განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010100116001286665
საქმე N1-273/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
27 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე _ ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი _ თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი _ ა----–--- წ---------
ადვოკატი _ პ----ა ბ---–----ე
ბრალდებული: ნ-------- ჩ--–----ე
მამის სახელი: ზ------ი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადებული: 18.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–ი
განათლება: საშუალო
რეგისტრაციის მისამართი: ქ------–-----------–----–----------------–-----------------
ნასამართლობა: ნ----------–------------
ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-------- ჩ--–----ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ნ-------- ჩ--–----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2----–-–----------------–ს, დაახლოებით 13:00 საათის შემდგომ, ქ---------–---–ი, ა----–-----–----------------ში მდებარე აფთიაქში, ქურდობისათვის ნასამართლევი ნ-------- ჩ--–----ე ე--------------ის ხელჩანთიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა საფულეს, რომელშიც ე--------------ე ინახავდა 30 ლარს, პირადობის მოწმობასა და სხვადასხვა პლასტიკურ ბარათებს.
სასამართლო სხდომაზე ნ-------- ჩ--–----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
ა) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ქ---------–---–ი, ა----–-----–------------ში მდებარე „ფ-----------ს’’ აფთიაქში, 2----–-–---------------–ის 13:00 საათიდან 13:45 საათამდე დროის მონაკვეთის ამსახველი ორი სხვადასხვა ვიდეოთვალის ჩანაწერი. ერთ-ერთ კადრში ჩანს ბრალდებული ნ-------- ჩ--–----ე, რომლსაც ტანზე აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის ქურთუკი, ხოლო თავზე ახურავს სპორტული სტილის ქუდი. იგი მცირე ხნით დგას სალარო აპარატთან ე--------------ის გვერდით. შემდეგ ტრიალდება და სწრაფი ნაბიჯით მიდის გასასვლელისაკენ.
ბ) მოწმის სახით დაკითხული ე--------------ის (დაზარალებული) ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, შვილიშვილი თ-----------------ე გაუხდა ავად, რომელიც დააწვინეს ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში. ამავე დღეს წამლების საყიდლად იმყოფებოდა ,,ფ-----------ს'' აფთიაქში, სადაც იყიდა წამლების ნაწილი, რის შემდეგ მას დაუბრუნეს პირადობა, 20 ლარიანი და ორი ხუთლარიანი, რომლებიც ჩადო ჩანთაში და გადავიდა გვერდით მდებარე აფთიაქში, სადაც აღმოაჩინა, რომ საფულე აღარ ედო ჩანთაში. ამის შემდეგ, დაბრუნდა ,,ფ-----------ს'' აფთიაქში და დაათვალიერა ვიდეო თვალის კადრები, რომელშიც ჩანს მასთან ახლოს მდგომი ნ-------- ჩ--–----ე, რომელმაც ჩანთიდან ამოაცალა ნაცრისფერი, შავზოლებიანი საფულე. მასში ჩადებული იყო პირადობა, კრედო ბარათი, ორი რეცეპტი, თანხა 30 ლარი და ინტერნეტ ბარათი. დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მის დასჯას არ ითხოვს.
გ) 2----–-–----------------–ს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად, და----------–-----–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სადარბაზოში, ბრალდებულ ნ-------- ჩ--–----ის მიერ მითითებული ადგილიდან, ამოღებულ იქნა შემდეგი ნივთები: შავი ფერის ტყავის საფულე, თეთრი და ყავისფერი ნახატი ფიგურებით, ე--------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა პ/ნ 0----------, ,,ლ-------------ის’’ საპენსიო ბარათი, ლაი-ლაის ბარათი, გადახდის ქვითრები, ქაღალდის ნაგლეჯები ტელეფონების ნომრებით.
დ) სასამართლო სხდომებზე დაკითხულ იქნენ მოწმეები, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციები ირიბ ჩვენებებია. ამ სახის ჩვენებების არასანდოობაზე და გამამტყუნებელი განაჩენის მათ საფუძველზე გამოტანის შეუძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.
3. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------- ჩ--–----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1/1/548 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება ისეთი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და არსებითად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება 2----–-–----------------–ს, ქ---------–---–ი, ა----–-----–----------------ში მდებარე ,,ფ-----------ს“ აფთიაქში ნ-------- ჩ--–----ის ყოფნის ფაქტი, მაგრამ არ დასტურდება მისი მხრიდან აფთიაქში ქურდობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-------- ჩ--–----ე, რომელიც აფთიაქში დგას ე--------------ის გვერდით ,,მარჯვენა ხელის მოძრაობით აკეთებს რაღაც გაურკვეველ მოქმედებას, ტრიალდება და ხელში უჭირავს მოშავო ფერის პატარა ზომის საფულეს მსგავსი ნივთი“, რადგან აღნიშნული ვიდეო ჩანაწერით არ დასტურდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ე--------------ის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება პირდაპირ მტკიცებულებას, კერძოდ, ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახულია 2----–-–----------------–ს, ქ---------–---–ი, ა----–-----–----------------ში მდებარე ,,ფ-----------ს“ აფთიაქში, დაახლოებით 13:00 საათიდან 13:45 საათამდე დროის მონაკვეთში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, თავის ჩვენებაში ე--------------ე აღნიშნავს, რომ ,,გამყიდველს მივეცი პირადობა და ფული. მომცეს წამლები. დაბრუნებული პირადობა, 20 ლარიანი და ორი ხუთლარიანი ჩავდე ჩანთაში, რის შემდეგ მოხდა ქურდობა“. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ აფთიაქში მყოფ ე--------------ეს ხელში უჭირავს პირადობის მოწმობა, ხოლო ნ-------- ჩ--–----ე ამ დროს უკვე გასულია აფთიაქის შენობიდან. მართალია, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა საფულე და სხვა ნივთები, მათ შორის პირადობის მოწმობა, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული ვერ ადასტურებს ნ-------- ჩ--–----ის მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს და საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-------- ჩ--–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ-------- ჩ--–----ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე , 275-ე-276-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-------- ჩ--–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით ნ-------- ჩ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. ნივთმტკიცება - ე--------------ის საფულე დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. ნივთმტკიცება - ვიდეოთვალის ჩანაწერი, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. გამართლებულ ნ-------- ჩ--–----ეს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი