განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/891-17 (#046121017001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18.06.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ს--–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული ი-----–- კ-------- (დაუსწრებლად)
მამის სახელი: თ------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 3--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი მ-----–--ის ქ. N20
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, პ-------------ს ქ. N18
ადვოკატი - ი-----–- შ-----–--
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ი-----–- კ--------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 23-დან 24 საათამდე დროის მონაკვეთში ტყიბულის რაიონის სოფელ კოკაში ი-----–- კ-------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ილია 2005“-ის კუთვნილი ფორდის მოდელის სატვირთო ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომერი და სერია AZ90-JB787) მასში დამონტაჟებულ ,,ენერჯიზერის“ ფირმის ორ ცალ აკუმულატორს ღირებულებით 920 ლარი და ასევე, ამავე ფირმის კუთვნილ ფორდის მოდელის სატვირთო ავტომანქანიდან (სახელმწიფო სერია და ნომერი AZ90-JA891) მასში დამონტაჟებულ ,,მუტლუს“ ფირმის ორ ცალ აკუმულატორს ღირებულებით 800 ლარი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს ,,ილია 2005“-ს მიადგა 1720 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 20 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ი-----–- კ-------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
მხარეებს არცერთი მტკიცებულება და რომელიმე ფაქტობრივი გარემოება არ გაუხდიათ სადავოდ, რის გამოც ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- კ--------მ მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, მას შემდეგ რაც ბრალდების მხარისაგან ვერ მიიღო თანხმობა შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებზე, თავი აარიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმის განხილვა ჩატარდა მის დაუსწრებლად, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეთა გ------- ხ------–---–ის, ნ--------ი მ-------–--ის, თ------ ც---------–---–ის, ა-–---- ს--–----ის, ა------- ა–------ს, გ------- ნ-–------ის, კ---- ქ-----–---–ის გამოკითხვის ოქმები; დაზარალებული ორგანიზაციის გ------- ჭ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; დაკავების ოქმი; ტექნიკის საიჯარო ხელშეკრულება; განაჩენები ი-----–- კ--------ს მიმართ; პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების შესახებ; თავად ი-----–- კ--------ს გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად - ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ი-----–- კ--------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ დადასტურებულია, რომ ი-----–- კ--------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ე.ი ი-----–- კ--------მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი, შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით...“
ი-----–- კ--------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.
ამრიგად, დანაშაულების ჩადენის გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით შესაბამისი მუხლის სანქციის მინიმალური ზომის ფარგლებში, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა დაუშვებელია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული სისტემატურად არ ცხადდებოდა სასამართლო სხდომებზე არასაპატიო მიზეზებით და სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა საქმის განხილვის გაჭიანურებას(გამოიცვალა 4 ადვოკატი), სასამართლოს ასევე მიზანშეუწონლად მიაჩნია სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით ჩათვლა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- კ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ი-----–- კ--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
3. ი-----–- კ-------- დაკავების შემთხვევაში, შესახლებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ი-----–- კ--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით.
5. ი-----–- კ--------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ბ---------ი გ-----–--ე) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულს შეუძლია ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
პროკურორს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე