გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
120210018002429202
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2429202-2/358-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიოფ ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ----- ბ-–--–-–---–ი

მოპასუხე - გ------- ა-----–--–-–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - გ------- ა-----–--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგბელოდ დაეკისროს 19500 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

გ------- ა-----–--–-–---–ი 2018 წლის 1 იანვრიდან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ სახელმწიო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.

 

2018 წლის 5 თებერვალს სსიპ სახელმწიოფ ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების შტატგარეშე მოსამსახურე გ------- ა-----–--–-–---–მა, ხ-–----------––-------–ის საბაჟო გზის 65 კმ-ზე მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა სახელმწიფო კუთვნილი T------------ს ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - A-------.

 

ალკოტესტით გადამოწმების შედეგად, მოპასუხეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, შესაბამისად გ------- ა-----–--–-–---–ი ავტომანქანას მართავდა ნასვამ მდგომარეობაში. ავტომანქანა წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.

 

2018 წლის 6 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 19500 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ------- ა-----–--–-–---–მა სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 29 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ე---------ე ს-------ს და გ------- ა-----–--–-–---–ს შორის გაფორმდა N3-- შრომითი ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2017 წლის 5 თებერვალს ხ-–----------––-------–ის საბაჟო გზის 65 კმ-ზე გ------- ა-----–--–-–---–მა, რომელიც მართავდა T------------ს ფირმის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - A-------, ვერ უზრუნველყო მანევრირების წესების დაცვა და მოახდინა შეჯახება. მძღოლს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა გ------- ა-----–--–-–---–ი, რომლის მიმართაც საქართველოს შსს საპატრულო პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nათ 0--------, საქართველოს ასკ-ის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

3.1.4. გ------- ა-----–--–-–---–ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია.

 

3.1.5. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული T------------ს ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - A-------.

 

3.1.6. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, T------------ს ფირმის ავტომანქანაზე (სახელმწიფო ნომრით - A-------) მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ შეადგინა 19500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.12.2017წ. N3-- შრომითი ხელშეკრულება;

- 05.02.2018წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის მესაკუთრისათვის (სახელმწიფო) მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა. ასეთი ურთიერთობის მარეგულირებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

აღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხე - გ------- ა-----–--–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. მხედველობაშია მისაღები ის უდავო გარემოებები, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის არსებობას, ასევე ზიანის ოდენობას მოპასუხე სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის - გ------- ა-----–--–-–---–ისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე გ------- ა-----–--–-–---–მა სარჩელი ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ------- ა-----–--–-–---–ს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 19500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი