გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2018
საქმის ნომერი
080310017002026946
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002026946

საქმე №3/948-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მ--- დ--–--–-–---–ი

 

მოპასუხე - ნ--- კ-----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე - ნ--- კ-----ს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) 660 (ექვს ასსამოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ნ--- კ-----ს ოჯახი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იყო 2016 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე, როგორც სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღები.

 

სააგენტოს მოპოვებული ინფორმაციით დაფიქსირდა ნ--- კ-----ს ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. იგი 2016 წლის სექტემბერიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. N21/29. ნ--- კ----- ვალდებული იყო ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულის შეუსრულებლობის გამო ნ--- კ-----ს ოჯახს წარმოეშვა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აენაზღაურებინა არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით. 2016 წლის დეკემბრამდე საარსებო შემწეობის თანხა ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 261 მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა ლეგალიზაციას. დაბრუნებას ექვემდებარება 2016 წლის დეკემბრის (330 ლარი) და 2017 წლის იანვრის (330 ლარი) საარსებო შემწეობის თანხა 330-330 ლარის ოდენობით, ჯამში 660 ლარი.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების წერილებით მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილება აღედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხა - 660 (ექვს ას სამოცი) ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ნ--- კ-----ს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ნ--- კ-----ს ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით 0507113041158.

 

დადგენილია, რომ ნ--- კ-----მ 2015 წლის 01 სექტემბერს №03/922 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2015 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ--- კ-----ს (ოჯახის წევრები: ნ--- კ-----, ნ----- გ------------------------------–------------------------------ა) დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 10580 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის თვე - 3/2015.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

- N03/922 განცხადება

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2015 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ ნ--- კ----- ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქ. N21, ბინა N29.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მიმართვა, ბრძანებები;

- მოსარჩელის, მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შეჩერდა ნ--- კ-----ს ოჯახის სოციალური დახმარება.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიერ გადამოწმებული იქნა ნ--- კ-----ს ოჯახი, მოპოვებული იქნა ინფორმაცია და ვინაიდან დადგინდა, რომ ნ--- კ-----მ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი 2017 წლის 17 თებერვალს შედგა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმი.

 

3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2017 წლის 13 აპრილს №04-06-05/914 და 2017 წლის 16 მაისის №04-06-05/1247 წერილებით ნ--- კ-----ს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ნ--- კ-----ს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და ვინაიდან მან აღნიშნული ინფორმაცია არ აცნობა სააგენტოს, ნ--- კ-----ს ოჯახის მხრიდან ადგილი აქვს ფულადი სოციალური დახმარების არასწორად გაცემას, რაც წარმოშობს თანხის დაბრუნების ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს 2016 წლის დეკემბერს და 2017 წლის იანვარს მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 330-330 ლარის ოდენობით (ჯამში 660 (ექვს ასსამოცი) ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2017 წლის 13 აპრილს №04-06-05/914 წერილი

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2017 წლის 16 მაისის №04-06-05/1247 წერილი

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ნ--- კ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 660 (ექვს ასსამოცი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 „ა“ პუნქტისა და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი.“

 

მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი.

 

მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

 

6.4. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ--- კ-----ს ოჯახი (ოჯახის წევრები: ნ--- კ-----, ნ----- გ------------------------------–------------------------------ა) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ნ--- კ-----ს ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში არ აცნობა სააგენტოს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ--- კ-----ს მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 660 (ექვს ასსამოცი) ლარს, რომლის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა. კერძოდ, დადგენილია რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებამ ნ--- კ-----ს აცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ნ--- კ-----ს ოჯახის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და ვინაიდან მან აღნიშნული ინფორმაცია არ ეცნობა სააგენტოს, ნ--- კ-----ს ოჯახის მხრიდან ადგილი აქვს ფულადი სოციალური დახმარების არასწორად გაცემას, რაც წარმოშობს თანხის დაბრუნების ვალდებულებას.

 

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, მოპასუხე - ნ--- კ-----ს უნდა დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 660 (ექვს ასსამოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ნ--- კ-----ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 660 (ექვს ასსამოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი