გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2018
საქმის ნომერი
120210018002285090
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2285090-2/099-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

ახალც---- რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,უ---------–ი’’

წარმომადგენელი - რ----- ჯ---------ე

მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ----- ძ---–---–ი, ზ------ ჩ----ე

 

დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის დადებული 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 0.3% შემცირდეს 0.02%-მდე, რაც ვადაგადაცილებულ დღეზე იქნება 91.6 ლარი, შესაბამისად პირგასამტეხლო - 23321.89 ლარი შემცირდეს 1554 ლარამდე და ბ---------ის მუნიციპალიტეტს შპს ,,უ---------–ის'' სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით წაღებული 21767.89 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს "უ---------–ს" შორის 2017 წლის 29 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 194777 ლარს.

 

ბ---------ის მუნიციპალიტეტის 24.11.2017წ. ბრძანებით შეწყდა აღნიშნული ხელშეკრულება, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად, ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვდა კედლის მოწყობის კონსტრუქციულ ნახაზს, რომელიც დღესაც არა აქვთ მიღებული, ასევე ხარჯთაღრიცხვაშიც არ არის მითითებული საძირკველისა და კედლის ტანის არმატურა, რამაც შეუძლებელი გახადა კედლის მოწყობა. მხოლოდ ხარჯთაღრიცხვით არ ირკვეოდა კედლისა და საძირკველში მოსაწყობი ანკერებისა და არმატურის სპეციპიკაცია.

 

მუშაობის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კერძო მოსახლეს წყლის კალაპოტზე ჩამოსხმული ქონდა რკინა–ბეტონის ხიდ-ბოგირი, რომელიც არ იყო შეტანილი საპროექტო ნახაზში და საჭიროებდა დემონტაჟს, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების გაგრძელებას.

 

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, რომელსაც ესწრებოდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი, მეპატრონე უარს აცხადებდა ხიდ-ბოგირის დემონტაჟზე. აღნიშნულის გამო შეჩერებული იქნა სამუშაოები. შეთანხმება მოხერხდა მხოლოდ 2017 წლის 14 სექტემბერს, მაშინ უკვე გასული იყო სამუშაოების შესრულების ვადა.

 

მიუხედავად საპროექტო ნახაზის არ არსებობისა და ასევე ხიდ–ბოგირის დემონტაჟის დაგვიანებისა, მაინც აგრძელებდა სამუშაოების შესრულებას, მაგრამ რასაც ასრულებდნენ გამგეობა ართმევდა ჯარიმის სახით. აღნიშნულის გამო მიმართეს გამგეობას და ითხოვეს ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რაც ამაო აღმოჩნდა.

 

ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს სულ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 62690,09 ლარი. კერძოდ, 2017 წლის 1 აგვისტოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით, გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის - 13022,3 ლარი და სამუშაოების დაწყების 7 დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო - 584,33 ლარი; 2017 წლის 2 ნოემბის შუალდებური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით 66 დღე ვადაგადაცილებისათვის - 38565,84 ლარი და 2017 წლის 22 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად 18 დღე ვადაგადაცილებისათის 10517,95 ლარი.

 

62690,09 ლარი პირგასამტეხლოდან, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან წაიღო 23321,89 ლარი. აღნიშნული თანხა ნაანგარიშევია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 194777 ლარის 0,3%-დან. თუ მოხდება შპს „უ---------–ის“ დაჯარიმება გონივრულად, არაუმეტეს 0,02%-დან, მაშინ ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეებზე ნაცვლად 23321,89 ლარისა, იქნება 1554 ლარი და შესაბამისად მოსარჩელეს წაღებული ჯარიმიდან უნდა დაუბრინდეს 21767,89 ლარი.

 

დაკისრებული პირგასამტეხლო არის არაპროპორციულად მაღალი, პრაქტიკულად მიზნად ისახავს არა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, არამედ როგორც მიმწოდებლის ფინანსურ გაკოტრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის არა ხელშეკრულების მხარის დასჯის მექანიზმი, არამედ ხელშეკრულების შესრულების დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა, ხოლო საჯარიმო სანქციები, რომელიც განახორციელა ბ---------ის მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დასრულების შემდგომ შეუსაბამოდ მაღალია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,უ---------–ი’’ 2017 წლის 29 მაისის N--- ხელშეკრულების გაფორმებით დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის პირგასამტეხლოს ოდენობას. იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 27 აგვისტოს და აღნიშნული ვალდებულება მან არ შეასრულა, შპს ,,უ---------–ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არის უსაფუძვლო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 29 მაისს თვითმმართევლი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 194777ლარით.

 

3.1.2. 29.05.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.3. 29.05.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღით - 2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

 

3.1.3. 2017 წლის 1 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 194777 ლარი, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დარღვევით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 34419 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

შპს ,,უ---------–ს’’ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო ეკისრება პირგასამტეხლო 13022.3 ლარი, ასევე სამუშაოების დაწყების ვადაგადაცილების გამო 584.331 ლარი.

