განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
160141318002381712
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002381712

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/91-18 5 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019070118001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი

 

ბრალდებული: რობერტ ავეტისიანი

მამის სახელი: გაგიკ

დაბადებული: 1984 წლის 5 ნოემბერი

პირადი ნომერი: 10001028701

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისის რაიონი, სოფელი ბოლნისი

 

თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი(ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.რობერტ ავეტისიანმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 იანვარს დაახლოებით 01:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნისში, სასმლის მიყიდვაზე განაწყენებულმა რობერტ ავეტისიანმა თანნაქონი დანა ორჯერ დაარტყა მუცლის არში ავეტიკ ბაგდასარიანს, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

1.2.რობერტ ავეტისიანმა ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:

 

აღნიშნული გამოიწვია შემდეგში:

 

2018 წლის 7 იანვარს დაახლოებით 01.00 საათზე ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნისში სასმლის მიყიდვაზე უარის თქმაზე განაწყენებულმა, რობერტ ავეტისიანმა თანნაქონი დანა ორჯერ დაარტყა მუცლისა და ფეხის არეში არტაშ ბაგდასარიანს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N001183418 დასკვნის თანახმად შპს ,,ბოლნისის ცენტრალური კლინიკის“ ფორმა N100 რეგისტრაციის N639-ის მონაცემებით არტაშ ბაგდასარიანს 07.01.18 წელს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები მუცლის მარცხენა ნახევარში და მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედში აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N001183718 დასკვნის თანახმად შპს ,,ბოლნისის ცენტრალური კლინიკის“ ფორმა N100 რეგისტრაციის N640-ის მონაცემებით ავეტიკ ბაგდასარიანს 07.01.18 წელს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები მუცლის მიდამოში, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

მოწმე ზურაბ გრიგალაშვილის, დაზარალებულ არტაშ ბაგდასარიანის და ავეტიკ ბაგდასარიანის ჩვენებებით, 2018 წლის 7 იანვრის დათვალიერების ოქმით, თავად ბრალდებულ რობერტ ავეტისიანის, მოწმე გაგიკ ავეტისიანის, ალექსანდრე ხოჯაბეგიანის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N000769118 დასკვნით დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანებები არტაშ ბაგდასარიანს და ავეტიკ ბაგდასარიანს განზრახ მიაყენა რობერტ ავეტისიანმა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რობერტ ავეტისიანის მიერ დანაშაულთა ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რობერტ ავეტისიანის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმე ზურაბ გრიგალაშვილის, დაზარალებულ არტაშ ბაგდასარიანის და ავეტიკ ბაგდასარიანის ჩვენებებს, 2018 წლის 7 იანვრის დათვალიერების ოქმს, მოწმე გაგიკ ავეტისიანის, ალექსანდრე ხოჯაბეგიანის ჩვენებებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N000769118 დასკვნას, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა რობერტ ავეტისიანის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რობერტ ავეტისიანის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რობერტ ავეტისიანმა ავეტიკ ბაგდასარიანის და არტაშ ბაგდასარიანის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულებთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს წარმომადგენლის მიერ ხასიათდება დადებითად.

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ რობერტ ავეტისიანს დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად. საბოლოო სასჯელი კი რობერტ ავეტისიანს, როგორც ნასამართლობის არმქონეს დაენიშნება შთანთქმის პრონციპის გათვალისწინებით. აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რობერტ ავეტისიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ავეტიკ ბაგდასარიანი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

რობერტ ავეტისიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (არტაშ ბაგდასარიანი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორე და რობერტ ავეტისიანს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - რობერტ ავეტისიანის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს რობერტ ავეტინისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. შესაბამისად გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნისში მდებარე ალბერტ ავეტისიანის (პ/ნ10001022146), გრიგორ ავეტისიანის (პ/ნ10001012578), ვართითერ ავეტისიანის (პ/ნ 10001022147) და ირინე ოგანიანის (პ/ნ10001012574) კუთვნილ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 80.07.66.319.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, სისხლის ნიმუშები, დასაკეცი დანა და ნდმ-ის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ავეტიკ ბაგდასარიანის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ავეტიკ ბაგდასარიანს.

 

არტაშ ბაგდასარიანის ტანსაცმელი დაუბრუნდეს არტაშ ბაგდასარიანს.

 

რობერტ ავეტისიანის ტანსაცმელი დაუბრუნდეს რობერტ ავეტისიანს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე