გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117001683593
№2/123-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.06.2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სს „მ------------“
წარმომადგენლები - ა-----------–--ე, გ---–----------ე
მოპასუხე - შპს „ი-–-----–ი“
წარმომადგენელი - დ------–--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ი-–-----–ისათვის“ 79 907.80 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელე სს „მ------------ის“ სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2016 წლის მაისის თვეში მხარეებს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შპს „ი-–-----–ის“ სასარგებლოდ შეესრულებინა სუსტი და ძლიერი ძაბვის ელექტრო და მექანიკური სამუშაოები, ხოლო შპს „ი-–-----–ი“ კისრულობდა ვალდებულებას მომსახურებისათვის გადაეხადა 79 907.80 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და მიუთითა, რომ მხართა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება 42 000 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურების გაწევის შესახებ, თუმცა მოსარჩელეს შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაო ფაქტობრივად არ დაუსრულებია. ხოლო სამუშაო, რომელიც შეასრულა იყო უხარისხო. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების დამდასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, შესაბამისად, გაურკვეველია რას ემყარება მისი მოთხოვნა 79 907.80 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოცემულ საქმეზე, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 15 მაისს შპს „ი-–-----–სა“ და სს „მ------------ს“ შორის დაიდო მომსახურების ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „მ------------მა“ იკისრა ვალდებულება შპს „ი-–-----–ისათვის“ გაეწია მომსახურება. კერძოდ, ქ. ბათუმში, ფ---------------სა და მ------–---–ის ქუჩების კვეთა #3-/3--ში მდებარე, შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილ მაღაზიაში ეწარმოებინა დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტრო და მექანიკური სამუშაოები, რაც გულისხმობდა ცენტრალური სავენტილაციო VRF სისტემის კონდიციონერების (თავისი მოწყობილობებით) მონტაჟს, კამერული სისტემის მოწყობილობის, სიგნალიზაციისა და შესაბამისი კომპიუტერული მოწყობილობის მონტაჟს, ელექტრო განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის მონტაჟს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შპს „ ი-–-----–ის“ წერილი - ს. ფ. 23;
- სს „მ------------ის“ წერილი - ს. ფ. 22;
3.2.2. შპს „ი-–-----–ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით, სს „მ------------მა“ ხელშეკრულებები გააფორმა ქვეკონტრაქტორებთან, მათ შორის:
ა) 2016 წლის 25 ივლისს სს „მ------------სა“ და შპს „მ-----------------ას“ შორის გაფორმდა ტექნიკური მოწყობილობების მიწოდება/მონტაჟის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, ფ---------------სა და მ------–---–ის კვეთა #3-/3--ში მდებარე შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილ მაღაზიაში განეხორციელებია ტექნიკური მოწყობილობების მიწოდება/მონტაჟი და მექანიკური სამუშაოები;
ბ) 2016 წლის 01 ივლისს სს„მ------------სა“ და შპს „ა------------------ს“, შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, ფ---------------სა და მ------–---–ის კვეთა #3-/3--ში მდებარე შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილ მაღაზიაში უზრუნველეყო ჰაერის გამწოვისისტემის აწყობა/მონტაჟი;
გ) 2016 წლის 01 ივლისს სს „მ------------სა“ და ინდივიდუალურ მეწარმე ნ-------------ეს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი/მ ნ-------------ემ იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, ფ---------------სა და მ------–---–ის კვეთა #3-/3--ში მდებარე შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილ მაღაზიაში საკუთარი ხელოსნებით და დამკვეთის მასალით განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროსამუშაოები;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 25.07.2016 წლის ხელშეკრულება სს „მ------------სა“ და შპს „მ-----------------ას“ შორის - ს. ფ. 24-30;
- 01.07.2016 წლის ხელშეკრულება სს „მ------------სა“ და შპს „ა------------------ს“ შორის - ს. ფ. 31-36;
- 01.07.2016 წლის ხელშეკრულება სს „მ------------სა“ და ინდ. მეწარმე ნ. ბ--------ეს შორის - ს. ფ. 47-50;
- შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების დოკუმენტები - 68-98;
- სასაქონლო ზედნადებები - ს. ფ. 53-60;
3.2.3. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს „მ------------მა“ შპს „ი-–-----–თან“ დადებული გარიგების საფუძველზე შეასრულა 79 907.80 აშშ დოლარის ღირებულების დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტრო და მექანიკური სამუშაოები, რომლის ღირებულების ანაზღაურებაზე მოპასუხე შპს „ი-–-----–ი“ აცხადებს უარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი), ხოლო მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიო დისპოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მოპასუხის შეკვეთით შეასრულა სამუშაო, რომლის ღირებულება მოპასუხემ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია ჯეროვნად და მას არ გააჩნია სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მასალები.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება.
სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის ღირებულების ანაზღაურებაც მოთხოვნილია სარჩელით, მოსარჩელის მიერ შესრულებულია.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
მოსარჩელემ, სამუშაოთა შესრულების დადასტურების მიზნით, წარმოადგინა შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა, (ს. ფ. 100-109), რომლის მიხედვით სუსტი ძაბვის ელექტრო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 24 404.6 აშშ დოლარს, ძლიერი ძაბვის ელექტრო სამუშაოები - 22 685.3 აშშ დოლარს, მექანიკური სამუშაოები 20 682.6 აშშ დოლარს, ჯამში - 79 907.8 აშშ დოლარს. ასევე წარმოდგენილი იქნა ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მითითებული მონაცემები თანხვედრაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან; ასევე 59160.59 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი; წერილობითი მიმართვა მოპასუხისადმი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ; საგადასახადო ანგარიშფაქტურა 184842.72 ლარის (79 907.8 აშშ დოლარის) ღირებულების მომსახურებაზე, რომელიც მართალია უარყოფილი იქნა მოპასუხე მხარის მხრიდან, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით სასამართლოს უქმნის რწმენას მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შესახებ.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა იმის შესახებ, რომ მოპასუხის კუთვნილი მაღაზია ფუნქციონირებს შეუფერხებლად და სარგებლობს მოსარჩელის მიერ დამონტაჟებული ელექტროტექნიკითა და განათების სისტემით, რაც სათანადოდ შედავებული არ ყოფილა მოპასუხე მხარის მხრიდან. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით ასევე წარმოდგენილია შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილ მაღაზიაში შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, შესაბამისი ფოტომასალით. (ს.ფ. 236-246).
მოპასუხემ კი, იმ გარემოების დასასაბუთებლად, რომ მოსარჩელეს რეალურად არ შეუსრულებია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაო, მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. ის გარემოება, რომ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულებები არ ნიშნავს იმას, რომ მენარდემ (სს „მ------------მა“) შეასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაო.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის ბედის გადასაწყვეტად, სასამართლოს აზრით, მნიშვნელოვანია დადგინდეს მხარეთა შორის სადავო გარემოება - მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშოს შესრულების ფაქტი და შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის მათ შორის მომსახურების შესახებ გარიგების არსებობის ფაქტი. პირიქით, მოპასუხის განმარტებითაც მხარეთა შორის არსებობდა გარიგება მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზე სს „მ------------“ ვალდებული იყო შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილ მაღაზიაში ეწარმოებინა ელექტრო - მექანიკური სამუშაოები. მხარეთა შორის სადავოა შეთანხმება შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაზე. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 79 907.80 აშშ დოლარით, ხოლო მოპასუხე მხარის მტკიცებით მხარეები შეთანხმდნენ 42 000.00 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოს შესრულებაზე (იხ. შესაგებელი). მხარეთა შორის ასევე სადავოა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი.
დადგენილია, რომ მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტი, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულ სამუშაოზე, მხარეთა შორის არ შედგენილა. ასეთ ფონზე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების ფაქტის დადგენა მაშინ, როცა ვალდებულების შესრულებული სახით მიღება არ არის დადასტურებული და ის სადავოდაა მიჩნეული შემკვეთის მიერ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენა არ არის დაკავშირებული მხოლოდ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების შესახებ დოკუმენტის შედგენასთან და მისი შეუდგენლობა უპირობოდ არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების შეუსრულებლობად.
უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი (მაგ. მიღება-ჩაბარების აქტი) მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოების შესრულების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების ფორმალური გარემოების – მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არამედ სამუშაოების რეალურად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება სამუშაოთა შესრულების ფაქტი, შემკვეთის მხრიდან უარყოფა ან/და აფიდატივის არ არსებობა ვერ გახდება ვალდებულების შეუსრულებლად მიჩნევის საფუძველი,სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს ნარდობის ხელშეკრულების შემადგენლობა, რაზეც სასამართლო სამართლებრივად იმსჯელებს წინამდებარე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სკ-ის 619-659 მუხლები) არცერთი დანაწესით, კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას, მხოლოდ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმების გზით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოს შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის არარსებობა, თუკი სამუშაოს შესრულება რეალურად დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, დავის ბედს სხვაგვარად ვერ გადაწყვეტს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების - სამუშაოთა წარმოება/შესრულების ფაქტი დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით - მათ შორის ფაქტების კონსტატაციის მასალებით, ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებითა და სს „მ------------სა“ და ქვეკონტრაქტორებთან შორის შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით. მართალია, ეს ხელშეკრულებები თუ მიღება-ჩაბარების დოკუმენტები შედგენილი არ არის შპს „ი-–-----–ის“ უშუალო მონაწილეობით, მაგრამ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია და ასევე ფაქტის კონსტატაციის მასალები უდავოდ მეტყველებენ იმ გარემოებაზე, რომ შპს „ი-–-----–ის“ სასარგებლოდ შესრულდა დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტრო და მექანიკური სამუშაოები, მათ შორის სავენტილაციო სისტემის, ელექტრო განათებისა და ა.შ. მონტაჟი და მოპასუხე სარგებლობს ყველა ამ სიკეთით.
სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „ი-–-----–ს“ ამ გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მართალია, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სამუშაო არ დაუსრულებია, ხოლო რაც შეასრულა, შეასრულა უხარისხოდ, მაგრამ მას არ წარმოუდგენია ამ ფაქტის დამადასტურებელი მკიცებულება, რაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
მოპასუხემ არ სცნო რა სარჩელის მოთხოვნა, ერთერთ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ უხარისხოდ და არასრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილი მაღაზია ეწევა ტყავისა და ბეწვეულის ტანსაცმლით ვაჭრობას და ამავე მაღაზიაში განთავსებულია სარეალიზაციო ტყავ-ბეწვეულის გარკვეული მარაგი, რომელიც საჭიროებს გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, მაღაზიის გამართული ფუნქციონირება ასევე დაკავშირებულია კონდიცირების, განათებისა და სხვა მოწყობილობების არსებობასთან. წარმოდგენილი ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ და შესაბამისი ფოტომასალა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სავენტილაციო სისტემა, განათების სისტემა და ა.შ. დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს, ფაქტების კონსტატაციაში მონაწილე პირებს, მათ შორის შპს „ ი-–-----–ის“ წარმომადგენელს, ამ მხრივ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებდა ან შეასრულებდა არაჯეროვნად, ბუნებრივია, შპს „ი-–-----–ს“ წარმოეშვებოდა აუცილებლობა ანალოგიური სამუშაო დაეკვეთა სხვა პირისათვის და ამისთვის გაეწია სხვადასხვა ხარჯი, რაც ასახვას ჰპოვებდა საბუღალტრო დოკუმენტებში. ამდენად, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ სს „მ------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მოპასუხისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყო, თუმცა მან მტკიცების ტვირთის ფარგლებში ეს მოვალეობა არ შეასრულა და სათანადო მტკიცებულება მის მიერ მითითებული გარემოების სამტკიცებლად სასამართლოს არ წარმოუდგინა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, შეჯიბრებითობისა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს სს „მ------------ის“ მიერ მომსახურების შესახებ გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს. ზემოთ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს „მ------------ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 79 907.80 აშშ დოლარს, ვინაიდან ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმება მოიცავდა 42 000 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურების გაწევას. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული სადავო გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულებულია, რაც წარმოშობს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 648-ე, 361-ე, 427-ემუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართო სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სს „მ------------მა“ უფლების დაცვის მიზნით მომართა რა სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხე შპს „ი-–-----–ისათვის“ 79 907.80 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელ ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობასთან და შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულებისის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წლის მაისში სს „მ------------სა“ და შპს „ი-–-----–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხართა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული გარიგების მიხედვით, მოსარჩელე სს„მ------------” (მენარდე) კისრულობდა ვალდებულებას შპს „ი-–-----–ის“ კუთვნილ მაღაზიაში ეწარმოებინა მომსახურების სამუშაოები, შესაბამისი ანაზღაურების მიღების პირობით, ხოლო შპს „ი-–-----–ი“ (შემკვეთი) კისრულობდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.
წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის, კერძოდ, მენარდემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა. სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც ფაქტობრივად მიიღო მოპასუხემ და სარგებლობს კიდეც შესრულებული სამუშაოს სიკეთით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებული არ არის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს გაწეული სამუშაოს მიუღებელი ანაზღაურების დაკისრება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით შეადგენს 79907.80 აშშ დოლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი .
განსახილველ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 79 907.80 აშშ დოლარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის შესატყვისი ოდენობაა 5 000 ლარი, რაც მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5000 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მასვე, უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 თებერვლისა და 2018 წლის 16 მაისის განჩინებებით, მოცემული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებში, გარდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი ანგარიშებისა, შპს ,,ი-–-----–ის" კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 42 000 აშშ დოლარის ფარგლებში და ასევე ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, მ------–---–ის ქ. 3-/ფ---------------ს ქ. 3--ში არსებულ შპს ,,ი-–-----–ის“ მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში განთავსებულ შპს ,,ი-–-----–ის“ კუთვნილ სასაქონლო მარაგს, ძვირფასეულობას (ბეწვეულს) 37 907.8 აშშ დოლარის ფარგლებში.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „მ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს „ი-–-----–ს“ მოსარჩელე სს „მ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 79907.80 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე შპს „ი-–-----–ს“ მოსარჩელე სს „მ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5050.00 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი