გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 101210018002448716
# 2/130-2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.06.2018წ. ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში
დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი თამარ წერეთელი
მოსარჩელე: მ---------------–---–ი
მოპასუხე: დ--------------–---–ი
წარმომადგენელი: თ----------–-----–---–ი
დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილების ალიმენტის დაკისრება
შეგებებული სარჩელის მოსარჩელე: დ--------------–---–ი
შეგებებული სარჩელის მოპასუხე: მ---------------–---–ი
შეგებებული სარჩელის დავის საგანი: განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - მ---------------–---–მა (პ.ნ.5---------7) მოპასუხე - დ--------------–---–ის (პ.ნ.4---------9) მიმართ, სამი არასრულწლოვანი შვილის სარჩო ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე დ--------------–---–თან. ქორწინების პერიოდში შეეძინა სამი შვილი: გ----------------–---–ი (დაბ.0--------4წ), თ---------------–---–ი (დაბ.27-------5წ) და დ------------–---–- (დაბ.0---------წ); 2017 წლის სექტემბრიდან ოჯახური უთანხმოების გამო მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალცალკე, სამივე შვილი იმყოფება მოსარჩელესთან და მხოლოდ მას უწევს შვილების რჩენა; მიუხედავად არაერთი მცდელობისა დ--------------–---–ი თავს არიდებს შვილების რჩენის ვალდებულებას და არ იჩენს ყურადღებას მათ მიმართ; ამასთანავე არის უმუშევარი, რადგან უწევს უმცროს შვილთან მუდმივად ყოფნა, არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რომლითაც შეძლებდა შვილებისათვის სათანადო პირობების შექმნას, გარდა ამისა უფროსი შვილი დაავადებულია ეპილეფსიით და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის მამისაგან ფინანსური დახმარება და მშობლის ვალდებულების შესრულება;
სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეზე ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 130 ლარის ოდენობით თითოეული ბავშვის რჩენა აღზრდისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე;
საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ალიმენტის ნაწილში და განმარტა, რომ მოპასუხეს დაეკისროს თითოეულ ბავშვზე 80 ლარის გადახდა ყოველთვიურად, ჯამში 240 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის მიერ მოცემულ სარჩელზე შემოტანილი იქნა შესაგებელი. რომლის მიხედვითაც სარჩელს არ სცნობს; ვინაიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვების რჩენაში, ხოლო რაც შეეხება აღზრდაში მონაწილეობას, ვერ ახერხებს იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე არ აძლევს ამის საშუალებას, არ აჩვენებს ბავშვებს, მიუხედავად მისი მცდელობის შეენარჩუნებინა ოჯახი და ერთად გაეზარდათ შვილები, არ მოხერხდა; გარდა ამისა მოსარჩელემ მის პენსიონერ მეზობლებს გამოატანინა ბანკიდან სხვადასხვა ოდენობის სესხი, რისი გასტუმრებაც მას უწევს ეტაპობრივად, აღნიშნული თანხა მოსარჩელეს სახლში არ მოუტანია და ოჯახისათვის არ მოუხმარია; შესაბამისად აღნიშნულით ეკონომიურად ეხმარება მოსარჩელეს, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ეხმარება ბავშვებსაც;
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე დ--------------–---–მა ნაწილობრივ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა თითოელ შვილზე გადაიხადოს ყოველთვიურად 35-35 ლარი მათ სრულწლოვანებამდე; ხელფასის სახით შემოსავალი აქვს მხოლოდ 500 ლარი, აქედან უმეტესი ნაწილით ფარავს მოსარჩელის ვალებს; სხვა შესაძლებლობა არ გააჩნია; სახლში ასევე ყავს ავადმყოფი დედა;
3.შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
3.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დ--------------–---–ი ითხოვს, შეწყდეს მხარეებს შორის 2005 წლის 09 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N0059437) განქორწინებით;
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ მხარეები 2005 წლის 09 აგვისტოს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში, ცხოვრობდნენ ტ------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო------ში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: გ----------------–---–ი (დაბ.0--------4წ), თ---------------–---–ი (დაბ.27-------5წ) და დ------------–---–- (დაბ.0---------წ); 2017 წლის სექტემბრის თვეში სამსახურიდან დაბრუნებულს მეუღლე მ---------------–---–ი და ბავშვები სახლში არ დახვდნენ, როგორც მეუღლესთან საუბრით გაირკვა დაუტოვებია ოჯახი და თან წაიყვანა შვილები, მცდელობის მიუხედავად დაბრუნებულიყო ოჯახში ბავშვებთან ერთად, მან უარი განაცხადა; მათ 2017 წლის სექტემრიდან შეწყვეტილი აქვთ ურთიერთობა, ცხოვრობენ ცალცალკე და ვინაიდან მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ითხოვს განქორწინებას; მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგია განქორწინება მოხდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მეშვეობით;
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია.
შეგებებული სარჩელით მოპასუხე მ---------------–---–მა სარჩელი ცნო;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ მ---------------–---–ი (პ.ნ.5---------7) და მოპასუხე დ--------------–---–ი (პ.ნ.4---------9) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2005 წლის 09 აგვისტოდან, მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: გ----------------–---–ი (დაბ.0--------4წ), თ---------------–---–ი (დაბ.27-------5წ) და დ------------–---–- (დაბ.0---------წ);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შეგებებული სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქორწინების მოწმობა სერია მნ № 0----6 (ს.ფ.14)
- მხრეთა არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (ს.ფ. 15-17);
3.2. დადგენილია, რომ მხარეები 2017 წლის სექტემბრის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ; მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს ცალკე; მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.3. დადგენილია, რომ ამჟამად მოსარჩელე - მ---------------–---–ს არ აქვს სტაბილური სამსახური, იგი შვილებთან ერთად ცხოვრობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------ში და მათ ძირითად საარსებო წყაროს შეადგენს ოჯახის სოციალური დახმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მოსარჩელის განმარტება;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; (ს.ფ.18);
3.4 მოპასუხე დ--------------–---–ის სახელფასო შემოსავალია 500 ლარი; აქედან ნაწილით ფარავს სასესხო ვალდებულებებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეგეგებული სარჩელი;
- მოსარჩელის განმარტება;
- ცნობა ხელფასის თაობაზე;
- მოწმეთა ხათუნა გაბადაძისა და გიორგი ბასილაძის ჩვენებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელი განქორწინების თაობაზე, რამდენადაც მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს უნდა დაკმაყოფილდეს;
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1212-ე , 1213-ე, 1214-ე ,1122-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის შესაბამისად ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო,როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა ორივე მხარე თანახმაა შეწყდეს ქორწინება განქორწინებით. აღნიშნული გარემოება დადგენილია სასამართლოს სხდომაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წაროება დაამთავრონ მორიგებით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხეს-ცნოს სარჩელი; რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
გარდა ამისა „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, დედას სტაბილური სამსახური არ გააჩნია და მათ ძირითად საარსებო წყაროს შეადგენს სოციალური დახმარება. მამა მუშაობს, გააჩნია ხელფასი 500 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, თუმცა ფარავს საბანკო დავალიანებას სოლიდური ოდენობით; აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოსაზრებით თანხა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იყოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია ამ შემთხვევაში ერთი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, არის 80 ლარი (ჯამში - 240 ლარი), რომელიც უნდა გადაიხადოს მამამ. სასამართლო თვლის, რომ ამ რაოდენობით ალიმენტის მოთხოვნა არაა საფუძვლიანი და დასაბუთებული; სასამართლოს მხარეთა სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ალიმენტის ოდენობად თითოელ ბავშვზე უნდა განისაზღვროს 50 ლარი;
6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ალიმენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გონივრული შეფასების ფარგლებში და დ--------------–---–ს უნდა დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა -აღზრდისათვის ალიმენტი. ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მხარეთა შორის უნდა შეწყდეს ქორწინება განქორწინებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) დ--------------–---–ს უნდა დაეკისროს სახლემწიფო ბაჟის გადახდა 17 (ჩვიდმეტი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ1 ქვეპუნქტის შესაბამისად: „საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შესაბამის შემწეობას, მათთვის მინიჭებული მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 78750-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მ---------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან ასევე საგულისხმოა გარემოება მასზედ, რომ მ---------------–---–მა მოსამზადებელ ეტაპზე სცნო სარჩელი ( სსსკ-ს 49 მუხლის 2-ე ნაწილი);
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------------–---–ის (პ.ნ.5---------7) სარჩელი დ--------------–---–ის (პ.ნ.4---------9) მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. დ--------------–---–ს (პ.ნ.4---------9) სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 16 მაისიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების გ----------------–---–ის (დაბ.0--------4წ, პ/ნ 4---------7)), თ---------------–---–ის (დაბ.27-------5წ, პ/ნ 41901031846) და დ------------–---–-ს (დაბ.0--------7წ, პ/ნ 6---------3) სარჩენად, მ---------------–---–ის (პ.ნ.5---------7) სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის, ჯამში 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.
1.2. დ--------------–---–ის (პ.ნ.4---------9) შეგებებული სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს, შეწყდეს მ---------------–---–ს (პ.ნ.5---------7) და დ--------------–---–ს (პ.ნ.4---------9) შორის არსებული ქორწინება (რეგისტრირებული 2005 წლის 09 აგვისტოს ქუთაისის N2 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ. სააქტო ჩანაწერის ნომერი 0059437; ქორწინების მოწმობა მნ N0----6 ) განქორწინებით.
2. მოსარჩელე მ---------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. მოპასუხე დ--------------–---–ს (პ.ნ.4---------9) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ნაწილი 33 (ოცდაცამეტი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 17 (ჩვიდმეტი ) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიულ სამსახურს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32 დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს (ქ. ჭიათურა, გ. თხელიძის ქ№41) მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე