 ლარით ნაკლები.
3.1.9. დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებით, ი/მ ვ----– მ-----–--ის მიერ მისაღები გეგმიური მოგება განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 6%-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 15 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 15.08.2017წ. N259 შეთანხმება;
- 21.08.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 04.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 22.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუსაოების ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშვენლობის მქონე ფატობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2017 წლის 15 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და ი/მ ვ----– მ-----–--ეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა წ-------ში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 217971 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 15.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - ი/მ ვ----– მ-----–--ემ გადააცილა 47 დღით, რის გამოც შემსყიდველმა მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო 30733.91 ლარი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 15.06.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 653,913 ლარს (217971X0,3%). მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (47X653,913) შეადგენს 30733.911 ლარს. საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ გათვალისიწნებული მოგებაა 6%, რაც შეადგენს 13078 ლარს (217971X6%).
მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო მაღალია და იმ პირობებში როდესაც მიმწოდებლი, ხელშეკრულებით ნაკისირი ვალდებულების შესრულებით ელოდება 13078 ლარი მოგების მიღებას, მისთვის პირგასამტეხლოს სახით 30733,91 ლარის დაკისრება (მისაღები მოგების თითქმის ორჯერ მეტი) მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მიმწოდებლის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ 2017 წლის 15 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის 15 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებითთ გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა (47 დღე) გათვალისიწნებით უნდა განისაზღვროს 5733.91 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 25000 (30733,91-5733.91) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 830 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 750 (25000X3%) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი/მ ვ----– მ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. 2017 წლის 15 ივნისს ი/მ ვ----– მ-----–--ეს და ბ---------ის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 5733.91 ლარით.
1.2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ვ----– მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 25000 ლარის გადახდა.
2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ვ----– მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი