განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/7-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
14 ივნისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს-–------------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი ნომერი - 2----------, ტექნიკური განათლებით, ქვრივი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თეთრიწყარო, ა-----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---–-, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ი----------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 126-ე მუხლის 12 ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების ფორმულირება:
1. 2017 წლის მაისში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს-–------------------, სრულიად უმიზეზოდ, შუბლის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - ს--------------------, რა დროსაც ს------------------- განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის ოქტომბერში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს-–------------------, სრულიად უმიზეზოდ, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - ს--------------------, რა დროსაც ს------------------- განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 13 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ს-–------------------ დედა ს------------------, ს-–------------------ გადმოყრილ კომბოსტოს ყრიდა ტომარაში, რათა შეეტანა სარდაფში, რა დროსაც, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ს-–------------------ მას უკნიდან წაავლო ხელი კისერში და თავი დაარტყმევინა მიწაზე არსებულ ქვაზე, რა დროსაც ს------------------- განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად ს------------------- განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2017 წლის მაისში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს-–------------------, სრულიად უმიზეზოდ, შუბლის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - ს--------------------, რა დროსაც ს------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2017 წლის ოქტომბერში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს-–------------------, სრულიად უმიზეზოდ, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - ს--------------------, რა დროსაც ს------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. 2017 წლის 13 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ს-–------------------ დედა ს------------------, ს-–------------------ გადმოყრილ კომბოსტოს ყრიდა ტომარაში, რათა შეეტანა სარდაფში, რა დროსაც, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ს-–------------------ მას უკნიდან წაავლო ხელი კისერში და თავი დაარტყმევინა მიწაზე არსებულ ქვაზე, რა დროსაც ს------------------- მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
6. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (1 იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.) ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (2 იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.).
7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (3 აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).
8. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ს-–------------------ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატის მონაწილეობით სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. ს-–------------------ საქმის არსებით განხილვაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა 2017 წლის 13 ნოემბერს განხორციელებული ძალადობის ფაქტი, თუმცა დანარჩენ ორ ფაქტთან დაკავშირებით ძალადობის შემთხვევა ვერ გაიხსენა, რაც ახსნა მისი მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის მოტივით, თუმცა საბოლოოდ არ უარყო დაზარალებულთან ჩხუბის სამი შემთხვევა.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ს-–------------------ სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულისა და მოწმეების - ს------------------ს, ნ----–------------------, გ---------------------, ო-------------------- და მ-----–--------------- დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები და მათთან დაკავშირებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს-–------------------ მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2-მე-4 პუნქტებში.
სამართლებრივი შეფასება:
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 120-ე, 126-ე, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, [...]. ამასთან, კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
12. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა მიემართება როგორც ცემას, ისე სხვაგვარ ძალადობას, ვინაიდან კანონმდებელმა აღნიშნული შემადგენლობა ქმედების ობიექტური მხარის სწორედ ამ ნიშანზე დააფუძნა (თავისი განსხვავებული შედეგის გათვალისწინებით). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში, თმებით თრევაში (4 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პარ. 2.) “სისტემატური სხვაგვარი ძალადობა”, როგორც თავად ტერმინი მიუთითებს, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური), თუმცა ამგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს. ამ დანაშაულისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიუხედავად, აღნიშნული არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას, თუმცა მსუბუქ დაზიანებას აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს და პირის ქმედების ცალკე სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირება საჭირო არ არის. აღნიშნულზე მიუთითებს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილის დისპოზიცია, რომელიც სისტემატური ცემითა და ძალადობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანების (სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლები) გამოწვევის შემთხვევაში პირის ქმედების ამ მუხლით დაკვალიფიცირებას გამორიცხავს, რაც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებაზე ქვევით არსებული დაზიანების ხარისხის - მსუბუქი დაზიანების - დაშვებას ავტომატურად გულისხმობს. ამასთან მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობასა და ფიზიკურ ტკივილს შორის.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს-–------------------ მიერ განხორციელებული ქმედებები სამივე შემთხვევაში უნდა შეფასდეს, როგორც სხვაგვარი ძალადობა, თუმცა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებთ შეკითხვა სულ სხვა მიმართულებით ისმის, კერძოდ, ცალკე აღებული აღნიშნული სამი ქმედება შესაძლებელია თუ არა შეფასდეს როგორც სისტემატური. აღნიშნულ შეკითხვაზე სწორი პასუხი სისტემატურობის განმარტების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, მოცემულ საქმეში სასამართლო განმარტავს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარის ამ ნიშანს - სისტემატურობას, თუმცა მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ამ საქმეზე კანონიერი განაჩენის გამოსატანად.
14. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება სხვაგვარი ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად.
15. მოცემულ შემთხვევაში, ს-–----------------- ბრალად ედება 3 ძალადობრივი ქმედების ჩადენა, რომელთაგან პირველი განხორციელდა 2017 წლის მაისის თვეში (ზუსტი რიცხვი უცნობია), მეორე - იმავე წლის ოქტომბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ხოლო მესამე - იმავე წლის 13 ნოემბერს. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. აღნიშნული წესის გათვალისწინებით, თუ მივიჩნევთ, რომ პირველი ქმედება განხორციელდა მაისის პირველ რიცხვებში, ხოლო მეორე - ოქტომბრის ბოლო რიცხვებში (ამ უკანასკნელ ფაქტზე დაზარალებული ისედაც უთითებს, რომ იგი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში განხორციელდა, 13 ნოემბრიდან დაახლოებით 2 კვირით ადრე), გამოდის, რომ პირველი ძალადობრივი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე გასულია თითქმის 6 თვე. თუნდაც ჩავთვალოთ, რომ აღნიშნული პერიოდი 6 თვეზე ოდნავ ნაკლებია, ეს იმდენად ხანგრძლივი პერიოდია, რომ პირველ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ხასიათისა და ხერხის (შუბლის არეში ხელის ერთხელ დარტყმით) გათვალისწინებით, წარმოუდგენელია განცდილი ფიზიკური ტკივილი ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული თავად აღნიშნავს, რომ დაახლოებით 2 კვირა სტკიოდა. შესაბამისად ს-–------------------ მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების სერიაში მაისის ეპიზოდი სისტემურობის თვალსაზრისით ამოვარდნილია და აღნიშნული ჯაჭვის ნაწილი ვერ გახდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანარჩენი ორი ქმედების სისტემატურობასთან მიმართებით განხილვის საფუძველი აღარ არსებობს, რადგან ს-–------------------ მხრიდან ადგილი არ ჰქონია სისტემატურ ძალადობას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ს-–------------------ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებები დანაშაულს არ წარმოადგენს.
16. საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-–------------------ მიერ განხორციელებული ქმედება 2017 წლის მაისისა და ოქტომბრის ეპიზოდებში წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს საქართველოს სსკ-ის მე-111 და 120-ე მუხლების ერთობლიობით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
17. ს-–------------------ მიმართ ამჟამად წარდგენილი ბრალდება 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის მიხედვით (რომელიც ყველაზე მსუბუქია) სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის 120-ე მუხლი - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ვადა 6 თვეა, შესაბამისად, იმ მუხლის სანქცია, სადაც არ არის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, იგულისხმება, რომ იგი 6 თვეა. ამასთან, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. მოცემულ შემთხვევაში ს-–-------------------- მიმართებით დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა ყველა შემთხვევაში მისი სასარგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოდ მინიმალური სასჯელი კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში 6 თვეა, ხოლო მაქსიმუმი - 2 წელი მაშინ, როდესაც ბრალად წარდგენილი დანაშაულის სანქციით მინიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 წელი, ხოლო მაქსიმუმი - 3 წელია, რაც აშკარად სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება ს-–------------------თვის.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ს-–------------------ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რაც აღწერილია წინამდებარე განაჩენის მე-2-მე-4 პუნქტებში ჩაიდინა არა 1 - სსკ-ის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ 3 დამოუკიდებელი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (ოქტომბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის (ვინაიდან აღნიშნული რედაქცია ყველაზე უფრო მსუბუქია, იგი თავისუფლების აღკვეთამდე კიდევ ერთ სასჯელს ითვალისწინებს - შინაპატიმრობას) მე-111 და 120-ე მუხლებით (ნოემბრის ეპიზოდი). სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა მოხდეს ს-–------------------ კვალიფიკაციის შეცვლა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ცვლილების კონტექსტში, არ ხდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს გაცდენა ფაქტის თვალსაზრისით. შეცვლილი კვალიფიკაცია მოხდა იმ ფარგლებში, რაც ბრალდების დადგენილებაშია აღწერილი, სასამართლო მხოლოდ სამართლებრივი შეფასების ნაწილში არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რაც საერთო ჯამში არ წარმოადგენს ახალ ბრალდებას დაცვის მხარისთვის შინაარსობრივი გაგებით და ამ უკანასკნელს შეეძლო ედავა იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც შეცვლილი კვალიფიკაციის კონტექსტშიც მოუწევდა პოზიციის დაფიქსირება. ამდენად, კვალიფიკაციის შეცვლა მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს დაცვის უფლების დარღვევას, ინფორმირებული იყოს მის მიმართ წადგენილი ბრალდების შესახებ და ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები თავის დასაცავად.
19. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ს-–------------------ მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (5 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ს-–------------------ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი შეცვლილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. ის ფაქტი, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ს-–----------------- დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა ვერ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
20. ს-–------------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან დანაშაული შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული შერიგებულია და არავითარი პრეტენზია გააჩნია მის მიმართ, გასათვალისწინებელია მისი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში, ასევე გასათვალისწინებელია მისი ასაკი, იგი 61 წლის არის.
21. ს-–----------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
24. ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს-–----------------- იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, თუმცა თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. იგი იძულებით მკურნალობასა და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
25. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
26. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
27. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო 120-ე მუხლის ხსენებული რედაქცია - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
28. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გათვალისწინებით (მაისის, ოქტომბრისა და ნოემბრის ეპიზოდები), რომლებიც განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის, ნასვამ მდგომარეობაში და ასევე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით (ს------------------ 80 წლის იყო დანაშაულის ჩადენისას) სასამართლო გამორიცხავს ს-–------------------ მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასამართლოს შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით გამორიცხულია არასაპატიმრო სასჯელების გამოყენებით იმ შედეგის მიღწევა, რასაც თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოფს, მსჯავრდებულის იზოლაციის ეფექტის ჩათვლით.
29. ს-–------------------ მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას მაისისა და ოქტომბრის ეპიზოდებთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული ქმედებების განხორციელების ხასიათსა და ძალადობის ხარისხს, რაც ორივე შემთხვევაში გამოიხატა ხელის ერთჯერადი გარტყმით, დაზარალებულის - დედის პოზიციას, რომ მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია შვილის მიმართ, მის ასაკს, მის სინანულს, იმ გარემოებას, რომ მისი წარსული არ არის შებღალული რაიმე კანონდარღვევებით (არ არის ნასამართლევი, ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული), მის პოზიციას პროცესის შემოკლებისადმი, ქმედების განხორციელებას შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში და ყოველივე აღნიშნული კუმულაციური შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განხორციელდა 13 ნოემბრის ეპიზოდში ძალადობრივი ქმედება და დამატებით ის გარემოება, რომ იგი აღიარებს აღნიშნულს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მის მიერ საპატიმროში გატარებული დრო საკმარისია სასჯელის მიზნების მისაღწევად და მას უნდა ეკმაროს აღნიშნული ვადა, განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაშია მითითებულის ს-–------------------ მდგომარეობის შესახებ. ამდენად ს-–----------------- სსკ-ის შესაბამისი რედაქციის მე-111 მუხლითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნოემბრის ეპიზოდი) სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა (2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით).
30. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ს-–----------------- არ არის ნასამართლევი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქავს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ს-–----------------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
31. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ს-–------------------ მიმართ დამატებითი სასჯელების ან სასჯელის მოხდის სხვაგვარი რეჟიმის გამოყენება, რაც მისი პიროვნებიდან გამომდინარე უფრო მეტ დადებით ეფექტს ვერ მოახდენდა სასჯელის მიზნების მისაღწევად, ვიდრე ამ ეტაპზე ისედაც განხორციელდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს-–------------------ მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (ოქტომბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის მე-111 მუხლსა და 120-ე მუხლზე (ნოემბრის ეპიზოდი).
2. ს-–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. ს-–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ს-–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის მე-111 მუხლითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ს-–----------------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
6. ს-–----------------- დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულის გათვალისწინებით ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
7. ს-–------------------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.
8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი