გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2018
საქმის ნომერი
110210018002262381
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002262381

N 2/ 52-2018

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.06.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი

მოსარჩელე მ--------- ხ-------ე,წარმომადგენლები მ----ა ბ---------ე, ბ--- წ-–--–-–---–ი,მოპასუხე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია'',წარმომადგენლები ნ----- ს-----ე, ტ------– შ---------ე.

დავის საგანი: კომპენსაციის დაკისრება

ზეპირი მოსმენით განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი და

გამოარკვია

2018 წლის 23 მაისს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლოს განიხილა მ--------- ხ-------ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მიმართ კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 1). მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით სარჩელის აღძვრიდან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე ყოველწლიურად 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება. 2). ექვსი წლის განმავლობაში მიუღებელი კომპენსაციის თანხის 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრება და 3) ექსპერტიზის ხარჯების 640 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე სს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ დაეკისრა მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ყოველწლიურად 500(ხუთასი) ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 17 იანვრიდან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე და 1500(ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება სამი წლის 2015, 2016, 2017 წლებში მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობის გამო. მოპასუხე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სარჩელი 1500(ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა. რომელსაც არ ეთანხმებოდა მოპასუხე მხარე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ უსაფუძვლოდ იქნა ჩატარებული ექსპერტიზა გაწეული ხარჯი არ უნდა ანაზღაურდეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტება, გადაწყვეტილება არ გამოტანილა, სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად სასამართლომ დაადგინა ზეპირი მოსმენა. სხდომის დრო და ადგილი ეცნობა მხარეებს. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“. ამ მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მხარეთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.

სასამართლო დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ 1). მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში ირიცხება 2009 წლის 26 ოქტომბრიდან დაზუსტებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი 3200 კვ.მ ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში ს/კ 32.14.33.011.

2). ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გასული საკუნიდან მოპასუხე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტრო ხაზების საყრდენი 5 ბოძი, რომლებზედაც გადის 10კვტ-იანი ე.წ. ტაბაკინის, კლდეეთის და ტელევიზიის ელექტროგადამცემი ხაზი და 35 კვტ-იანი ე.წ. ხარაგაული- 1 ელექტროგადამცემი ხაზი.

3) 2016 წლის ნოემბერში სტიქიის შედეგად დაზიანდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის - ფიდერ ,,ტელევიზიის“ N4 საყრდენი ბოძი და მისი აღდგენა განხორციელდა მოპასუხის მიერ პოლიციის ჩარევის შემდგომ, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას მოპასუხის მიერ სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო.

4) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” სასაქონლო, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 29 დეკემბრის N5007280417 დასკნას, რომლის თანახმადაც არსებული ანძების მდებარეობის მიხედვით მოწყობილი საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების დაცვითი ზონა მოიცავს მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში მდებარე 3200 კვ.მ. უძრავი ქონების ს/კ 32.14.33.011 მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით არსებულ 1679,17 კვ.მ. ტერიტორიას.

ამავე დასკვნის თანახმად აღნიშნული 1679,17 კვ.მ. მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 500 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული ნორმის შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

სასამართლო სხდომაზე მოსმენილია მხარეთა განმარტება ექსპერტიზის დასკვნის და მასზე გაწეული ხარჯების შესახებ. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” სასაქონლო, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 29 დეკემბრის N5007280417 დასკნის საფუძველზე, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებაზე გაწეული ხარჯი.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მიერ გაწეული მომსახურეობის საფასურის გადახდის ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს გადახდილია 640 ლარი, რაც უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 37-ე, 44-ე, 369 მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. მ--------- ხ-------ის სარჩელისა გამო მოპასუხე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

2. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (პ/ნ 1----------) მოთხოვნა და მოპასუხე სს ,,ენერგო პრო-ჯორჯიას'' (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (1----------) სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯი - ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურეობის საფასური 640 (ექვსას ორმოცი) ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: ელენე ოსაძე