 

3.1.4. 2017 წლის 7 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 194777 ლარი, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დარღვევით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 33057.19 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

3.1.5. 2017 წლის 11 აგვისტოს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 29.05.2017წ. გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, ასრულებს ბ---------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოების და მიუთითა, რომ ქ. ბ---------ში, გ------ ც---- ქ. №--- საცხოვრებელი სახლების უკან მთის გამყოლი რკ.ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს–გ------ ც---- ქუჩის №--- სახლების უკან მოსაწყობ კედლებზე ხარჯთაღრიცხვით გასატანი არის 84 კბ/ბ-ი ჩამოშლილი გრუნტი და საძირკვლის ქვაბულის ხელით დამუშავება, ფაქტიურად ჩამოშლილი გრუნტი გავიდა 50 კბ/მ-დე, დანარჩენის ამოღება და გატანა შეუძლებელია, რადგან ჩამოშლილი გრუნტის შემდეგ აღმოჩნდა კლდოვანი ქანები, რომელიც პროექტში და ხარჯთაღრიცხვაში არ არის აღნიშნული, ამ ქანების დაშლა, აფეთქებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეროზია და კლდის ჩამოშლა.

 

ასევე ბ---------ში დაბა ა---–-----–-------------–-- ქუჩაზე დამცავი ჯებირის და მასზე მოაჯირის მოწყობა,- სადაც ხარჯთაღრიცხვით არის მოსაწყობი 2 კედელი, ერთი 35 მეტრიანი (რომელიც უნდა მოეწყოს ახალი კედელი, სადაც მოცემული არის, როგორც ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვა, ასევე კონსტრუქციული ნახაზი) და მეორე კედელი, რომლის სიგრძეც შეადგენს 33 მეტრს, არსებულ კედელზე გარედან მოსაწყობია კედელი, ამ კედლისათვის არ არსებობს კონსტრუქციული ნახაზი და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვაშიც არ არის მითითებული საძირკვლისა და კედლის ტანის არმატურა, რაც შეუძლებელს ხდის კედლის მოწყობას. ხარჯთაღრიცხვით ვერ ირკვევა კედლისა და საძირკველში მოსაწყობი ანკერებისა და არმატურის სპეციფიკაცია. ითხოვა ხარჯთაღრიცხვისა და პროექტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

 

3.1.6. 2017 წლის 15 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 194777 ლარი, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დარღვევით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 16188.01 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

3.1.7. 2017 წლის 17 აგვისტოს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 29.05.2017წ. გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ დამთავრებულია, დარჩენილი მხოლოდ დაბა ყ------- ბეტონის კედელი.

 

3.1.8. 2017 წლის 04 სექტემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 194777 ლარი, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დარღვევით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 14822.11 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

3.1.9. 2017 წლის 2 ნოემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 194777 ლარი, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დარღვევით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 24288.15 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

შპს ,,უ---------–ს’’ ხელშეკრულების ვადის გადაცილების დარღვევის გამო ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 38565.84 ლარის (66 დღე).

 

3.1.10. 2017 წლის 23 ოქტომბერს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% ოდენობით, არის ძალიან მაღალი, რაც გამოიწვევს მიმწოდებლის ფინანსურ გაკოტრებას. რის გამოც ითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და პირგასამტეხლოს 0.02%-ით განსაზღვრა.

 

3.1.11. 2017 წლის 24 ნოემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შპს ,,უ---------–ს’’ დაეკისრა ჯარიმა 39368.53 ლარის ოდენობით.

 

3.1.12. შპს ,,უ---------–ის’’ მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს 62690.09 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხის ნაწილი 23321.89 ლარი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოების თანხა არ ჩაურიცხა.

 

3.1.13. 29.05.2017წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება შპს ,,უ---------–ს’’ 7 კალენდარული დღის ვადაში არ დაუწყია.

 

3.1.14. 29.05.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,უ---------–მა’’ გადააცილა 84 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 მაისის N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

- 11.08.2017წ. N17-13/08 წერილი;

- 01.08.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- 07.08.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- 07.08.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- 17.08.2017წ. წერილი;

- 04.09.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- 02.11.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 24.11.2017წ. N02 2263 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნებლობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

2017 წლის 29 მაისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 194777 ლარით. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღით - 2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 29.05.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - შპს ,,უ---------–მა’’ დაარღვია.

 

სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მოცემულ დავაში ხელშეკრულების შეწყვეტა სადავო არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაკისრებული და დაკავებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 329.05.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე გათვალისიწნებული იქნა პირგასამტეხლო სამუშაოს შესრულების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,3%, რაც შეადგენს 584,33 ლარს (194777X0,3%). მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, ასევე სამუშაოს შესრულების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებისათვის შეადგენს 62690,09 ლარს, საიდანაც ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დააკავა პირგასამტეხლო 23321,89 ლარი. საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ გათვალისიწნებული მოგებაა 4%, რაც შეადგენს 7700 ლარს (194000X4%).

 

მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო მაღალია და იმ პირობებში როდესაც მიმწოდებლი, ხელშეკრულებით ნაკისირი ვალდებულების შესრულებით ელოდება 7700 ლარი მოგების მიღებას, მისთვის პირგასამტეხლოს სახით, 40 დღე ვადაგადაცილებისთვის 23312,89 ლარის დაკისრება მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მიმწოდებლის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, ასევე შემსყიდველმა შეუწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი სადავო არ გამხდარა და მიმწოდებელმა ჩაიბარა დამაკმაყოფილებლად. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა (40 დღე) გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 6321.89 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 17000 (23321,89-6321.89 ) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2451 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 510 (17000*3%) ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სახლემწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა დარჩეს 143.04 ლარი სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1797.96 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,უ---------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. 2017 წლის 29 მაისის N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო 23321.89 ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 6321.89 ლარით.

 

1.2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 17000 ლარის გადახდა.

 

2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 510 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,უ---------–ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 29.12.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2451 ლარიდან 1797.96 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალც---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალც---- რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი